განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 33021-0-8002385423
საქმე №2ბ/6384-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 იანვარი, 20-9 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - გოგიტა თოთოსაშვილი
მოსამართლეები: ლევან გვარამია
გელა ქირია
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
აპელანტი - გ---–-- ლ-----ი
მოწინააღმდეგე მხარე - გ-----ი ქ-----–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-8 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: გ---–-- ლ-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებულ ნაწილში
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების, მდებარე: ქ--–--------–--–-----–------------–----------------------–------------------–------------ (ს/კ N 0-------.0--.0--.0-.0--) მესაკუთრედ რეგისტირებულია გ---–-- ლ-----ი.
2.2 საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ სადავო ქონების ფლობის ფაქტი. დადგენილია, რომ მოპასუხე ცხოვრობს გ--------------–-, ს------– ტ-----ში და მას ამავე მისამართზე ბარდებოდა გზავნილები.
2.3. დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნის თანახმად, სადავო საცხოვრებელი ბინის საიჯარო ქირის ღირებულება შეადგენს ყოველთვიურად 300 ლარს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.4. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთის, მდებარე: ქ--–--------–--–-----–------------–----------------------–------------------–------------ (ს/კ N 0-------.0--.0--.0-.0--) მესაკუთრეა გ---–-- ლ-----ი. მოსარჩელე ვერ ადასტურებს მოპასუხე გ-----ი ქ-----–ის მიერ სადავო უძრავი ნივთის ფლობის ფაქტს. ამასთან, არ დასტურდება, რომ იგი აპირებდა სადავო ბინის გაქირავებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ ბინის პირდაპირი დანიშნულებაა მისი საცხოვრებლად გამოყენება და მასში ბინადრობა, იგი ყოველთვის არ არის გამიზნული იმისათვის, რომ მან რაიმე შემოსავალი/მოგება მოუტანოს მესაკუთრეს მისი გაქირავების შედეგად, მითუმეტეს კი, ისეთ ვითარებაში, როდესაც, მხარე ვერ ადასტურებს რომ იგი აპირებდა ბინის გაქირავებას. ამასთან, არ დასტურდება, რომ მოპასუხე სადავო ბინაში ცხოვრობს და ამის შედეგად იგი გამდიდრდა, რაც მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. ის გარემოება, რომ 2--- წლის დასაწყისში გ---–-- ლ-----მა დასახელებული ბინა დროებით სარგებლობაში გადასცა გ-----ი ქ-----–ის ქალიშვილს, დასტურდება მ-----–ა ფ--–------–-ილის 20-7 წლის 1--------–-ს სასარჩელო განცხადებითაც. ამასთან, 20-7 წლის მარტში აპელანტმა მოპასუხეს მოსთხოვა ბინის გამოთავისუფლება, რადგანაც მას განზრახული ჰქონდა საცხოვრებელი სახლის გაქირავება. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების საფუძვლები სახეზეა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. წინამდებარე განჩინებით, მსჯელობის საგანს წარმოადგენს სახეზეა თუ არა ზიანის ანაზღაურებისათვის სავალდებულო წინაპირობები და წარმოადგენს თუ არა ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს მოპასუხე.
როგორც მოსარჩელე განმარტავს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების - ბინის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში დროულად გადაცემის შემთხვევაში, გ---–-- ლ-----ი გააქირავებდა საცხოვრებელ ფართს და მიიღებდა მოგებას.
სამოქალაქო კოდექსის 41--ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამდენად, კანონმდებელი დაზარალებულს (კრედიტორს) უფლებას აძლევს ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ იმ ანაცდენი სარგებლისათვისაც, რომელსაც დაზარალებული მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. მთავარი წინაპირობა მოცემული მუხლის გამოყენებისათვის არის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, რასაც შედეგად მოჰყვა ზიანის დადგომა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადი პრინციპის თანახმად, განსახილველი კატეგორიის დავაში, მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა მიეთითებინა და დაემტკიცებინა, რომ მოპასუხის ქმედება იყო არამართლზომიერი, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, ასევე ის, თუ რას შეადგენს ზიანის ოდენობა. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლის სახით, მოსარჩელეს იმგვარი მტკიცებულებები უნდა წარედგინა, რომელიც შექმნიდა ობიექტურ სურათს ასეთი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით. საგულისხმოა, ასევე თავად „მიუღებელი შემოსავლის“ განმარტება. სასამართლო პრაქტიკაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, ეს არის სარგებელი, რომელიც შეიძლება დამდგარიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. ესაა ანაცდური მოგება, რომლის ანაზღაურებაც მოსარჩელის განსაკუთრებულ კომერციულ ინტერესში შედის, ვინაიდან კომერციულ ბრუნვაში მისი ინტერესი შემოსავლის მიღებისკენაა მიმართული, თუმცა თავად მოგება არ გულისხმობს ერთობლივ შემოსავალს, ყოველგვარი ხარჯების გამოქვითვების გარეშე, რომელსაც დაზარალებული ობიექტურად მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად.
იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.
სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობებია: მხარეთა ნამდვილი შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე (დაცული უნდა იყოს გარიგების ნამდვილობის ზოგადი პირობები); ერთ-ერთი მხარის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა ხელშეკრულების დებულებათა დარღვევის გზით, რამაც განაპირობა ხელშეკრულებიდან გასვლა; სახეზე უნდა იყოს ფაქტობრივად დამდგარი ზიანი; დამდგარი ზიანი მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს დამრღვევის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან; როგორც წესი, ვალდებულების დარღვევა ბრალეული უნდა იყოს. აღნიშნული, თუნდაც ერთ-ერთი ნიშნის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას.
პალატა მიუთითებს, რომ უძრავი ნივთის გაქირავება წარმოადგენს უძრავი ქონებით შემოსავლის მიღების ყველაზე ფართოდ დამკვიდრებულ და აპრობირებულ ფორმას. თუმცა, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სკ-ის 172-ე მუხლის შემადგენელი ელემენტების არსებობა, სახელდობრ, არ დასტურდება, რომ მოპასუხე სადავო პერიოდში ფლობდა სადავო ქონებას. ამდენად, დაუსაბუთებელია კონკრეტულად რაში ან როდიდან გამოიხატა მოპასუხის მხრიდან ხელშეშლა. ყოველივე აღნიშნული კი, ე.ი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედების არარსებობა თავისთავად გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებასაც.
მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა ვერ შეძლო იმის დადასტურება, რომ სწორედ გ-----ი ქ-----–ი წარმოადგენდა მისი კუთვნილი ნივთის უკანონო მფლობელს და რომ იგი აპირებდა აღნიშნული ბინის გაქირავებას.
ამასთან, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას როგორც უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვაზე უარის თქმის ნაწილში, ასევე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე აპელანტმა უარი თქვა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვაზე უარის თქმის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე, ვინაიდან მისივე განმარტებით იგი უკვე აღსრულებული იყო და სადაო უძრავი ქონება იმყოფებოდა მის მფლობელობაში.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-8 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე აპელანტმა უარი თქვა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვაზე უარის თქმის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე, აპელანტს უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 80 ლარი, ხოლო დარჩენილი 284 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ---–-- ლ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-8 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილება.
3. გ---–-- ლ-----ს უკან დაუბრუნდეს 20-8 წლის 1-8 ო----------ს სს ,,თ----------–-“ რ----– ან-------–---- მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახ. ბაჟიდან 80 ლარი (საგადასახადო დავალება N-).
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე გოგიტა თოთოსაშვილი
მოსამართლეები გელა ქირია
ლევან გვარამია