განაჩენი

სისხლის სამართლის 28.01.2019
საქმის ნომერი
330100118002699364
ინსტანცია
თარიღი
28.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #330100118002699364

საქმე №1/ბ-18-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

28 იანვარი, 2019 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–----------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ--------------–------------------ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–-------------, პირადი №0----------, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის: ქ-------–---------------–----------------------------–-- ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–---------------–------------------------------–-; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის განაჩენით:

 

გ-------------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ გ-------------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 27 სექტემბრიდან 2018 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულ გ-------------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდა და გირაოს თანხა დაუბრუნდა გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

გ-------------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

გ-------------------ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 26 სექტემბერს, დაახლოებით ღამის 02:00 საათზე, ქ-------–--------------–------------------–------–- არსებულ საცხოვრებელ სახლში, გ-------------------მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შვილს, მ-------------------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ თმებში წვდა, ძლიერად მოქაჩა და შემდგომ რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა ხელი თავის მიდამოში, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–----------ამ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

 

ბრალდების მხარე სასჯელის დამძიმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სასაჯელის განსაზღვრისას არ იქნა გათვალისწინებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე. აპელანტი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული მსუბუქი სასჯელი შესაძლოა წამახალისებელი აღმოჩნდეს მისთვის და მან კვლავ განახორციელოს ძალადობრივი დანაშაული.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გ-------------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. გ-------------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულ - მ-------------------ს და მოწმეების: ბ--------------------------–---------–---–----------------------- გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ აქვს და ითხოვს კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელებას, დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში გამოთქვამს ვარაუდს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული მსუბუქი სასჯელი შესაძლოა წამახალისებელი აღმოჩნდეს გ-------------------ისათვის და მან კვლავ განახორციელოს ძალადობრივი დანაშაული. პალატა პროკურორის აღნიშნულ, ვარაუდზე დაყრდნობილ მოსაზრებას არ იზიარებს და მიუთითებს, რომ არ შეიძლება სასამართლომ გ-------------------ის პიროვნება განიხილოს, როგორც აბსტარაქტული დანაშაულის სუბიექტი.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ გ-------------------მა თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს სასჯელის დანიშვნის დროს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ გ-------------------მა სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის განაჩენი გ-------------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–----------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის განაჩენი გ-------------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

გ-------------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ გ-------------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 27 სექტემბრიდან 2018 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით.

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ გ-------------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია და გირაოს თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ გ-------------------ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი