განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №050210018001612061
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-924-18 25 იანვარი, 2019 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ლაურა მიქავა
სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე
აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - - ნა----–- წუ-–---, ელ--- კლ------ კ--ა ჩ---–-–---–ი პე----- პე----------- კ----ე ნ----–------ე, დ----- კ-----ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
- ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ნა----–- წ---–--ისა და ელ--- კლ------ს სარჩელი პე----- პე-----------ს მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო:
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. სასამართლომ დადგენილად მიჩნია, რომ ნა----–- წუ-–--- და ელ--- კ-–----ოვა ფაქტობრივი ფლობით დაეუფლნენ ქ. ო----------–-, ფ--------- მ----- ქუჩაზე პე----- პე-----------ს საკუთრებაში არსებულ ბინას;
2.2. მოწმეთა ჩვენებებით სასამართლომ დაადგინა, რომ სარემონტო სამუშაოები, რომლებიც იქნა წარმოებული აუცილებელი იყო ბინის ფუნქციონირებისათვის, აღნიშნული ასევე დადგინდა, რომ სამუშაოთა ხასიათი მიმართული იყო ბინის დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად. ბინას იყენებდა მოსარჩელე მხარე;
2.3. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა 317-ე, 319-ე, 361-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;
2.4. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას;
2.5. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას’
2.6. სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა;
2.7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;
2.8. სასამართლოს მითითბით, მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენება, ისიც თანხის მხოლოდ ნაწილის გადაცემის საკითხში, ვერ გახდება პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ნა----–- წუ-–---მ და ელ--- კ-–------ამ, ითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებითა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება;
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტებმა განმარტეს, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამსიად არასწორი გადაწყვეტილება მიიღო;
3.2. 1994 წელს მ----- მ---–--ემ გაყიდა თავის საკუთრებაში არსებული ბინა და ამ თანხით მოპასუხე პე----- პე-----------საგან შეიძინა ბინა ამავე სახლში მეორე სართულზე (ბინის №7). მხარეებს შორის დაიდო სიტყვიერი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მყიდველს მ----- მ---–--ისაგან უნდა მიეღო ბინის ნასყიდობის ფასი 2500 აშშ დოლარის ოდენობით. ხსენებული თანხიდან ბინის გადაცემის მომენტში პ-----------ს მ----- მ---–--ემ გადასცა 3500 აშშ დოლარი. პე----------- თანახმა იყო ბინის გადაფორმებაზე მაგრამ იმ მიზეზით, რომ რუსეთის ფედერაციაში იყო წასული და ვერ ახერხებდა საქართველოში ჩამოსვლას აჭიანურებდა გადაფორმებას, რაც გაგრძელდა 22 წლის მანძილზე;
3.3. შეძენილი ბინა იყო მთლიანად სარემონტო, შესაბამისად მ----- მ---–--ემ, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ბინაზე საკუთრების უფლება შეძენილი ჰქონდა მუდმივად, ბინაში განახორციელა დაახლოებით 15.000 ლარის ღირებულების სხვადასხვა სახის სამუშაოები. კერძოდ: გაარემონტა ბინის კედლები, გააკრა შპალერი, დაამონტაჟა კანა-ლიზაცია, მოაწყო და დაამონტაჟა სანიტარული კვანძებისათვის საჭირო მოწყობილობები, მთლიანად გამოცვალა უვარგისი ელექტრო გაყვანილობა, დააგო მეტლახი, შეიყვანა გაზი და შეიძინა და დაამონტაჟა გაზის გამათბობელი და გაზის წყლის გამაცხელებელი, დააგო აივანის იატაკზე ბეტონის საფარი და ასევე განახორციელა სხვა აუცილებელი სამუშაოები;
3.4. აპელანტის მითითებით, მოწმეთა ჩვენებებით დადგინდა, რომ სარემონტო სამუშაოები, რომლებიც იქნა წარმოებული, აუცილებელი იყო ბინის ფუნქციონირებისათვის, აღნიშნული ასევე დასტუდება თავად მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნით, კერძოდ სამუშაოთა ხასიათი მიმართულია ბინის დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად. ასევე დადგენლია, რომ ბინას იყენებდა მოსარჩელე მხარე. ამდენად მოთხოვნა ღირებულების ნაწილის გაზრდის ნაწილში იყო საფუძვლიანი და ის უნდა დაეკმაყოფილებია სასამართლოს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუქნტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით;
პალატა თვლის, რომ განსახილველ საქმეზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არსებითად სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და არ არსებობს ამ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები;
ფაქტობრივი დასაბუთება:
4.1. დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე ქ. ო-----------, ფ--------- მ----- ქ. №1, ბინა 7, საჯარო რეესტრის მონაცემებით, საკუთრების უფლებით ირიცხება პე----- პე-----------ს საკუთრებად(ს.ფ.27);
4.2. დადგენილია, რომ შპს „ა------ 3“-ის მიერ შედგენილი იქნა საშემფასებლო ანგარიში საცხოვრებელი ბინის მშენებლობის ღირებულების განსაზღვრის შესახებ; მითითებულ დასკვნაში მითითებულია, რომ პე----- პე-----------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ძველი გარემოენტებულია, კერძოდ: 1. დამუშავებულია კედლები და აკრულია კედელზე შპალერი 2008 წელს, რადგან კედლების მოპირკეთება დაზიანებულია, ალაგ ალაგ მიეცა ცვეთა 25%; 2. დანარჩენი შიგა მოპირკეთება მოწყობილია 1998 წელს. მოპირკეთება მოძვლებულია და მიეცა ცვეთა 60%. დანარჩენი სამუშაოები მოწყობილია ბოლო 2 წლის განმავლობაში.საბოლოოდ დასკვნის ავტორი აღნიშნავს, რომ პ-----ო პე-----------ს საცხოვრებელი ბინის კაპიტალური შეკეთებისათვის გაწეული ხარჯი შეადგენს 6485 ლარს (ს.ფ. 28-58);
4.3. საქმის მასალებით სრულიად დაუდასტურებელია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ 1994 წელს მოპასუხე მხარესა და მოსარჩელეთა მამკვიდრებლებს შორის შედგა ფორმადაუცველი გარიგება სადავო ბინის ნასყიდობის თაობაზე;
4.4. ასევე დაუდასტურებელია, ფაქტობრივი გარემოება მითითებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხსათვის 3500 აშშ დოლარის გადაცემის შესახებ;
4.5. ექსპერტის დასკვნით, პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ქ. ო----------–- ფ--------- მ----- ქ. №1/7-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე, გარკვეულ წლებში ჩატარებულია სარემონტო სამუშაოები. აღნიშნული სარემონტო სამუშაოები ექსპერტიზის დასკვნაშია მითითებული და ამ დასკვნის თანახმად ბინაზე ჩატარებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 6485 ლარით;
4.6. სასარჩელო მოთხოვნა შეეხება მოპასუხე მხარისათვის თანხის დაკისრებას, რომლის სამართლებრივ საფუძველსაც უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით გათვალისწინებული სამართლებრივი რეგულაციები წარმოადგენს. სახელდობრ სამოქალაქო კოდექსის 976-ე და 987-ე მუხლები;
4.7. აღნიშნული სამართლებრივი საფუძვლის გათვალისწინებით, საქმეზე იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად, საცხოვრებელ სახლზე ჩატარებულმა რემონტმა გამოიწვია თუ არა მოპასუხის გამდიდრება და თუ გამოიწვია რამდენით, საქმის მასალებით არ დასტურდება;
4.8. საქმეზე კანონშესაბამის მტკიცებულებათა არ არსებობის გამო, პალატა დაუდასტურებლად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეთა მიერ გაღებულ რემონტის ხარჯებს შედეგად პ-----ო პე----------- გამდიდრება მოჰყვა.
სამართლებრივი დასაბუთება:
4.9. სააპელაციო პალატა თვლის, რომ განსახილველი დავა უსაფუძვლო გამდიდრებით დადგენილი სამართლებრივი ნორმებით უნდა მოწესრიგდეს;
4.10. სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტის თასნახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;
4.11. საქმის მასალებით არ დასტურება ბათილი გარიგების გამო, მოსარჩელეთა მამკვიდრებლის მიერ პ-----ო პე-----------სათვის 3500 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი;
4.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის თანახმად, პირს რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა;
4.13. გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს;
4.14. პალატა განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიარული ხასიათისაა. ეს იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი. გარდა ამისა მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულაციური, ერთობლივი წინაპირობები. კერძოდ: 1) მოპასუხე უნდა გამდიდრდეს. 2) მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, ამ ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი. 3) მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი უნდა იყოს უკანონო;
4.15. პალატა მიიჩნევს, რომ ამ სამი პირობიდან, რომელიმე პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას;
4.16. სწორედ ამიტომ მას შემდეგ, რაც მივიჩნევთ, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი არ არსებობს, თითოეული ამ პირობის არსებობა ერთობლივად უნდა დადგინდეს;
4.17. ანუ, სხვა პირის ქონებაზე შეგნებულად ან შეცდომით გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირი ამით გამდიდრდა. თუ გამდიდრების ფაქტი სახეზე არ არის, მაშინ ხარჯის გაწევა მარტო არ წარმოშობს კონდიქციურ ვალდებულებას;
4.18. იმ ფაქტობრივი გარემოების დასადგენად, გაუმჯობესებული ქონების მიმღები პ-----ო პე----------- გამდიდრდა თუ არა და რა ოდენობისაა აღნიშნული გამდიდრების ხარისხი მოსარჩელე მხარის მიერ სათანადო მტკიცებულების წარმოდგენით ვერ იქნა დადასტურებული;
4.19. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე;
4.20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;
4.21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს;
4.22. საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;
4.23. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის თაობაზე;
4.24. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელეებს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენიათ სანდო და უტრყუარი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ პ-----ო პე----------- ნამდვილად გამდიდრდა და თან გამდიდრდა კონკრეტული ოდენობის თანხით;
4.25. სააპელაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიაქცევს ყურადღებას იმ გარემოება, რომ მხოლოდ სარემონტო სამუშაოების გაწევა მოსარჩელეთა მიერ მოპასუხის სახლთმფლობელობაზე, არ არის საკმარისი პირობა მათი სარჩელის დაკმაყოფილებისათვის. იმისათვის, რომ სარჩელი საფუძვლიანად იქნეს მიჩნეული, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს მეორე პირის, ანუ პ-----ო პე-----------ს გამდიდრების ფაქტი, ამასთან გამდიდრების არსებობა იმ მომენტისათვის განისაზღვრება, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი;
4.26. იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეთა მიერ სარემონტო ხარჯები გაწეულია 10-20 წელზე მეტი ხნის წინ, სასამართლოსათვის ბუნდოვანი და სრულიად გაურკვეველი დარჩა საკითხი იმის შესახებ, ნივთის დაბრუნების მომენტისათვის გვაქვს თუ არა სახეზე მოპასუხის გამდიდრების ფაქტი;
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება;
6. საპროცესო ხარჯები
6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა;
6.2. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნა----–- წ---–--ისა და ელ--- კ-–----ოვას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ლაურა მიქავა