განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 190210117002135854
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/2349-18 06 ნოემბერი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე თამარ ზამბახიძე
სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - სსიპ ს----------–----–--------------------------------------------------------- (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - ა--------------ი
მოწინააღმდეგე მხარე - შ-----–-----–----------------ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 3---------წ. გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 11 812 ლარის დაკისრება;
სარჩელის საფუძვლები:
2. მხარეთა შორის შორის 2---------წ. დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა დასრულებულიყო მისი დადებიდან 240 კალენდარული დღის ვადაში. ხელშეკრულების 9.1 პუნქტის მიხედვით, პირგასმატეხლო განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.5%-ის ოდენობით. მოპასუხემ სამუშაოები ვერ დააასრულა შეთანხმებულ ვადაში. საერთო ჯამში დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 45 599.08 ლარს, თუმცა მ------------ის ს-------ოს მიერ დაშვებული ტექნიკური შეცდომის გამო მოპასუხეს წერილობით მოსთხოვეს მხოლოდ 33 786.67 ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ სრულად გადაიხადა.
ს----–-–--------------ის 2017 წლის 2-------ის შემოწმების აქტში აისახა აღნიშნული შეცდომა და მიეთითა, რომ პირგასამტეხლოს სახით გადაუხდელი თანხა შეადგენს 11 812.67 ლარს. ს-------ომ მოპასუხეს მოსთხოვა ამ თანხის გადახდა, რაზეც მოპასუხემ უარი განაცხადა.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოპასუხის მიერ მოთხოვნილი პირგასმატეხლოს სრულად იქნა გადახდილი. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ყოველდღიური პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.5%-ის ოდენობით, რაც შეუსაბამოდ მაღალი ოდენობაა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 3---------წ. გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სსიპ ს----------–----–---------------------------------------------------------ს სარჩელი;
4.1. მხარეთა შორის 2015 წლის 25 ივნისს დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა რუსთავში, თ---–----–-----–---------------------–--–--------------–----------- მდებარე ს-------ოს ტერიტორიაზე შენობის (საწყობის ) სამშენებლო სამუშაოები. სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 946 900 ლარს. მოპასუხეს სამუშაოები უნდა დაესრულებინა ხელშეკრულების დადებიდან 240 კალენდარული დღის ვადაში – 2016 წლის 21 თებერვლამდე. 2016 წლის 25 თებერვლის შეთანხმებით სამუშაოების დასრულების ვადა შეიცვალა და განისაზღვრა 2016 წლის 27 მარტი. 2016 წლის 20 ივლისის შეთანხმებით, შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებად განისაზღვრა 1 026 231.29 ლარი ხელშეკრულების 9.1 პუნქტის მიხედვით, სამუშაოთა დასრულების ვადის გადაცდენის გამო მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.5%-ის ოდენობით .
4.2. მოპასუხემ სამუშაოები ვერ დაასრულა ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადაში:
- 27.03.2016წ. მდგომარეობით მოსარჩელეს შესასრულებელი ჰქონდა 191 185.5 ლარის სამუშაოები, საიდანაც 102 419.27 ლარის სამუშაოები ს-------ოს ჩაბარდა 2017 წლის 8 აპრილს, ანუ ვადა გადაცილებული იქნა 12 დღით და დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 11 471.13 ლარს;
- 34 91394 ლარის სამუშოები ს-------ოს ჩაბარდა 2016 წლის 10 მაისს. ანუ ვადა გადაცილებული იქნა 32 დღით (2016 წლის 9 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით) და დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 14202.60 ლარს;
- 53 852.29 ლარის სამუშაოები ს-------ოს ჩაბარდა 2016 წლის 23 ივლისს . ვადა გადაცილებული იქნა 74 დღით (10 მაისიდან 2016 წლის 23 ივლისამდე) და დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 19 925.35 ლარს.
- საერთო ჯამში მოსარჩელის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 45 599.08 ლარს.
4.3. სსიპ ს----------–-----–-----------------------------------------------ის ს-------ომ 2016 წლის 1-----------ს წერილით შ-----–-----–------ო ს------ს “ აცნობა, რომ 2016 წლის 18 აპრილის მდგომარეობით შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულებაა 835 045.76 ლარი , 18 აპრილიდან 26 აპრილის ჩათვლით შეუსულებელი სამუშაოების ღირებულებაა 191 185.50 ლარი, 8 ვადაგადაცილებულ დღეში დარიცხული პირგასმატეხლოა 7647.42 ლარი; 26 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულებაა 88 766.23 ლარი, ვადაგადაცილების 14 დღეში დარიცხული პირგასამტეხლოა 6213.64 ლარი; 10 მაისიდან 23 ივნისის ჩათვლით შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულებაა 53 852.29 ლარი . ვადაგადაცილებული დღეებია 74 დღე, ხოლო დარიცხული პირგასამტეხლოა 19 925.35 ლარი;
4.4. 2016 წლის 1-----------ს შპს "მ–------–-------- ს------მა" სახელმწიფო ხაზინაში გადაიხადა 33 786.41 ლარი პირგასამტეხლოს ასანაზღაურებლად .
4.5. ს----–-–--------------ის სამსახურის 2017 წლის 2-------ის ანგარიშში მითითებულია , რომ 2015 წლის 2--------- N--- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე შეცდომით დარიცხულია 33.8 ათასი ლარის ოდენობით პირგასამტეხლო, ხოლო დასარიცხი საურავია 45.6 ათასი ლარი. დამატებით გადასახდელია 11.8 ათასი ლარი .
4.6. პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობს, რადგან მოპასუხის მიერ უკვე გადახდილი პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე გონივრულია.
მხარეთა წერილობითი შეთანხმებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს გადახდა სამუშაოების შესრულების ვადის დარღვევისათვის და შეადგენს შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0,5%-ს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება მინიჭებული აქვს სასამართლოს. შესაბამისად, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო.
მოპასუხეს სამშენებლო სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2016 წლის 27 მარტს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოებიდან ნაწილი დასრულდა 8 აპრილს, ანუ ვადის გადაცილება შეადგენს 12 დღეს, ხოლო დარიცხული პირგასმატეხლოა 11 471.13 ლარი. სამუშაოთა ნაწილი დასრულდა 2016 წლის 10 მაისს, ვადის გადაცილებაა 32 დღე, ხოლო დარიცხული პირგასმატეხლო შეადგენს 14 202.60 ლარს. სამუშაოს ნაწილი დასრულდა 2016 წლის 23 ივლისს, ვადის გადაცილებაა 74 დღე, დარიცხულია პირგასამტეხლო 19 925.35 ლარი. საერთო ჯამში დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 45 599.08 ლარს, საიდანაც მოპასუხემ გადაიხადა 33 786.67 ლარი.
საქმის გარემოებებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლო არაგონივრულად მაღალია. პირგასგამატეხლოს სახით დარიცხულია 45 599.08 ლარი, ხოლო შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულებაა 191 185.5 ლარი. მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების თითქმის მეოთხედი ნაწილი, ხოლო ხელშეკრულებით შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებაა 1 026 242.29 ლარი. ამდენად, სამუშაოთა დასრულების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის დროისათვის სამუშაოთა უდიდესი ნაწილი შესრულებული იყო. სამუშაოთა შესრულების ხარისხზე მოსარჩელეს პრეტენზია არ გააჩნია.
პირგასამტელოს გონივრულობის შეფასებისათვის მნიშვნელოვანი გარემოებაა ის ფაქტი, მოპასუხემ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლო 33 786.67 ლარის ლარი ნებაყოფლობით გადაიხადა. მართალია მოპასუხემ დაარღვია სამუშაოთა შესრულების ვადა, მაგრამ ამ სახელშეკრულებო ვალდებულების უდიდესი ნაწილი დროულად შეასრულა. სამუშოები დასრულდაა 2016 წლის 22 ივლისს, ხელშეკრულებით შეთანხმებული ვადის დასრულებიდან 4 თვეში, მაგრამ 2016 წლის 27 მარტის შემდეგ მოპასუხე უწყვეტად აგრძელებდა სამუშაოებს, იგი პერიოდულად მოსარჩელეს გადასცემდა შესრულებას.
მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სამართლიანობის და გონივრულობის შეფასებისას მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ პირგასამტეხლოს დაკისრება სარჩელით მოთხოვნილია მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევიდან 1 წლის და 7 თვის შემდეგ. ამ დროის მანძილზე მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა დასრულდა, შესრულებული სამუშაოები მოსარჩელემ მიიღო და მათ ხარისხზე პრეტენზია არ განუცხადებია. მოპასუხემ გადაიხადა მოსარჩელის მიერ გაგზავნილ წერილში მითითებული ოდენობის პირგასამტეხლო. ვალდებულების დარღვევიდან ხანგრძლივი დროის გასვლის გამო პირგასამტეხლოს პრევენციული ფუნქციის მნიშვნელობა, ზეწოლის ეფექტი შემცირდა, რის გამოც არაგონივრულია მოვალეს დაეკისროს იმ ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდა, რაც დაეკისრებოდა ვალდებულების დარღვევიდან უმოკლეს ვადაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არ შეესაბამება ვალდებულების დარღვევის ხასიათს და პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს, ხოლო მოპასუხის მიერ გადახდილი პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევის ხასიათის შესაბამისია, რის გამოც არ არსებობს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გადახდევინების საფუძველი.
აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:
5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 3---------წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, რომელის თანახმად სასამართლოს საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეუძლია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, ლეგიტიმურს ხდის პირგასამტეხლოს ოდენობის შეფასებას სასამართლოს მიერ განსახილველ მოთხოვნასთან და არა მოპასუხის მიერ უკვე გადახდილ თანხასთან მიმართებაში. მოპასუხის მიერ თანხის გადახდით ფაქტობრივად მოხდა ვალდებულების აღიარება და ამ ნაწილში მხარეთა შორის დავა არ არსებობს. მხარეთა შორის სადავოა მოპასუხის მიერ გადაუხდელი 11 812,67 ლარი და ამდენად, სასამართლოს უნდა ემსჯელა ამ ნაწილზე და არა იმ ურთიერთობაზე, რომელზეც მხარეები არ დავობენ. თუ სასამართლოს სურდა პირგასამტეხლოს გონივრულობაზე მსჯელობა, უნდა ემსჯელა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტზე და იმის შესაბამისად შეემცირებინა მოთხოვნილი თანხა. სასამართლოს უფლება, შეამციროს პირგასამტეხლო, ვრცელდება მხოლოდ სადავოდ ქცეულ თანხასთან მიმართებაში (11 812,67 ლარი). სასამართლო გაცდა სამართალწარმოების ფარგლებს და გადაწყვეტილება გამოიტანა ისეთ ფაქტზე დაყრდნობით, რომელიც მხარეებს შორის სადავო არ არის. მოპასუხის მხრიდან 33 786.67 ლარის გადახდის ფაქტი გავლენას ვერ მოახდენს წინამდებარე დავაში განსახილველ საკითხზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
6. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი არ არის შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. სსიპ ს----------–----–---------------------------------------------------------ს (შემდგომში „მოსარჩელე“) და შ-----–-----–----------------ს“ (შემდგომში „მოპასუხე“) შორის 2---------წ. დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა რუსთავში, თ---–------–-----–---------------------–--–--------------–----------- მდებარე ს-------ოს ტერიტორიაზე შენობის (საწყობის) სამშენებლო სამუშაოები. სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 946 900 ლარს. მოპასუხეს სამუშაოები უნდა დაესრულებინა ხელშეკრულების დადებიდან 240 კალენდარული დღის ვადაში, 2016 წლის 21 თებერვლამდე. 2016 წლის 25 თებერვლის შეთანხმებით სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 27 მარტით. 2016 წლის 20 ივლისის შეთანხმებით, შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებად დადგინდა 1 026 231.29 ლარი (ტ.1, ს.ფ. 20-28; 142-151; 159-170).
6.2. ხელშეკრულების 9.1 პუნქტის მიხედვით, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო შეადგენდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.5%-ს (ტ.1, ს.ფ. 20-28; 142-151; 159-170).
6.3. მოპასუხემ სამუშაოები ვერ დაასრულა ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადაში:
- 27.03.2016წ. მდგომარეობით მოსარჩელეს შესასრულებელი ჰქონდა 191 185.5 ლარის სამუშაოები, საიდანაც 102 419.27 ლარის სამუშაოები ს-------ოს ჩაბარდა 2017 წლის 8 აპრილს, ანუ ვადა გადაცილებული იქნა 12 დღით და დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 11 471.13 ლარს;
- 34 91394 ლარის სამუშაოები ს-------ოს ჩაბარდა 2016 წლის 10 მაისს. ანუ ვადა გადაცილებული იქნა 32 დღით (2016 წლის 9 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით) და დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 14202.60 ლარს;
- 53 852.29 ლარის სამუშაოები ს-------ოს ჩაბარდა 2016 წლის 23 ივლისს . ვადა გადაცილებული იქნა 74 დღით (10 მაისიდან 2016 წლის 23 ივლისამდე) და დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 19 925.35 ლარს.
- საერთო ჯამში მოსარჩელის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 45 599.08 ლარს (ტ.1, ს.ფ.142-151; 159-170).
6.4. მოსარჩელემ 15.08.2016წ. წერილით მოპასუხეს აცნობა, რომ 18.04.2016წ. მდგომარეობით შესრულებელი სამუშაოების ღირებულებაა 835 045.76 ლარი. 18 აპრილიდან 26 აპრილის ჩათვლით შესრულებელი სამუშაოების ღირებულებაა 191 185.50 ლარი. 8 ვადაგადაცილებულ დღეში დარიცხული პირგასმატეხლოა 7647.42 ლარი. 26 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულებაა 88 766.23 ლარი, ხოლო 14 დღეში დარიცხული პირგასამტეხლოა 6213.64 ლარი; 10 მაისიდან 23 ივნისის ჩათვლით შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულებაა 53 852.29 ლარი. ვადაგადაცილებული დღეებია 74 დღე, ხოლო დარიცხული პირგასამტეხლო - 19 925.35 ლარი.
ანუ ჯამში თავად მოსარჩელემ მოითხოვა პირგასამტეხლოს სახით 33 786,41 ლარის გადახდა(ტ.1, ს.ფ. 41,42; (ტ.1, ს.ფ. 20-28; 142-151; 159-170).
6.5. 16.08.2016წ. მოპასუხემ პირგასამტეხლოს სახით გადაიხადა 33 786.41 ლარი (ტ.1, ს.ფ. 40; 142-151; 159-170).
6.6. ს----–-–--------------ის სამსახურის 2---------წ. ანგარიშის თანახმად, 2---------წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე შეცდომით დარიცხულია 33.8 ათასი ლარის ოდენობით პირგასამტეხლო, ხოლო დასარიცხი საურავია 45.6 ათასი ლარი. დამატებით გადასახდელია 11.8 ათასი ლარი (ტ.1, ს.ფ. 53,54; 142-151; 159-170).
7. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 3---------წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ დარიცხული პირგასამტეხლო წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად მისი შემცირების საფუძველი და შესაბამისად, მოპასუხის მიერ უკვე გადახდილი პირგასამტეხლო წარმოადგენდა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერ, გონივრულ ოდენობას.
აპელანტი პრეტენზიას აცხადებს გადაწყვეტილებაზე იმ საფუძვლით, რომ მოპასუხის მხრიდან 33 786.67 ლარის გადახდის ფაქტი გავლენას ვერ მოახდენს წინამდებარე დავაში განსახილველ საკითხზე და სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.04.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრის განსახილველად სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 0-----2018წ. 15:00 საათზე.
0-----2018წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდა აპელანტის წარმომადგენელი, არ გამოცხადდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე - მოპასუხე, რომელსაც კანონით დადგენილი წესით ეცნობა 0-----2018წ. სასამართლო სხდომის და არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შესაძლო შედეგების თაობაზე (ტ.2, ს.ფ.8). აპელანტის წარმომადგენელმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მეორე ნაწილით, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის საწინააღმდეგო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა და გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
· წინამდებარე სააპელაციო საჩივრით (ტ.I, ს.ფ. 159-170) პირველი ინატანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შედავებული არ არის, სადავოა მხოლოდ მათი სამართლებრივი შეფასება, რა შემთხვევაშიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3761 -ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულია სააპელაციო სასამართლოს უფლება საქმე განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენის გარეშეც. შესაბამისად, მაშინაც, როცა ასეთ საქმეზე სხდომა დანიშნულია, მხარის გამოუცხადებლობა არ შეიძლება შეფასდეს მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის საკმარის საფუძვლად.
· პალატა ყურადღებას ამახვილებს გარემოებაზე მასზედ, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ამ თუ იმ ოდენობის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, სამართლებრივი შეფასების საკითხია, შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, მოპასუხის არგამოცხადების პირობებშიც იმსჯელოს მისი გონივრულობის საკითხზე (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-1125-1072-2014; 29 მაისი, 2015 წელი).
· გათვალისწინებით იმისა, რომ სააპელაციო საჩივრით საქმის ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ გამხდარა, აპელანტის მოთხოვნის იურიდიულ მართებულობასთან მიმართებაში პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლების შესაბამისად იურიდიულად არ ამართლებს აპელანტის მოთხოვნას სარჩელის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასება უნდა მოხდეს სააპელაციო მოთხოვნის სამართლებრივი (იურიდიული) მართებულობის შემოწმების ჭრილში.
9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად თანხასთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი განაკვეთი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ მოსარჩელის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების, შეუსრულებელი ვალდებულების ნაწილის და ვადის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე მართებულად მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და სწორად განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ ამავე ვალდებულების ფარგლებში პირგასამტეხლოს სახით უკვე გადახდილი თანხა - 33 786.41 ლარის ოდენობით წარმოადგენდა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერ, გონივრულ ოდენობას და აღარ არსებობდა პირგასამტეხლოს დამატებით დაკისრების მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ამდენად, სსიპ ს----------–----–---------------------------------------------------------ს წარმომადგენლის შუამდგომლობა მოწინააღმდეგე მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, აპელანტს უარი უნდა ეთქვას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
10. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ტ.1, ს.ფ. 171).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სსიპ ს----------–----–---------------------------------------------------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3------რის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე