განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160141318002647638
საქმე №1ბ/131-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 თებერვალი 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------------------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა--------–-------------------------ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი №1----------- საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არ მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ბ---–-------------–----------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენით ა---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ა---------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 21 სექტემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ბ---–------------------------–---------ში მდებარე ა---------------ის საცხოვრებელ სახლის ეზოში, შვილის ბაღში შეყვანასთან დაკავშირებით მომხდარი შელაპარაკების გამო ა---------------მა მეუღლეს-ა------------------ს მოქაჩა თმა, ხოლო შემდეგ ხუთჯერ დაარტყა ჯოხი სხეულის სხვადსხვა ნაწილში, რის გამოც ა------------------მ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ძიძიგურმა, რომელმაც მოითხოვა ცვლილების შეტანა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენში და მსჯავრდებულ ა---------------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასაჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის ხერხი, მოტივი, გარემოებები, მსჯავრდებულის პიროვნება, რომ ჩადენილი დანაშაული თავისი ხასიათიდან გამომდინარე არის მომეტებული საფრთხის შემცველი.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ა---------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ა---------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებული ა------------------ს, ზ---–-------------------ის, რ------------------ას, ვ---------------ის გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 22 სექტემბრის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთმტკიცებით - ჯოხი და სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აგრეთვე გათვალისწინებული იქნა ის გარემოებები, რომ ა---------------ი არ არის წარსულში ნასამართლევი, შერიგებულია დაზარალებულთან და თანასოფლელების მიერ ხასიათდება დადებითად, ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, რომელთა მარჩენალიც არის თავად ა---------------ი და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ა---------------ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენი ა---------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ა---------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.
ა---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით გადახდილი 5000 ლარი განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს ზ---–-------------------ს (პ-------------).
პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ა---------------ს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში გატარებული პერიოდი 2018 წლის 22 სექტემბრიდან 2018 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
ჯოხი განადგურდეს კანონმდებლბით დადგენილი წესით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი