განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 07.11.2018
საქმის ნომერი
050310117002044840
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბაჟო-საგადასახადო ურთიერთობასთან დაკავშირებით
თარიღი
07.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №050310117002044840

საქმე N3/ბ-327-18წ.

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

07 ნოემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): მურთაზ მეშველიანი

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ხათუნა ხომერიკი

 

სხდომის მდივანი: ონისე გურეშიძე

 

აპელანტი - სსიპ შემოსავლების სამსახური

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ვ-----------–-“, ი/მ „ზ---- ჭ----ე“, ზ----- ჭ----ე

 

დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად აღიარება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

2017 წლის 10 აგვისტოს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა მოპასუხეების: ინდ.მეწარმე „ზ---- ჭ------“, შპს „ვ-----------–-ს“, ფ/პ. ზ----- ჭ------ მიმართ და მოპასუხეების ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარება მოითხოვა.

 

სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ 2017 წლის 07 აგვისტოს მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით ინდ.მეწარმე ,,ზ---- ჭ----ეს’’ (ს/ნ 0----------) ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 791 140.87 ლარის ოდენობით.

 

ინდ.მეწარმე „ზ---- ჭ------“ (ს/ნ 0----------) ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/ იპოთეკის უფლება დარეგისტრირდა 2013 წლის 23 დეკემბერს, რომელსაც გასახადის გადამხდელი გაეცნო 2013 წლის 26 დეკემბერს. 2014 წლის 11 აპრილის შემოსავლების სამსახურის მიერ გამოიცა № 0------ ბრძანება ი/მ. „ზ---- ჭ------“ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2014 წლის 16 აპრილს. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი და მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად ზ---- ჭ----ეს ერიცხება 02 (ორი) ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რაც ვერ უზრუნველყოფს საგადასახადო დავალიანებას.

 

ინდ.მეწარმე „ზ---- ჭ------“ მიმართ 2013 წლის 20 დეკემბერს გადასახადის დარიცხვა განხორციელებულია 2013 წლის თებერვლის, მარტის, მაისის, ივნისის და აგვისტოს თვეების დეკლარაციის წარუდგენლობის გამო. დავალიანების წარმოშობის შემდეგ, ელექტრონული ბაზების მონაცემებით, ზ---- ჭ----ემ 2014 წლის იანვრის თვეში შეწყვიტა სამეწარმეო საქმიანობა. 2014 წლის 14 იანვარს დაფუძნდა ახალი ფირმა შპს ,,ვ-----------–-" (ს/ნ 4--------), რომლის დირექტორად და 100%-იანი წილის მესაკუთრედ გაფორმდა ი----- ნ----- (პ/ნ 4----------), რომელმაც კუთვნილი წილი საწარმოში 2015 წლის 09 ივნისს უსასყიდლოდ გადასცა ზ---- ჭ------ ძმას, ზ----- ჭ----ეს (ს/ნ 0----------).

 

შპს ,,ლ--–-- მ---–-ს" ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად შპს ,,ვ-----------–მა" იდენტური საქმიანობა (სანტექნიკის აქსესუარებითა და სამეურნეო მასალის შეძენა და რეალიზაცია ლ--–--ს ბაზრობის ტერიტორიაზე) განაგრძო იმავე მისამართზე და ადგილას, სადაც საქმიანობდა ზ---- ჭ----ე, კერძოდ, თბილისი, კ------- გ-------–--–- 112, რიგი ავტო-1 ადგილი 14 (F2/45) (ლ--–-- მ---–-ს ტერიტორია).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ „ზ---- ჭ------“ მიერ დეკლარაციების წარუდგენლობა, ახალი საწარმოს დაფუძნება და იგივე საქმიანობის გაგრძელება, იგივე მისამართიდან იგივე მომწოდებლებთან ურთიერთობ მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისგან თავის არიდებას, რის გამოც შუამდგომლობს ინდ.მეწარმე „ზ---- ჭ------“, ზ----- ჭ------ და შპს ,,ვ-----------–-ს" აღიარებას ერთიმეორეს ცრუმაგიერ პირებად.

 

მოპასუხეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნეს და მისი უარყოფა მოითხოვეს.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

სასამართლომ დაადგინა, რომ ინდ.მეწარმე ,,ზ---- ჭ----ეს'' ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება. ზ---- ჭ----ემ 2014 წლის ინავრის თვეში შეწყვიტა სამეწარმეო საქმიანობა. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2014 წლის 14 იანვარს დაფუძნდა ახალი ფირმა შპს ,,ვ-----------–-'', რომლის დირექტორად და 100% წილის მესაკუთრედ გაფორმდა ი----- ნ-----, რომელმაც კუთვნილი წილი საწარმოში 2015 წლის 09 ივნისს უსასყიდლოდ გადასცა ზ---- ჭ------ ძმას ზ----- ჭ----ეს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას რაიონულმა სასამართლომ განმარტა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირის საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს; დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს; ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; თ) პირები ნათესავები არიან; ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

ზემოაღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე იმ გარემოების დადასტურების მიზნით, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს სხვა პირის ცრუმაგიერ პირს, სავალდებულოა დადასტურდეს, რომ გადასახადის გადამხდელის გამიჯვნა ამ სხვა პირისაგან რიგი ფაქტობრივი გარემოებების გამო პრაქტიკულად შეუძლებელია და კონკრეტული ერთი პირი ამ სხვა პირის მხრიდან გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული სამართლებრივი ინსტრუმენტის მიზანია დაიცვას საგადასახადო ორგანოს, როგორც კრედიტორის უფლებები.

 

გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან შეუძლებელია როდესაც სახეზეა: საერთო ფინანსური ანგარიშები და საგადასახადო დეკლარაციის ფაილები, კომპანია იყენებს სხვა კომპანიის საკუთრებას, როგორც საკუთარს, ერთი კომპანიის ქმედებები არის მეტად განმაპირობებელი მეორე კომპანიის ბიზნესწყაროსი, ყოველდღი----- საქმიანობის ერთობლიობა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სასამართლო მიუთითებს ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ამასთან სამართლებრივი ურთიერთობა შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ ი-----დიული ფაქტის საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში მტკიცებულება იმისა, რომ გადასახადის გადამხდელის გამიჯვნა სხვა პირისაგან რიგი ფაქტობრივი გარემოებების გამო პრაქტიკულად შეუძლებელია არ არსებობს. ძირითადი ფაქტობრივი გარემოება არის ის, რომ ზ---- ჭ----ემ 2014 წლის იანვრის თვეში შეწყვიტა სამეწარმეო საქმიანობა. შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით მას შემდეგ რაც ზ---- ჭ----ემ შეწყვიტა საქმიანობა დაფუძნდა ახალი ფირმა შპს ,,ვ-----------–-'', რომლის დირექტორად და 100% წილის მესაკუთრედ გაფორმდა ი----- ნ-----, რომელმაც კუთვნილი წილი საწარმოში 2015 წლის 09 ივნისს უსასყიდლოდ გადასცა ზ---- ჭ------ ძმას ზ----- ჭ----ეს. ახლად შექმნილმა ფირმამ გააგრძელა ის საქმიანობა, რასაც ახორციელებდა ზ---- ჭ------ ფირმა. მხოლოდ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ვერ ასაბუთებს, რომ გადასახადის გადამხდელის შპს ,,ვ-----------–-ს'' და ზ----- ჭ------ გამიჯვნა ზ---- ჭ------აგან არის პრაქტიკულად შეუძლებელი და შპს ,ვ-----------–-'' და ზ---- ჭ----ე გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა. აპელანტი ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

აპელანტის განმარტებით რაიონულმა სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების დროს არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ამასთან არასწორად განმარტა კანონი. გარდა ამისა გადაწყვეტილება ი-----დიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

 

აპელანტ მხარეს საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით მიაჩნია, რომ ინდ.მეწარმე „ზ---- ჭ------“ (ს/ნ. 0----------) მიერ დეკლარაციების წარუდგენლობა, ახალი საწარმოს დაფუძნება და იგივე საქმიანობის გაგრძელება იგივე მისამართიდან იგივე მომწოდებლებთან და ასევე მეწარმე სუბიექტის მიერ უძრავ-მოძრავი ქონების ახლო ნათესავზე ფორმალურად შეძენა მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისგან თავის არიდებას. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას რომ ზ---- ჭ------ ძმის მიერ იმავე პერიოდში, 2013 წლის 24 აპრილს ზ----- ჭ------ მიერ შეძენილია უძრავი ქონება ღირებულებით 10 000 დოლარი ეკვივალენტი ლარში, მაშინ როდესაც ზ----- ჭ------ შემოსავალი ელეტრონული ბაზის მონაცემებით 2013 წლის ბოლომდე არ აღემატებოდა 2450 ლარს, ამ შემთხვევაშიც ქონების ზ---- ჭ------ ძმის სახელით შეძენა გამოყენებული იქნა, როგორც არსებული საგადასახადო ვალდებულებების, ასევე მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულებების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კომანდიტური საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო

საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს ვეაგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად "თუ დადგინდება რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები."

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეები, საგადასახადო მიზნებისათვის, განხილულ უნდა იქნან ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად, თანახმად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლისა.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით აპელანტი ითხოვს შემოსავლების სამსახურის სარჩელის დაკმაყოფილებას და ინდ.მეწარმე „ზ---- ჭ------“ (ს/ნ. 0----------), შპს ,,ვ-----------–-ს” (ს/ნ 4--------) და ფ/პ ,,ზ----- ჭ------“ (ს/ნ0----------) ერთამანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებას.ტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუკი არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი. ერთი ან რამდენიმე აბსოლუტური საფუძვლის უბრალო მონიშვნის შემდეგ ვალდებული ხართ, დაასაბუთოთ მათი ნამდვილობა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო და საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. საქალაქო სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 20.1 მუხლით, გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება. იმავე კოდექსის 41.2 მუხლით გარანტირებულია გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესითა და სასამართლო წესით დაცვა. 49.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა. 51.1. მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, საგადასახადო ორგანოები ვალდებულნი არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში: დაიცვან საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა, იმოქმედონ ამ კოდექსისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტების მოთხოვნათა შესაბამისად და მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საგადასახადო პოლიტიკის განხორციელებაში; დაიცვან გადასახადის გადამხდელთა უფლებები და სახელმწიფოს ინტერესები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის XI კარი ეძღვნება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფას და მასში შედის თავი XXXV – „საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა“, რომლის 246-ე მუხლი ეხება ცრუმაგიერ მფლობელობას.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის საფუძველზე _ დადასტურებულად იქნეს ცნობილი, რომ მოპასუხეები ინდ.მეწარმე „ზ---- ჭ----ე“, შპს ,,ვ-----------–-” და ფ/პ ,,ზ----- ჭ----ე“ წარმოადგენენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს.

 

მოსარჩელე მხარე მოპასუხეების ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ ინდ.მეწარმე ,,ზ---- ჭ----ეს’’ 2017 წლის 07 აგვისტოს მდგომარეობით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 791 140.87 ლარის ოდენობით. ინდ.მეწარმე „ზ---- ჭ------“ მიმართ 2013 წლის 20 დეკემბერს გადასახადის დარიცხვა განხორციელებულია 2013 წლის თებერვლის, მარტის, მაისის, ივნისის და აგვისტოს თვეების დეკლარაციის წარუდგენლობის გამო. დავალიანების წარმოშობის შემდეგ, ელექტრონული ბაზების მონაცემებით, ზ---- ჭ----ემ 2014 წლის იანვრის თვეში შეწყვიტა სამეწარმეო საქმიანობა. 2014 წლის 14 იანვარს დაფუძნდა ახალი საწარმო შპს ,,ვ-----------–-" (ს/ნ 4--------), რომლის დირექტორად და 100%-იანი წილის მესაკუთრედ გაფორმდა ი----- ნ----- (პ/ნ 4----------), რომელმაც კუთვნილი წილი საწარმოში 2015 წლის 09 ივნისს უსასყიდლოდ გადასცა ზ---- ჭ------ ძმას, ზ----- ჭ----ეს (ს/ნ 0----------), ამასთან შპს ,,ვ-----------–მა" იდენტური საქმიანობა (სანტექნიკის აქსესუარებითა და სამეურნეო მასალის შეძენა და რეალიზაცია ლ--–--ს ბაზრობის ტერიტორიაზე) განაგრძო იმავე მისამართზე და ადგილას, სადაც საქმიანობდა ზ---- ჭ----ე, კერძოდ, თბილისი, კ------- გ-------–--–- 112, რიგი ავტო-1 ადგილი 14 (F2/45) (ლ--–-- მ---–-ს ტერიტორია).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. ამავე კოდექსის მე-19 მუხლით რეგლამენტირებულია ურთიერთდამოკიდებული პირების დეფინიცია, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც პირები არიან ნათესავები. ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 246–ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, იმ გარემოების დადასტურების მიზნით, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს სხვა პირის ცრუმაგიერ პირს, სავალდებულოა დადასტურდეს, რომ გადასახადის გადამხდელის გამიჯვნა ამ სხვა პირისაგან რიგი ფაქტობრივი გარემოებების გამო პრაქტიკულად შეუძლებელია და კონკრეტული ერთი პირი ამ სხვა პირის მხრიდან გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული სამართლებრივი ინსტრუმენტის მიზანია დაიცვას საგადასახადო ორგანოს, როგორც კრედიტორის უფლებები.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ საქმეზე წარმოდგენილი არ არის არც ერთი სახის მტკიცებულება, რაც უტყუარად მიუთითებდა მოპასუხეთა ერთმანეთისაგან გაუმიჯნაობასა და განზრახ ერთობლივი - გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით მოქმედებაზე.

 

სასამართლო კოლეგია მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სააპელაციო პალატა ასევე მიუთითებს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტზე, რომელსაც აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლები). ამასთან, სამართლებრივი ურთიერთობა შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ ი-----დიული ფაქტის საფუძველზე. ფაქტის დადასტურებას აქვს არა მარტო საპროცესო, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მართალია, სახეზეა საგადასახადო ვალდებულებების მქონე გადასახადის გადამხდელი ინდ.მეწარმე ,,ზ---- ჭ----ე’’ თუმცა არ დასტურდება გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტის მოვალე კომპანიის ქონების ან/და ფულადი სახსრების გადაცემა შპს „ვაზიანი მ---–-სთვის’’ და ფ/პ. ,,ზ----- ჭ------თვის’’, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს გახდიდა მათი ერთიმეორისაგან განსხვავებას. აღნიშნულ სუბიექტებს შორის არც წარმოქმნილა რაიმე სამართლებრივი ურთიერთობა რომელიც სასამართლოს შეეძლო შეეფასებინა როგორც ფორმალური და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის დაღწევის მიზნის მქონე, ფიქტი----- ხასიათის მატარებელი, რაც მოპასუხეთა ცრუმაგიერობაზე მიუთითებდა.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა - ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც საფუძვლად უდევს მის მოთხოვნას და რაც შესაძლებელს გახდიდა სარჩელის დაკმაყოფილებას. რაონული სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების მართებული შეფასების საფუძველზე, შესაბამისად არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი.

 

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რაიონულმა სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო ხარჯები

 

სსიპ შემოსავლების სამსახური გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 390-ე მუხლებით, 257-ე მუხლით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.უცვლელად დარჩეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

3.აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32).

 

თავმჯდომარე: მურთაზ მეშველიანი

 

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

 

ხათუნა ხომერიკი