განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210117001838626
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/5926-18 10 იანვარი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - თამარ ალანია
მოსამართლეები - დიანა ბერეკაშვილი, თამარ ზამბახიძე
განხილვის ფორმა- ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - სს „ს----------–---------“
წარმომადგენელი - დ--------------–-
მოწინააღმდეგე მხარე - ზ---------------
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - დავალიანებისგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ზ---------------მ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე სს „ს----------–---------ს“ მიმართ სარჩელი აღძრა და ს----------–---------ს წინაშე არსებული დავალიანებისგან გათავისუფლება მოითხოვა.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ზ--------------- სს „ს----------–---------ს“ წინაშე არსებული დავალიანების გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლდა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით სს „ს----------–---------ს“ წარმომადგენელმა გაასაჩივრა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. 2016 წლის 6 ივნისს სს „ს----------–--------სა“ და ზ---------------ს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც ზ---- ნ---------- დავალიანება 2516.16 ლარს შეადგენს, საიდანაც ძირი თანხაა - 386.93 ლარი, დარიცხული პირგასამტეხლო - 1562.55 ლარი, დარიცხული საპროცენტო სარგებელი - 426.68 ლარი და დარიცხული საკომისიო - 140 ლარი (ს.ფ. 16-21).
6. ზ---- ნ---------- დავალიანება სს „პ---------------“ 2011 წელს გაფორმებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან არის წარმოშობილი (მხარეთა ახსნა-განმარტება).
7. ზ---------------ს 2016 წლის 24 მაისს 250 ლარი და 2016 წლის 6 ივნისს - 140 ლარი, ჯამში 390 ლარი აქვს გადახდილი. აღნიშნული თანხა სს „ს----------–---------ს“ მიერ სრულად საკომისიოს დასაფარად იქნა გამოყენებული (ს.ფ. 2-4, 35).
8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2----–-–---------------–-- ბრძანების თანახმად, გამარტივებული წარმოების გზით ზ---------------ს სს „ს----------–---------ს“ სასარგებლოდ 2707.7 ლარი დაეკისრა (ს.ფ. 45).
9. აღსრულების ეროვნული ბიუროს ბრძანების აღსრულების მიზნით ზ---- ნ---------- საკუთრებაში რიცხული ავტომანქანის იძულებით აუქციონზე რეალიზაცია განხორციელდა, ქონება 750 ლარად გაიყიდა (ს.ფ. 2-4, 94).
10. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ზ---------------ს სს „ს----------–---------ს“ მიმართ დავალიანება არ გააჩნია.
უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება სასამართლოს კომპეტენციაში შედის და მხარის მიერ არასწორი საფუძვლის მითითება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი არ შეიძლება გახდეს. აღნიშნულს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე და 185-ე მუხლების შინაარსიც ადასტურებს, რომელთა ანალიზიც ცხადყოფს, რომ საპროცესო კანონმდებლობა მხარეს არ ავალდებულებს მიუთითოს დავის სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული არ წარმოადგენს ხარვეზის დადგენის საფუძველს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ სამართლებრივი საფუძველი სასამართლომ და არა მხარემ უნდა განსაზღვროს. მხოლოდ მხარის მითითება, რომ მეორე მხარეს აქვს მისი ვალი და ითხოვს ამ თანხის დაბრუნებას საკმარისია იმისათვის, რომ სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების შესაბამისად განსაზღვროს და მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობას სამართლებრივი შეფასება მისცეს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-690-651-2010).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს ხელშეკრულება მონაწილეებს შორის. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. უდავოა, რომ სს „პ----------------“ 2011 წელს გაფორმებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით ზ---------------ს თანხის გადახდის ვალდებულება წარმოეშვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ზ---------------ს ნაკისრი ვალდებულება სრულად/ჯეროვნად არ შეუსრულებია. თბილისის საქალაქო სასამართლოში აღძრული სარჩელით სს ს----------–--------მა“ რომელიც სს „პ------------ის“ უფლებამონაცვლეს წარმოადგენს მოპასუხის მიმართ ფულადი თანხის დაკისრება მოითხოვა.
11. პალატა ყურადღებას მიაპყრობს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მსგავსი კატეგორიის დავების განხილვისას სასამართლო არა მხოლოდ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას არამედ ასევე, ხელშემკვრელი მხარეების მიერ კეთილსინდისიერად ქცევის სტანდარტს აფასებს. კეთილსინდისიერად ქცევის ფუნქცია აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს. კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის. ასეთ შემთხვევაში, ორივე მხარე იქნება კმაყოფილი: კრედიტორი - ვალდებულების შესრულების მიღებით, ხოლო მოვალე - ვალდებულებისაგან გათავისუფლებით. აღსანიშნავია სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის ფუნქციაც, რომელიც ხელშეკრულების ყოველ მხარეს ვალდებულების შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ავალდებულებს გამოიჩინოს მეორე მხარის უფლებებისადმი და ინტერესებისადმი გულისხმიერება. გულისხმიერების ვალდებულება მხარეებისათვის დამატებითი ვალდებულების დაკისრებას არ გულისხმობს, ყოველთვის ვალდებულების შინაარსშივე მოიაზრება და ერთგვარ მორალურ კატეგორიას განეკუთვნება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nას-1163-1083-2017). განსახილველ დავასთან მიმართებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტის დარღვევას, აღნიშნული დასკვნა ემყარება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ საქმის მასალებში წარდგენილი მტკიცებულებების თანახმად, სესხის ძირი თანხა 386.93 ლარს შეადგენდა. სესხის დაფარვების გრაფიკის მიხედვით ზ---- ნ---------- მიერ გადახდილი 250 ლარი და 140 ლარი მოსარჩელის მიერ სრულად იქნა გამოყენებული საკომისიოს დასაფარად. რაც შეეხება, იძულებითი აღსრულებისას ამონაგები 750 ლარიდან 386.93 ლარით ძირი თანხა, ხოლო 88.75 ლარით - პროცენტი დაიფარა. მიუხედავად იმისა, რომ ბანკის მიერ საკომისიოს სახით ჩამოჭრილი თანხა 390 ლარი, რაც აღნიშნული საკრედიტო პროდუქტის ფარგლებში მიიღო გამსესხებელმა, სარგებელს წარმოადგენს, იგი მსესხებლისგან პროცენტის სახით დამატებით 386.52 ლარის ანაზღაურებას მოითხოვდა. იმ პირობებში, როდესაც მოპასუხის მიერ გადახდილი 390 ლარი სრულად გაიქვითა საკომისიოსთვის და ძირითადი სესხის ოდენობა სრულებით არ შემცირებულა, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსესხებლისთვის დამატებით საპროცენტო თანხის გადახდის დავალდებულება ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერების პრინციპს და გაუმართლებლად ლახავს მსესხებლის, როგორც ურთიერთობაში მონაწილე სუსტი მხარის ინტერესს. კეთილსინდისიერების სტანდარტიდან გამომდინარეობს, რომ ნებისმიერ ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობაში, კრედიტორს არ შეუძლია უარი თქვას მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების მცირე ხელშეწყობაზე, როდესაც მოვალეს კრედიტორის მხრიდან ესაჭიროება ასეთი ხელშეწყობა მასზე ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისათვის, რაც თვალნათელია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ არ განხორციელებულა.
12. რაც შეეხება პირგასამტეხლოს სახით 1694.84 ლარის მოთხოვნას სააპელაციო პალატა მიიჩნევს რომ მისი ოდენობა 50 ლარამდე სრულიად მართებულად იქნა შემცირებული.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. კერძო სამართალში მოქმედი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი სხვა პირობებზე შეთანხმების გარდა, ასევე პირგასამტეხლოს ოდენობაზე თავისუფლად შეთანხმებასაც გულისხმობს.
პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას იხდის.
პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით 1694.84 ლარი დაეკისრა მაშინ, როდესაც დასაფარი ძირი თანხა 386.93 ლარს შეადგენდა. ზ---- ნ---------- მიერ გადახდილი 250 ლარი და 140 ლარი მოსარჩელის მიერ სრულად იქნა გამოყენებული საკომისიოს დასაფარად. რაც შეეხება, იძულებითი აღსრულებისას ამონაგები 750 ლარიდან 386.93 ლარით ძირი თანხა, ხოლო 88.75 ლარით - პროცენტი დაიფარა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა ასკვნის, რომ სესხის ძირითადი ოდენობის, მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული უმნიშვნელო ზიანის, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ აღნიშნული საკრედიტო ურთიერთობის ფარგლებში, როგორც ძირი თანხა, ასევე საპროცენტო სარგებელი სულ 865.68 ლარი მიიღო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პირგასამტეხლოს 50 ლარამდე შემცირებისა და სს „ს----------–---------ს“ მიმართ ზ---- ნ---------- დავალიანების არარსებობის შესახებ.
13. კერძო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
დასახელებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა დაადასტურონ. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს, მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება ევალება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, ისეთი მტკიცებულებები წარადგინოს, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების სტანდარტს. სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს.
განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, აპელანტს კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტის განუხრელად დაცვა და შემცირებული პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა უნდა დაედასტურებინა, რაც მოცემულ შემთხვევაში ვერ განხორციელდა.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
განსახილველ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. განსახილველ შემთხვევაში აპელანტი მხარის მიერ სააპელაციო საჩივრისთვის გადახდილი ბაჟი 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102, 377-ე, 386-ე, 389-ე, 55-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „ს----------–---------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
თავმჯდომარე თამარ ალანია
მოსამართლეები დიანა ბერეკაშვილი თამარ ზამბახიძე