განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210115797408
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე
საქმე №2ბ/7129-17
“20” ნოემბერი , 2018 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
თამარ ალანია
ქეთევან მესხიშვილი
სხდომის მდივანი: ოთარ ჯუგაშვილი
საჩივრის ავტორი - შპს „თ-----------“
წარმომადგენელი - უ---------
მოწინააღმდეგე მხარე - ა-----–---------–--ლი
წარმომადგენელი - ვ----–-------------
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.05.2018წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება
პალატამ გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24.10.2017წ. გადაწყვეტილებით:
1. შპს ,,თ-----------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა.
2. მოპასუხეებს - შპს ,,ე-–---------------“ და ა-----–---------–--ლს მოსარჩელე შპს ,,თ-----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 7345 ლარის გადახდა.
3. მოპასუხეებს - შპს ,,ე-–-------------აა“ და ა-----–---------–--ლს მოსარჩელე შპს ,,თ-----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 221 ლარის ანაზღაურება.
4. ა-----–---------–--ლის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24.10.2017წ. გადაწყვეტილება მოპასუხე ა-----–---------–--ლის წინააღმდეგ სარჩელის დაკმაყოფილების და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ა-----–---------–--ლმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.12.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა.
მოწინააღმდეგე მხარეს შპს ,,თ-----------ის“ წარმომადგენელს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაეგზავნა სააპელაციო საჩივრისა და თანდართული დოკუმენტების ასლი, ასევე სასამართლო უწყება (ტ.2, ს.ფ. 5,6).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.05.2018წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:
1. ა-----–---------–--ლის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
2. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24.10.2017წ. გადაწყვეტილება ა-----–---------–--ლისათვის 7345 ლარის და სახელმწიფო ბაჟის სოლიდარულად დაკისრების, ასევე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.
3. შპს „თ-----------ს“ უარი ეთქვა ა-----–---------–--ლისათვის სოლიდარულად 7345 ლარის დაკისრებაზე.
4. ა-----–---------–--ლის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი 30.05.2014წ. საქონლის მიწოდებაზე გენერალური ხელშეკრულების 12.2 პუნქტი.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
- მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით აპელანტს 30.05.2014წ. ხელშეკრულების 1------------- და სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის საფუძველზე სოლიდარულად დაეკისრა თანხის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. ამასთან, არ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი 30.05.2014წ. ხელშეკრულების 1------------- ბათილად ცნობის თაობაზე.
- აპელანტი გადაწყვეტილებას ასაჩივრებს მისთვის თანხის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში. მისი განმარტებით, ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა ორ მეწარმე სუბიექტს შორის და მას არანაირი პასუხისმგებლობა შპს-ს ვალდებულებებზე, არ აუღია. აპელანტმა ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, როგორც იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე (დირექტორი) უფლებამოსილმა პირმა. აპელანტი უთითებს სამოქალაქო კოდექსის 891-ე და 892-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ ხელშეკრულების სადავო პუნქტი, რომელიც შეიცავს შემდეგ დათქმას: „მხარეები თანხმდებიან, რომ დილერი მიერ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომპანიის დამფუძნებლები/პარტნიორები პირადად (მთელი თავისი ქონებით) აგებენ პასუხს შეუსრულებელ ვალდებულებებზე, არ აკმაყოფილებს თავდებობისათვის კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, არ არის მითითებული თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა. ამასთან, სადავო პუნქტი არ შეიცვას დათქმას თავდებობის ფორმის შესახებ - სოლიდარული თავდებობის შესახებ.
- ამდენად, სააპელაციო საჩივარში მითითებული და მოწინააღმდეგე მხარის სხდომაზე გამოუცხადებლობით დამტკიცებული გარემოება არის ის, რომ არ არსებობს თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) არ არის მითითებული თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხა. ამასთან, ხელშეკრულება არ არის ხელმოწერილი თავად აპელანტის, როგორც ფიზიკური პირის მიერ.
- შპს „თ-----------ს“ სასამართლო უწყება 08.05.2018წ. სხდომის თაობაზე ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლების დაცვით, კერძოდ: საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოწინააღმდეგე მხარის უფლებამოსილ წარმომადგენელს გზავნილი და სასამართლო უწყება გაეგზავნა მის მიერვე მითითებულ მისამართზე (ტ.I, ს.ფ.433, ტ. II, ს.ფ. 6). უკუგზავნილით დასტურდება, რომ გზავნილი და უწყება ჩაიბარა ორგანიზაციის წარმომადგენელმა თ----------------ამ 02.03.2018წ. (ტ.II,ს.ფ.7).
- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
- მხარეს გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზის შესახებ სასამართლოსათვის არ უცნობებია.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის მეორე ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. შესაბამისად, გაცემული თავდებობა არ არის ნამდვილი სამოქალაქო კოდექსის 891-ე,892-ე მუხლების საფუძველზე. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
- ამდენად, არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინამძღვრები: აპელანტი შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას; საქმის მასალებით დადასტურებელია, რომ სააპელაციო სასამართლოს მთავარი სხდომის შესახებ მოწინააღმდეგე მხარეს ეცნობა კანონით დადგენილი წესით; სასამართლოსთვის უცნობია მხარის გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზის თაობაზე; სააპელაციო საჩივარში და აპელანტის ახსნა-განმარტებაში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
25.06.2018წ. შპს „თ-----------მა“ საჩივრით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას ამავე სასამართლოს 02.05.2018წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
საჩივარი ეფუძნება შემდეგს:
- აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე წარმოადგენს იურიდიულ პირს, რომლის წარმომადგენლობას ახორციელებს ადვოკატი უ---------. უწყების ჩამბარებელი პირი - თ----------------ა არ წარმოადგენს შპს „თ-----------ის“ იურისტს, წარმომადგენელს ან/და მასთან რაიმე სხვა სახით დაკავშირებულ პირს. განსახილველ შემთხვევაში მხარის მიერ მითითებული მისამართი არის საადვოკატო ბიურო, ანუ სამუშაო ადგილი და ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის და ამავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად უწყება უნდა ჩაბარებოდა კანცელარიას ან ადმინისტრაციას, რაც განსახილველ შემთხვევაში არ მომხდარა.
- დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა მხოლოდ მაშინ არის მიზანშეწონილი, როდესაც მხარე თავისი მოქმედებით ან უმოქმედობით უარს აცხადებს საპროცესო თანამშრომლობაზე, ანუ როდესაც მას აქვს პროცესზე გამოცხადების შესაძლებლობა, მაგრამ არ აქვს ნება. იმ პირობებში, როდესაც არსებობს მოპასუხის აშკარად გამოხატული ნება, მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, მაგრამ ამას ხელს უშლის გარემოებები, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით არის გამოწვეული, მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელია. ამგვარი გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში გამოუცხადებლობა უნდა ჩაითვალოს საპატიოდ და დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდეს. დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ პირობას იმის ვარაუდიც წარმოადგენს, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი, ამიტომ დაკარგა თავის დაცვის ინტერესი. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა იმ მოპასუხის წინააღმდეგ, რომელიც სასამართლოს შეუქმნის რწმენას, რომ მან ცნო სარჩელი და დაკარგა სარჩელისაგან თავის დაცვის ინტერესი, ლოგიკური და გამართლებულია, მაგრამ იმ მოპასუხის წინააღმდეგ, რომლის გამოუცხადებლობამაც სასამართლოს ვერ შეუქმნა ამგვარი რწმენა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა გაუმართლებელია.
განსახილველ შემთხევაში არსებობს ყველა ზემოაღნიშნული გარემოება, რაც წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს. კერძოდ, უდავოა, რომ შპს „თ-----------ს“ გააჩნია დავის მიმართ ინტერესი, რაზეც ცალსახად მიუთითებს ის ფაქტი, რომ სარჩელი წარადგინა შპს „თ-----------მა“, დაიქირავა ადვოკატი და ა.შ..
სააპელაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, მოუსმინა მხარეთა ახსნა-განმარტებებს, მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სააპელაციო განხილვისათვის გათვალისწინებული ცვლილებებითა და დამატებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
დადგენილია, რომ შპს „თ-----------ს“ სასამართლო უწყება 08.05.2018წ. სხდომის თაობაზე ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლების დაცვით, კერძოდ:
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
- საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის უფლებამოსილ წარმომადგენელს გზავნილი და სასამართლო უწყება გაეგზავნა მის მიერვე მითითებულ მისამართზე (ტ.I, ს.ფ.433, 434; ტ. II, ს.ფ. 6). უკუგზავნილში აღნიშნულია, რომ გზავნილი და უწყება ჩაიბარა ორგანიზაციის წარმომადგენელმა - თ----------------ამ 02.03.2018წ. (ტ.II,ს.ფ.7).
- საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის ჩამბარებელი პირის უფლებამოსილებას და განმარტავს, რომ თ----------------ა არ წარმოადგენს შპს „თ-----------ის“ იურისტს, წარმომადგენელს ან/და მასთან რაიმე სხვა სახით დაკავშირებულ პირს.
- საქმის მასალებით დგინდება, რომ მისამართზე, რომელზეც სასამართლო უწყება გაეგზავნა უ---------ს, ფუნქციონირებს შ-----------–---–---------------------------------------ი“, რომლის ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს და ერთ-ერთ პარტნიორს წარმოადგენს შპს „თ-----------ის“ წარმომადგენელი უ--------- (ტ.2, ს.ფ.46,47). რაც შეეხება ს-----------------–---–---------------------------ს“, რომლის დამფუძნებელი პარტნიორი და დირექტორი ასევე უ---------ა (ტ.2, ს.ფ.78), აღნიშნული მისამართი არ წარმოადგენს საზოგადოების მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულ იურიდიულ მისამართს, თუმცა უ--------- ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ს---–---------–---------------–--------------------ა, მისი ადმინისტრაცია, ფაქტობრივად ფუნქციონირებს სადავო მისამართზე - თბილისი, ვ-–----–----–--------------- (იხ.: 20.11.2018წ. სხდომის ოქმი, 13:58:18-13:58:21).
როგორც ადვოკატურის ვებ-გვერდიდან ამონარიდით დასტურდება, გზავნილის ჩამბარებელი თ---------------- წარმოადგენს „ჩ------–---–-----------------------------“ (ანუ ს-----------------–---–---------------------------ის“) იურისტს (იხ.: ამონარიდი ელექტრონული ფორმით ადვოკატურის ვებ გვერდიდან, ტ.2, ს.ფ.50). საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის თ----------------ას მიერ გზავნილის ჩაბარების ფაქტს, თუმცა მიუთითებს, რომ აღნიშნული მისამართი არ წარმოადგენს თ----------------ას სამუშაო ადგილს, რამეთუ თ----------------ა მივლინებულია იურიდიული მომსახურების გასაწევად სხვა კომპანიაში და გზავნილის ჩაბარების დღეს რაღაც საკითხზე იყო მისული ს-----------------------ში (იხ.: ცნობა, ტ.2, ს.ფ.77; 20.11.2018წ. სხდომის ოქმი, 13:25:22 – 13:26: 53).
ამდენად, გზავნილი გაეგზავნა შპს „თ-----------ის“ წარმომადგენელს უ---------ს თავის მიერ მითითებულ მისამართზე, რომელიც წარმოდგენს იმ ორი იურიდიული პირის საქმიანობის ადგილს, სადაც იგი თავად არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე სუბიექტი (დირექტორი). შესაბამისად, ეს მისამართი შესაძლოა მიჩნეულ იქნეს უ---------ს სამუშაო ადგილად. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ უწყება ჩაბარდა აღნიშნულ მისამართზე მოქმედ ერთ-ერთი იურიდიული პირის (საადვოკატო ბიუროს) თანამშრომელს - იურისტს, რომელიც ერთ-ერთი მაღალკვალიფიციური სპეციალისტია (როგორც ეს თავად ორგანიზაციის ვებ-გვერდზეა აღნიშნული) სამოქალაქო სამართლის მიმართულებით. შესაბამისად, ფაქტი მასზედ, რომ თ----------------ა პირადად არის არა შპს „თ-----------ის“, არამედ ს-----------------–---–---------------------------ის“ თანამშრომელი, არ წარმოადგენს უწყების ჩაბარებულად მიჩნევის გამომრიცხავ გარემოებას.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ თ----------------ასთვის, როგორც ადრესატის დაქვემდებარებაში მყოფი პირისთვის და თანამშრომლისთვის გზავნილის ჩაბარება ითვლება ადრესატ უ---------სთვის გზავნილის სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ჩაბარებად და არ არსებობს გზავნილის არაუფლებამოსილი პირისათვის ჩაბარების მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
რაც შეეხება საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილ ცნობას მასზედ, რომ ს-----------------–---–---------------------------ს“ გააჩნია კანცელარია და კორესპონდენციის მიღებას ახორციელებს ოფის მენეჯერი ა---------–---–ი (ტ.2, ს.ფ. 80), პალატა მიუთითებს, რომ ს---–---------–---------------–--------------------ა წარმოადგენს იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია შესაბამისი სტრუქტურა და შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში უფლებამოსილი პირების მეშვეობით ახორციელებს საკუთარ მოვალეობებს. ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც კანცელარიის თანამშრომლის მიერ დაშვებული შეცდომის შედეგად მხარის სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას შეეხებოდა, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ორგანიზაციის საქმიანობის შიდა სტრუქტურული ხარვეზები სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი საპროცესო უფლების განუხორციელებლობის საპატიო მიზეზს არ წარმოადგენს და მსგავსი არგუმენტები დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად ვერ მიიჩნევა (იხ. სუსგ №ას-959-1238-09, 28 დეკემბერი, 2009 წელი). შესაბამისად, ადრესატის თანამშრომლისათვის, მოცემულ შემთხვევაში ესაა მაღალკვალიფიციური თანამშრომელი - იურისტი, უწყების გადაცემა ითვლება უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარებად, რაც მას წარმოუშობდა უწყების ადრესატისათვის გადაცემის ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
ამდენად, აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მხარისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. განსახილველ შემთხვევაში აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მიერ სხდომაზე გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზის არსებობა საქმის მასალებით დადასტურებული არ არის და ასეთის არსებობაზე არც საჩივრის ავტორი მიუთითებს.
პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს არა მხოლოდ ე.წ სამოქალაქო სამართლებრივ სანქციას იმ მხარის მიმართ, რომელიც არასაპატიოდ არ ახორციელებს საკუთარ საპროცესო უფლება-მოვალეობებს, არამედ - ამავდროულად დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოხატულებაა, რამეთუ საპროცესო თავდაცვის საშუალებით სარგებლობაზე მხარის მიერ უარის კონკლუდენტურად გაცხადება სასამართლოს წარმოუშობს მოვალეობას შესაბამისი წინაპირობების არსებობისას მიიღოს კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილება და დააკმაყოფილოს სარჩელი (სააპელაციო საჩივარი) მოპასუხის (აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის) პოზიციის გაუთვალისწინებლად. ამ გზით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება დასაშვებია მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. განსახილველ შემთხვევაში საჩივარში მითითებული გარემოებები ვერ დაედება საფუძვლად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „თ-----------ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.05.2018წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩეს ძალაში.
2. წინამდებარე განჩინება დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
3. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: თამარ ალანია
ქეთევან მესხიშვილი