განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.12.2018
საქმის ნომერი
330310116001361519
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
25.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3ბ/2647-17

საქმე № 330310116001361519

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

25 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - ლევან მურუსიძე

მოსამართლეები - ნინო ქადაგიძე, შორენა ყაველაშვილი

სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭო

წარმომადგენელი - რ------–-----

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი-----–---------ი

წარმომადგენლები - ე--------------ი, გ-----------–--–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი-----–---------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2015 წლის 6 ნოემბრის №- სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება ი-----–---------ისთვის სპეციალობაში ,,რეპროდუქტოლოგია’’ დროებითი საექიმო საქმიანობის უფლების გაუქმების ნაწილში და დაევალა მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

2.2.1. დადგენილია, რომ პროფესიული განვითარების საბჭოს 2012 წლის 19 ოქტომბრის №- სხდომის გადაწყვეტილებით თ--------იდან მოწვეულ სპეციალისტს, ი-----–---------ის სპეციალობაში ,,რეპროდუქტოლოგია’’ გაუგრძელდა 6 თვის ვადით დროებითი საექიმო საქმიანობის უფლება შპს ,,ა--------’’ ცენტრში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი პროფესიული განვითარების საბჭოს 2012 წლის 19 ოქტომბრის №- სხდომის ოქმიდან (ტ. I, ს.ფ. 119).

 

2.2.2. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ შეისწავლა შპს ,,B----------------ში“ პაციენტ ნ--- შ-------ათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი და სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებებიდან გამომდინარე, ასევე, რეცენზენტთა დასკვნების გათვალისწინებით, მოხსენებითი ბარათით მიმართა პროფესიული განვითარების საბჭოს შპს ,,B----------------ის“ ექიმების, მათ შორის, ი-----–---------ის პროფესიული პასუხიმგებლობის თაობაზე.

 

ნ--- და გელა შაინიძეების მიმართ ჩატარებული სამედიცინო დახმარების შემოწმების შედეგად გამოვლენილ იქნა ექიმ ი-----–---------ის მხრიდან შემდეგი ხასიათის დარღვევები: ,,ამბულატორიული პაციენტის ბარათში’’ არ ფიქსირდება პაციენტის წერილობითი ინფორმირებული თანხმობა ექსტრაკორპორულ განაყოფიერებაზე (29.09.2011); საშვილოსნოს ყელის სერკლიაჟი ჩატარებულია უსაფუძვლოდ, ჩვენებებისა და უკუჩვენებების გაუთვალისწინებლად, სერკლიაჟი ნაწარმოებია როგორც გადაუდებელი ჩარევა ინფექციური სტატუსის შეფასების გარეშე; ორსულობის მართვის დროს დაშვებულია შეცდომები, რომელთაც გამოიწვიეს არასასურველი შედეგი როგორც ორსულობის შენარჩუნების, ისე თავად ორსულის ჯანმრთელობის თვალსაზრისით; ულტრაბგერითი მონიტორინგის შედეგად მიღებული დასკვნები აბსოლუტურ შეუსაბამობაშია, როგორც გესტაციურ ვადებთან, ასევე მათ ქრონოლოგიურ თანმიმდევრობასთან; ამასთან, პაციენტს უსაფუძვლოდ უტარდებოდა მკურნალობა β მიმეტიკებით, რომელთა ხანგრძლივი და განმეორებითი გამოყენება არაეფექტურია და არაა მიზანშეწონილი, იმავდროულად არ არის უსაფრთხო პაციენტისთვის.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროფესიული განვითარების საბჭოს 2013 წლის 15 მარტის №- სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებით ი-----–---------ს გაუუქმდა დროებითი საექიმო საქმიანობის უფლება სპეციალობაში ,,რეპროდუქტოლოგია’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- პროფესიული განვითარების საბჭოს 2013 წლის 15 მარტის №- სხდომის ოქმიდან ამონაწერი (ტ. I, ს.ფ. 116-118).

 

2.2.3. ი-----–---------მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და პროფესიული განვითარების საბჭოს 2013 წლის 15 მარტის №- სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით ი-----–---------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი პროფესიული განვითარების საბჭოს 2013 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება ი-----–---------ისთვის ,,რეპროდუქტოლოგიაში“ დროებითი საექიმო საქმიანობის უფლების გაუქმების ნაწილში და პროფესიული განვითარების საბჭოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ი-----–---------ის მიმართ. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მიერ და კანონიერ ძალაშია შესული.

 

კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით საქმეზე სპეციალისტის მიერ სასამართლოსთვის მიცემული განმარტების შესაბამისად დადგენილ იქნა, რომ მრავალნაყოფიანი ორსულობა ცირკულარული ნაკერის (სერკლიაჟის) უკუჩვენებად მიიჩნეოდა იმის გამო, რომ მას შეიძლეობოდა გამოეწვია შემდგომი გართულებები, თუმცა მოცემულ შემთხვევაში საშვილოსნოს ყელის სერკლიაჟი არ შეიძლება გამხდარიყო ორსულობის შეწყვეტის საფუძველი. ამდენად, მიჩნეულ იქნა, რომ მოპასუხის მიერ სათანადოდ არ იყო დადგენილი მიზეზობრივი კავშირი ექიმის მიერ ჩადენილ ქმედებებსა და დამდგარ არასასურველ შედეგს შორის, ასევე არ იყო შეფასებული ჩადენილი დარღვევებისთვის ექიმის მიმართ გამოყენებული პასუხისმგებლობის ღონისძიება იყო თუ არა თანაზომიერი იმ მიზნებისა და ღირებულებებისა, რომლის მიღწევასაც ისახავდა ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიმართ პროფესიული პასუხისმგებლობის დაწესებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული დარღვევებისთვის მოსარჩელის მიმართ პროფესიული პასუხისმგებლობის ღონისძიების სახით დროებითი საექიმო საქმიანობის უფლების გაუქმების გამოყენება არღვევდა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსს. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქმეზე დადგენილი დარღვევები არ წარმოადგენდა მოსარჩელისთვის დროებითი საექიმო საქმიანობის უფლების ჩამორთმევის საფუძველს, ვინაიდან არ შედიოდა იმ შემთხვევათა ჩამონათვალში, რომელიც ითვალისწინებდა პროფესიული პასუხისმგებლობის ღონისძიების სახით სერტიფიკატით განსაზღვრული საქმიანობის უფლების ჩამორთმევას. სასამართლომ მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ ორსულობის 10-12 კვირის შემდეგ სერკლიაჟის დადება წარმოადგენდა მეან-გინეკოლოგის და არა რეპროდუქტოლოგის ფუნქციას, უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხის მოსაზრება მასზედ, რომ ი-----–---------ისთვის დროებითი საექიმო საქმიანობის უფლების გაუქმების საფუძველი გახდა ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება (ტ. I, ს.ფ. 13-21).

 

2.2.4. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ 2015 წლის 6 ნოემბრის N- სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიერ ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც სცილდება სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრულ ფარგლებს) ი-----–---------ისთვის სპეციალობაში ,,რეპროდუქტოლოგია“ დროებითი საექიმო საქმიანობის უფლების გაუქმების თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ 2015 წლის 6 ნოემბრის N- სხდომის ოქმიდან ამონაწერი (ტ. I, ს.ფ. 113-115).

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.3.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2015 წლის 6 ნოემბრის N- სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება ი-----–---------ისთვის სპეციალობაში ,,რეპროდუქტოლოგია’’ დროებითი საექიმო საქმიანობის უფლების გაუქმების ნაწილში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

2.3.2. სასამართლომ აღნიშნა, რომ „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია უზრუნველყოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის შესაბამისი პროფესიული განათლება და პრაქტიკული მომზადება, მის პროფესიულ საქმიანობაზე სათანადო სახელმწიფო ზედამხედველობის დაწესება, მისი უფლებების დაცვა, აგრეთვე ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების საექიმო საქმიანობაში დამკვიდრებით საქართველოს მოსახლეობის მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება.

 

ხსენებული კანონის მე-5 მუხლის ,,ბ” პუნქტის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა არის უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის შედეგებზედაც ის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე მუხლის ,,ჟ” პუნქტის შესაბამისად, სერტიფიცირება განიმარტება, როგორც დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭების პროცესი, რომლის მიზანია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელების უნარის შეფასება, ხოლო ,,მ“ პუნქტის მიხედვით, დროებითი საექიმო საქმიანობა არის უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ხანგრძლივობით განხორციელებული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ი-----–---------ი არის თ--------იდან მოწვეული სპეციალისტი, რომელსაც პროფესიული განვითარების საბჭოს 2012 წლის 19 ოქტომბრის №- სხდომის გადაწყვეტილებით სპეციალობაში ,,რეპროდუქტოლოგია’’ გაუგრძელდა 6 თვის ვადით დროებითი საექიმო საქმიანობის უფლება შპს ,,ა--------’’ ცენტრში.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ,,საექიმო საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 73-ე მუხლის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული პასუხისმგებლობა არის პაციენტის გამოკვლევასთან, მოვლასთან და მკურნალობასთან დაკავშირებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების დარღვევისათვის გათვალისწინებული პასუხისგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; 74-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვისათვის გათვალისწინებულია პროფესიული პასუხისმგებლობის შემდეგი სახეები: ა) წერილობითი გაფრთხილება; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება; გ) სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმება; დ) ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ალკოჰოლის შემცველი მედიკამენტების გამოწერის შეზღუდვა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის სხვა ზომები.

 

აღნიშნული კანონის 79-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების საფუძვლებია: ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუსაბამობა მის პროფესიულ მოვალეობასთან; გ) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიერ ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც სცილდება სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრულ ფარგლებს; დ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ამ კანონით დადგენილი ვადის გასვლა, თუ მანამდე სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელმა ვერ მოახერხა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა და, აქედან გამომდინარე, შესაბამისი მოთხოვნების შესრულება; ე) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიერ ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების სისტემატური ან ერთჯერადი მძიმე დარღვევა, თუ ამ უკანასკნელს მოჰყვა პაციენტის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესება ან სიკვდილი ანდა პაციენტისათვის მატერიალური ზიანის მიყენება; ვ) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელისათვის თავისუფლების აღკვეთის ან მისი სამუშაოდან დათხოვნის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება, მათ შორის, სამსახურიდან განთავისუფლება სასამართლოს გადაწყვეტილებით პროფესიული საქმიანობისას ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისათვის, მისი კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან; ზ) სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების საფუძვლად ყალბი დოკუმენტის გამოყენების აღმოჩენა.

 

ამდენად იმისათვის, რომ პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განმახორციელებლი სუბიექტის მიმართ პროფესიული პასუხისმგებლობის სახით გამოყენებულ იქნეს სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმება სახეზე უნდა იყოს ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი შემთხვევა. სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებლის მიერ საექიმო საქმიანობის ამ დარღვევათა (რომელთა არსებობის შემთხვევაშიც საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიმართ პროფესიული პასუხისმგებლობის სახით გამოიყენება სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმება) ჩამონათვალის მკაცრი რეგლამენტაცია განპირობებულია სახდელის სიმძიმით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო პროფესიული განვითარების საბჭოს 2015 წლის 6 ნოემბრის N- სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა, მისი საფუძველი გახდა კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი პროფესიული განვითარების საბჭოს 2013 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება ი-----–---------ისთვის ,,რეპროდუქტოლოგიაში“ დროებითი საექიმო საქმიანობის უფლების გაუქმების ნაწილში და პროფესიული განვითარების საბჭოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ი-----–---------ის მიმართ.

 

კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით მიჩნეულ იქნა, რომ მოპასუხის მიერ სათანადოდ არ იყო დადგენილი მიზეზობრივი კავშირი ექიმის მიერ ჩადენილ ქმედებებსა და დამდგარ არასასურველ შედეგს შორის, ასევე არ იყო შეფასებული ჩადენილი დარღვევებისთვის ექიმის მიმართ გამოყენებული პასუხისმგებლობის ღონისძიება იყო თუ არა თანაზომიერი იმ მიზნებისა და ღირებულებებისა, რომლის მიღწევასაც ისახავდა ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიმართ პროფესიული პასუხისმგებლობის დაწესებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული დარღვევებისთვის მოსარჩელის მიმართ პროფესიული პასუხისმგებლობის ღონისძიების სახით დროებითი საექიმო საქმიანობის უფლების გაუქმების გამოყენება არღვევდა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსს. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქმეზე დადგენილი დარღვევები არ წარმოადგენდა მოსარჩელისთვის დროებითი საექიმო საქმიანობის უფლების ჩამორთმევის საფუძველს, ვინაიდან არ შედიოდა იმ შემთხვევათა ჩამონათვალში, რომელიც ითვალისწინებდა პროფესიული პასუხისმგებლობის ღონისძიების სახით სერტიფიკატით განსაზღვრული საქმიანობის უფლების ჩამორთმევას. სასამართლომ მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ ორსულობის 10-12 კვირის შემდეგ სერკლიაჟის დადება წარმოადგენდა მეან-გინეკოლოგის და არა რეპროდუქტოლოგის ფუნქციას, უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხის მოსაზრება მასზედ, რომ ი-----–---------ისთვის დროებითი საექიმო საქმიანობის უფლების გაუქმების საფუძველი გახდა ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულო ძალა ასახულია ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, რომლის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების განხორციელება სასამართლოს მიერ და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა გულისხმობს მის უპირობო და სავალდებულო შესრულებას, რამდენადაც სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და თუნდაც სასურველი გადაწყვეტილების მიღება არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების დროული და სრულყოფილი აღსრულების გარეშე. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სადავო გადაწყვეტილების მიღებისას მოპასუხე არ იყო უფლებამოსილი გასცდენოდა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძვლებსა და სასამართლო დავალების ფარგლებს, რაც უპირობოდ გამორიცხავდა მოსარჩელისთვის მდგომარეობის საუარესოდ შებრუნების შესაძლებლობას. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოპასუხისთვის მიცემული რეკომენდაცია ემსჯელა უფრო მსუბუქი სახდელის გამოყენების ალტერნატივაზე, ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევდა ამავე წარმოების ფარგლებში ახალი საფუძვლით სერტიფიკატის გაუქმების შესაძლებლობას. მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭო ვალდებული იყო გადაწყვეტილება მიეღო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების ფარგლებში მასზედ დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით.

 

2.3.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭო „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის, ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 16.05.08წ. №----- ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული განვითარების საბჭოს“ დებულების მიხედვით არის პროფესიული პასუხისმგებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანო. საბჭოს მიერ საკითხის განხილვისას პროფესიული პასუხისმგებლობის სახის შერჩევა არის ამ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ავალდებულებს სანქციის შემფარდებელ ორგანოს გაითვალისწინოს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების წესები. სახდელის დაკისრებისას მას მხედველობაში უნდა მიეღო მისი პროპორციულობა და თანაზომიერება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი, სახდელის შეფარდებამდე დარღვევის არ არსებობა, სამართალდარღვევის სიმძიმე, სამართალდარღვევის ჩამდენის პიროვნება, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს გამოყენებული სანქციის ადეკვატურობას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ავალდებულებდა ადმინისტრაციულ ორგანოს საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისად რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეერჩია ყველაზე მისაღები. ალტერნატიული სანქციის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის სახდელის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ ნაკლებად მკაცრი სახის სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას.

 

საქმის მასალებით არ დადასტურდა, რომ ი-----–---------ს მოცემულ შემთხვევამდე პროფესიული პასუხისმგებლობა ჰქონდა დაკისრებული სხვა შემთხვევის გამო. სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა ის გარემოება, რომ ექიმის მიერ პროფესიული საქმიანობის დარღვევა გამოიხატა მრავალნაყოფიანი ორსულობის დროს ცირკულარული ნაკერის (სერკლიაჟის) განხორციელებაში, რაც უკუჩვენებად მიიჩნეოდა და მას შეიძლეობოდა გამოეწვია შემდგომი გართულებები, თუმცა მოცემულ შემთხვევაში დადასტურებული იქნა, რომ საშვილოსნოს ყელის სერკლიაჟი არ შეიძლება გამხდარიყო ორსულობის შეწყვეტის საფუძველი.

 

ამდენად, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ საკითხის განხილვისას პროფესიული პასუხისმგებლობის სახის შერჩევა წარმოადგენდა რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, მის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების ფარგლებში დასაბუთებული უნდა ყოფილიყო დარღვევად მიჩნეულ გარემოებას რატომ შეესაბამებოდა მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო სერთიფიკატის გაუქმება და რატომ ვერ იქნებოდა მიღწეული მიზანი მოსარჩელისათვის სხვა უფრო მსუბუქი სახდელის შეფარდებით.

 

2.3.4. სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე - 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონომდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან: ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული ნორმებიდან გამომდინარე სასამართლომ ი-----–---------ის სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2015 წლის 6 ნოემბრის №- სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება ი-----–---------ის ნაწილში და დაავალა მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ ექიმი ი-----–---------ი არ იყო უფლებამოსილი მისთვის მინიჭებული ერთი სერთიფიკატის - ,,რეპროდუქტოლოგიის“ მოქმედების ფარგლებში, შეესრულებინა სხვა დარგის სპეციალისტის - მეან-გინეკოლოგის კომპეტენციას მიკუთვნებული ფუნქციები, კერძოდ, 12 კვირის ორსულისთვის საშვილოსნოს ყელის სერკლიაჟის ჩატარება წარმოადგენდა მეან-გინეკოლოგის კომპეტენციას, რის გამოც ი-----–---------ი გასცდა მისთვის მინიჭებული საქმიანობის უფლებას და ეწეოდა უკანონო საექიმო საქმიანობას მეან-გინეკოლოგიაში. ამდენად, აღნიშნული დარღვევა ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის მიხედვით წარმოადგენდა მისთვის საექიმო საქმიანობის სახელმწიფო სერთიფიკატის გაუქმების საფუძველს.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს, ვინაიდან სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებაში შეჭრის უფლება აქვს, თუ გამოცემული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და დარღვეულია მისი გამოცემის წესი, ხოლო ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დაუსაბუთებელია აქტის გამოცემისას რაიმე საკანონმდებლო ნორმის დარღვევის ფაქტი. აპელანტი მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში შეზღუდული იყო კანონის მკაფიო დანაწესით, მას არ ჰქონდა სხვა ალტერნატიული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მოითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ი-----–---------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის სრულად დასაბუთებული და იგი იძლევა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებმა გაიგონ, თუ რატომ დაუჭირა მხარი სასამართლომ მოსარჩელის პოზიციას ნაწილობრივ. დამატებით, პალატა აღნიშნავს, რომ:

 

4.1. ,,საექიმო საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 73-ე მუხლის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული პასუხისმგებლობა არის პაციენტის გამოკვლევასთან, მოვლასთან და მკურნალობასთან დაკავშირებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების დარღვევისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვისათვის გათვალისწინებულია პროფესიული პასუხისმგებლობის შემდეგი სახეები: ა) წერილობითი გაფრთხილება; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება; გ) სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმება; დ) ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ალკოჰოლის შემცველი მედიკამენტების გამოწერის შეზღუდვა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის სხვა ზომები.

 

მითითებული კანონის 79-ე მუხლი ითვალისწინებს სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების საფუძვლებს, რომლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების საფუძველია სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიერ ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც სცილდება სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრულ ფარგლებს.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ--------იდან მოწვეულ სპეციალისტს, ი-----–---------ის სახელმწიფო სერტიფიკატი ჰქონდა სპეციალობაში ,,რეპროდუქტოლოგია’’. ასევე დადგენილია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ 2015 წლის 6 ნოემბრის N- სხდომაზე მიღებული სადავო გადაწყვეტილებით ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიერ ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც სცილდება სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრულ ფარგლებს) ი-----–---------ის გაუუქმდა დროებითი საექიმო საქმიანობის უფლება სპეციალობაში ,,რეპროდუქტოლოგია“.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა შეეფასებინა სადავო აქტი რამდენად იყო შესაბამისობაში სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებასთან და ასევე არსებობდა თუ არა ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი - ი-----–---------ის მიერ იმგვარი საქმიანობის განხორციელება, რაც სცილდებოდა მისი სერტიფიკატით განსაზღვრული სამედიცინო საქმიანობის ფარგლებს.

 

სასამართლო აქტების სავალდებულოობასთან დაკავშირებით პალატას მნიშვნელოვნად მიაჩნია მიუთითოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 25 მარტის განჩინებაში ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებებსა და დასკვნებზე, ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-110-103(2კ-13). საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების სახე მის კანონიერ ძალაში შესვლისას აღსრულების სპეციფიკურ სახეს განეკუთვნება, რა დროსაც სასამართლო აქტი აღსრულდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხზე ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მეშვეობით. სასამართლოს განმარტებით, ამგვარი სასამართლო აქტის აღსრულებისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით შეასრულოს სასამართლოს დავალება, არამედ, ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც სასამართლომ გამოურკვევლად და დაუდგენლად ჩათვალა და ამავდროულად, მათი გამოკვლევა-დადგენა სადავო საკითხის სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტისათვის აუცილებლად მიიჩნია, სათანადო პროცედურების და სამართლებრივი ინსტიტუტების მეშვეობით ჯეროვნად უნდა იქნეს გამოკვლეული, დადგენილი და შეფასებული.

 

საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნულის უგულებელყოფა უნდა შეფასდეს არა მხოლოდ, როგორც ადმინისტრაციული წარმოების პროცედურების არსებით დარღვევად, არამედ, ამავდროულად როგორც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტის არაღსრულება, რაც სასამართლო აქტების სავალდებულობის შესახებ კონსტიტუციური დანაწესის იგნორირებას ნიშნავს.

 

პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის №ბს-476-464(კ-13) გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო ახორციელებს რა სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას - მართლმსაჯულებას, სახელმწიფოს სახელით დადგენილი გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლა გულისხმობს მის უპირობო და სავალდებულო შესრულებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,სამართლიანი სასამართლოს“ უფლება მოიცავს არამარტო სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის საჯარო და სამართლიანი განხილვის, საკითხის გონივრულ ვადებში გადაწყვეტის უფლებებს, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც. სასამართლოს მოსაზრებით, სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა უთანაბრდება სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არცნობას იმდენად, რამდენადაც იგი მოჩვენებითს ხდის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას. საკასაციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და თუნდაც სასურველი გადაწყვეტილების მიღება არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების დროული და სრულყოფილი აღსრულების გარეშე.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სადავო გადაწყვეტილების მიღებისას მოპასუხე არ იყო უფლებამოსილი გასცდენოდა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძვლებსა და სასამართლო დავალების ფარგლებს, რაც უპირობოდ გამორიცხავდა მოსარჩელისთვის მდგომარეობის საუარესოდ შებრუნების შესაძლებლობას. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოპასუხისთვის მიცემული რეკომენდაცია ემსჯელა უფრო მსუბუქი სახდელის გამოყენების ალტერნატივაზე, ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევდა ამავე წარმოების ფარგლებში ახალი საფუძვლით სერტიფიკატის გაუქმების შესაძლებლობას. მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭო ვალდებული იყო გადაწყვეტილება მიეღო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების ფარგლებში მასზედ დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით.

 

ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ ,,საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 აპრილის N136/ნ ბრძანების N1 დანართის შესაბამისად, სპეციალობა მენობა-გინეკოლოგიის მომიჯნავე სპეციალობას წარმოადგენს რეპროდუქტოლოგია. 2012 წლის 19 მაისს, იმ დროისათვის, როდესაც ი-----–---------ის მიერ განხორციელდა სერკლიაჟი (ცირკულარული ნაკერი) არცერთი საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტი არ მიუთითებდა აღნიშნული სამედიცინო მოქმედების მხოლოდ მეან-გინეკოლოგის მიერ განხორციელების შესაძლებლობაზე. ამდენად, ი-----–---------ის მიერ ცირკულარული ნაკერის დადება არ იყო აკრძალული რეპროდუქტოლოგისთვის და არ წარმოადგენდა სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიერ ისეთი საქმიანობის განხორციელებას, რომელიც სცილდებოდა სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრულ ფარგლებს.

 

4.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები. გარდა ამისა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არასაკმარისად შეიცავს სამართლებრივ მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობის თაობაზე. იგი არ შეიცავს საკითხის იმგვარად გადაწყვეტის დასაბუთებას, რასაც იმპერატიულად ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი. ხსენებული მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას.

 

სააპელაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა დაძლეული მტკიცების ტვირთი, კერძოდ, ვერ იქნა დადასტურებული სადავო გარემოება მასზედ, რომ ექიმ ი-----–---------ის მიერ განხორციელებულია ისეთი საქმიანობა, რომელიც სცილდება მისი სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრულ ფარგლებს. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობილი გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები:

 

აპელანტი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის მიხედვით გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №-2), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე

 

მოსამართლეები ნინო ქადაგიძე

 

შორენა ყაველაშვილი