განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 200210117001796654
№ 2ბ/5240-2018
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 დეკემბერი, 2018 წელი ქალაქ თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მოსამართლე - გელა ქირია
სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი
აპელანტი - ე-–--- თ---------–---–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ვ-–-------- ხ------–---–ი (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - ლ---–- გ---------–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, ზიანის ანაზღაურება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილებით ვ-–-------- ხ------–---–ის სარჩელი მოპასუხე ე-–--- თ---------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ- აეკრძალა მოპასუხე ე-–--- თ---------–---–ს ვ-–-------- ხ------–---–ისთვის კუთვნილი ქონებით, მდებარე თ--–----------------------–------–-------------------------------------------- - სარგებლობის ხელშეშლა, კერძოდ აეკრძალა კვამლსადენი მილის დაზიანება, ფეკალური მასების და წყლის ჩამოსხმა საცხოვრებელი ბინის აივანზე, ხმაურის გამომწვევი მოქმედებები და სხვა ქმედებების განხორციელება, რაც აზიანებს მოსარჩელის საკუთრებას და აყენებს მატერიალურ ზიანს.
ამავე გადაწყვეტილებით, მოპასუხე ე-–--- თ---------–---–ს მოსარჩელე ვ-–-------- ხ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა წყალგამათობებლის კვამლსადენი მილის დაზიანებით მიყენებული ზიანის ასანაზრაურებლად 386 ლარის გადახდა.
მოსარჩელე ვ-–-------- ხ------–---–ის სასარჩელო მოთხოვნას ე-–--- თ---------–---–ის მიმართ 389 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
გასაჩივრებული გადაწყვეტილება უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებას არ შეიცავს.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მოსარჩელე ცხოვრობს ოთხ სართულიან საცხოვრებელ კორპუსის მ----ე სართულზე, მის ზევით, მეოთხე სართულზე ცხოვრობს მოპასუხე, რომლისგანაც ყოველდღიურ რეჟიმში ზიანი ადგება მის საცხოვრებელ სახლს, მის ოჯახს არ ეძლევა საშუალება ნორმალურად ისარგებლონ კუთვნილი ბინით. მოპასუხემ არაერთხელ დაუზიანა მოსარჩელეს წყალგამათბობლის კვამლსადენი მილი, რომელიც გადის კორპუსის ზედა სართულზე არსებული სახლის კედელზე და ადის მთლიანად საცხოვრებელი კორპუსის მაღლა.
2.2. მოსარჩელის განმარტებით მოპასუხეს აქვს შეგრძნება, რომ მოსარჩელე გაზს უშვებს მის საცხოვრებელ სახლში და ამის მეშვეობით გუდავენ. საპასუხოდ კი, მოპასუხე აზიანებს მის საკუთრებაში არსებულ ნივთებს. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ცნობა სს ,,ვ-----–----------–-------------------“, რომლებმაც ადგილზე შეისწავლეს კვამლსადენის საკითხი რითაც დადასტურებულია, რომ მოსარჩელის მიერ გაზის მოხმარება მოპასუხე ე-–--- თ---------–---–ისათვის არანაირი საფრთხის შემცველი არ არის და ზიანი არ ადგება. აღნიშნული საკითხი ასევე შესწავლა თ--–----------–----–-------- სახანძრო-სამაშველო სამსახურმა და 2010 წლის 25 მარტს გაცემული ცნობის თანახმად, მოპასუხე ე-–--- თ---------–---–ის საცხოვრებელი ბინის სახანძრო უსაფრთხოება დაცულია და შეუძლებელია მის ბინაში ხანძრის გაჩენა კვამლსადენის მიზეზით.
2.3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარმოება, რომ ე-–--- თ---------–---–ი განზრახ ასხამს წყალს, ფეკალურ მასებს მოსარჩელე მხარის საკუთრებაში არსებულ აივანზე, ასევე, მოპასუხე თავისი ქმედებებით იწვევს ხამურს დღისა და ღამის მონაკვეთებში, რითაც მხარეს არ ეძლევა საშუალება თავისუფლად ისარგებლოს თავისი საკუთარებით.
2.4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმეში არსებული აუდიტორული დასკვნის თანახმად, კვამლსადენი მილის დაზიანებით მიყენებული ზიანი შეადგენს 386.00 ლარს.
2.5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარმოება, რომ მოპასუხე მხარეს არა აქვს წყალი შეყვანილი სახლში. ამავე დროს მხარეთა განმარტებით დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარის საცხოვრებელი ბინის ზემოთ ჭერში მეზობლის წყლის ავზი იყო განთავსებული. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მოსაზრება, რომ მოპასუხე სპეციალურად უშვებდა წყალს მათ სახლში.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.6. დავის გადაწყვეტისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 174-ე, 175-ე, 176-ე მუხლებით, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის 22.1. მუხლით და საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო და მოპასუხე ე-–--- თ---------–---–ს უნდა აკრძალვოდა მოსარჩელის კვამლსადენი მილის დაზიანება, ფეკალური მასების და წყლის ჩამოსხმა მოსარჩელის საცხოვრებელი ბინის აივანზე, ხმაურის გამომწვევი მოქმედებები და სხვა ქმედებების განხორციელება, რაც აზიანებდა ვ-–-------- ხ------–---–ის საკუთრებას და აყენებს ზიანს.
2.7. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სასამართლომ განმარტა, რომ დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი თუ არ არის ზიანის ანაზღაურების გამომრიცხავი გარემოებები. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.
უპირველესყოვლისა სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. მატერიალური ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას ან მცირდება მისი მატერიალური ღირებულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა კანონით აუკრძალავი ფორმით.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408.1 მუხლზე, რომლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლით, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. ხოლო ამავე კოდექსის 412-ე მუხლით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ვ-–-------- ხ------–---–ის წყალგამათობებლის კვამლსადენი მილის დაზიანება გამოწვეული იყო მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით და რომ ზიანის აღმოფხვრას სჭირდებოდა 386 ლარი. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია. ამდენად, სახეზე იყო, დელიქტური ვალდებულების ყველა წინაპირობა, სახელდობრ, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რის გამოც, წარმოდგენილი სარჩელი ნაწილობრივ დაკამყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისრა 386 ლარის გადახდა. ამასთან, უარი ითქვა მოპასუხისათვის 389 ლარის დაკისრების თაობაზე, ვინაიდან მოსარჩელე მხარემ ვერ დაადსტურა სწორედ მოპასუხის ქმედებით იყო გამოწვეული მოსარჩელი ბინის ჭერისა და კედლების დაზიანება წყლის ჩაშვების შედეგად.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტის მითითებით, მოსარჩელე მხარემ უკანონოდ მოიპოვა მტკიცებულება (CD დისკი), რაც სასამართლომ არასწორად მიიჩნია დასაშვებ მტკიცებულებად და რაზე დაყრდნობიდაც დაადგინა, რომ მოპასუხე მხარე განზრახ ასხავდა წყალს და ფეკალურ მასებს ვ-–-------- ხ------–---–ის საკუთრებაში არსებულ აივანზე, ასევე მისი ქმედები იწვევდა ხმაურს დღისა და ღამის მონაკვეთებში, რითიც მხარეს არ აძლევდა საშუალებას თავისუფლად ესარგებლა საკუთარი ბინით.
აპელანტის განმარტებით, მის მიერ ხმაურის გამომწვევი მოქმედებებთან მიმართებაში, სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებას, რაც არ უნდა გაეზიარებინა, იმ ვითარებაში, როდესაც მოპასუხე მხარე ამ გარემოებას, სადავოდ ხდიდა.
3.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მის მიერ სადავოდ გამხდარი გარემოება, რომ აუდიტის დასკვნაში მითითებული ფასები არ შეესაბამებოდა რეალობას და იყო საბაზრო ღირებულებაზე 3-ჯერ მეტი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
4.1. 09.08.2011 წელს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, უძრავი ქონება, მდებარე, ქ------–--–--------–-----–--------------------------------------------–-------------------------------------------------------------), წარმოადგენს მოსარჩელე ვ-–-------- ხ------–---–ის საკუთრებას (ტომი 1; ს/ფ 21-22);
4.2. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მოპასუხე ცხოვრობს მითითებულ მისამართზე მდებარე ოთხ სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულზე, კერძოდ, მოსარჩელე მხარის საცხოვრებელი სახლის ზედა მხარეს;
4.3. სადავო არ არის ასევე ის გარემოება, რომ მოსარჩელე ვ-–-------- ხ------–---–ის წყალგამათბობლის კვამლსადენი მილი, გადის კორპუსის ზედა სართულზე, სადაც ცხოვრობს მოპასუხე ე-–--- თ---------–---–ი და ადის მთლიანად საცხოვრებელი კორპუსის მაღლა;
4.4. დადგენილია, რომ მოდავე მხარეთა შორის არსებობს უთანხმოება. მათ შორის დაძაბული ურთიერთობის გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს წყალგამათბობელი, რომლის მილებიდან ჩამოყოლილი წვიმის წყალი მოპასუხე მხარის განმარტებით აზიანებდა მის საკუთრებას (აივანს), ხოლო, კვამლსადენი მილიდან გამომავალი გამონაბოლქვი კი, ზიანის მომტანი იყო მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის; რაც შეეხება მოსარჩელეს, მისი განმარტებით, მოპასუხე აღნიშნულის სანაცვლოდ აზიანებს მის საკუთრებაში არსებულ ნივთებს (წყალგამათბობელის საკვამლე მილს) და საშუალებას არ აძელევს მოსარჩელეს შეუძღუდავად ისარგებლოდ თავისი საკუთრებით (ასხავს ფეკალურ მასებს და წყალს მისი საცხოვრებელი ბინის აივანზე, ადგილი აქვს ხმაურის გამომწვევ მოქმედებებს და ზიანის მომტან სხვა ქმედებებს).
4.5. მოსარჩელე ვ-–-------- ხ------–---–ის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, სს ,,ვ-----–----------–----------------“ მიერ 2--------- წ. გაცემული N2-- ცნობით დასტურდება, რომ სამსახურმა ადგილზე შეისწავლა ვ- ხ------–---–ის საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივ აირზე მომუშავე წყალგამაცხელებლის და ოთხკამფორიანი ქურის მონტაჟი და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ გაზის მოხმარება მოპასუხე ე-–--- თ---------–---–ისათვის (იგივე დ--–--–-------–---–--ათვის) არანაირი საფრთხის შემცველი არ არის (ტომი 1; ს/ფ 26). აღნიშნული საკითხი ასევე შეისწავლა ქ. თ--–----------–----–-------- სახანძრო-სამაშველო სამსახურმა, რომელმაც, 2010 წლის 25 მარტს გაცემული N1--–------- დაადასტურა, რომ ე-–--- თ---------–---–ის საცხოვრებელი ბინის სახანძრო უსაფრთხოება არის დაცული და შეუძლებელია მის ბინაში ხანძრის გაჩენა კვამლსადენის მიზეზით (ტომი 1; ს/ფ 27).
4.6. დადგენილია, რომ წყალგამათბობლის კვამლსადენი მილები (მე-4 სართულის დონეზე) დაზიანებულია მოპასუხის მიერ და არ ფუნქციონირებს.
4.7. 16.01.2017 წლის (ექსპერტ-აუდიტორი) აუდიტორული დასკვნის თანახმად, ვ-–-------- ხ------–---–ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში წყალგამათბობელის კვალმსადენი მილის აღდგენის/სარემონტო სამუშაოების ჩატარების ღირებულება შეადგენს ჯამში, 386.00 ლარს, მათ შორის: 1. თუნუქის ცინკის 3 ლისტი - 66 ლარი; 2. სამაგრები - 20 ლარი, 3. ხელობა - 100 ლარი, 4. დაყენება - 50 ლარი, ამწე - 150 ლარი (ტომი 1; ს/ფ 30-37);
4.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და ამასთან, ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას, არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით. ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და ამასთან, ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. ფაქტის არსებობა კი დადასტურებული უნდა იქნეს სათანადო მტკიცებულებებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და სარჩელის შინაარსის გათვალისწინებით, მოცემულ საქმეში სასამართლოს შეფასების საგანია ხდება თუ არა მოპასუხის მიერ მოსარჩელის, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრის უფლების ხელყოფა.
საქართველოს სსკ-ის 4.1. მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, 1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მ----ე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
აღნიშნულ სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მტკიცების საგანში შემავალ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოპასუხე ხელს უშლის მას საკუთრებით სარგებლობაში.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა დადგენილია, რომ მოდავე მხარეთა შორის არსებული უთანხმოების/დაძაბულობის გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს წყალგამათბობელი (იხ. განჩინების 4.4. პუნქტი). პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასარჩელო განცხადება ეფუძნება მოპასუხის მიერ წყალგამათბობელის დაზიანების გამო ზიანის ანაზღაურებას და ხელშემშლელი ქმედებების აღკვეთას, რაც როგორც აღინიშნა ასევე განპირობებულია წყალგამათბობელის გამო მოპასუხის ქმედებებით (ასხავს ფეკალურ მასებს და წყალს მისი საცხოვრებელი ბინის აივანზე, ადგილი აქვს ხმაურის გამომწვევ მოქმედებებს და ზიანის მომტან სხვა ქმედებებს).
პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ თავად მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის, რომ იგი ცდილობდა გამათბობელის მილის გაწევას, მის მიერ ასევე მოხდა აივანზე წყლის დასხმა (იხ. შესაგებლის 1-ელი და მე-3 ფაქტობრივი გარემოებები; ტომი 1; ს/ფ 67-68). მოპასუხე ამ გარემოებას ხსნიდა იმ განმარტებით, რომ მილებიდან ჩამოყოლილი წვიმის წყალი აზიანებდა მის საკუთრებას (აივანს), ხოლო, კვამლსადენი მილიდან გამომავალი გამონაბოლქვი კი, ზიანის მომტანი იყო მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის. პალატა აღნიშნავს, რომ ეს გარემოებები შესაბამისი სამსახურებიდან წარმოდგენილი ცნობებით არ დადასტურდა (იხ. განჩინების 4.5. პუნქტი). ამასთან, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებები: ფოტომასალა (ს/ფ 23-25) და ვიდეო ფირი, CD დისკის სახით (ს/ფ 20) (პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე მხარე მოსარჩელის მიერ მითითებულ ვიდეოჩანაწერს უკანონო მტკიცებულებად მიიჩნევს, რასაც პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. მოცემულ შემთხვევაში, საქმე ეხება მოპასუხის მიერ ხელისშემშლელი ქმედების განხორციელებისას მოსარცელე მხარის მიერ გადაღებულ ვიდეოჩანაწერს, რომელიც არ არის ფარული, კერძოდ, მეორე მხარის ნებართვის გარეშე, ფარულად არ არის ჩაწერილი, ამიტომ იგი არ არის კანონდარღვევით მოპოვებული, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ჩანაწერი არ წარმოადგენს დაუშვებელ მტკიცებულებას სსკ-ის 103-ის კონტექსტში) ადასტურებენ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხე მხარის მხრიდან ადგილი აქვს ხელშეშლას;
ამდენად, რაიონულმა სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ პირველი სასარჩელო მოთხოვნა (აეკრძალოს მოპასუხე ე-–--- თ---------–---–ს ვ-–-------- ხ------–---–ისთვის კუთვნილი ქონებით, მდებარე თ--–----------------------–------–-------------------------------------------- - სარგებლობის ხელშეშლა, კერძოდ კვამლსადენი მილის დაზიანების, ფეკალური მასების და წყლის ჩამოსხმის აკრძალვა საცხოვრებელი ბინის აივანზე, ხმაურის გამომწვევი მოქმედებები და სხვა ქმედებების განხორციელება, რაც აზიანებს მოსარჩელის საკუთრებას და აყენებს მატერიალურ ზიანს) იყო დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებებით, რაც წარმოადგენდა მისი დაკმაყოფილების საფუძველს.
4.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებითი ურთიერთობა, წარმოადგენს დელიქტური ვალდებულებითი ურთიერთობისათვის გათვალისწინებული წესებით, მომწესრიგებელ ურთიერთობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექის 408.1. მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ხოლო, კოდექის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
დადგენილია, რომ ზიანი რომელიც მიადგა მოსარჩელეს გამოწვეულია მოპასუხის ქმედებებით. დადგენილია ასევე, რომ აუდიტორული დასკვნის თანახმად, ვ-–-------- ხ------–---–ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში წყალგამათბობელის კვალმსადენი მილის აღდგენის/სარემონტო სამუშაოების ჩატარების ღირებულება შეადგენს ჯამში 386.00 ლარს ( 1. თუნუქის ცინკის 3 ლისტი - 66 ლარი; 2. სამაგრები - 20 ლარი, 3. ხელობა - 100 ლარი, 4. დაყენება - 50 ლარი, ამწე - 150 ლარი (ტომი 1; ს/ფ 30-37). მოპასუხე მხარეს საქართველოს სსკ-ის 4.1., 102-ე, 203.1. მუხლების შესაბამისად, არ წარმოუდგენია ამ ოდენობით ზიანის შეფასების საწინააღმდეგო მტკიცებულება. შესაბამისად, აპელანტის მხოლოდ ზეპირ ახსნა-განმარტებას იმის თაობაზე, რომ აუდიტის შეფასება არ იყო რეალური, პალატა ვერ გაიზიარებს.
ამდენად, რაიონულმა სასამართლომ ასევე მართებულად მიიჩნია, რომ ვ- ხ------–---–ის მოთხოვნა ამ ნაწილშიც უნდა დაკმაყოფილებულიყო და ე-–--- თ---------–---–ს მოსარჩელე ვ-–-------- ხ------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა წყალგამათბობლის კვამლსადენი მილის დაზიანებით მიყენებული ზიანის ასანაზრაურებლად 386 ლარი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. აპელანტი ე-–--- თ---------–---–ი საქართველოს სსკ-ის 46.1. მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, გთავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
6.2. საქართველოს სსკ-ის 53.1. მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 41.1. მუხლის ,,ა’’ პუბქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით, ხოლო, ,,კ’’ პუნქტის თანახმად - 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.
ზემოაღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, პირველ მოთხოვნაზე (ხელშეშლის აღკვეთა) დავის საგნის ფასი შეადგენს 4000 ლარს, ხოლო, მეორე მოთხოვნაზე (ზიანის ანაზღაურება) – 386.00 ლარს.
საქართველოს სსკ-ის 40.2. მუხლის თანახმად, თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დავის საგნის ფასი ორივე მოთხოვნაზე, შეადგენს 4386.00 ლარს.
სააპელაციო შესაგებელზე წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, დასტურდება, რომ ვ-–-------- ხ------–---–ის მიერ წარმომადგენლის (ლ---–- გ---------–---–ის) დახმარებისათვის გაწეულია ხარჯი, რაც შეადგენს 445 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში პალატა ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 53.1. მუხლის ბოლო წინადადებით, და მიიჩნევს, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება უნდა განისაზღვროს დავის საგნის ღირებულების 2,5%-ით, ანუ, (4386 ლარის 2,5%) 110.00 ლარით.
ამდენად, ე-–--- თ---------–---–ს, ვ-–------რ ხ------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი 110.00 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე-–--- თ---------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილება;
3. ე-–--- თ---------–---–ი გთავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. ე-–--- თ---------–---–ს, ვ-–------რ ხ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 110.00 ლარის ოდენობით;
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გელა ქირია