განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.02.2019
საქმის ნომერი
090210018002312509
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
06.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 090210018002312509

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №2/ბ-922-2018 11 დეკემბერი, 2018 წელი

ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები თამარ სვანიძე

ნანა კალანდაძე

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

აპელანტი - შპს მ–------–ი

წარმომადგენელი - გ--------------ე, ი------------–-–---–ი

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ ე---------–-------------------ო

წარმომადგენელი - ა-----–----------, მ--–-----------ე

დავის საგანი - პირგასამტელოს დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ე---------–-------------------ოს სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს ,,მ–------–ს’’ მოსარჩელე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ე---------–-------------------ოს სასარგებლოდ, დაეკისრა 2015 წლის 27 ოქტომბრის N165 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს სახით –29939.6 ლარის გადახდა. მოპასუხე შპს ,,მ–------–ს’’ მოსარჩელე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ე---------–-------------------ოს სასარგებლოდ, დაეკისრა 2016 წლის 28 ივნისის N82 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს სახით –2764.57 ლარის გადახდა. მოპასუხეს შპს ,,მ–------–ს’’ მოსარჩელე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ე---------–-------------------ოს სასარგებლოდ, დაეკისრა მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 981.12 ლარის ანაზღაურება. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. სსიპ ე---------–--------------------სა და შპს ,,მ–------–ს„ შორის, 2015 წლის 27 ოქტომბერს გაფორმებული N165 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე–2, მე–3, მე–4 და მე–5 მუხლების თანახმად, მოპასუხეს (მიმწოდებელს) შემსყიდველის დავალებით და მითითებით, 2015 წლის 01 დეკემბრამდე, ეტაპობრივად უნდა განეხორციელებინა რაჭა–ლეჩხუმის ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის ამბროლაურის სატყეო უბანში, ნიკორწმინდის სატყეოში, მე–8 კვარტალის, მე–2 ლიტერში (საორიენტაციოდ) 1291,47 კუბ.მ მერქნული რესურსის (მრგვალი ხე–ტყის და საშეშე მერქანის)დამზადება, სამანქანე გზამდე გამოზიდვა და დასაწყობება, შემსყიდველის მიერ მითითებულ ტერიტორიაზე. მთლიანი სახელშეკრულებო თანხა განისაზღვრა 103240,1118 (ასსამიათას ორასორმოცი ლარი და 11,18 თეთრი) ლარით. 2.2. 2015 წლის 27 ოქტომბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,მ–------–ი" ვალდებული იყო შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები – 2015 წლის 01 დეკემბრისა. სამუშაოები შესრულდა 296 დღის ვადაგადაცილებით, თუმცა აქედან – 11 დღე მოპასუხე ჩაუთვალეს საპატიოდ და ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობამ შეადგინა – 285 დღემ. შესაბამისად, სახეზეა მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის ფაქტი, რასაც უკავშირდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების ვალდებულება. 2.3. 2016 წლის 28 ივნისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,მ–------–ი" ვალდებული იყო შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები – 2016 წლის 01 სექტემბრამდე. სამუშაოები შესრულდა 29 დღის ვადაგადაცილებით. შესაბამისად, სახეზეა მოპასუხე მხარის მიერ, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის ფაქტი, რასაც უკავშირდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების ვალდებულება. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენაა მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩება. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა შესრულებულიყო დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას, ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს მ–------–მა: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ ერთი-ერთში გაიმეორა ე---------–-------------------ოს სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და დავის არსი. მან ასევე არ გაითვალისწინა ადვოკატის მიერ წარდგენილი ფოტო-სურათები და ის რამდენიმე წერილი, რომლითაც აპელანტი მიმართავდა მოსარჩელეს, რომ შეუძლებელი იყო ხე-ტყის დასაწყობება გამოყოფილ ადგილებში და ასევე ფაქტობრივად შეუძლებელი იყო უხვი ნალექის, თოვლის გამო გადაადგილება, რაც ბუნებრივია შეუძლებელს ხდიდა გარკვეული პერიოდის განვალობაში სამუშაოების შესრულებას. ასევე თუ სასამართლო ჩათვლიდა, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო, მას უნდა გაეთვალისწინებინა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება. 3.2. ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №82 და №165 მე-12 პუნქტის 12.1 ქვეპუნქტის თანახმად მოსარჩელეს შეეძლო მთლიანად შეეწყვიტა დადებული ხელშეკრულება, რაც ბუნებრივია, მხარეებს არ მიიყვანდა ამ მდგომარეობამდე, მაგრამ მოსარჩელემ აღნიშნული ხელშეკრულების დანაწესი არ გამოიყენა შეგნებულად. აღნიშნული გარემოებების შეფასება სასამართლოს არ მოუხდენია. მან უბრალოდ გადმოწერა სარჩელი და ასე გადაწყვიტა აღნიშნული საკითხი. სამართლებრივი საფუძვლები 3.3. სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულებების შესრულებაც. ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, კი პირგასამტეხლოს მოთხოვნა გამორიცხულია, როდესაც კრედიტორი არაჯეროვანი შესრულების ნაცვლად ჯეროვან შესრულებას ითხოვს. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან. პირგასამტეხლოს მიზანია მხარის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული (თუ ასეთი არსებობს). ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციის გამოყენებამ იგი გადახდისუნარიანობის პირას არ უნდა მიიყვანოს. კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა გაირკვეს მიყენებული ზიანის შინაარსი და მისი ანაზღაურებისათვის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წინაპირობების არსებობა, რაც ამ შემთხვევაში არ არსებობს. სასამართლოს არც შეუსწავლია და არც ჯეროვნად დაუდგენია ვალდებულების დარღვევის ზოგადი ფორმულირება. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ ჩარიცხული თანხები აპელანტს მიღებული აქვს გვიან და ასევე საკუთარი ხარჯებით ასუფთავებდა და მწყობრში მოჰყავდა სამანქანო გზა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ 2015 წლის 27 ოქტომბერს სსიპ ე---------–--------------------ს (მოსარჩელე) და შპს მ–------–ს (აპელანტი) შორის დაიდო ხელშეკრულება #165 „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ (შემდგომში - #165 ხელშეკრულება). 4.1.1. ამ ხელშეკრულების საფუძველზე, აპელანტს უნდა დაემზადებინა, სავარაუდოდ, 1291,47 მ3 მერქნული რესურსი და უნდა მოეხდინა მისი ტრანსპორტირება და დასაწყობება. 4.1.2. გაწეული მომსახურებისათვის მოსარჩელეს აპელანტისათვის უნდა გადაეხადა 103240,1118 ლარი. 4.1.3. ხელშეკრულების 6.1.5. პუნქტის თანახმად, აპელანტს მერქნის დამზადების შემდეგ ტყეკაფი უნდა გაეწმინდა ხე-ტყის ნარჩენებისაგან, უნდა შეეგროვებინა შეჭრილი ტოტები, დაეჭრა და დაეწყო 1 მეტრიან ხურგებად. 4.1.4. ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულება აპელანტს უნდა შეესრულებინა 2015 წლის 1 დეკემბრამდე. 4.1.5. ხელშეკრულების 11.1. პუნქტის შესაბამისად, ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში, აპელანტს ეკისრებოდა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 4.1.6. ხელშეკრულების 11.2. პუნქტის მიხედვით, კი ხელშეკრულების სხვა პირობების დარღვევის შემთხვევაში, აპელანტს უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,5%-ის ოდენობით. 4.1.7. ვალდებულების შესრულების შესაბამისად მხარეთა შორის დგებოდა მიღება-ჩაბარების აქტები. 4.1.8. ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, აპელანტის მიერ შესრულებული სამუშაოს შესამოწმებლად მოსარჩელეს 3 დღის ვადა ჰქონდა. 4.1.9. აპელანტმა მასალის ჭრის ვალდებულება ჯეროვნად, თუმცა, ნაწილობრივ, ვადაგადაცილებით შეასრულა. 4.1.10. აქედან, 11 დღის ვადაგადაცილება მოსარჩელის ბრალით იყო გამოწვეული და მოსარჩელე აპელანტს ამ გადაცილებას არ ედავება. 4.1.11. ხელშეკრულების 4.2. პუნქტით დადგენილი ვადის გათვალისწინებით, აპელანტს ვალდებულების შესრულების ვადა 1+11+3=2015 წლის 15 დეკემბერს ამოეწურა. ამის შესაბამისად, 2015 წლის 15 დეკემბრიდან აპელანტს ვადის გადაცილების გამო პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება წარმოეშვა. 4.1.12. 2015 წლის 18 ნოემბერს და 2015 წლის 15 დეკემბერს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით დგინდება, რომ ამ პერიოდში აპელანტს 38636,2 ლარის ღირებულების სამუშაო ჰქონდა შესრულებული. 4.1.13. მიღება-ჩაბარების აქტებითა და მხარეთა განმარტებებით დგინდება, რომ აპელანტმა 18 878,23 ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულების ვადას 14 დღით გადააცილა; 23545,8 ლარის სამუშაოს - 100 დღით, ხოლო 13681,25 ლარის - 110 დღით. 4.1.14. აპელანტმა ტყე-კაფი არაჯეროვნად გაწმინდა. 4.1.15. სულ აპელანტმა 94650,48 ლარის ღირებულების სამუშაო შეასრულა. 4.2. 2016 წლის 28 ივნისს მხარეთა შორის ასევე დაიდო იდენტური ხელშეკრულება #82 „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ (შემდგომში - #82 ხელშეკრულება). 4.2.1. ამ ხელშეკრულების თანახმად, აპელანტს სავარაუდოდ 1191,78 მ3 მერქნული რესურსი უნდა დაემზადებინა. 4.2.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება აპელანტს 2016 წლის 1 სექტემბრამდე უნდა შეესრულებინა. 4.2.3. უდავოა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო აპელანტმა 2016 წლის 29 სექტემბერს დაასრულა, ე.ი. მან სამუშაოს შესრულების ვადას 29 დღით გადააცილა. 4.2.4. მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ 2664,07 ლარი შეადგინა. სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის დადებული იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით გათვალისწინებული ნარდობის ხელშეკრულებები. 4.4. პალატა არ ეთანხმება აპელანტს, რომ ამ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების ვადაგადაცილება მთლიანად მოსარჩელის ბრალით იყო გამოწვეული. 4.4.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე, ამ შესაგებლის მტკიცების ტვირთი აპელანტს ეკისრებოდა, მან კი თავისი პოზიცია ვერ დაამტკიცა. 4.4.2. საქმის მასალებით მტკიცდება მხოლოდ ის, რომ აპელანტმა მოსარჩელის ბრალით #165 ხელშეკრულების შესრულების ვადას მხოლოდ 11 დღით გადააცილა. ეს პერიოდი კი მხარეთა შორის სადავო არც არის. 4.4.3. ამის შესაბამისად, აპელანტის მოთხოვნა ვალდებულებისაგან მთლიანად გათავისუფლების თაობაზე უსაფუძვლოა. 4.5. უდავოა, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხარეებს პირგასამტეხლო ჰქონდათ გათვალისწინებული. 4.5.1. დადგენილია, რომ აპელანტმა ეს ვალდებულება დაარღვია და პასუხისმგებლობისაგან მისი გათავისუფლების საფუძვლები არ არსებობს. 4.5.2. ამიტომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, მან მოსარჩელეს პირგასამტეხლო უნდა გადაუხადოს. 4.6. თუმცა, პალატა იზიარებს აპელანტის პოზიციას იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო დარღვეულ ვალდებულებასთან შედარებით შეუსაბამოდ მაღალია. 4.6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. 4.6.2. პალატას მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებაა და მისი ოდენობა დარღვეულ ვალდებულებასთან შესაბამისობაში უნდა იყოს. 4.6.3. როგორც მსგავსი კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა: „ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება, ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან რამდენიმე დღის ვადაგადაცილებისათვის, ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. საკასაციო სასამართლო მხარს უჭერს მიდგომას, რომ პირგასამტეხლო დაანგარიშებული იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან“ – (სუსგ - საქმე #ას-164-160-2016; 28 ივლისი, 2016 წელი, პ. 68). 4.6.4. ამავე საქმეში ყოველდღიურად დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად საკასაციო სასამართლომ დარღვეული ვალდებულების ღირებულების 0,04% მიიჩნია (იქვე - პ. 69). 4.6.5. ამის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ აპელანტისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობაც თითოეულ შემთხვევაში, დარღვეული ვალდებულების ოდენობიდან უნდა იქნას გამოთვლილი. 4.6.6. ამასთან, გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა 0,05%-მდე უნდა შემცირდეს. 4.6.7. ამის შესაბამისად, აპელანტმა მოსარჩელეს უნდა გადაუხადოს პირგასამტეხლო: 4.6.7.1. #165 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისათვის: 18878,23X0,05%X14+23545,8X0,05%X100+13681,25X0,05%X110=2061,89 ლარი. 4.6.7.2 ტყე-კაფის გაწმენდითი სამუშაოები არაჯეროვნად შესრულებისათვის - 94650,48X0,05%=47,32 ლარი 4.6.7.3. #82 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისათვის - 2664,07X0,05%X29=38,62 ლარი. 4.7. ამის შესაბამისად, სულ აპელანტმა მოსარჩელეს პირგასამტეხლოს სახით 2147,83 ლარი უნდა გადაუხადოს. 4.7.1. პალატის აზრით, პირგასამტეხლოს აღნიშნული ოდენობა ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნებს სავსებით შეესაბამება. 4.8. პალატას მიაჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ საქმის გადაწყვეტის დროს არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, რასაც შედეგად მცდარი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა. 4.8.1. ამიტომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ შპს მ–------–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება. სსიპ ე---------–-------------------ოს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. შპს მ–------–ს სსიპ ე---------–-------------------ოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2147 ლარისა და 83 თეთრის გადახდა.

 

6. საპროცესო ხარჯები 6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს... თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. 6.2. დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხისათვის 32 704,17 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა. ამ გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2147,83 ლარის გადახდა დაეკისრა; ე.ი. სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნის, დაახლ. 6,6% დააკმაყოფილა. 6.3. ამის შესაბამისად, აპელანტს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწის ბაჟის ნაწილის, 981,12X6,6%=64,75 ლარის ანაზღაურება. 6.4. თავის მხრივ, მოსარჩელეს აპელანტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის, 1308X93,4%=1221,67 ლარის ანაზღაურება.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გადაწყვიტა

 

1. შპს მ–------–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება;

3. სსიპ ე---------–-------------------ოს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. შპს მ–------–ს სსიპ ე---------–-------------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს 2147 ლარისა და 83 თეთრის გადახდა;

5. შპს მ–------–ს სსიპ ე---------–-------------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს 64 ლარისა და 75 თეთრის გადახდა;

6. სსიპ ე---------–-------------------ოს შპს მ–------–ის სასარგებლოდ დაეკისროს 1221 ლარისა და 67 თეთრის გადახდა;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები თამარ სვანიძე

ნანა კალანდაძე