განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №100310117002047884 (3/ბ-378-2018წ.)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 ნოემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი (მომხსენებელი)
გოჩა აბუსერიძე, მურთაზ მეშველიანი
სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - სსიპ შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – შპს ,,ვ------------------”, შპს ,,ე-------------------- შპს ,,კ-----–-'', ბ----------–---, ნ-----–----------------
დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად აღიარება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2017 წლის 11 აგვისტოს საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა მოპასუხეების: შპს ,,ვ------------------ს”, შპს ,,ე------------------’’, შპს ,,კ-----–-ს'', ბ----------–--ისა და ნ-----–---------------ის მიმართ და მოპასუხეების ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარება მოითხოვა.
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ შპს ,,ვ------------------ს“ (ს/ნ 4--------) 2017 წლის 24 ივლისის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 16389,65 ლარის ოდენობით. 2017 წლის 1------ს რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. 2017 წლის 0-----–--ს ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ გამოიცა N0------ ბრძანება შპს ,,ვ------------------ს“ ქონების დაყადაღების თაობაზე. შპს ,,ვ------------------ს“ საკუთრებაში ან/და ბალანსზე რაიმე სახის უძრავ - მოძრავი ქონება, ასევე, წილი და აქციები არ გააჩნია. გადასახადის გადამხდელის მიერ ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა წარმოდგენილი, რაზედაც შედგა სამართალდარღვევის ოქმი.
მოსარჩელის განმარტებით შპს ,,ვ------------------ს“ 100% წილის მფლობელი და დირექტორია ბ----------–--- საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სარეცხი საშუალებების, საფენების და პამპერსების იმპორტი-რეალიზაცია. შპს ,,ვ------------------ს’’ საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2017 წელს წარდგენილი სხვადასხვა თვის დღგ-ს დეკლარაციების საფუძველზე.
2017 წლის 24 თებერვალს ბ----------–--ის მიერ 100% წილობრივი მონაწილეობით დაფუძნდა და რეგისტრაციაში გატარდა ახალი საწარმო - შპს ,,ე-------------------- რომლის საქმიანობის სფეროს ასევე წარმოადგენს სარეცხი საშუალებების და საფენების დისტრიბუცია. 2017 წლის 14 მარტს ნ-----–----------------მ 100% წილობრივი მონაწილეობით დააფუძნა და რეგისტრაციაში გაატარა შპს ,,კ-----–-“, რომლის საქმიანობის სფეროსაც წარმოადგენს სარეცხი საშუალებების და საფენების დისტრიბუცია.
2017 წლის 1------ს შპს ,,ვ------------------მ“ სასაქონლო ზედნადებით შპს ,,ე-----------------’’ გადააწერა 23 583 ლარის ღირებულების საქონელი, რაზედაც გამოწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ხოლო 2017 წლის 22 აპრილს შპს ,,ვ------------------მ“ შპს ,,კ-----–-ს“ გადააწერა 87 780 ლარის ღირებულების საქონელი, რომელზედაც ასევე გამოწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
შპს ,,ვ------------------ს“ იურიდიული მისამართია: ქ. ჭიათურა, ყ-------- ქ. N1. აღნიშნულ მისამართზე რეგისტრირებულია ნ-----–----------------. შპს ,,ვ------------------ს“ და შპს ,,კ-----–-ს“ საკონტაქტო ინფორმაციებში მითითებულია ერთი და იგივე ელ. ფოსტა და ტელეფონის ნომერი.
ამდენად, შპს ,,ვ------------------ს“ მიერ საგადასახადო დავალიანების წარმოშობის (დეკლარირების) შემდეგ საქმიანობის შეჩერება, საწარმოს დირექტორის და 100% წილის მფლობელის ბ----------–--ის სახელზე 100% წილობრივი მონაწილეობით რეგისტრირებულ საწარმოზე (შპს ,,ე-----------------’’) საქონლის გადაწერა და საქმიანობის გაგრძელება იგივე პროფილით, ასევე ნ-----–---------------ის 100% წილობრივი მონაწილეობით რეგისტრირებულ საწარმოზე (შპს ,,კ-----–-’’) საქონლის გადაწერა და საქმიანობის გაგრძელება იგივე მიმართულებით, მიზნად ისახავდა საგადასახადო დავლიანების გადახდევინების ღონისძიებისაგან თავის არიდებას.
მოპასუხეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნეს და მისი უარყოფა მოითხოვეს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს ,,ვ------------------ს“ (ს/ნ 4--------) ცრუმაგიერ პირებად აღიარებულ იქნენ - შპს ,,ე-----------------’’ (ს/ნ 4--------) და შპს ,,კ-----–-“ (ს/ნ 4--------).
სსიპ სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
მოპასუხეებს, შპს ,,ვ------------------ს“, შპს ,,ე------------------’’ და შპს ,,კ-----–-ს“ სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ბაჟის - 100 ლარის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ დაადგინა, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის შესაბამისად შპს ,,ვ------------------“ (ს/ნ 4--------) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2016 წლის 09 მარტს, რომლის იურიდიული მისამართია ჭიათურა, ყ-------- ქ. N1. 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია ბ----------–--- (პ/ნ 0----------). საქმიანობის სახეა საცალო ვაჭრობა კოსმეტიკური და ტუალეტის ნაწარმით სპეციალიზირებულ მაღაზიებში;
შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით შპს ,,ვ------------------ს“, 2017 წლის 24 ივლისის მდგომარეობით, ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 16 389.65 ლარის ოდენობით;
2017 წლის 1------ს შპს ,,ვ------------------ს“ ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, ხოლო ადმინისტრირების დეპარტამენტის 0-----2017წ. N0------ ბრძანებით შპს ,,ვ------------------ს“ ქონებას დაედო ყადაღა;
შპს ,,ვ------------------ს“ გადასახადები დეკლარირებული აქვს;
შპს ,,ვ------------------ს“ საკუთრებაში ან/და ბალანსზე რაიმე სახის უძრავ-მოძრავი ქონება, ასევე, წილი და აქციები არ გააჩნია;
2017 წლის 24 თებერვალს ბ----------–--ის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით რეგისტრირებულია საწარმო შპს ,,ე-----------------’’ (ს/ნ 4--------), რომლის იურიდიული მისამართია - გლდანი-ნაძალადევის რაიონი, ს--------, გ----------- ქ. N18;
2017 წლის 1------ს შპს ,,ვ------------------მ“ შპს ,,ე-----------------’’ (ს/ნ 4--------) სასაქონლო ზედნადებით გადასცა 23 583 ლარის ღირებულების საქონელი, რაზედაც ამოიწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. აღნიშნული ოპერაცია განხორციელდა იმ დღეს, როდესაც შპს ,,ვ------------------ს“ ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა. აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში მიღებული პროდუქციის საფასური გადახდილი არ არის, რასაც მოპასუხეებიც არ უარყოფენ. ზედნადები ამოწერილია 2017 წლის 1------ს, ხოლო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 2017 წლის 11 ივნისს;
2017 წლის 24 თებერვალს ბ----------–--ის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით რეგისტრირებულია შპს ,,კ-----–-’’ (ს/ნ 4--------), რომლის იურიდიული მისამართია: ქ. ჭიათურა, ა-–- ყ-------- ქ.N1. საქმიანობის სახეა - საბითუმო ვაჭრობა პარფიუმერიით და კოსმეტიკით;
დადგენილია, რომ 2017 წლის 22 აპრილს შპს ,,ვ------------------მ“ შპს ,,კ-----–-ს’’ (ს/ნ 4--------) სასაქონლო ზედნადებით გადასცა 87 780 ლარის ღირებულების საქონელი, რაზედაც 2017 წლის 14 მაისს ამოიწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. აღნიშნული ოპერაცია განხორციელდა იმ დროს, როდესაც შპს ,,ვ------------------ს“ უკვე გააჩნდა დეკლარირებული დავალიანება. მოცემული ოპერაციის ფარგლებში მიღებული პროდუქციის საფასური გადახდილი არ არის. აღნიშნულ გარემოებას თვით მოპასუხეებიც ადასტურებენ;
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 აგვისტოს განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და ყადაღა დაედო შპს „ე------------------“ მოქმედ საბანკო ანგარიშებს სს „ს----------–--------ში“ და შპს „კ-----–-ს“ მოქმედ ანგარიშებს სს „თ------- ბანკში“, ორივე შემთხვევაში, მთლიანობაში 16 389,65 ლარის ფარგლებში, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლი და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი საგადასახადო ვალდებულების შესრულების არიდების მიზნით, გარიგების მონაწილეების მოქმედების თვალთმაქცურობა მრავალი ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ერთ-ერთია ცრუმაგიერი მფლობელობა - როდესაც გადასახადის გადამხდელი სხვა პირთან ერთად მოქმედებს იმგვარად, რომ მათი განსხვავება პრაქტიკულად შეუძლებელია (საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილი).
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ მოპასუხე საწარმოს დირექტორების მიერ განხორციელებული ქმედებები მიმართული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდებისკენ, რაც მათი ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს ქმნიდა. სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო კოდექსის 246-ე და მე-19 მუხლებით განსაზღვრული განსაკუთრებული ურთიერთობა სახეზეა მაშინ, როდესაც ერთი პირის მიერ მეორე პირის კონტროლი წინ უსწრებს მათ შორის განხორციელებულ კონკრეტულ საქმიანობას და თვითონ ეს კონკრეტული საქმიანობა არ განიხილება ერთი პირის მიერ მეორის კონტროლად. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხეთა კონტროლს დაქვემდებარებული რაიმე განსაკუთრებული ურთიერთობის არსებობა ერთმანეთს შორის, თუმცა, ასეთის არსებობის დადასტურების შემთხვევაშიც, არ არსებობს ბ----------–--ის, ნ-----–---------------ის, შპს ,,კ-----–-ს“, შპს ,,ე------------------“ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის საკმარისი საფუძველი, ვინაიდან, სახეზე არ არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით განსაზღვრული წანამძღვრები. ამ მუხლის მიზნებისათვის კონტროლი გულისხმობს: სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას, დირექტორობას და ამ თანამდებობებზე პირების დანიშვნის უფლებას; ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 20 პროცენტის ფლობას; ამ მუხლის მიზნებისათვის ფიზიკური პირი ითვლება წილის არაპირდაპირ მფლობელად, თუ ამ წილს ფლობს მისი ნათესავი.
ამდენად სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის უნდა არსებობდეს ამავე მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული ურთიერთობები სამეწარმეო საქმიანობის ამა თუ იმ მიზნით და ფორმით ერთობლივად განხორციელებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, ერთი მხრივ, ნ-----–----------------ს, ბ----------–---ს და მეორე მხრივ, შპს ,,კ-----–-ს'' და შპს ,,ე-----------------’’ შორის რომ იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული ურთიერთობები, - არ დასტურდება.
სასამართლოს აღნიშვნით, საქმეზე არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ნ-----–----------------ს და ბ----------–---ს გააჩნდა მე-19 მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული ურთიერთობები სამეწარმეო საქმიანობის ამა თუ იმ მიზნით და ფორმით ერთობლივად განხორციელებისათვის დასახელებულ შპს-ებთან მიმართებაში.
სასამართლომ განმარტა, რომ ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 45-ე მუხლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. ასეთი საზოგადოების დაფუძნება შეუძლია ერთ პირსაც; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალი შეიძლება განისაზღვროს ნებისმიერი ოდენობით.
დადგენილია, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის შესაბამისად შპს ,,ვ------------------“ (ს/ნ 4--------), სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2016 წლის 09 მარტს, რომლის იურიდიული მისამართია: ქ. ჭიათურა, ყ-------- ქ. N1. 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია ბ----------–--- (პ/ნ 0----------). 2017 წლის 24 თებერვალს ბ----------–--ის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით რეგისტრირებულია შპს ,,კ-----–-’’ (ს/ნ 4--------), რომლის იურიდიული მისამართია: ქ. ჭიათურა, ა-–- ყ-------- ქ. N1. საქმიანობის სახეა საბითუმო ვაჭრობა პარფიუმერიით და კოსმეტიკით. დადგენილია, რომ 2017 წლის 24 თებერვალს ბ----------–--ის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით რეგისტრირებულია საწარმო შპს ,,ე-----------------’’ (ს/ნ 4--------), რომლის იურიდიული მისამართია: გლდანი ნაძალადევის რაიონი, ს--------, გ----------- ქ.N18.
სასამართლოს გამარტებით, ისეთ ვითარებაში, როდესაც კანონმდებლობით ნებადართულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაფუძნება 1 პირის მიერ და კაპიტალის განსაზღვრა ნებისმიერი ოდენობით (რასაც ადგილი აქვს შპს-ების დაფუძნებისას), მხოლოდ ამ საფუძვლით, ერთი მხრივ ფიზიკური პირების და მეორე მხრივ იურიდიულ პირებს შორის ერთმანეთისაგან გაუმიჯნაობის დადასტურება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
სასამართლომ განმარტა, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს 2 პირობის კუმულაციურად არსებობა: 1. პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და 2. ეს პირი გამოყენებული უნდა იყოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.
გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან შეუძლებელია, როდესაც სახეზეა: 1. საერთო ფინანსური ანგარიშები და საგადასახადო დეკლარაციების ფაილები (დეკლარაციის ერთობლივად შევსება, ერთიანი დაგეგმვა, საერთო ადმინისტრირება) დამოუკიდებელ კომპანიებში; 2. ერთი კომპანიის ქმედებები არის მეტად განმაპირობებელი (გამიზნული) მეორე კომპანიის ბიზნესის წყაროსი (წარმატების); 3. კომპანია იყენებს სხვა კომპანიის საკუთრებას, როგორც საკუთარს; 4. კორპორაციის ყოველდღიური საქმიანობის ურთიერთაღრევა (ერთობლიობა); 5. შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელების/დასაქმებულების სხვა კომპანიის (მაგ. დედა კომპანიის) საუკეთესო ინტერესებში მოქმედება; 6. ე. წ. ჩრდილოვანი დირექტორის” თეორია.
უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების სხვა პირის გამოყენების ფორმებია: 1. კომპანიის არასაკმარისი კაპიტალიზაცია (კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, რაც აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად, ანუ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი მოსალოდნელი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად); 2. კომპანიასა და დამფუძნებელს (პარტნიორს), სხვა პირებს შორის დადებულ გარიგებებს არ გააჩნიათ გარიგების ისეთი ხასიათი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დადებული იქნებოდა ორ დამოუკიდებელ პირს შორის და აღნიშნული განპირობებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.
მოცემულ შემთხვევაში, ფიზიკურ პირებთან მიმართებაში საერთოდ არ დასტურდება გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზანი, რადგან სახეზე არ არის დასახელებული ორი კუმულაციური პირობიდან არც ერთი - არც გადასახადის გადამხდელის სხვა პირისაგან განსხვავების პრაქტიკულად შეუძლებლობა და არც მისი გამოყენება გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი მხარის განმარტება, უტყუარი მტკიცებულებების გარეშე, არ ქმნდა ამა თუ იმ პირთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღაირების საკმარის საფუძველს, რომ სსიპ ,შემოსავლების სამსახურის მიერ ფიზიკურ პირებთან მიმართებაში საკმარისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ იყო, რაც გამორიცხავდა იმის მტკიცებას, რომ ერთი მხრივ, ფიზიკური პირები ბ----------–--- და ნ-----–---------------- ან შპს ,,კ-----–-’’ და შპს ,,ე-----------------’’ ან ფიზიკური პირები და შპს ,,ვ------------------’’ ან ფიზიკური პირები და შპს ,,კ-----–-’’, შპს ,,ე-----------------’’ საერთო ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყო მათი ერთმანეთისაგან განსხვავება და წარმოადგენდნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს. ამდენად, სარჩელი ფიზიკურ პირებთან მიმართებაში იყო უსაფუძვლო.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სახეზე იყო შპს ,,ვ------------------ს”, შპს ,,ე------------------’’ და შპს ,,კ-----–-ს'' ცრუმაგიერ პირებად აღიარების ყველა მტკიცებულება, რომელიც ერთობლიობაში სრულყოფილად ადასტურებდა ეჭვს ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ და აღნიშნა, რომ ცრუმაგიერი პირის დეფინიცია უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: ა) რეალური და ცრუმაგიერი პირი ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს; ბ) ცრუმაგიერი პირი უნდა იყოს გამოყენებული გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით (იგულისხმება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები: საგადასახადო გირავნობა ან იპოთეკა, მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა, ქონებაზე ყადაღის დადება, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა, გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება). ცრუმაგიერ პირს წარმოშობს რეალური პირის ქმედება - თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას და შესაბამისი ქონება მანამდე გადასცეს ცრუმაგიერ პირს, ვიდრე მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები. სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხედ დასახელებულ იურიდიულ პირებთან მიმართებით ასეთი ფაქტი დადასტურებულია შესაბამისი მტკიცებულებებით. შესაბამისად, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია რომ სახეზე იყო შპს ,,ვ------------------ს” და შპს ,,ე------------------’’ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველი, ასევე შპს ,,ვ------------------ს” და შპს ,,კ-----–-ს'' ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების ყველა მტკიცებულება, რომელიც ერთობლიობაში სრულყოფილად ადასტურებდა ეჭვს ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ.
3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის უარყოფის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება (სარჩელის უარყოფის ნაწილში) და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
აპელანტის განმარტებით, საქმეში არსებული მტიცებულებებით დასტურდება, რომ ბ----------–--ის და ნ-----–---------------ის ქმედება მიზნობრივად მიმართული იყო მოსალოდნელი უზრუნველყოფის ღონისძიებებისგან თავის არიდებისაკენ. მათთვის, როგორც საგადასახადო დავალიანების მქონე შპს-ის დირექტორებისთვის, ცნობილი იყო საგადასახადო ვალდებულების შესახებ, დაარეგისტრირეს ახალი საწარმო და გაარიდეს ქონება, რომლითაც შესაძლებელია უზრუნველყოფილი ყოფილიყო ბიუჯეტის წინაშე არსებული ვალდებულება.
,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომპანიის დირექტორებს აკისრიათ განსაკუთრებული მოვალეობა კომპანიის წინაშე. კერძოდ, მათი მოვალეობაა საზოგადოების საქმეებს გაუძღვნენ კეთილსინდისიერად, ზრუნავდნენ მასზე ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. აღნიშნული ნორმის შინაარსი საწარმოს უარს დირექტორისაგან რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნაზე ბათილად მიიჩნევს თუ ასეთი ანაზღაურება საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად აუცილებელია, ამიტომ ასეთი აუცილებლობის პირობებში სახელმწიფოს, როგორც კრედიტორს უფლება უნდა მიენიჭოს უშუალოდ მოითხოვოს ანაზღაურება დირექტორისგან. იმავე კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომანდიტური საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს.
აპელანტის აზრით, ფაქტობრივი გარემოებების ჯაჭვი ქმნის იმის მტკიცების საფუძველს, რომ შპს ,,ვ------------------ს", შპს ,,ე------------------" და მისი დირექტორის ბ----------–--ის მიერ შპს ,,კ-----–-" და მისი დირექტორი ნ-----–---------------- გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის ასარიდებლად, მათ გააჩნდათ საერთო მიზანი – გაერიდებინათ ქონება საწარმოდან, რადგან არ მომხდარიყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება შპს „ვ------------------ს" ქონებაზე.
აპელანტს მიაჩნია, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის უარყოფის ნაწილში არ არის საკმარისად დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, შესაბამისად სახეზეა გასაჩივრებულ ნაწილში საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394–ე მუხლის "ე" და "ე1" პუნქტებით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებული მხარის (აპელანტის) მოსაზრების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. რაიონული სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს (მუხ.1).
საგადასახადო კოდექსის 20.1 მუხლით, გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება. იმავე კოდექსის 41.2 მუხლით გარანტირებულია გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესითა და სასამართლო წესით დაცვა. 49.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა. 51.1. მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, საგადასახადო ორგანოები ვალდებულნი არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში: დაიცვან საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა, იმოქმედონ ამ კოდექსისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტების მოთხოვნათა შესაბამისად და მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საგადასახადო პოლიტიკის განხორციელებაში; დაიცვან გადასახადის გადამხდელთა უფლებები და სახელმწიფოს ინტერესები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის XI კარი ეძღვნება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფას და მასში შედის თავი XXXV – „საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა“, რომლის 246-ე მუხლი ეხება ცრუმაგიერ მფლობელობას.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ სარჩელი აღძრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის საფუძველზე _ აღიარებული (დადასტურებული) იქნეს, რომ მოპასუხეები - შპს ,,ვ------------------”, შპს ,,ე-------------------- შპს ,,კ-----–-'', ბ----------–--- და ნ-----–---------------- წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს.
სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს, მოსარჩელე მხარის სააპელაციო პრეტენზიის ფარგლებში წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის ის ნაწილი, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უარყოფილი იქნა. აღნიშნული ნაწილი შეეხება სსიპ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნას შპს ,,ვ------------------ს”, ბ----------–--ისა და ნ-----–---------------ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ.
მოსარჩელე მხარე მოპასუხეების ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ:
შპს ,,ვ------------------ს“ (ს/ნ 4--------), 2017 წლის 24 ივლისის მდგომარეობით, ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 16 389,65 ლარი. 2017 წლის 1------ს კომპანიის მიმართ გავრცელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, ხოლო ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 0-----–--ის N0------ ბრძანებით გადამხდელის ქონებას დაედო ყადაღა, თუმცა შპს ,,ვ------------------ს“ საკუთრებაში ან/და ბალანსზე რაიმე სახის უძრავ-მოძრავი ქონება, ასევე, წილი და აქციები არ გააჩნია. შპს ,,ვ------------------ს“ 100% წილის მფლობელი და დირექტორია ბ----------–---, საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სარეცხი საშუალებების, საფენების და პამპერსების იმპორტი-რეალიზაცია. შპს ,,ვ------------------ს’’ საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2017 წელს წარდგენილი სხვადასხვა თვის დღგ-ს დეკლარაციების საფუძველზე. 2017 წლის 24 თებერვალს ბ----------–--ის მიერ 100% წილობრივი მონაწილეობით დაფუძნდა და რეგისტრაციაში გატარდა ახალი საწარმო - შპს ,,ე-------------------- რომლის საქმიანობის სფეროს ასევე წარმოადგენს სარეცხი საშუალებების და საფენების დისტრიბუცია. 2017 წლის 14 მარტს ნ-----–----------------მ 100% წილობრივი მონაწილეობით დააფუძნა და რეგისტრაციაში გაატარა შპს ,,კ-----–-“, რომლის საქმიანობის სფეროსაც წარმოადგენს სარეცხი საშუალებების და საფენების დისტრიბუცია. 2017 წლის 1------ს შპს ,,ვ------------------მ“ სასაქონლო ზედნადებით შპს ,,ე-----------------’’ გადააწერა 23 583 ლარის ღირებულების საქონელი, რაზედაც გამოწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ხოლო 2017 წლის 22 აპრილს შპს ,,ვ------------------მ“ შპს ,,კ-----–-ს“ გადააწერა 87 780 ლარის ღირებულების საქონელი, რომელზედაც ასევე გამოწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შპს ,,ვ------------------ს“ იურიდიული მისამართია: ქ. ჭიათურა, ყ-------- ქ. N1. აღნიშნულ მისამართზე რეგისტრირებულია ნ-----–----------------. შპს ,,ვ------------------ს“ და შპს ,,კ-----–-ს“ საკონტაქტო ინფორმაციებში მითითებულია ერთი და იგივე ელ. ფოსტა და ტელეფონის ნომერი. ამდენად შპს ,,ვ------------------ს“ მიერ საგადასახადო დავალიანების წარმოშობის (დეკლარირების) შემდეგ საქმიანობის შეჩერება, საწარმოს დირექტორის და 100% წილის მფლობელის ბ----------–--ის სახელზე 100% წილობრივი მონაწილეობით რეგისტრირებულ საწარმოზე (შპს ,,ე-----------------’’) საქონლის გადაწერა და საქმიანობის გაგრძელება იგივე პროფილით, ასევე ნ-----–---------------ის 100% წილობრივი მონაწილეობით რეგისტრირებულ საწარმოზე (შპს ,,კ-----–-’’) საქონლის გადაწერა და საქმიანობის გაგრძელება იგივე მიმართულებით, მიზნად ისახავდა საგადასახადო დავლიანების გადახდევინების ღონისძიებისაგან თავის არიდებას.
კონკრეტულად შპს ,,ვ------------------ს”, ბ----------–--ისა და ნ-----–---------------ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების მოთხოვნას საგადასახადო ორგანო იმ გარემოებაზე აფუძნებს, რომ შპს ,,ვ------------------ს“ იურიდიული მისამართია - ქ. ჭიათურა, ყ-------- ქ. N1, რომელიც წარმოადგენს ნ-----–---------------ის მისამართს სარეგისტრაციო მონაცემებით. ამასთან, შპს ,,ვ------------------ს“ და შპს ,,კ-----–-ს“ საკონტაქტო ინფორმაციებში მითითებული ერთი და იგივე ელ. ფოსტა და ტელეფონის ნომერი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. ამავე კოდექსის მე-19 მუხლით რეგლამენტირებულია ურთიერთდამოკიდებული პირების დეფინიცია, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც პირები არიან ნათესავები. ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, იმ გარემოების დადასტურების მიზნით, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს სხვა პირის ცრუმაგიერ პირს, სავალდებულოა დადასტურდეს, რომ გადასახადის გადამხდელის გამიჯვნა ამ სხვა პირისაგან რიგი ფაქტობრივი გარემოებების გამო პრაქტიკულად შეუძლებელია და კონკრეტული ერთი პირი ამ სხვა პირის მხრიდან გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული სამართლებრივი ინსტრუმენტის მიზანია დაიცვას საგადასახადო ორგანოს, როგორც კრედიტორის უფლებები.
სააპელაციო პალატა იზიარებს რაიონული სასამართლოს მითითებას, რომ საქმეზე წარმოდგენილი არ არის არც ერთი სახის მტკიცებულება, რაც უტყუარად მიუთითებდა მოპასუხეთა ერთმანეთისაგან გაუმიჯნაობასა და განზრახ ერთობლივი - გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით მოქმედებაზე.
სასამართლო კოლეგია მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სააპელაციო პალატა ასევე მიუთითებს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტზე, რომელსაც აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლები). ამასთან, სამართლებრივი ურთიერთობა შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტის საფუძველზე. ფაქტის დადასტურებას აქვს არა მარტო საპროცესო, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა.
მოცემულ შემთხვევაში, მართალია, სახეზეა საგადასახადო ვალდებულებების მქონე გადასახადის გადამხდელი შპს ,,ვ------------------“, თუმცა არ დასტურდება გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტის მოვალე კომპანიის ქონების ან/და ფულადი სახსრების გადაცემა ბ----------–--ისა და ნ-----–---------------ისათვის, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს გახდიდა მათი ერთიმეორისაგან განსხვავებას. აღნიშნულ სუბიექტებს შორის არც წარმოქმნილა რაიმე სამართლებრივი ურთიერთობა რომელიც სასამართლოს შეეძლო შეეფასებინა როგორც ფორმალური და ფიქტიური ხასიათის მატარებელი, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის დაღწევის მიზნის მქონე, რაც მოპასუხეთა ცრუმაგიერობაზე მიუთითებდა.
შემოსავლების სამსახური ვერ უთითებს შპს ,,ვ------------------ს” ცრუმაგიერ პირად ბ----------–--ის და ნ-----–---------------ის აღიარების დამამტკიცებელ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. მხოლოდ ის ფაქტი, რომ შპს ,,ვ------------------ს“ იურიდიული მისამართია - ჭიათურა, ყ-------- ქ. N1, რომელიც წარმოადგენს ნ-----–---------------ის მისამართს სარეგისტრაციო მონაცემებით, ამასთან შპს ,,ვ------------------ს“ და შპს ,,კ-----–-ს“ საკონტაქტო ინფორმაციებში მითითებული ერთი და იგივე ელ. ფოსტა და ტელეფონის ნომერი, სასამართლოს არ მიაჩნია საკმარისად სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილის დასაკმაყოფილებლად.
სააპელაციო პალატის აზრით, აპელანტმა - ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც საფუძვლად უდევს მოთხოვნას და რაც შესაძლებელს გახდიდა სარჩელის დაკმაყოფილებას. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების მართებული შეფასების საფუძველზე, შესაბამისად არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი.
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რაიონულმა სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები
სსიპ შემოსავლების სამსახური გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).
მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი
გოჩა აბუსერიძე მურთაზ მეშველიანი