განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001426367
საქმე №2ბ/5776-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 იანვარი, 2019 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი
სხდომის მდივანი – ნათია ხოლოაშვილი
აპელანტი - ს--- ს----------–--------------–ი ა-----ი
წარმომადგენელი - ნ----------------ა, ს----------–---ე
მოწინააღმდეგე მხარე - სს „პ-------------ა“
წარმომადგენელი - ე----------------–--------ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
აპელანტის მოთხოვნა- გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
აღწერილობითი ნაწილი
1. 2015 წლის 31 დეკემბერს მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება N1--- ს----–-–------–----------- შესახებ, სადაც დაწვრილებით გაიწერა მხარეთა უფლება-მოვალეობანი. მათ შორის მიეთითა იმ გამონაკლისებზეც, რომელიც სადაზღვევო კომპანიის მიერ არ ანაზღაურდებოდა (5.11. პუნქტი). აღნიშნული ხელშეკრულება მოქმედებდა 2017 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
2. 2016 წლის 12 აპრილს ქ------–--–------–--–---–ის ქუჩაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა მოსარჩელის ბალანსზე რიცხულ ავტომანქანასა და მესამე პირის გ------- ს----–---–ის ავტომანქანას შორის.
3. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს დამდგარი ზარალის ანაზღაურების თაობაზე, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა ანაზღაურებაზე 2015 წლის 31 დეკემბრის ხელშკრულების 5.11 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიუთითა, რომ უფლებამოსილი მძღოლის რ-------- ა--------ის მიერ უხეში გაუფრთხილებლობის შედეგად იყო გამოწვეული არსებული ზარალი, რომელიც შედიოდა საგამოკლისო შემთხვევათა ნუსხაში და შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევა არ ანაზღაურდებოდა.
4. შპს „ა------------ის“ მიერ წარმოდგენილი დეფექტური აქტების თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილ „ფ------ზე“ მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 13980,64 ლარი, ხოლო ავტომობილ „მ---------ზე“ მიყენებულმა ზიანმა კი - 4995 ლარი.
5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ე---------–ი ბიუროს 2016 წლის 04 აგვისტოს N0-------- დასკვნის თანახმად, „მოცემულ შემთხვევაში, ავტომობილ „მ--------- ბ--–ის“ მძღოლს გ------- ს----–---–ს ტექნიკური თავლსაზრისით საგზაო-სატრანსპორტო შემთხევის თავიდან აცილება შეეძლო, თუ ის იმოქმედებდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუქნტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.
მოცემულ შემთხვევაში ავტომობილ „ფ------ ტ--------“-ს მძღოლს რ-------- ა--------ს უგულვებელყოფილი აქვს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და და დანართი N2-ის 1.3. პუნქტების მოთხოვნები, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.“
6. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილები შეკეთებულია მოსარჩელის მიერ.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ს--- ს----------–--------------–ი ა-----მა და მოპასუხე სს „პ-------------ას“ მიმართ მოითხოვა თანხის დაკისრება.
სარჩელის საფუძვლები:
2015 წლის 31 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა ს----–-–------–----------- შესახებ ხელშეკრულება N1---. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ავტოტრანსპორტის სრული დაზღვევის მომსახურების შესყიდვა. 2016 წლის 12 აპრილს, დაახლოებით 22:30 საათზე, ქ------–--–------–--–---–ის ქუჩაზე მოსარჩელის ბალანსზე რიცხული „ფ------ის“ მარკის ავტომობილით, სახ.ნომრით F------, რომელსაც მართავდა რ-------- ა--------ი, მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგადაც დაზიანდა დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება, ასევე მესამე პირის გ------- ს----–---–ის მართვის ქვეშ მყოფი „მ---------ის“ მარკის ავტომანქანა, სახ.ნომრით W--------. აღნიშნული შემთხვევის თაობაზე ეცნობათ როგორც სამართალდამცავ ორგანოებს, ასევე სადაზღვევო კომპანიას, რომელსაც მიმართეს მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, თუმცა 2016 წლის 20 აპრილის წერილის თანახმად, მოპასუხე უარს აცხადებდა დამდგარი ზარალის ანაზღაურებაზე და საფუძვლად უთითებდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, სადაც აღნიშნული იყო, რომ რ-------- ა--------მა გადაწყვიტა საპირისპირო მიმართულებით გადასვლა და აღნიშნულის მიზნით გადაკვეთა უწყვეტი ღერძულა ხაზი, რამაც შედეგად ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია. მოპასუხე მხარე უთითებდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.11 პუნქტის „თ“ ქვეპუნტზე, რომლის მიხედვით, მზღვევლის მიერ არ ანაზღაურდებოდა სადაზღვევო შემთხვევა, თუ იგი გამოწვეული იყო უფლებამოსილი მძღოლის მიერ განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით. ადმინისტრაციული საქმის მასალების თანახმად, რ-------- ა--------მა გადაწყვიტა გადაეკვეთა, თუმცა მას არ გადაუკვეთავს ხაზი, ხოლო ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი კი არა ხაზის გადაკვეთა, არამედ მანევრირების წესები დარღვევა იყო, რომელიც არ შეიძლება ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ „უხეშ გაუფრთხილებლობად“ იქნეს მიჩნეული, რადგან ასეთი ქმედება „ჩვეულებრივი გაუფრთხილებლობაა“. ასევე აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 21 აპრილს მოქალაქე გ------- ს----–---–მა მომართა მოსარჩელეს მის მიმართ არსებული ზარალის ანაზღაურების თაობაზე, რომელიც შეადგენს 4995 ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ რ-------- ა--------ის ქმედება არ შეიძლება ჩაითვალოს განზრახ ან უხეშ გაუფრთხილებლობად, შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზარალის სრული ანაზღაურება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
მოპასუხის შესაგებელი:
8. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შესაგებლით, მხარემ არ სცნო სარჩელი და მიუთითა, რომ მხარეთა შორის ნამდვილად არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, თუმცა სწორედ მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რომელიც ასევე ითვალისწინედა საგამონაკლისო შემთხვევებს რა დროსაც არ ხდებოდა სადაზღვევო კომპანიის მიერ სადაზღვეო თანხის გაცემა, სწორედ ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, ვინაიდან 2016 წლის 12 აპრილს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა სწორედ მოსარჩელის ავტომანქანით მოსარგებლე რ-------- ა--------ის უხეშმა გაუფრთხილებლობამ გამოიწვია. ამასთან, მხარის წარმადგენლებმა მიუთითეს, რომ ტენდერის საფუძველზე მოხდა მხარეთა დაკავშირება და სწორედ ტენდერის პირობებში იყო ჩადებული ის პირობები, თუ რა შემთხვევაში არ მოხდებოდა სადაზღვევო კომპანიის მიერ ზარალის ანაზღაურება, მათ შორის მითითებული იყო 5.11 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტიც. ამდენად, სადავო ნორმა, როგორც ხელშეკრულების ერთ-ერთი პირობა, თავად მოსარჩელე მხარემ წარადგინა ჯერ კიდევ ტენდერის დროს, რომელზეც თანხმობა განაცხადა მოპასუხე მხარემ და აღნიშნულის საფუძველზე მხარეთა შორის დაიდო დაზღვევის ხელშეკრულება. ამდენად, ვინაიდან განსახილველი შემთხვევა არის ხელშეკრულების საგამონაკლისო ნორმებით გათვალისწინებული შემთხვევა, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ს--- ს----------–--------------–ი ა-----ის სარჩელი მოპასუხე სს „პ-------------ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.(იხ. გადაწყვეტილება)
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება გაასაჩივრა ს--- ს----------–--------------–ი ა-----მა.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
10.1. აპელანტის განმარტებით, არ იზიარებს სასამართლოს მსჯელობას, რომ მძღოლის რ-------- ა-------ის ქმედება განზრახი უხეში გაუფრთხილებლობაა მიუხედავად იმისა, რომ იგი არ იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, მოძრაობდა დაშვებული სიჩქარით, ამასთან იგი არც ნარკოტიკული და არც ფსიქოტროპული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ის ფაქტი, რომ სახეზეა დარღვევა, რამაც გამოიწვია სადაზღვევო შემთხვევის დადგომა სადავო არ არის და აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია კიდეც საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი დოკუმენტების მეშვეობითაც. დარღვევა რომ არ არსებობდეს ბრალის ფორმაც გამოირიცხებოდა, თუმცა დარღვევის არსებობა არ ნიშნავს, რომ გარკვეულია მისი ჩამდენის ბრალის ფორმაც. შესაბამისად, გაუგებარია რ-------- ა-------ის ქმედების „განზრახ უხეშ გაუფრთხილებლობად“ შერაცხვის საფუძვლები. თუ „ცალკე აღებული“ გ------- ს----–---–ის მოძრაობაც შესაძლოა ყოფილიყო საგზაო მოძრაობის წესებთან შეუსაბამო, რ-------- ა-------ის ქმედება რატომ შეიძლება ჩაითვალოს „განზრახ უხეშ გაუფრთხილებლობად“ აღნიშნულ ქმედებას შეჯახება რომც არ მოჰყოლოდა. რ-------- ა-------ის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა არ შეიძლება ჩაითვალოს უხეშ გაუფრთხილებლობად. ის რომ, რ-------- ა-------მა „ჩაიფიქრა“ საპირისპირო ზოლში გადასვლა და ჩაიდინა კიდეც სამართალდარღვევა, არ არის საკმარისი ნიშანი/კრიტერიუმი იმის დასაბუთებისათვის, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი გაუფრთხილებლობა. სადაზღვევო ხელშეკრულებით მზღვეველი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან თავისუფლდება, თუ შემთხვევა დადგა დამზღვევის განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით.
10.2. აპელანტის განმარტებით, რ-------- ა-------ი მოძრაობდა დასაშვები სიჩქარით, ფხიზელ მდგომარეობაში, მაგრამ ღერძულა ხაზის გადაკვეთით იმოქმედა გაუფრთხილებლად. არ არსებობს არგუმენტი იმის საჩვენებლად, რომ სახეზე არის ის საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც მზღვეველს შეუძლია მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმა. ეს ფორმა მაშინ გვაქვს სახეზე, როდესაც ძნელად წარმოსადგენია უფრო მძიმე დარღვევის არსებობა გაუფრთხილებელი ფორმით, როდესაც სამართალდამრღვევი ძალიან მაღალი ხარისხით უსაფუძვლოდ ვარაუდობს საზიანო შედეგის თავიდან აცილებას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ე---------–ი ა-----ი მიიჩნევს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული არ ყოფილა მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს თანხის ანაზღაურების ვალდებულება.
სამოტივაციო ნაწილი
11. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
12. პალატა იზიარებს პირველის ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს (წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტი) და დამატებით განმარტავს, რომ მხარეთა შორის სადავო არ არის ზიანის დადგომის ფაქტი, ზიანის გამომწვევი სუბიექტი, გადაცდომა და არამართლზომიერ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის კავშირი. აპელანტის მიერ სადავოდ არის გამხდარი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მძღოლის მართლსაწინააღმდეგო ქმედების განზრახ და უხეშ გაუფრთხილებლობად კვალიფიკაცია.
აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
12.1. 2015 წლის 31 დეკემბერს მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება N1--- ს----–-–------–----------- შესახებ, რომლის საგანს წარმოადგენდა ავტოტრანსპორტის სრული დაზღვევის მომსახურების შესყიდვა.
12.2. ს--- ს----------–--------------–ი ა-----ი სს „პ-------------ას“ მიმართ ითხოვს ზიანის ანაზღაურებას 13980.64 ლარის ოდენობით, რომელიც წარმოშობილი იქნა 2016 წლის 12 აპრილს ქ------–--–------–--–---–ის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მოსარჩელის ბალანსზე რიცხულ ავტომანქანასა და მესამე პირის გ------- ს----–---–ის ავტომანქანას შორის. მოსარჩელის ბალანსზე რიცხულ ავტომანქანას მართავდა რ-------- ა--------ი.
12.3. რ-------- ა--------ის ჩვენების თანახმად: „როდესაც დაიწყო გადასვლა მეორე ზოლში, რათა გადაეკვეთა ღერძულა ხაზი უწყვეტი, უეცრად გამოჩნდა მეორე ზოლში მოძრავი ავტომანქანა და შეეჯახა წინა მარჯვენა ფრთაში.“ (ტომი 1, ს.ფ. 31) აღნიშნული სამართალდარღვევის გამო დაჯარიმებულიც იქნა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.(ტომი 1, ს.ფ. 29)
12.4. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 04 აგვისტოს დასკვნის თანახმად ავტომობილ „ფ------ ტ--------“-ს მძღოლს რ-------- ა--------ს უგულვებელყოფილი აქვს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და და დანართი N2-ის 1.3. პუნქტების მოთხოვნები, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.“ (ტომი 1, ს..ფ. 79)
12.5. მხარეები სადაოდ არ ხდიან, რომ ს--- ს----------–--------------–ი ა-----ის მძღოლის რ-------- ა--------ის მიერ დარღვეული იქნა მოძრაობის წესები, კერძოდ, კი გადაკვეთილი იქნა ორმაგი ღეძულა ხაზი, რამაც გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა. (აპელანტის ახსნა-განმარტება, ტომი 1, ს.ფ. 164)
12.6. ს----–-–------–----------- შესახებ N1--- ხელშეკრულების 5.11. „კ“ ქვეპუნქტის თანახმად გათვალისწინებული იქნა გამონაკლისები, რომლებიც შეიძლება არ იქნეს ანაზღაურებული მზღვეველის მიერ „თუ სადაზღვევო შემთხვევა გამოწვეულია უფლებამოსილი მძღოლის მიერ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით“.
პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლს, რომლის თანახმად მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ამდენად, ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა და განხორციელება დამოკიდებულია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების (და არსებობის შემთხვევაში, ხელშეკრულების დანართების) პირობებსა და დათქმებზე, იმგვარად, რომ კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც წარმოადგენს სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს, მხარეების მიერ არსებითი პირობის სახით წინასწარ არის განსაზღვრული ხელშეკრულებაში.
ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: დამზღვევმა უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის causa proxima-ს არსებობა. მეორე მხრივ, მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი წარმოადგენს ხელშეკრულების გამონაკლისს, რის გამოც, მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის თანახმად მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.
მოცემულ შემთხვევაში პალატას მიაჩნია რომ, მძღოლის რ-------- ა--------ის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებისა და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების, ექსპერტიზის დასკვნის გამოკვლევის შედეგად მძღოლის ქმედება მის უხეში გაუფრთხილებლობაზე მიანიშნებს, რადგან მძღოლმა დაარღვია მანევრირების წესები და შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზი გადაკვეთა, რამაც გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა და დადგა ზიანი.
პალატა განმარტავს რომ, სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით. (იხ. საქმე №ას-745-713-2014).
სააპელაციო პალატა ზემოაღნიშნული ფაქტების შედეგად ასკვნის, რომ ამ ფაქტების ერთობლიობა იძლევა დამზღვევის მოქმედების უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასების საშუალებას და მოიხმობს საქართველოს უზეანაესი სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებას საქმეზე №ას-566-566-2018, სადაც აღნიშნულია, რომ “მძღოლის უხეშ გაუფრთხილებლობად დაკვალიფიცირება განეკუთვნება შეფასებით კატეგორიას და მისი დადგენა უნდა მოხდეს საგზაო მოძრაობის უშუალო მონაწილის კონკრეტული მოქმედების დადგენით და ამგვარი მოქმედებით დამდგარი შედეგის მიმართ მისი სუბიექტური დამოკიდებულებით. საქმეზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობით ცხადია, რომ შემთხვევის მონაწილე მძღოლი აცნობიერებდა მის მიერ განხორციელებული მანევრის კანონსაწინააღმდეგობას, აუცილებელი წინდახედულობის ნორმების სრული უგულებელყოფით და თვითიმედოვნებით გასწია გაუმართლებელი რისკი, უსაფუძვლოდ იმედოვნებდა რა ზიანის თავიდან არიდებასა და უშვებდა საფრთხეს, უხეშად დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანხმვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით“ და ამავე კანონის დანართის, საგზაო ჰორიზონტალური მონიშვნა 1.3-ის (ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა აკრძალულია) მოთხოვნები, უმიზეზოდ გადაკვეთა შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზი, რამაც გამოიწვია ორი სატრანსპორტო საშუალების დაზიანება, რაც თავისი შინაარსითა და შედეგებით სწორედ მძღოლის უხეშ გაუფრთხილებლობაზე მეტყველებს და, სსკ-ის 829-ე მუხლის გათვალისწინებით, ათავისუფლებს მზღვეველს დამზღვევის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების მოვალეობის შესრულებისაგან.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
13. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს--- ს----------–--------------–ი ა-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება.
3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: დიანა ბერეკაშვილი