განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.02.2019
საქმის ნომერი
010210018001674461
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
07.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210018001674461

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-799-2018 25 დეკემბერი, 2018 წელი

ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ნანა კალანდაძე

ლაურა მიქავა

 

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი - ზ------ ი-------ე

წარმომადგენელი - რ-----------------ე

მოწინააღმდეგე მხარე - თ------ ი------ე, ნ------- ი------ე

წარმომადგენელი - ო-------------–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ზ------ ი-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2013 წლის 27 მაისს მხარეებმა გააფორმეს შეთანხმების აქტი, რომლის საფუძველზეც მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება: - 2013 წლის 30 მაისამდე ზ------ ი-------ეს პირად ანგარიშზე ჩაურიცხონ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა 8907 აშშ დოლარი; - 2013 წლის 02 სექტემბრამდე ზ------ ი-------ეს გაათავისუფლებდნენ სს ,,ბ----------ში“ დარჩენილი სესხის ვალდებულებისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში ზ------ ი-------ეს გადაუხდიან პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 50 აშშ დოლარის ოდენობით; - 2013 წლის 02 სექტემბრამდე გადაუხდიან დარჩენილ პირგასამტეხლოს თანხას - 4800 აშშ დოლარს. 2.2. თ------ ი------ემ და ნ------- ი------ემ, შეთანხმების აქტის პირველ პუნქტში მითითებული 8907 აშშ დოლარი, ზ------ ი-------ეს გადაუხადეს. 2.3. ზ------ ი-------ე, სს ,,ბ----------ში“ დარჩენილი სესხის ვალდებულებისაგან უნდა გათავისუფლებულიყო 2013 წლის 02 სექტემბრამდე. ის სს ,,ბ----------ში“ დარჩენილი სესხის ვალდებულებისაგან გათავისუფლდა 2014 წლის 10 იანვარს. 2013 წლის 2 სექტემბრიდან 2014 წლის 10 იანვრამდე გავიდა 130 დღე. 2.4. თ------ ი------ეს და ნ------- ი------ეს 4800 აშშ დოლარი ზ------ ი-------ისათვის უნდა გადაეხადათ 2013 წლის 2 სექტემბრამდე. მათ დასახელებული თანხა არ გადაუხდიათ. 2.5. უდაოა, რომ 2013 წლის 27 მაისს ნ------- ი------ე და თ------ ი------ე, ზ------ ი-------ეს შეპირდნენ, რომ სს ,,ბ----------ში“ დარჩენილი სესხის ვალდებულებისაგან გაათავისუფლებდნენ 2013 წლის 02 სექტემბრამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში ზ------ ი-------ეს გადაუხდიან პირგასამტეხლოს ყოველ ვააგადაცილებულ დღეზე 50 აშშ დოლარის ოდენობით. ასევე უდაოა, რომ მათ ამ ვადაში ვალდებულება ვერ შეასრულეს. ზ------ ი-------ეს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება გაუჩნდა 2013 წლის 3 სექტემბერს. ამ დღის შემდეგ ზ------ ი-------ეს მოპასუხეებისაგან პირგასამტეხლოს სახით ერგებოდა ყოველდღიურად 50 აშშ დოლარი. ის ვალდებულებისაგან გათავისუფლდა 2014 წლის 10 იანვარს. ანუ ამ დღემდე მოსარჩელეს ერგება ყოველდღიურად 50-50 აშშ დოლარი. ფაქტიურად 2013 წლის 3 სექტემბრიდან 2014 წლის 9 იანვრამდე პერიოდი არის ის პერიოდი, როცა მოსარჩელეს უფლება აქვს თითოეული დღის პირგასამტეხლო მოითხოვოს. ეს უფლება დასრულდა 2014 წლის 10 იანვარს. მოთხოვნის უფლების ბოლო დღე არის 2014 წლის 9 იანვარი. ამ დღიდან წყდება პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. მოსარჩელეს სარჩელი აღძრული აქვს 2017 წლის 10 იანვარს. 2014 წლის 9 იანვრიდან 2017 წლის 10 იანვრამდე გასულია სამი წელი. 2.6. ნ------- ი------ეს და თ------ ი------ეს, ზ------ ი-------ისათვის 4800 აშშ დოლარი უნდა გადაეხადათ 2013 წლის 02 სექტემბრამდე. მან დასახელული თანხა არც ამ ვადაში და არც სხვა დროს არ გადაიხადა. მოსარჩელეს 4800 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2013 წლის 3 სექტემბერს. ამ ვადიდან სარჩელის აღძვრამდე, ანუ 2017 წლის 10 იანვრამდე გასულია სამ წელზე მეტი ვადა. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა”. 2.8. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს”. მხარეთა შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა ვალის აღიარების ხელშეკრულებაა და მასზე ვრცელდება სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადა. 2.9. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლით ,,ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოპასუხეებს 4800 აშშ დოლარი უნდა გადაეხადათ 2013 წლის 2 სექტემბრამდე. შესაბამისად მოთხოვნის უფლებაც მოსარჩელეს წარმოეშვა მოცემული პერიოდებიდან ანუ 2013 წლის 3 სექტემბრიდან. თუ მოპასუხე ამ ვადაში 4800 აშშ დოლარს არ გადაიხდიდა, მაშინ მოსარჩელეს გაუჩნდებოდა მოთხოვნის უფლება და მას თანხების მიღებისათვის დავის უფლება ექნებოდა მომდევნო სამი წლის განმავლობაში. 2.10. ბანკის ვალდებულებისაგან მოსარჩელე მოპასუხეებს უნდა გაეთავისუფლებინათ 2013 წლის 2 სექტემბრამდე. ამ ნაწილშიც მას მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2013 წლის 3 სექტემბერს. ამ დღის შემდეგ 2014 წლის 9 იანვრის ჩათვლით მას შეეძლო გასული დღეების პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნა. 2.11. სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილით ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს 4800 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2013 წლის 3 სექტემბერს. ყოველდღიურად 50 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2013 წლის 3 სექტემბრიდან 2014 წლის 9 იანვრის ჩათვლით ყოველდღიურად. სარჩელი აღძრა 2017 წლის 10 იანვარს. შესაბამისად მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან სარჩელის აღძვრამდე გავიდა 3 წელზე მეტი დრო. ანუ სარჩელი ხანდაზმულია.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრეს ზ------ ი-------ე: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. შეთანხმების აქტის მე-2 პუნქტში გარკვევით წერია, რომ გაათავისუფლოს ბ----------ში დარჩენილი სესხის (რომელიც აღებულია 2011 წლის 25 თებერვალს) ვალდებულებისაგან 2013 წლის 02 სექტემბრამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, გადაიხდის პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 50 აშშ დოლარის ოდენობით. თანხის გადახდა მოხდება ყოველ 5 (ხუთი) დღეში. აღნიშნულით დგინდება, რომ ხანდაზმულობის ვადის დინება არ დაწყებულა 2013 წლის 3 სექტემბერს. სამ სექტემბერს დაიწყო პირგასამტეხლოს ვადის დინება, მანამდე სანამ არ გადაიხდიდა მხარე 4800 აშშ დოლარს, ხოლო ხანდაზმულობის ვადის დინება დაიწყო 2014 წლის 11 იანვრიდან, ვალდებულების შესრულების მეორე დღიდან. საქმის მასალებიდან დგინდება, რომ მოპასუხე მხარემ ვალდებულება შეასრულა 2014 წლის 10 იანვარს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2013 წლის 3 სექტემბრიდან მოპასუხე მხარე ვალდებული იყო 2014 წლის 10 იანვრამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მოსარჩელისათვის გადაეხადა პირგასამტეხლო 50 დოლარის ოდენობით. ხანდაზმულობის ვადის დინება 2013 წლის 3 სექტემბრიდან დაიწყებოდა მაშინ, როცა მოპასუხე მხარე ვალდებულებას საერთოდ არ შეასრულებდა. მართალია, შეთანხმებაში წერია, რომ მოპასუხე მხარეს ვალდებულება უნდა შეესრულებია 2013 წლის 2 სექტემბრამდე, მაგრამ მხარეები იქვე აგრძელებენ, რომ თუ ვალდებულება, არ შესრულდება 2013 წლის 2 სექტემბერს, მაშინ მოპასუხე მხარეს დაედებოდა საჯარიმო სანქცია ვალდებულების შესრულებამდე. სამართლებრივი საფუძვლები 3.2. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებია, კერძოდ, გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე, 132-ე, 137-ე, 144-ე მუხლები.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილია, რომ 2013 წლის 27 მაისს ნ------- ი------ეს, თ------ ი------ესა და ზ------ ი-------ეს შორის დაიდო შეთანხმება, რომლის თანახმადაც ნ------- ი------ემ (მოვალე, მოპასუხე) 2013 წლის 30 მაისამდე აიღო ზ------ ი-------ისათვის (აპელანტი) 8907 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება. 4.2. 2013 წლის 2 სექტემბრამდე მოვალეს უნდა დაეფარა სს ბ----------ში არსებული სესხი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გადაეხადა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 50 აშშ დოლარის ოდენობით. 4.3. შეთანხმების მესამე პუნქტის მიხედვით, კი მოვალეს აპელანტისათვის 2013 წლის 2 სექტემბრამდე, ასევე დამატებით უნდა გადაეხადა პიგასამტეხლო, 4800 აშშ დოლარი. 4.4. მოვალემ აპრლანტს 8907 აშშ დოლარი გადაუხადა. 4.5. სს ბ----------ის მიმართ არსებული ვალდებულება მოვალემ 2014 წლის 10 იანვარს შეასრულა, ხოლო 4800 აშშ დოლარი მას აპელანტისათვის არ გადაუხდია. 4.6. აპელანტმა სარჩელი 2017 წლის 10 იანვარს აღძრა. 4.7. მოპასუხეებმა ვალდებულების შესრულებაზე უარი მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო განაცხადეს. სამართლებრივი დასაბუთება 4.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.8.1. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად გადაწყვიტა, რომ აპელანტის მოთხოვნა ხანდაზმული იყო. 4.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. 4.9.1. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, კი ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. 4.10. დადგენილია, რომ მოვალეს აპელანტისათვის პირგასამტეხლო ყოველდღიურად, ე.ი. პერიოდულად უნდა გადაეხადა. 4.10.1. ამის შესაბამისად, პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე აპელანტის მოთხოვნა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან გამომდინარეობს. 4.11. შეთანხმების თანახმად, პირგასამტეხლოს მოთხოვნა აპელანტს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ცალკე წარმოეშვა, ამიტომ, მისი უფლება ყოველი ვადაგადაცილების შემთხვევაში ცალკე ირღვეოდა. 4.11.1. მოვალემ ვალდებულება 2014 წლის 10 იანვარს შეასრულა, ე.ი. ბოლოს მას პირგასამტეხლო 2014 წლის 9 იანვარს უნდა გადაეხადა. 4.11.2. 2014 წლის 9 იანვრიდან სამი წელი 2017 წლის 9 იანვარს გავიდა. 4.11.3. ამის შესაბამისად, 2017 წლის 10 იანვარს აპელანტის მოთხოვნა 2013 წლის 2 სექტემბრიდან 2014 წლის 9 იანვრამდე გადასახდელი პირგასამტეხლოს ანაზღაურების თაობაზე სრულად ხანდაზმული იყო. 4.12. როგორც აღინიშნა, 4800 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება მოვალეს 2013 წლის 2 სექტემბერს წარმოეშვა. 4.12.1. მართალია, ამავე დათქმის თანახმად, თუ მოვალე ვალდებულებას ადრე, ე.ი. 2013 წლის 2 სექტემბრამდე შეასრულებდა, მას პირგასამტხელო შეუმცირდებოდა, თუმცა ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავს, რომ 4800 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება აპელანტს 2014 წლის 10 იანვარს წარმოეშვა. 4.12.2. ამ ნაწილში, აპელანტის უფლება ცალსახად 2013 წლის 2 სექტემბერს დაირღვა. ამიტომ, მისი მოთხოვნა სასამართლომ ხანდაზმულად სავსებით სწორად მიიჩნია. 4.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ მოპასუხეები უფლებამოსილნი იყვნენ ვალდებულების შესრულებაზე უარი განეცხადებინათ, რაც მათ განახორციელეს კიდეც. 4.14. ამის გამო, საქალაქო სასამართლომ სარჩელი მართებულად არ დააკმაყოფილა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

 

6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ზ------ ი-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ნანა კალანდაძე

ლაურა მიქავა