განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.11.2018
საქმის ნომერი
330210013362467
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
12.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე№ 330210013362467

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/6028-18 12 ნოემბერი, 2018 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ნათია გუჯაბიძე

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი (მოსარჩელე/შეგებებული სარჩელით მოპასუხე) – ი----------–---

წარმომადგენელი – ქ--------------

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე/შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) – ნ-------------------

წარმომადგენელი – ვ-------------–-–---–-

 

დავის საგანი – ვალდებულების შესრულება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში არსებითად განსახილველად

გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ი----------–---- სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ნ-------------------ს შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე ი----------–---- მიმართ დაკმაყოფილდა: 2010 წლის 20 აპრილის ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად აღდგენილ იქნა პირვანდელი მდგომარეობა და ნ-------------------ს დაუბრუნდა 24,5% წილის მოგების მოთხოვნის უფლება; „ს----------–-“ ი----------–---- 50% წილი დატრეგისტრირდა ნ-------------------ს სახელზე.

 

გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების დასკვნებზე მითითება

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ივლისის განჩინებით ი----------–---- საჩივარი არ ადკმაყოფილდა და ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შემდეგი დასაბუთებით:

2.1. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ავიაბილეთებით არ დგინდებოდა მოსარჩელის წარმომადგენლის საქართველოში დაბრუნების თარიღი, ვინაიდან მათში ასახულია მხოლოდ გამგზავრების დრო 0---------–. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებით არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ სხდომის გამართვის დღეს (2018 წლის 6 თებერვალს) მოსარჩელის წარმომადგენელი საპატიო მიზეზით არ იმყოფებოდა საქართველოში. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის მივლინების შესახებ რაიმე ბრძანება, მივლინების პერიოდზე მითითებით, ხოლო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი შპს „დ----“ დირექტორის 0---------–- წერილი, რომლის თანახმად, 2018 წლის 3 თებერვალს საჭირო გახდა კომპანიის იურისტის, ქ---------------, წარგზავნა კვიპროსში კომპანიისათვის მნიშვნელოვანი მოლაპარაკების საწარმოებლად (რა დროსაც ერთ-ერთი შეხვედრა გაიმართა 2018 წლის 6 თებერვალს), სასამართლომ მიიჩნია, რომ ვერ შეფასდებოდა მხარის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად.

 

2.2. სასამართლომ განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება, როგორც მხარის მიერ გარკვეული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობისათვის კანონით გათვალისწინებული სანქცია, ეფუძნება პრეზუმფციას, რომ მხარემ დაკარგა დავის მიმართ ინტერესი, იგი თავისი მოქმედებით ან უმოქმედობით უარს აცხადებს საპროცესო თანამშრომლობაზე, დავის გაგრძელებაზე, ან/და განზრახ აჭიანურებს საქმის გადაწყვეტას. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თავად მოსარჩელე მხარე სასამართლოს მიერ დანიშნულ არც ერთ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა, ხოლო რაც შეეხება მის წარმომადგენელს, მისი შუამდგომლობით არაერთხელ გადაიდო საქმის განხილვა.

 

2.3. სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივარზე თანდართული მტკიცებულებით არ დასტურდებოდა 2018 წლის 06 თებერვალს მოსარჩელის წარმომადგენლის საქართველოში არ ყოფნა და სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობა. მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობით, მათ შორის, ასევე სამივლინებო ვიზიტის გამო, არაერთხელ გადაიდო სასამართლო სხდომა, რაც მოსარჩელეს დამატებით პასუხისმგებლობას აკისრებდა, უზრუნველეყო სხვა წარმომადგენლის მონაწილეობა, ან თავად გამოცხადებულიყო სასამართლო სხდომაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს და მის წარმომადგენელს საკმარისი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ ეზრუნა დამატებით წარმომადგენლით უზრუნველყოფაზე ან თავად მოსარჩელეს მიეღო საქმის განხილვაში მონაწილეობა, რათა თავიდან არიდებულიყო საქმის განხილვის გაჭიანურება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარე არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ საპროცესო ვალდებულებას, რათა ხელი შეეწყო დავის დროული გადაწყვეტისათვის, რის გამოც სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა ვერ შეფასდებოდა საპატიოდ.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს სხდომის დღეს - 2018 წლის 6 თებერვალს მოსარჩელის წარმომადგენლი იმყოფებოდა აუცილებელ და გადაუდებელ შეხვედრაზე საზღვარგარეთ, რის შესახებაც სასამართლოს გამოეგზავნა შესაბამისი შეტყობინება. სასამართლო პროცესის დღისათვის მოსარჩელის წარმომადგენლის საქართველოში არყოფნა დასტურდება სარჩელზე თანდართული პასპორტის ასლით.

 

3.2. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მხარეთა შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება დავის მორიგებით გადაწყვეტასთან დაკავშირებით და უგულვებელყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმად, სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ.

 

3.3. სასამართლომ არასწორად დააფუძნა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე ი----------–--- არც ერთ პროცესზე არ გამოცხადებულა. აპელანტის განმარტებით, მოსარჩელე, სანამ საზღვარგარეთ გადავიდოდა საცხოვრებლად, აქტიურად მონაწილეობდა საქმის განხილვაში, ხოლო საქმის სააპელაციო სასამართლოდან ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემდგომ, იგი სხვა ქვეყნის რეზიდენტი გახდა და წლების განმავლობაში საქართველოში არ იმყოფებოდა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

ფაქტობრივი დასაბუთება

7. პალატას მიაჩნია, რომ დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. 2018 წლის 06 თებერვალს გამართულ სასამართლო მთავარ სხდომაზე არ გამოცხადნენ მოსარჩელე და მისი წარმომადგენელი. სასამართლოში წარმოდგენილი იქნა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა, რომლითაც იგი ითხოვდა სხდომის არანაკლებ ერთი თვით გადადებას, ვინაიდან არ იმყოფებოდა საქართველოში და ვერ შეძლებდა სხდომაზე დასწრებას, რის დასტურადაც განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი იქნა ავიაბილეთი და მოქალაქის პასპორტის ასლი 0---------–. საზღვრის გადაკვეთის თაობაზე (ს.ფ. 239, 240, 241);

 

7.2. სხდომაზე გამოცხადებული მოწინააღმდეგე მხარე არ დაეთანხმა შუამდგომლობას და თავის მხრივ, მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა;

 

7.3. 06.02.2018 წლის საოქმო განჩინებით შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ამავე დღეს მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 241-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მხარის გამოუცხადებლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით ან სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.

10. ამდენად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა შესაძლებელია, თუ კუმულატიურად არსებობს შემდეგი პირობები: გამოუცხადებელი მხარე მოწვეული იყო საქმის განხილვაში და მას დროულად და კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დღისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ; ადგილი არა აქვს რაიმე დაუძლეველ ძალას ან სხვა ისეთ მოვლენას, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; არსებობს სარჩელის აღძვრის ყველა წინაპირობა და იგი მიღებულია სწორად; მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები იურიდიულად ამართლებენ მის მოთხოვნას.

11. საპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი შინაარსით საქმის განხილვაში ერთ-ერთი მხარის მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსკ-ის 2321 მუხლი), სასამართლო სხდომაზე მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა უნდა განიმარტოს იმდაგვარად, რომ მხარეს სურვილი არ გააჩნია, უარყოს მოსარჩელის პრეტენზიები მის მიმართ და თანახმაა, სასამართლომ გაიზიაროს მისი მოთხოვნები.

9. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება ერთგვარ სასჯელს წარმოადგენს უპასუხისმგებლო მხარისათვის. ამასთან, ასეთი გადაწყვეტილების გამოტანა დასაშვებია მხოლოდ კანონით იმპერატიულად განსაზღვრული გარემოებებისა და პირობების აშკარად, ეჭვის გარეშე არსებობისას. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაირღვევა პირის ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლება.

10. პალატა ყურადღებას მიაქცევს სტრასბურგის სასამართლოს განმარტებებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებთან მიმართებით. საქმეში ბართაია საქართველოს წინააღმდეგ (26 ივლისი, 2018 წელი, საჩივარი №1-------) სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო პროცესზე პირის გამოცხადების საკითხი და იურიდიული წარმომადგენლობა ურთიერთდაკავშირებულია და უნდა გაანალიზდეს კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული „სამართლიანი სასამართლოს“ უფლების ფართო კონტექსტში. სასამართლომ უნდა დაადგინოს მომჩივანს - სამოქალაქო სამართალწარმოების მხარეს, მიეცა თუ არა გონივრული შესაძლებლობა გაცნობოდა და კომენტარები გაეკეთებინა მეორე მხარის მიერ წარმოდგენილ დასკვნებსა და მტკიცებულებებზე; აგრეთვე წარმოედგინა თავისი საქმე იმ პირობებში, რომელიც მას მოწინააღმდეგე მხარესთან შედარებით არსებითად არახელსაყრელ მდგომარეობაში არ ჩააყენებდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, ასევე, შედგება მხარეთა უფლებისგან, წარადგინონ დასკვნები, რომლებსაც ისინი საქმესთან მიმართებით სათანადოდ მიიჩნევენ. ვინაიდან კონვენცია მიზნად ისახავს უზრუნველყოს არა თეორიული და ილუზორული, არამედ პრაქტიკული და ეფექტიანი უფლებები. აღნიშნული უფლება ეფექტიანად მიიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მომჩივანს ფაქტობრივად „მოუსმენენ“, რაც გულისხმობს იმას, რომ სასამართლოები მის მიერ წარმოდგენილ დასკვნებს სათანადოდ განიხილავენ. კონვენციის მე-6 მუხლი სახელმწიფოებს ავალდებულებს, სამართლებრივი სისტემები იმგვარად მოაწყონ, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ მართლმსაჯულებას, რაც აგრეთვე მოიცავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, თუმცა, აღნიშნული ვერ განხორციელდება სხვა პროცედურული გარანტიების ხარჯზე. ფაქტობრივად, კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი, პირველ ყოვლისა, მიზნად ისახავს მხარეთა ინტერესებისა და მართლმსაჯულების სათანადო ადმინისტრირების უზრუნველყოფას. შესაბამისად, ეროვნული ხელისუფლების ვალდებულებას წარმოადგენს უზრუნველყოს კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფით მოცემული სტანდარტების, კერძოდ, მხარეთა თანასწორობის პრინციპის, დაცვა. სამოქალაქო საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების დროს სასამართლომ უნდა განსაზღვროს: (I) ხელისუფლების ორგანოებმა გამოიჩინა თუ არა გულმოდგინება, როდესაც მხარეებს მიაწოდა ინფორმაცია; აგრეთვე, შეიძლება თუ არა მიჩნეულ იქნეს, რომ მომჩივნებმა უარი თქვეს მათ უფლებაზე-წარმდგარიყვნენ სასამართლოს წინაშე და დაეცვათ საკუთარი თავი; (II) ეროვნული კანონმდებლობა ითვალისწინებდა თუ არა სათანადო საშუალებებს, რომლებიც მომჩივნებს უზრუნველყოფდა ახალი შეჯიბრებითი სამართალწარმოებით, მას შემდეგ, რაც მათთვის ცნობილი გახდებოდა მათ წინააღმდეგ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების თაობაზე.

11. მოცემულ შემთხვევაში სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობის საფუძვლით. საპატიო მიზეზად კი, აპელანტი მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სხდომის დღეს მოსარჩელის წარმომადგენელი საქართველოში არ იმყოფებოდა, რის თაობაზეც სასამართლო იმფორმირებული იყო დადგენილი წესით.

12. სააპელაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პრეტენზიას და მიაჩნია, რომ 2018 წლის 6 თებერვალს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. კერძოდ:

საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი შპს „დ----“ დირექტორის 0---------–- წერილით დგინდება, რომ 2018 წლის 3 თებერვალს საჭირო გახდა კომპანიის იურისტის, ქ--------------- წარგზავნა კვიპროსში კომპანიისათვის მნიშვნელოვანი მოლაპარაკების საწარმოებლად, რა დროსაც ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა გაიმართა 2018 წლის 6 თებერვალს. წარმოდგენილი ავიაბილეთების საფუძველზე დადგენილია, რომ მოსარჩელის წარმომადგენელი საქართველოდან გაემგზავრა 2018 წლის 3 თებერვალს, ხოლო სააპელაციო საჩივარზე თანდართული საზღვრის გადაკვეთის დამადასტურებელი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მოსარჩელის წარმომადგენელი 2018 წლის 6 თებერვლისათვის საქართველოში არ იმყოფებოდა.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვითარება, რის გამოც უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს არსებითად განსახილველად.

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

14. სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ 2018 წლის 5 ივლისის განჩინება და საქმე უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს არსებითად განსახილველად.

საპროცესო ხარჯები

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. შესაბამისად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მხარეთა მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება საქმის არსებითად განხილვის შედეგად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი----------–---- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ 2018 წლის 5 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

 

3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღების შედეგად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ნათია გუჯაბიძე