განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.10.2018
საქმის ნომერი
190210017001798249
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
31.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2ბ/4906-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - ანა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ანა ჩიკვაიძე

 

აპელანტი - შპს „კ------– ჯ--------“;

წარმომადგენელი - უ--------ა;

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „რ--------------------------“;

წარმომადგენლები - ს---------------------ე, თ----------------–ი;

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რ-------ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება;

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება;

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი - შპს ,,რ----------------------------’ სარჩელი მოპასუხე შპს ,,კ-------------------’’ მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს ,,კ-------------------’’ მოსარჩელე შპს ,,რ----------------------------’ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა: 2014 წლის 01 ივნისის №-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2017 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით არსებული დავალიანების 671.77 ლარის და პირგასამტეხლოს 64.20 ლარის გადახდა. 2014 წლის 1 მაისის №---- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2017 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით არსებული დავალიანების- 2009.68 ლარის და პირგასამტეხლოს 192.06 ლარის გადახდა.

 

2. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. 2014 წლის 1 ივნისს და 2014 წლის 01 მაისს შპს ,,რ--------------------------ს’’ და სს ,,კ-------------------’’ შორის გაფორმდა სარეკლამო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებები. 2014 წლის 1 ივნისს №------- ხელშეკრულების მომსახურების ფასად განისაზღვრა 119 ლარი დღგ-ს ჩათვლით და ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 6 თვე, ხოლო 2014 წლის 01 მაისს №--- ხელშეკრულების მომსახურების ფასი- 356 ლარი დღგ-ს ჩათვლით, მოქმედების ვადა- 1 წელი.

 

2.2. 2014 წლის 01 მაისს №--- გაფორმებული ხელშეკრულება გაგრძელდა 2015 წლის 1 აპრილის ჩათვლით (2014 წლის 1 ნოემბრის დამატებითი შეთანხმებით №-), ხოლო 2014 წლის 01 ივნისის N------- ხელშეკრულება გაგრძელდა 2016 წლის 1 ივნისამდე (2015 წლის 1 ივნისის დამატებითი შეთანხმება №-).

 

2.3. N--- ხელშეკრულება შეწყდა 2016 წლის 21 ოქტომბრიდან, ხოლო N------- ხელშეკრულება შეწყდა 2016 წლის 21 ოქტომბრიდან.

 

2.4. 2017 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, შპს ,,კ-------------------’’ დავალიანება შპს ,,რ----------------------------’ მიმართ შეადგენს 7 806.55 ლარს, საიდანაც, 2014 წლის 01 ივნისს N------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 1 955.74 ლარს (დავალიანების ძირითადი თანხა შეადგენს 671,77 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო 1 283.97 ლარს), 2014 წლის 01 მაისის N--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 5,850.81 ლარს (დავალიანების ძირითადი შეადგენს 2,009.68 ლარს ხოლო პირგასამტეხლო 3 841.13 ლარს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.5. მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა 2014 წლის 01 მაისსა და 2014 წლის 01 ივნისს გაფორმებული სარეკლამო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლის თანახმად, შპს ,,რ--------------------------მ’’ აიღო ვალდებულება შპს ,,კ-------------------’’ გაუწიოს სარეკლამო მომსახურება, რომლის სანაცვლოდ, დამკვეთს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების თანხა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებით და დავალიანების შესახებ ცნობის შინაარსით დადგენილია, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, 2017 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, შპს ,,კ-------------------’’ დავალიანება შპს ,,რ----------------------------’ მიმართ შეადგენს 7 806.55 ლარს, საიდანაც 2014 წლის 1 ივნისს N------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 1 955.74 ლარს, 2014 წლის 01 მაისის N--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 5,850.81 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ გაითვალისწინა მოპასუხე შპს ,,კ-------------------’’ წარმომადგენლის აღიარება დავალიანების არსებობის შესახებ და მიიჩნია, რომ შპს ,,რ--------------------------ს სარჩელი თანხის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და შემცირებული პირგასამტეხლოს გათვალისწინებით უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მსესხებლის/მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ფიქსირებული ჯარიმის/პირგასამტეხლოს ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელე შპს ,,რ----------------------------’ სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით №-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 64.20 ლარის გადახდა, ხოლო №---- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 192.06 ლარის გადახდა.

 

3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან, საქმეში არ ყოფილა წარმოდგენილი მოწინაამღდეგე მხარის მიერ აპელანტისათვის მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტები. მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნა ეხება სარეკლამო მომსახურებას, მისი გაწევა უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტებით რაც წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ-------ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, სადაც თითოეულ მხარეს გააჩნია უფლება-მოვალეობები, ე.ი მენარდე ვალდებულია შეასრულოს გარკვეული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური. ნარდობის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა მხარეების მიერ არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან. არსებითად კი, მიიჩნევა მენარდის მიერ შესასრულებელ სამუშაოზე შეთანხმება. გადასახდელი საზღაური არსებით პირობად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საზღაური ნარდობის ხელშეკრულებისათვის ნაგულისხმევი პირობაა, აღნიშნულ დასკვნას ამყარებს დათქმა „შეთანხმებული საზღაური“. ნარდობის ხელშეკრულებასთან ახლოს დგას მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე მომსახურებას უწევს მეორე მხარეს სათანადო ანაზღაურების მიღებით. მომსახურების ხელშეკრულებაში მომსახურების საგანს საქმიანობის გაწევა წარმოადგენს.

 

განსახილველ საქმეში, სარჩელით დავის საგანს წარმოადგენს მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში მომსახურების ღირებულების დაკისრება, რასთან მიმართებითაც, გასათვალისწინებელია მოპასუხის მიერ შესაგებლით დაფიქსირებული პოზიცია ძირითადი დავალიანების არსებობისა და ოდენობის აღიარებასთან დაკავშირებით.

 

ამდენად, დასახელებულ ფაქტი სასამართლომ მართებულად შეაფასა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის კონტექსტში, სახელდობრ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია მტკიცებულებათა სახეები (მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები, ექსპერტის დასკვნა), რომლითაც უნდა დადასტურდეს მხარეების მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცებულების წარმოდგენის ვალდებულება, პროცესის მონაწილეებს ეკისრებათ, თუმცა აღნიშნული წესისგან გამონაკლისს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლი ითვალისწინებს. კერძოდ, მოხმობილი ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ მხარე თავისუფლდება ისეთი არსებითი გარემოების (ფაქტის) მტკიცებისაგან, რაც მოწინააღმდეგე მხარის მიერ იქნა აღიარებული და რაზედაც დაფუძნებული იყო მისი მოთხოვნა თუ შესაგებელი. ამგვარი აღიარებისას კი, სასამართლო უფლებამოსილია მასზე დააყრდნოს გადაწყვეტილება და დააკმაყოფილოს ან უარი თქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე. მოპასუხემ აღიარა დავალიანების არსებობა, რაც გულისხმობს, რომ მან მიიღო მომსახურება. ამდენად, სარჩელი მართებულად იქნა დაკმაყოფილებული.

 

4.2. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, სასამართლო მიუთითებს შემდეგს: სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

დასახელებული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე. აღნიშნული ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან, მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს მოცულობა გონივრულია და არ არსებობს მისი შემცირების წინაპირობა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „კ-------------------“ უარი უნდა ეთქვას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს „კ-------------------“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს რ-------ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ანა გოგიშვილი