განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017002188024
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/4562-18 8 ოქტომბერი, 2018 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ნათია გუჯაბიძე
სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი
აპელანტი - ქ.თ---–----------–----–-------ს მ-----
წარმომადგენელი - ბ----------------
მოწინააღმდეგე მხარე - შ---------–------------“
წარმომადგენელი - თ---------–-------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე შ---------–------------სათვის“ მოსარჩელე ქ. თ---–----------–----–-------ს მ------ სასარგებლოდ საიჯარო ქირის 4715.35 ლარის გადახდის დაკისრება.
1.2. მოპასუხე შ---------–------------სათვის“ მოსარჩელე ქ. თ---–----------–----–-------ს მ------ სასარგებლოდ, 2018 წლის 02 მაისის მდგომარეობით არსებული პირგასამტეხლოს 2 476.18 ლარის (დაზუსტდა 2018 წლის 24 მაისს) გადახდის დაკისრება.
1.3. მოპასუხე შ---------–------------სათვის“ მოსარჩელე ქ. თ---–----------–----–-------ს მ------ სასარგებლოდ 2018 წლის 02 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საიჯარო ქირის 0,1% -ის ოდენობით, რაც თითოეულ დღეზე შეადგენს 2,028 ლარს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
2. მოსარჩელე ქალაქ თ---–----------–----–-------ს მ------ სარჩელი შ---------–------------ს“ მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: 1. მოპასუხე შ----------–-------------- მოსარჩელე ქალაქ თ---–----------–----–-------ს მ------ სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის დავალიანების გადახდა 4715.35 ლარის ოდენობით; 2. მოპასუხე შპ--------–------------“ მოსარჩელე ქალაქ თ---–----------–----–-------ს მ------ სასარგებლოდ დაეკისრა შემცირებული პირგასამტეხლოს გადახდა 2018 წლის 02 მაისამდე პერიოდზე 266,68 ლარის ოდენობით. 3. მოპასუხე შ----------–------------- მოსარჩელე ქალაქ თ---–----------–----–-------ს მ------ სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით, 2018 წლის 03 მაისიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე საიჯარო ქირის 0.01%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 0,2028 ლარს.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე, 317-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 581-ე მუხლების საფუძველზე;
4. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თ---–----------–----–-------ს მ------ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი სრულად დაკმაყოფილდება.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები
5.1. სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ ზოგადი განმარტებით და მიუთითა, რომ მოპასუხეზე დაკისრებული პირგასამტეხლო წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს, თუმცა არ განმარტა, თუ რა გარემოებებით იყო განპირობებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების აუცილებლობა. სასამართლომ სამართლებრივი შეფასებისას, მიუთითა რა პირგასამტეხლოს სამართლებრივ არსსა და მნიშვნელობაზე, არსებითად არ იმსჯელა და არ მიუთითა, რა კონრკეტული გარემოებები დაუდო საფუძვლად პირგასამტეხლოს შემცირებას.
5.2. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ, ხოლო მისი ოცჯერ შემცირებული ოდენობა - გონივრულ ოდენობად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
8. სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი და შესაბამისად, სააპელაციო პალატა უდავოდ დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
8.1. 2----–-–------------- ქალაქ თბილისის მთავრობის N1-------- დადგენილების საფუძველზე, 2013 წლის 20 ივნისს ქ. თ---–----------–----–-------ს მ-----სა და შპ--------–------------“ შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპ--------–------------“ პირდაპირი განკარგვის წესით, ქ. თბილისში, გ.--------------------------------------------. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი N----------------) ღია კაფე-ბარის მოწყობის მიზნით. იჯარის ვადა განისაზღვრა 10 წლის ვადით.
8.2. საიჯარო პირობების 3.1. პუნქტის თანახმად, ყოველწლიური საიჯარო ღირებულება შეადგენდა 663 ლარს. საიჯარო ქირა გადახდილი უნდა ყოფილიყო თანაბარწილად ყოველ 6 თვეში ერთხელ, არაუგვიანეს ყოველი ექვსთვიანი პერიოდის გასვლის უკანასკნელი დღისა. გადახდის ვადა აითვლებოდა გადაწყვეტილების გაცნობის მომენტიდან.
8.3. ხელშეკრულებით განისაზღვრა საიჯარო ქირის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო საიჯარო ქირის 0.1%-ის, მაგრამ არანაკლებ 1 ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (12.1. პუნქტი).
8.4. ხელშეკრულების 13.3. პუნქტის თანახმად, საიჯარო ურთიერთობა შეწყდებოდა მოიჯარის განცხადებისა და სსიპ ქ----------------- სააგენტოს აქტის საფუძველზე, გარდა მეიჯარის მიერ ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტისა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში საკმარისი იყო სსიპ ქ----------------- სააგენტოს მიერ მიღებული აქტი.
8.5. სსიპ ქ----------------- სააგენტოს 2----–-–----- აპრილის ბრძანებით ცვლილება შევიდა ქ-------–------------------------------------ სააგენტოს 2013 წლის 20 ივნისის #QN------- გადაწყვეტილებაში და საიჯარო პირობების 3.1. პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „ყოველწლიური საიჯარო ქირის ღირებულება შეადგენს 2028 ლარს“. დანარჩენ ნაწილში ხელშეკრულება დარჩა უცვლელი.
8.6. მოპასუხეს ხელშკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები შესრულებული აქვს ნაწილობრივ, კერძოდ, 2014 წლის ოქტომბრის თვემდე.
8.7. მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა მოსარჩელის მიერ, ცალმხრივად, 2017 წლის 25 აგვისტოს შეწყდა.
8.8. 2017 წლის 17 ნოემბერს მოპასუხის მიერ გადახდილი იქნა საიჯარო ქირა 2028 ლარის და პირგასამტეხლო 124.72 ლარის ოდენობით (ტ.1. ს.ფ.77).
8.9. 2014 წლის ოქტომბრის თვიდან 2017 წლის აგვისტოს მდგომარეობით ანუ ხელშეკრულების შეწყვეტამდე, მოპასუხის მიერ შესასრულებელი ვალდებულება ძირი თანხის ნაწილში შეადგენდა 4715,35 ლარს, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში კი - 2476,18 ლარს. აღნიშნული დაანგარიშების დროს გათვალისწინებული იქნა მოპასუხის მიერ 2017 წლის 17 ნოემბერს გადახდილი თანხები.
9. 2017 წლის 27 ნოემბერს ქ. თ---–-----------მ სარჩელით მიმართა სასამართლოს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ქალაქ თ---–----------–----–-------ს მ------ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპ--------–------------“ ქ.თ---–----------–----–-------ს მ------ სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის დავალიანების გადახდა 4715.35 ლარის ოდენობით; დაანგარიშების პერიოდში არსებული პირგასამტეხლო - 266,68 ლარის ოდენობით (ნაცვლად 2476.18 ლარისა) და პირგასამტეხლო - 2018 წლის 03 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე საიჯარო ქირის 2028 ლარის 0.01%-ის ოდენობით, რასაც არ ეთანხმება აპელანტი.
10. დააზუსტებული სააპელაციო საჩივრით აპელანტმაი მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ, 2014 წლის 28 ოქტომბრიდან 2018 წლის 2 მაისამდე პერიოდისათვის, პირგასამტეხლოს დაკისრება 2476 ლარის ოდენობით, ხოლო 2018 წლის 02 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - პირგასამტეხლოს დაკისრება საიჯარო ქირის (2028 ლარის) 0.1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
11. პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი სამოქალაქო კოდექსის 418-ე და 420-ე მუხლების გამოყენების მართებულობა. შესაბამისად, პალატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას აღნიშნულ ნაწილში შეამოწმებს.
12. სააპელაციო პალატას საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიაჩნია, რომ 2014 წლის 28 ოქტომბრიდან 2018 წლის 2 მაისამდე პერიოდისათვის გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, საიჯარო ქირის 0.1%-ის გათვალისწინებით, შეადგენს 2476 ლარს. აღნიშნული გარემოება მოწინააღმდეგე მხარის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი. (იხ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის სხდომის ოქმი)
13. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე.
14. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
15. სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
16. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.
17. პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების უფლება ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგნია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
18. სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირებისას მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ხოლო კონტიტენტური ევროპის სამართლის ქვეყნების სასამართლოები (მათ შორის, გერმანია), ასევე, უაღრესად დიდ ყურადღებას აქცევენ კრედიტორის ეკონომურ ინტერესს, კერძოდ, თუ რა ინტერესი და მნიშვნელობა გააჩნია კრედიტორს ვალდებულების დროულად შესრულების მიმართ, რაც განაპირობებს პირგასამტეხლოს, როგორც პრევენციულ ფუნქციას, ზოგჯერ საკმაოდ მაღალსაც კი.
19. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა საიჯარო ქირის - 2028 ლარის 0.1%-ით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც წლიურად 36%-ს შეადგენს. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს აღნიშნული ოდენობა არ შეიძლება მიჩნეული იქნას „შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ“, იმ ეკონომიკური ინტერესის გათვალისწინებით, რაც ქ.თ---–----------–----–-------ს მ-----ს, მუნიციპალური ქონების იჯარით გაცემის გზით, თანხების მოზიდვისა და შემდგომ ამ თანხების საჯარო ინტერესების შესაბამისად განკარგვის მიმართ გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
20. სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნა, პირგასამტეხლოს ანაზღაურების ნაწილში, დაკმაყოფილდება სრულად.
საპროცესო ხარჯები
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის (გათავისუფლებულია ბაჟისაგან) მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე ჯამში შეადგენს 173,33 ლარს (2479 ლარის 3%+4%). მაშასადამე შპ--------–------------“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 173,33 ლარს ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ქ.თ---–----------–----–-------ს მ------ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპ--------–------------“ ქ.თ---–----------–----–-------ს მ------ სასარგებლოდ, დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 2018 წლის 02 მაისამდე მდგომარეობით 2476 ლარის ოდენობით, ხოლო 2018 წლის 02 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - საიჯარო ქირის - 2028 ლარის 0.1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
4. შპ--------–------------“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 173,33 ლარს ოდენობით.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: ნათია გუჯაბიძე