განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.11.2018
საქმის ნომერი
330310117001970653
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
22.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №-ბ/1672-18, 330310117001970653

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

თავმჯდომარე - გელა ბადრიაშვილი

 

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

 

ნინო ქადაგიძე

 

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - შპს ,,გ-–-----–-----–-----ი“

წარმომადგენელი - ნ----–---–---

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

წარმომადგენელი - გ----------–---–---–---–-

 

მესამე პირი - შპს ,,თ---–---------------ი“

წარმომადგენლები: გ----------------------------------–---–-

 

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით, შპს ,,გ-–-----–-----–-----ის“ სარჩელი შპს ,,გ-–-----–-----–-----ის“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 17 მაისის №---- განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

შპს „თ---–---------------ის“ მიერ 50 ლიტრიანი პლასტმასის ნაგავშემკრები კონტეინერების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადდა S----------- ელექტრონული ტენდერი. სატენდერო წინადადების მიღების დასრულებამდე სატენდერო წინადადება წარადგინა ოთხმა პრეტენდენტმა. ვაჭრობის შედეგად ყველაზე დაბალფასიანი შეთავაზება დააფიქსირა პრეტენდენტმა შპს ,,გ-–-----–-----–-----მა“, ღირებულებით 34 998.00 ლარი (ტ. II, ს.ფ. 22-28, ტ. I, ს.ფ. 2--24).

 

2017 წლის 09 მარტს, 50 ლიტრიანი პლასტმასის ნაგავშემკრები კონტეინერების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით შექმნილმა სატენდერო კომისიამ განიხილა შპს ,,გ-–-----–-----–-----ის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია, რის შედეგადაც, „აღმოჩნდა, რომ: 1. პრეტენდენტს ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ ფასების ცხრილში არ აქვს დაფიქსირებული შესყიდვების ობიექტის წარმოშობის ქვეყანა და მწარმოებელი კომპანია; 2. პრეტენდენტს არ აქვს წარმოდგენილი (ატვირთული) DIN 30713 ევროსტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი; 3. პრეტენდენტს არ აქვს წარმოდგენილი (ატვირთული) ქარხანა-დამამზადებელთან ხელშეკრულება (წერილი) განზრახვათა შესახებ აღნიშნული რაოდენობისა (500 ცალი) და შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ პარამეტრებში მოცემული საქონლის ძირითადი მახასიათებლების მქონე 50 ლიტრიანი ნაგავშემკრები კონტეინერის მითითებულ ვადებში მოწოდებაზე“.

 

სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით პრეტენდენტს - შპს ,,გ-–-----–-----–-----ს“ დაევალა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით დაზუსტებული დოკუმენტაციის და ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ფასის ამსახველი ფასების ცხრილის წარდგენა (ატვირთვა), არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში (ტ. I, ს.ფ. 2--24).

 

შპს ,,გ-–-----–------–-----მა“ სატენდერო კომისიის მიერ დადგენილ ვადაში სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთა დაზუსტებული დოკუმენტაცია. კერძოდ, შპს ,,გ-–-----–-----–-----მა“ წარადგინა ნაგავშემკრები კონტეინერის ხარისხის სერტიფიკატი (DIN 30713), გაცემული „DIN CERTCO“ ორგანიზაციის მიერ (ტ. II, ს.ფ. 32-37).

 

სატენდერო კომისია, შპს ,,გ-–-----–-----–-----ის“ მიერ წარდგენილი სერტიფიკატის ნამდვილობის დადგენის მიზნით, დაუკავშირდა ორგანიზაცია „DIN CERTCO“-ს.

 

ორგანიზაცია „DIN CERTCO“-ს 2017 წლის 17 მარტის ელექტრონული წერილით შპს „თ---–---------------ს“ ეცნობა, რომ შპს ,,გ-–-----–-----–-----ის“ მიერ წარდგენილი DIN 30713 ევროსტანდარტის შესაბამისობის სერტიფიკატი არ არის გაცემული აღნიშნულ დოკუმენტში მითითებული ორგანიზაციის „DIN CERTCO“-ს მიერ და მათივე ინფორმაციით არის „ყალბი და უკანონო“ (ტ. II, ს.ფ. 43-52).

 

სატენდერო კომისიის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით, არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო, „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შპს ,,გ-–-----–-----–-----ი“ დისკვალიფიცირებულ იქნა ტენდერიდან (ტ. II, ს.ფ. 36-37).

 

შპს „თ---–---------------მა“ 2017 წლის 22 მარტს №-------------- წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, აცნობა შპს ,,გ-–-----–------–-----ის“ დიკვალიფიკაციის შესახებ S----------- ელექტრონული ტენდერიდან მისი დისკვალიფიკაციის თაობაზე, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო (ტ. II, ს.ფ. 42-52).

 

სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 24 მარტის №---- წერილით შპს ,,გ-–-----–------–-----ს“ ეცნობა, რომ შპს ,,გ-–-----–------–-----ის“ 2017 წლის 20 მარტის №-------- წერილი (S----------- ელექტრონული ტენდერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისერი ქმედების ჩადენის გამო დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით) სააგენტომ მიიღო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარმოდგენილ განმარტებად. ამავე წერილით შპს ,,გ-–-----–-----–-----ს“ ეცნობა, რომ ასევე გააჩნდა დამატებითი განმარტების წარდგენის შესაძლებლობა (ტ. II, ს.ფ. 53-54).

 

შპს ,,გ-–-----–-----–-----მა“ 2017 წლის 30 მარტს №---- წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და აღნიშნა, რომ ვინაიდან ევროპული სტანდარტის სერტიფიკატი DIN 30713 წარმოდგენილია მომწოდებელი ჩინური კომპანიის მიერ, შპს ,,გ-–-----–-----–-----ის“ მხრიდან არაკეთილსინდისიერ ქმედებას ადგილი არ ჰქონია (ტ. II, ს.ფ. 55-63).

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავჯდომარის 2017 წლის 17 მაისის №---- განკარგულებით შპს ,,გ-–-----–-----–-----ი“ (ს/კ 4--------) 2017 წლის 18 მაისს დარეგისტრირდა შავ სიაში.

 

აღნიშნული განკარგულებით სააგენტომ მიიჩნია, რომ პრეტენდენტის განმარტება მცდარი ინფორმაციის წარდგენაში მისი არაბრალეულობის შესახებ არ გამორიცხავს პრეტენდენტის პასუხისმგებლობას, ვინაიდან პრეტენდენტი, რომელიც აფიდავიტის პირობებზე დათანხმებით ადასტურებს მის მიერ წარდგენილი ინფორმაციის ნამდვილობასა და უტყუარობას, პასუხისმგებელია მის მიერ განხორციელებულ ქმედებებსა თუ წარდგენილ ინფორმაციაზე. გარდა ამისა, კეთილსინდისიერი პარტნიორის მოძიების საკითხი განეკუთვნება პრეტენდენტის კომერციულ რისკს. მოცემულ შემთხვევაში, დგინდება, რომ პრეტენდენტის მიერ წარდგენილი სერტიფიკატი იყო მცდარი, რასაც იგი თავად ადასტურებს. ამდენად, პრეტენდენტის მიერ აღწერილი ვითარება არ წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ ან მისგან განმათავისუფლებელ გარემოებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტომ არ გაიზიარა პრეტენდენტის განმარტება. რაც შეეხება პრეტენდენტის მითითებას სატენდერო კომისიის 2017 წლის 2- მარტის №- სხდომის ოქმზე, რომლითაც დადგინდა DIN 30713 სერტიფიკატის ძალადაკარგულობა, სააგენტომ აღნიშნა, რომ ხსენებული გარემოება ირელევანტურია განსახილველ საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სადავო გახდა არა სერტიფიკატის მოთხოვნის საფუძველი, არამედ პრეტენდენტის მიერ წარდგენილი სერტიფიკატის სიმცდარე. სააგენტომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მიუხედავად ხსენებული სერტიფიკატის 1991 წლიდან ძალადაკარგულად ცნობისა, პრეტენდენტმა მაინც შეძლო მისი წარდგენა S----------- ელექტრონულ ტენდერში (ტ. II, ს.ფ. 64-67).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებულია „შავი სიის წარმოების წესი და პირობები“, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს წესი და პირობები (შემდგომში - წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) შესაბამისად და განსაზღვრავს პრეტენდენტის/მიმწოდებლის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შემდგომში - შავი სია) დარეგისტრირების საფუძვლებს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში (შემდგომში - სააგენტო) წერილობითი შეტყობინების წარდგენის, ასევე სააგენტოს მიერ შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესსა და პირობებს.

 

ამავე წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია შემდეგი გარემოების არსებობა: პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. ხოლო მე-4 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობა პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი.

 

მითითებული წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, საქმეში არსებული გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი, სააგენტო, ამ მუხლის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, თუ დადგინდა, რომ პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება, იგი ექვემდებარება შავ სიაში რეგისტრაციას და მის მიმართ გაფრთხილება არ გამოიყენება.

 

სასამართლომ მიუთითა „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-10 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მეშვეობით, აფიდავიტის პირობებზე დათანხმების, ელექტრონული გარანტიის წარდგენისა და საფასურის გადახდის შემდეგ, ამ პუნქტში გათვალისწინებული თანმიმდევრობით. ამასთან, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით ასევე დამტკიცდა აფიდავიტის ფორმა (დანართი №2), რომლითაც დგინდება, რომ აფიდავიტზე დათანხმებით ტენდერში მონაწილე პირი ადასტურებს მის მიერ წარდგენილი ინფორმაციის უტყუარობას და იმ გარემოებას, რომ გაეცნო აფიდავიტის შინაარსს, ხოლო აფიდავიტის ერთ-ერთი პირობის თანახმად, ტენდერში მონაწილე ადასტურებს - „ჩემთვის ცნობილია, რომ სატენდერო/საკონკურსო წინადადება დისკვალიფიცირებული იქნება, თუ აღმოჩნდება, რომ სატენდერო/საკონკურსო წინადადებაში მოცემული ინფორმაცია არის ყალბი ან/და არასწორი“.

 

მითითებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტი ასევე ითვალისწინებს „სატენდერო წინადადების“ ცნებას, კერძოდ, სატენდერო წინადადება არის ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და სისტემის შესაბამის ველში მითითებული სატენდერო წინადადების ფასი (შემდგომში -წინადადება).

 

მითითებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ თავად პრეტენდენტია პასუხისმგებელი მის მიერ სატენდერო წინადადებით წარდგენილი ინფორმაციის უტყუარობაზე, მათ შორის წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობაზე და მესამე პირის არამართლზომიერ ქმედებაზე მითითება არ წარმოადგენს პრეტენდენტის ზემოაღნიშნული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძველს. პრეტენდენტი ვალდებულია სატენდერო წინადადების წარდგენამდე მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა დარწმუნდეს წარსადგენი დოკუმენტაციის/ინფორმაციის ნამდვილობასა და უტყუარობაში, ვინაიდან მისთვის ცნობილია, რომ ყალბი ან/და არასწორი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში მისი სატენდერო/საკონკურსო წინადადება დისკვალიფიცირებული იქნება.

 

სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მოსარჩელე მხარეც სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ შპს ,,გ-–-----–-----–-----ის“ მიერ S----------- ელექტრონულ ტენდერში 2017 წლის 14 მარტს წარდგენილი DIN 30713 ევროსტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი არ იყო ნამდვილი. აღნიშნული კი, ცალსახად ადასტურებს, რომ ელექტრონული ტენდერში ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით შპს ,,გ-–-----–------–-----ის“ მიერ ჩადენილია არაკეთილსინდისიერი ქმედება და დარღვეულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული აფიდავიტის პირობა - სატენდერო/საკონკურსო წინადადებაში მოცემული ინფორმაციის/დოკუმენტაციის ნამდვილობასა და უტყუარობაზე. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სატენდერო კომისიის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება (17.03.2017 სხდომის ოქმი №-), რომლითაც შპს ,,გ-–-----–-----–-----ი“ არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო, „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დისკვალიფიცირებული იქნა ტენდერიდან, მოსარჩელეს კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გაუხდია.

 

ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულია ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით შპს ,,გ-–-----–-----–-----ის“ არაკეთილსინდისიერი ქმედება, რაც ასევე გახდა მისი ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი, სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გადაწყვეტილება ამ მოტივით შპს ,,გ-–-----–-----–-----ის“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ კანონიერია და არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 17 მაისის №---- განკარგულება გამოცემულია კანონის დაცვით. ამდენად, არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

შპს „გ-–-----–-----–-----ის“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ყოველგვარი მსჯელობის გარეშე მიიჩნია მოსარჩელე არაკეთილსინდისიერად და მის დასასაბუთებლად მოიხმო მხოლოდ კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის N9 ბრძანებულებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისი მუხლები, თუ როგორ ხდება ტენდერში მონაწილეობა და ასევე პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო.

 

აპელანტის მოსაზრებით სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია, რომ შპს ,,გ-–-----–-----–-----მა“ ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება, მაშინ როდესაც ეს უკანასკნელი, ისევე როგორც თავად შემსყიდველი ორგანიზაცია ,,თ---–---------------ი“ (რომელმაც თავად არ იცოდა DIN სერთიფიკატის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ 1991 წლიდან), ჩინური კომპანიის შეცდომაში იქნა შეყვანილი.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ სახელმწიფო შესყიდვების საააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების შესახებ“ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი მხოლოდ დეკლარირებულია და სინამდვილეში გათვალისწინებულია, მხოლოდ შემსყიდველი ორგანიზაციის მითითება, თუ მოთხოვნა მიმწოდებლის შავ სიაში განთავსებასთან დაკავშირებით, როგორც წესი არ ხდება ზეპირი მოსმენები, რაც მიმწოდებელ ორგანიზაციას აყენებს არათანაბარ პირობებში.

 

აპელანტის განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს შესყიდვების სააგენტოს პოზიცია შპს „გლობალ სპაილერის“ არაკეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, რაც აპელანტს კანონშეუსაბამოდ მიაჩნია. შესაბამისად, ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას სრულად.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად სააპელაციო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არასწორი შეფასება მიეცა საქმის მასალებს, რაც ქმნის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს „თ---–---------------ის“ მიერ 50 ლიტრიანი პლასტმასის ნაგავშემკრები კონტეინერების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, გამოცხადდა S----------- ელექტრონული ტენდერი. სატენდერო წინადადების მიღების დასრულებამდე სატენდერო წინადადება წარადგინა ოთხმა პრეტენდენტმა. ვაჭრობის შედეგად ყველაზე დაბალფასიანი შეთავაზება დააფიქსირა პრეტენდენტმა შპს ,,გ-–-----–-----–-----მა“, ღირებულებით 34 998.00 ლარი (ტ. II, ს.ფ. 22-28, ტ. I, ს.ფ. 2--24).

 

2017 წლის 09 მარტს, 50 ლიტრიანი პლასტმასის ნაგავშემკრები კონტეინერების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით შექმნილმა სატენდერო კომისიამ განიხილა შპს ,,გ-–-----–-----–-----ის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია, რის შედეგადაც „აღმოჩნდა, რომ: 1. პრეტენდენტს ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ფასების ცხრილში არ აქვს დაფიქსირებული შესყიდვების ობიექტის წარმოშობის ქვეყანა და მწარმოებელი კომპანია; 2. პრეტენდენტს არ აქვს წარმოდგენილი (ატვირთული) DIN 30713 ევროსტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი; 3. პრეტენდენტს არ აქვს წარმოდგენილი (ატვირთული) ქარხანა-დამამზადებელთან ხელშეკრულება (წერილი) განზრახვათა შესახებ აღნიშნული რაოდენობისა (500 ცალი) და შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ პარამეტრებში მოცემული საქონლის ძირითადი მახასიათებლების მქონე 50 ლიტრიანი ნაგავშემკრები კონტეინერის მითითებულ ვადებში მოწოდებაზე“.

 

სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, პრეტენდენტს - შპს ,,გ-–-----–-----–-----ს“ დაევალა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით დაზუსტებული დოკუმენტაციის და ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ფასის ამსახველი ფასების ცხრილის წარდგენა (ატვირთვა) არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში (ტ. I, ს.ფ. 2--24).

 

შპს ,,გლობალ საპლაიერმა“ სატენდერო კომისიის მიერ დადგენილ ვადაში სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთა დაზუსტებული დოკუმენტაცია. კერძოდ, შპს ,,გ-–-----–-----–-----მა“ წარადგინა ნაგავშემკრები კონტეინერის ხარისხის სერტიფიკატი (DIN 30713), გაცემული „DIN CERTCO“ ორგანიზაციის მიერ (ტ. II, ს.ფ. 32-37).

 

სატენდერო კომისია შპს ,,გ-–-----–------–-----ის“ მიერ წარდგენილი სერტიფიკატის ნამდვილობის დადგენის მიზნით, დაუკავშირდა ორგანიზაცია „DIN CERTCO“-ს. ორგანიზაცია „DIN CERTCO“-ის 2017 წლის 17 მარტის ელექტრონული წერილით შპს „თ---–---------------ს“ ეცნობა, რომ შპს ,,გ-–-----–-----–-----ის“ მიერ წარდგენილი DIN 30713 ევროსტანდარტის შესაბამისობის სერტიფიკატი არ არის გაცემული აღნიშნულ დოკუმენტში მითითებული ორგანიზაციის „DIN CERTCO“-ს მიერ და მათივე ინფორმაციით არის „ყალბი და უკანონო“ (ტ. II, ს.ფ. 43-52).

 

სატენდერო კომისიის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით, არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო, „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შპს ,,გ-–-----–-----–-----ი“ დისკვალიფიცირებულ იქნა ტენდერიდან (ტ. II, ს.ფ. 36-37).

 

2017 წლის 22 მარტს, შპს „თ---–---------------მა“ №-------------- წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და აცნობა შპს ,,გ-–-----–-----–-----ის“ S----------- ელექტრონული ტენდერიდან მისი დისკვალიფიკაციის თაობაზე, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო (ტ. II, ს.ფ. 42-52).

 

სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 24 მარტის №---- წერილით, შპს ,,გ-–-----–------–-----ს“ ეცნობა, რომ შპს ,,გ-–-----–------–-----ის“ 2017 წლის 20 მარტის №-------- წერილი (S----------- ელექტრონული ტენდერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისერი ქმედების ჩადენის გამო დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით) სააგენტომ მიიღო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარმოდგენილ განმარტებად. იმავე წერილით, შპს ,,გ-–-----–-----–-----ს“ ეცნობა, რომ ასევე გააჩნდა დამატებითი განმარტების წარდგენის შესაძლებლობა (ტ. II, ს.ფ. 53-54).

 

2017 წლის 30 მარტს, შპს ,,გ-–-----–-----–-----მა“ №---- წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და აღნიშნა, რომ ვინაიდან ევროპული სტანდარტის სერტიფიკატი DIN 30713 წარმოდგენილია მომწოდებელი ჩინური კომპანიის მიერ, შპს ,,გ-–-----–-----–-----ის“ მხრიდან არაკეთილსინდისიერ ქმედებას ადგილი არ ჰქონია (ტ. II, ს.ფ. 55-63).

 

2017 წლის 18 მაისს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავჯდომარის 2017 წლის 17 მაისის №---- განკარგულებით, შპს ,,გ-–-----–-----–-----ი“ (ს/კ 4--------) დარეგისტრირდა შავ სიაში.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს ადგენს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი, ხოლო რაც შეეხება გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესს ადგენს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი”. აღნიშნული წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სატენდერო წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მეშვეობით აფიდავიტის პირობებზე დათანხმების, ელექტრონული გარანტიის წარდგენისა და საფასურის გადახდის შემდეგ, ამ პუნქტში გათვალისწინებული თანმიმდევრობით.

 

სააპელაციო სასამართლო სადავოდ არ ხდის, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული აფიდავიტის ფორმის (დანართი №2) თანახმად, აფიდავიტზე დათანხმებით ტენდერში მონაწილე პირი ადასტურებს მის მიერ წარდგენილი ინფორმაციის უტყუარობას და იმ გარემოებას, რომ გაეცნო აფიდავიტის შინაარსს.

 

ვინაიდან ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე აფიდავიტის პირობებზე დათანხმება წარმოადგენს ტენდერზე დაშვების წინაპირობას, სააპელაციო სასამართლო ეჭვქვეშ არ აყენებს იმ საკითხს, რომ აფიდავიტის ანუ შეთანხმების პირობების დარღვევა ქმნის კონკურსანტის დისკვალიფიკაციის საფუძველს. თუმცა, რათა გაირვეს, მართებული იყო თუ არა შპს „გ-–-----–-----–-----ის“ შავ სიაში რეგისტრაცია, პრინციპულია თავად იმ საკითხის დადგენა, კონკურსანტის მხრიდან ჰქონდა თუ არა ადგილი არაკეთილსინდისიერ ქცევას.

 

განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 17 მაისის N---- განკარგულებით შპს „გ-–-----–-----–-----ის“ შავ სიაში რეგისტრაციას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ პრეტენდენტის მიერ წარდგენილი სერტიფიკატი იყო ყალბი და ამ უკანასკნელმა აფიდავიტის პირობებზე დათანხმებით დაადასტურა მის მიერ წარდგენილი ინფორმაციის ნამდვილობა და უტყუარობა. გარდა ამისა, კეთილსინდისიერი პარტნიორის მოძიების საკითხი განეკუთვნება პრეტენდენტის კომერციულ რისკს. ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მითითება სერტიფიკატის ძალადაკარგულობასთან მიმართებით და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო გახდა არა სერტიფიკატის მოთხოვნის საფუძველი, არამედ პრეტენდენტის მიერ წარდგენილი სერტიფიკატის სიმცდარე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განკარგულებით, დადასტურებულად ჩაითვალა შპს „გ-–-----–-----–-----ის“ არაკეთილსინდისიერი ქმედების ფაქტი, რის გამოც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს „გ-–-----–-----–-----ის“ შავ სიაში რეგისტრაციის შესახებ.

 

შპს „გ-–-----–-----–-----ის“ ქმედების კეთილსინდისიერების საკითხის დადგენის მიზნით, სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კეთილსინდისიერება წარმოადგენს სამართლის უნივერსალურ პრინციპს. კეთილსინდისიერების პრინციპი, სამართალში როგორც წესი, უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას, კერძოდ, იცოდა თუ არა მან და შეეძლო თუ არა სცოდნოდა დაშვებული გადაცდომის არსებობის თაობაზე.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ პირი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით), როდესაც პირს სწამს, რომ მისი ქმედება კანონიერია და არ არის მართლსაწინააღმდეგო. ასევე, შესაძლებელია, რომ პირი მოქმედებდეს ე.წ. საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საპატიებელი შეცდომის დროს პირი ფიქრობს, რომ არ არსებობს ისეთი ნორმა, რომელიც მის ქმედებას კრძალავს. მაშასადამე, მას არ გააჩნია სამართალდარღვევის ჩადენის შეგნება.

 

მოცმულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას იმის შესახებ, რომ სახეზეა შპს „გ-–-----–-----–-----ის“ არაკეთილსინდისიერი ქმედების ფაქტი. მართალია, შპს „გ-–-----–-----–-----მა“ აფიდავიტის პირობებზე დათანხმებით დაადასტურა მის მიერ წარდგენილი ინფორმაციის უტყუარობა, რითიც აიღო პასუხისმგებლობა მის მიერ განხორციელებულ ქმედებებსა თუ წარდგენილ ინფორმაციაზე, თუმცა საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დასტურდება, რომ შპს „გ-–-----–-----–-----მა“ აფიდავიტის განხორციელების დროს არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა მის მიერ წარდგენილი ნაგავშემკრები კონტეინერის ხარისხის სერტიფიკატის (DIN VED 30713) სიყალბის თაობაზე.

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილია შპს „გ-–-----–-----–-----ის“ უფლებამოსილი პირისა და შპს „თ--–------–----–----------------“ წარმომადგენელს შორის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით განხორციელებული მიმოწერა, რომლის შესაბამისადაც, შპს „გ-–-----–-----–-----ის“ წარმომადგენელმა ტენდერით გათვალისიწნებული პირობების შესაბამისი ნაგვის შემკრები კონტეინტეინერების შესყიდვის წინადადებით მიმართა შპს „თ--–------–----–----------------“-ს. მიმოწერაში მითითებულია, რომ პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს DIN 30317 სტატდარტს. მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ მწარმოებლისაგან მიიღო დასტურის წერილი და შესაბამისი სერტიფიკატი, შპს „გ-–-----–-----–-----მა“ ეს ინფორმაცია ატვირთა შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული მიმოწერის ნამდვილობა დადასტურებულია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 28 მარტის N--------- ოქმით ფაქტების კონსტანტაციის შესახებ და ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N002-47717 დასკვნით (ტ.1. ს.ფ. 36-275).

 

გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილია შპს „თ---–---------------ის“ შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტს - თ--------------ესა და შპს „თ--–------–----–----------------“-ს წარმომადგენელს შორის არსებული მიმოწერა, რომლითაც შპს „თ---–---------------ის“ წარმომადგენელს შპს „თ--–------–----–----------------“-ს წარმომადგენელმა დაუდასტურა, რომ შპს „გ-–-----–-----–-----ისათვის“ გამოგზავნილი დასტურის წერილი ხელმოწერილია მათი კომპანიის მიერ.

 

აღნიშნული ადასტურებს იმ გარემოებას, რომ აფიდავიტის პირობებზე თანხმობის გამოხატვის დროს შპს „გ-–-----–-----–-----ი“ მოქმედებდა კანონიერების რწმენით და იმ მოსაზრებით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო, რაც გამორიცხავს აპელანტის ქმედების არაკეთილსინდისიერებას, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ შპს „გ-–-----–-----–-----მა“ იცოდა ნაგავშემკრები კონტეინერის ხარისხის სერტიფიკატის (DIN VED 30713) სიყალბის თაობაზე.

 

პალატა მიუთითებს ას-899-1185-09 საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 26 მარტის განჩინებაზე, სადაც უზენაესმა სასამართლომ განმარტა: ,,სამართლოს ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე, არაკეთილსინდისიერად ქცევის ფაქტის მტკიცების ტვირთი იმ მხარეზეა, ვინც ეჭვქვეშ აყენებს სხვის კეთილსინდისიერებას, რადგან ივარაუდება, რომ ყველა ქცევა კეთილსინდისიერია (კეთილსინდისიერების პრეზუმცია)“. განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის გზით ვერ დაადასტურა ფაქტი შპს „გ-–-----–-----–-----ის“ არაკეთილსინდისიერების თაობაზე, ხოლო ის განმარტება, რომ პრეტენდენტს უნდა სცოდნოდა მესამე პირის (მომწოდებლის) არამართლზომიერი ქმედების შესახებ, ვინაიდან მისთვის ცნობილი იყო, რომ ყალბი ან/და არასწორი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში მისი სატენდერო/საკონკურსო წინადადება დისკვალიფიცირებული იქნებოდა, პალატის მოსაზრებით არ არის რელევანტური შპს „გ-–-----–-----–-----ის“ შავ სიაში რეგისტრაციის ფაქტის მართებულობის დასამტკიცებლად, ვინაიდან ატვირთული ინფორმაციის აფიდავიტის პირობებთან შეუსაბამობა იმთავითვე და უპირობოდ არ ქმნის პირის შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველს.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ „შავი სიის წარმოების წესი და პირობები“ დამტკიცებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს წესი და პირობები (შემდგომში - წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) შესაბამისად და განსაზღვრავს პრეტენდენტის/მიმწოდებლის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შემდგომში - შავი სია) დარეგისტრირების საფუძვლებს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში (შემდგომში - სააგენტო) წერილობითი შეტყობინების წარდგენის, ასევე სააგენტოს მიერ შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესსა და პირობებს. ამავე წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია შემდეგი გარემოების არსებობა: პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. ხოლო მე-4 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია შემსყიდველი ორგანიზაციის ვალდებულება, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობა პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი.

 

მითითებული წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, საქმეში არსებული გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი, სააგენტო, ამ მუხლის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ. იმავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, თუ დადგინდა, რომ პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება, იგი ექვემდებარება შავ სიაში რეგისტრაციას და მის მიმართ გაფრთხილება არ გამოიყენება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. მხოლოდ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

სააპელაციო პალატის შეფასებით, ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში რეგისტრაცია იწვევს გარკვეული უფლებების შეზღუდვას და შესაძლოა გარკვეული ზიანის მომტანი აღმოჩნდეს მხარისთვის.

 

განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ დაადგინა დავისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხი, კერძოდ, ჰქონდა თუ არა პრეტენდენტის მხრიდან არაკეთილსინდისიერ ქმედებას ადგილი და გადაწყვეტილება კომპანიის შავ სიაში რეგისტრაციის შესახებ მიიღო მხოლოდ შპს „თ---–---------------ის“ 2017 წლის 22 მარტს №-------------- წერილზე დაყრდნობით და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს ,,გ-–-----–-----–-----ი“ დისკვალიფიცირებულ იქნა S----------- ელექტრონული ტენდერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა განმარტავს, რომ კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების საშუალება და ის უნდა განიმარტოს კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში, რა დროსაც უნდა დადგინდეს კანონმდებლის ნება. კანონის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს - ყოველი ნორმა წაკითხულ უნდა იქნეს სისტემურად, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში; გენეტიკური განმარტების პრინციპს - გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. ამდენად, კანონი უნდა განიმარტოს აღნიშნული პრინციპების დაცვით. ნორმის, მისი ფაქტობრივი ელემენტებისა და სამართლებრივი შედეგის დაკონკრეტება ხორციელდება ნორმაში გამოყენებული ცნებების განმარტების გზით, რის საშუალებითაც ხდება სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაცია და მისი შინაარსის განსაზღვრა.

 

,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ნორმატიული აქტის მიზანს წარმოადგენს: სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომისა და საჯაროობის უზრუნველყოფა (,,გ’’ და ,,დ’’ პუნქტები), ხოლო კანონით დადგენილი პროცედურა სწორედ ამ მიზნის მიღწევას ემსახურება. შესაბამისად, მათი ზედმიწევნით დაცვა და კანონშესაბამისი აღსრულება შემსყიდველი ადმინისტრაციული ორგანოების საჯარო ვალდებულებას წარმოადგენს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს აფიდავიტიც, რომლის პირობების დაცვაზეც არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებები და დასკვნები. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტები ფასდება წინადადების ფასის, მათ მიერ სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიხედვით. პალატა მიუთითებს, რომ სწორედ აღნიშნულით არის განპირობებული კანონმდებლის მოთხოვნა პრეტენდენტმა წარადგინოს სრულყოფილი და სწორი დოკუმენტაცია, თუმცა მესამე პირის მიერ ჩადენილი არამართლზომიერი ქმედების გამო პრეტენდენტისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება არ გამომდინარებს კანონმდებლის მიზნიდან.

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიუთითებს, რომ პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერების ფაქტი მაშინ არის სახეზე, როდესაც იგი განზრახ ისახავს სატენდერო კომისიის შეცდომაში შეყვანას მიზნად და სატენდერო პირობების დასაკმაყოფილებლად შეგნებულად წარადგენს მცდარ/ყალბ ინფორმაციას, რის შესახებაც მან იცოდა ან ობიექტურად უნდა სცოდნოდა მისი არსებობის შესახებ. პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ასეთი ფაქტი შპს „გ-–-----–-----–-----თან“ მიმართებით, საქმეში წარმოდგენილი არცერთი დოკუმენტით, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადასტურებული არ არის, ხოლო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პრეტენდენტს არ აკისრია ვალდებულება მესამე პირის მიერ მისთვის მოწოდებული ყველა დოკუმენტაცია გადაამოწმოს მის გაცემაზე უფლებამოსილ პირთან იმ პირობებშიც, როდესაც მისი ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ შექმნილი ვითარების დადგომას თავად ადმინისტრაციული ორგანოს შეცდომამაც შეუწყო ხელი, ვინაიდან სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტს დაევალა ისეთი DIN 30713 ევროსტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატის წარმოდგენა სატენდერო კომისიის მიერ განსაზღვრულ 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, რომელიც 1991 წლიდან ძალადაკარგულად მიიჩნევა და ვეღარ უზრუნველყოფს პროდუქციის ევროსტანდარტთან შესაბამისობის დადასტურებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არ არის პრეტენდენტის მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქმედების განხორციელების ფაქტი, ვინაიდან აფიდავიტის პირობების დარღვევა გამოწვეულ იქნა არაბრალეულად, კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევის გარეშე, რაც საქართველოს ზაკ-ის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქმნის სადავო აქტის ბათილად ცნობისა და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

დადგენილია, რომ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე შპს ,,გ-–-----–-----–-----ის“ მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 250 (100+150) ლარის ოდენობით. შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შპს ,,გ-–-----–-----–------“ სასარგებლოდ უნდა გადახდეს ამ უკანასკნელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯი 250 ლარის ოდენობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 384-ე, 389-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,გ-–-----–-----–-----ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. შპს ,,გ-–-----–-----–-----ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 17 მაისის №---- განკარგულება შპს ,,გ-–-----–-----–-----ის“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ;

 

5. დაეკისროს სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შპს ,,გ-–-----–-----–-----ის“ სასარგებლოდ 250 ლარის გადახდა;

 

6. შპს ,,გ-–-----–-----–-----ს“ დაუბრუნდეს სს „თ------- ბანკში“ 2017 წლის 15 ივნისს სახელმწიფო ბაჟის სახით ზედმეტად გადახდილი 100 (ასი) ლარი (სალაროს შემოსავლის ორდერი N-----------;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში (მდებარე ქ.თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ.#32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან ოცდაერთი დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.#7ა).

 

თავმჯდომარე გელა ბადრიაშვილი

 

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

 

ნინო ქადაგიძე