განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №140100118002732033-1ბ/114-19წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
31 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: გ---- ჯეირანაშვილი
სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული: ნ-----–---------------–---–-, დაბადებული 1----–-–------------------------------------------ საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მ–------------------------------------–--------–--
კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი;
სასჯელი:თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ-----–-------–---–-- და მოითხოვა მსჯავრდებული ნ-----–---------------–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამასთან დაენიშნოს სასჯელი რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ასევე სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით;
სასამართლომ დაადგინა :
2018 წლის 11 ოქტომბერს, დაახლოებით 22:20 საათზე, გ------------------------–--------–- მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, მთვრალი ნ-----–---------------–---–- დანით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ძმას გ---------------–---–-- და მის მეუღლეს მ----------------–---–-- რა დროსაც დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ნ-----–---------------–---–-ს მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა კერძოდ: გ---------------–---–---------------------–---–-------------–---–----------------------------------------–-----------–---–-----------------–--–---–----------–------------–---–-- გამოკითხვის ოქმებით, ნ-----–---------------–---–-ს დაკავების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და საქმეში არსებული სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, ხოლო სასჯელის ნაწილში იგი უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დანაშაულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ოჯახის წევრებად ითვლებიან რძალი და ძმა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში: ა) სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, ბ) ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში, გ) ქონების განადგურების მუქარაში.მუქარა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტს გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი (რეალური) შიში. აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ქმედებას (მუქარა) და დამდგარ შედეგს (შიში) შორის. მუქარა შეიძლება განხორციელდეს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით, წერილობითი ან ზეპირი ფორმით, პირისპირ ან სატელეფონო საუბრით, იარაღის ან ძალის დემონსტრირებით და სხვა.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ისეთ სუბიექტურ კრიტერიუმზე, როგორიც არის დაზარალებულის აღქმა და განმარტავს, რომ დანაშაულის (მუქარის) არსებობისათვის აუცილებელია სწორედ იმის უტყუარად დადგენა, გაუჩნდა თუ არა დაზარალებულს მუქარის განხორციელების რეალური შიში. თუ დაზარალებულს ასეთი შიში არ გასჩენია, მუქარა ზოგადად შიშის მომგვრელიც რომ ყოფილიყო, სახეზე არ გვაქვს დანაშაულის შემადგენლობა. მუქარის დროს ადამიანზე ხდება არა ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური ძალადობა, რომლის შედეგების თვალნათელი დადასტურება, გარდა დაზარალებულის განცდისა, შეუძლებელია სხვა მტკიცებულებებით დადგინდეს, ვინაიდან ფსიქიკური ძალადობა, როგორც წესი, ფიზიკურ კვალს არ ტოვებს, თუმცა ზიანდება ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა, რაც ფიზიკურზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში შეიძლება ძალიან დაბალი ფასი ჰქონდეს როგორც ფაქტის თვითმხილველი, ასევე დაზარალებულის დანაშაულის შემდგომი მდგომარეობის გადმომცემი მოწმეების ჩვენებებსაც კი, ვინაიდან ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის გადამწყვეტია მსხვერპლის მიერ რეალობის სწორედ მისეული აღქმა.
პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულმა ნ-----–---------------–---–-- დანაშაულებრივი ქმედება სწორედ ძმის და რძლის მიმართ განახორციელა, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ნ-----–---------------–---–- დანით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ძმას გ---- ქ---------–---–ს და მის მეუღლეს მ----------------–---–-- რამაც დაზარალებულებს გაუჩინათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მოწმეთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, ურთიერთშეთანხმებული, მათი ერთობლიობაში შეფასება და ანალიზი უტყუარად პირდაპირ ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მუქარის განხორციელების ფაქტს. მუქარის ფაქტთან დაკავშირებით, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, ამდენად პალატა თვლის, რომ ბრალდების მხარეს იმის დასადასტურებლად, რომ დაზარალებულებს კონკრეტული მუქარის გამო გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში სასამართლოში წარმოდგენილია.
პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულის მხრიდან მხოლოდ დანის დემონსტრირება, ეს უკვე წარმოადგენს მუქარის განხორციელების სახეს, თუნდაც მსხვერპლის მიმართ სიტყვიერ დამუქრებას ადგილი საერთოდ არ ჰქონოდა, თუმცა მოცემულ შემთხვევაში ასევე ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დამუქრებას მსჯავრდებულის მხრიდან, რომელიც ემუქრებოდა დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც აღნიშნულმა ქმედებამ დაზარალებულებს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაზეც მეტყველებს დაზარალებულების ჩვენება, რომლის თანახმად მათ გაუჩნდათ სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.
პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდა სახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161);
პალატა ეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას, რომ რძალი საქართველოს სისსხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის მიხედვით წარმოადგენს შვილის მეუღლეს და მისი განვრცობა ძმის მეუღლეზე, ბიძაშვილის მეუღლეზე და ა. შ. არ გამომდინარეობს მუხლის ჩანაწერიდან. პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 შენიშვნის, ასევე „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად ოჯახის წევრი არის „დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას“.
პალატა აღნიშნავს, რომ ნათესაურ ჩამონათვალში რძალი ოჯახის წევრად მითითებულია სიძესთან ერთად, ანუ ერთი, თანაბარი ნათესაური კავშირის გამო, შვილის მეუღლის კონტექსტში. რაც შეეხება ძმის ცოლის, როგორც რძლის 111 მუხლის თანახმად ოჯახის წევრად ჩათვლის შემთხვევაში ოჯახის წევრად კანონმდებელი მიიჩნევდა იგივე რიგის ნათესავებს, როგორიცაა ცოლის და, ან ცოლის ძმა, ამდენად პალატა თვლის ძმის ცოლი მოცემულ შემთხვევაში არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით დაცულ ობიექტს.
ამასთან პალატა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია. ბრალდების შესახებ დადგენილებაში კი საერთოდ არ არის მითითებული და შეუძლებელია იმის დადგენა ბრალდების მხარე ედავებოდა ბრალმდებულს ორი დამოუკიდებელი დანაშაულის ჩადენაში, თუ ერთი ქმედებით ორი პირის მიმართ განხორციელებულ მუქარაში და ორი მუხლით დაკვალიფიცირება გამოიწვია ერთი პირის ოჯახის წევრად მიჩნევამ და მეორეს (რძლის) მიმართ, ოჯახის წევრის სტატუსის არ ქონამ.
ამდენად პალატა თვლის, რომ ბრალის ფორმულირებიდან გამომდინარე ბრალდებულის ქმედება კი უნდა დაკვალიფიცირდეს 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 151-ე მუხლით თუმცა მას ერთი ქმედების გამო უნდა განესაზღვროს ერთი სასჯელი.
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ნ-----–---------------–---–-- ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ მუქარა და მუქარა, ესე იგი სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 151 მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ნ-----–---------------–ვილს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ბრალის სრული აღიარება, ჩადენილი დანაშაულის გულწრფელი მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, რომ დანაშაული ჩადენილი იქნა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ;
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ნ-----–---------------–---–-ს მიმართ სასჯელის დამძიმების თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში.
ნ-----–---------------–ვილს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 წელი;
სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს, ინანიებს) და დამამძიმებელი გარემოებები (დანაშაული ჩადენილი იქნა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ), დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარი ის კი არ არის დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმას, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი. ამდენად პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის დანიშვნის ნაწილში და მიაჩნია, რომ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა უსაფუძვლო და არაადეკვატურია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ თვლის, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის განაჩენით, ნ-----–---------------–---–-ს მიმართ დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ-----–-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
3. ნ-----–---------------–---–- (პ/ნ-----------4) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 წელი;
4. მსჯავრდებულ ნ-----–---------------–ვილს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობის დრო 2018 წლის 12 ოქტომბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით;
5. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ ნ-----–---------------–ვილს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.
7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ---- ჯეირანაშვილი