განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 340210116001393936
საქმე №2ბ/519-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 იანვარი, 2019 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - დიანა ბერეკაშვილი
მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე, ბესარიონ ტაბაღუა
სხდომის მდივანი – ნათია ხოლოაშვილი
აპელანტი - ზ----- რ-----------ა
წარმომადგენელი - ნ------------------ე
მოწინააღმდეგე მხარე _ მ------ ბ-–--ე, ს--–---- ბ-–--ე, რ-–---- ბ-–--ე
წარმომადგენელი - პ-----------–--–--ა
დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ქონების მესაკუთრედ აღრიცხვა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
აღწერილობითი ნაწილი
1. 2013 წლის 22 თებერვალს მოსარჩელეს და მოპასუხეებს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, ზ----- რ-----------ამ თავისი კუთვნილი უძრავი ნივთი, მდებარე ქ---------–--------------------------, მიყიდა ს--–----, რ-–---- და მ------ ბ-–--ეებს. ხელშეკრულების თანახმად, მ------ ბ-–--ე ვალდებული იყო გადაეხადა შეძენილი ბინის საფასური- 7780 ლარი, რ-–---- ბ-–--ეს- 31 110 ლარი, ხოლო მ------ ბ-–--ეს- 31 110 ლარი, სულ ჯამში 70 000 ლარი;
2. 2013 წლის 22 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება, მდებარე ქ---------–--------------------------, საკადასტრო კოდი #------------ საჯარო რეესტრში თანამესაკუთრებაში აღირიცხა მ------, რ-–---- და ს--–---- ბ-–--ეების სახელზე.
3. გურჯაანის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ზ----- რ-----------ამ და მოპასუხეების მ------ ბ-–--ის, ს--–---- ბ-–--ის და რ-–---- ბ-–--ის მიმართ მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ქონების მესაკუთრედ აღრიცხვა.
სარჩელის საფუძვლები:
4. მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 22 თებერვალს ზ----- რ-----------ამ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე თავისი კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ---------–-------------------------- მიყიდა ს--–----, რ-–---- და მ------ ბ-–--ეებს. ნასყიდობის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებამდე მყიდველს გამყიდველისთვის ნასყიდობის ფასი არ გადაუხდია. სადავო ხელშეკრულების დადების მიზანი იყო ის, რომ მოპასუხეებს ნასყიდობის საგანი- უძრავი ქონება იპოთეკით დაეტვირთათ და ბანკიდან სესხი აეღოთ, რათა ამ თანხით თავიანთი ვალები დაეფარათ და მოსარჩელისთვის ხელშეკრულებაში მითითებული ნასყიდობის საფასური - 70 000 ლარი გადაეხადათ, მაგრამ მოპასუხეებმა მოატყუეს მოსარჩელე და შეძენილი ქონების საფასური არ გადაუხადეს. ვინაიდან გასხვისებული ქონების საფასურის მიღება ვერ შეძლო, იძულებული გახდა სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიემართა. 2015 წლის 09 ივლისს საქართველოს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოდან მიღებული პასუხით და მასზე დართული გასაუბრების ოქმებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხეები ნასყიდობის საფასურის გადახდას არ აპირებდნენ, კერძოდ, აღნიშნულ გასაუბრების ოქმებში მათ განმარტეს, რომ ზ----- რ-----------ას მათი მამის - ბ--------- ბ-–--ის ვალი აქვს, რომლის ნაწილი ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული თანხით იქნა გაქვითული. მოსარჩელე გასაუბრების ოქმებით დარწმუნდა, რომ მოპასუხეებმა იგი მოატყუეს და ნასყიდობის საფასურის გადახდას არ აპირებდნენ, ამიტომ სარჩელით მომართა სასამართლოს და ითხოვს ნასყიდობის ხელშეკრულების, როგორც მოტყუებით დადებული გარიგების, ბათილად ცნობას და ქონების მესაკუთრედ აღრიცხვას.
მოპასუხეთა შესაგებელი:
5. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და როგორც წარმოდგენილ შესაგებელში, ასევე სასამართლოში განმარტეს, რომ მოპასუხეების მხრიდან სადავო ხელშეკრულებით ნაკისრი რაიმე ვალდებულების დარღვევას, მათ შორის ნასყიდობის საფასურის გადაუხდელობას, ადგილი არ ჰქონია, რაც დასტურდება თბილისის საქალაქო სასამართლოს 09.11.2015 წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე № 2---------), რითაც დადგენილია, რომ რ-–---- ბ-–--ემ, მ------ ბ-–--ემ და ს--–---- ბ-–--ემ 2013 წლის 22 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილი ქ---------––-------------------------- მდებარე უძრავი ქონების საფასური ზ----- რ-----------ას სრულად გადაუხადეს, ამიტომ მოსარჩელის მოტყუების ფაქტს ადგილი არ ჰქონია და სარჩელი უსაფუძვლოა.
ზემოაღნიშნულის გარდა, მოპასუხეების წარმომადგენელმა მიუთითა, რომ გარიგების ბათილობის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა არის ხანდაზმული, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის საფუძველია.
6. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ----- რ-----------ას სარჩელი, მოპასუხეების მ------, ს--–---- და რ-–---- ბ-–--ეების მიმართ, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის და ქონების მესაკუთრედ აღრიცხვის შესახებ, არ დაკმაყოფილდა;
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ დასკვნებს:
6.1. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რომელიც, მოსარჩელის მოსაზრებით, მოტყუებით დადებულ გარიგებას წარმოადგენს, ხოლო მოტყუებას მოსარჩელე სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნასყიდობის ფასის გადახდას უკავშირებს და აცხადებს, რომ მყიდველს საფასური არ გადაუხდია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2013 წლის 22 თებერვალს ზ----- რ-----------ას ს--–---- ბ-–--ეს, მ------ ბ-–--ეს და რ-–---- ბ-–--ეს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ზ----- რ-----------ამ კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ---------–--------------------------, მიყიდა ს--–---- ბ-–--ეს, რ-–---- ბ-–--ეს და მ------ ბ-–--ეს. ხელშეკრულების თანახმად, მყიდველი ვალდებული იყო გადაეხადა შეძენილი ბინის საფასური, სულ ჯამში 70 000 ლარი .
მოცემულ შემთხვევაში № 2--------- სამოქალაქო საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 09.11.2015 წლის გადაწყვეტილებით, სადაც მოსარჩელეა ზ----- რ-----------ა, მოპასუხე მ------ ბ-–--ე, ს--–---- ბ-–--ე, რ-–---- ბ-–--ე, დავის საგანი: თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება, დადგენილია, რომ ზ----- რ-----------ამ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების მ------ ბ-–--ის, ს--–---- ბ-–--ის და რ-–---- ბ-–--ის მიმართ და 2013 წლის 22 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნასყიდობის საგნის- მდებარე ქ---------–-------------------------- საფასურის გადახდის დაკისრება მოითხოვა, ამიტომ № 2--------- სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კვლევის საგანს სწორედ იმ გარემოების დადგენა წარმოადგენდა, მყიდველმა შეასრულა თუ არა ვალდებულება და გადაიხადა თუ არა ხელშეკრულებით შეთანხმებული ფასი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.
მოცემულ შემთხვევაში № 2--------- სამოქალაქო საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 09.11.2015 წლის გადაწყვეტილებით, სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ რ-–---- ბ-–--ემ, მ------ ბ-–--ემ და ს--–---- ბ-–--ემ ზ----- რ-----------ას სრულად გადაუხადეს 2013 წლის 22 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილი უძრავი ქონების, მდებარე ქ---------–-------------------------- საფასური, რაც სსს კოდექსის 266-ე მუხლიდან გამომდინარე მოცემული დავისთვის უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს და მისი გადასინჯვა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო კოექსის 81-ე მუხლის თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებული იყო მოტყუებით. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ხელშეკრულება არ შეიძლება მიჩნეული იქნეს მოტყუებით დადებულ გარიგებად და მისი ბათილობის საფუძველი არ არსებობს.
7. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაასაჩივრა ზ----- რ-----------ამ.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
7.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში განმარტა, რომ 2013 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება არ წარმოადგენს მოტყუებით დადებულ გარიგებას და განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სადაც მოსარჩელეა ზ----- რ-----------ა მოპასუხე მ------, ს--–---- და რ-–---- ბ-–--ეები დავის საგანი თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება, სასამართლოს მიერ კვლევის საგანს წარმოადგენდა იმ გარემოების დადგენა, მყიდველმა შეასრულა თუ არა ვალდებულება და გადაიხადა თუ არა ხელშეკრულებით შეთანხმებული ფასი. სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა 2013 წლის 22 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილი უძრავი ქონების საფასურის სრულად გადახდა, რაც მოცემული დავისთვის უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენდა და მისი გადასინჯვა დაუშვებელია. ამასთან მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული იქნა ის გარემოება, რომ მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა მოტყუებით. სასამართლომ არასწორად შეაფასა და განმარტა, როგორც ფაქტობრივი გარემოებები, აგრეთვე არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. არ შეაფასა და არ გამოიკვლია მოსარჩელის მიერ მოძიებული და საქმეზე დართული მ------ ბ-–--ესთან და ს--–---- ბ-–--ესთან გასაუბრების ოქმები, რომლებიც შედგა ვაკე-საბურთალოს შსს მე-7 განყოფილებაში. გამომძიებლის მიერ დასმულ კითხვაზე, რომელიც შეეხება ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულ 70 000 ლარის მიღების ფაქტს, მ------ ბ-–--ემ განმარტა, რომ ნახსენები თანხა და კიდევ უფრო მეტი ზ----- რ-----------ას აქვს ბ--------- ბ-–--ის ვალი, რომლის ნაწილიც გაქვითული იქნა ხელშეკრულებაში მითითებული თანხით. ასევე წარდგენილი იქნა გასაუბრების ოქმი ს--–---- ბ-–--ესთან, რომელიც ანალოგიურ განმარტებას იძლევა. შსს თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს წერილის თანახმად ზ----- რ-----------ას აცნობებენ, რომ რ-–---- ბ-–--ესთან გასაუბრების ოქმი განყოფილებაში არ იძებნება, აგრეთვე არ არსებობს ს--–---- და მ------ ბ-–--ეების მიერ ოქმში მითითებული ბ--------- ბ-–--ის მიერ ვალის დადასტურების ფაქტი.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ დადებული იყო თუ არა ვალის ხელშეკრულება, ხოლო ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაშიც კი რა კავშირი ჰქონდა ნასყიდობის ხელშკრულების მხარეებს შორის დავაში სხვა პირის ვალის დადასტურებას, როდესაც მოპასუხეები იყვნენ სრულწლოვანი პირები და თავად კისრულობდნენ თანხის გადახდას. საქმეში არ მოიძებნება არანაირი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა თანხის გადახდას.
აპელანტის განმარტებით, მართალია სისხლის სამართლის წარმოების მასალებს არ გააჩნია პრეიუდიცია სამოქალაქო საქმეზე, მაგრამ როგორც სააპელაციო პალატამ განმარტა იგი წარმოადგენს მტკიცებულებას, მოწინააღმდეგე მხარე ვალდებულია წარმოადგინოს მისი გასაბათილებელი მტკიცებულება, რაც საქმეში არ მოიპოვება.
7.2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნანა ჩალათაშვილმა განიხილა ზ----- რ-----------ას სარჩელი მოპასუხეების რ-–----, მ------ და ს--–---- ბ-–--ეების მიმართ უკანონო მფობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით. 2016 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეების რ-–----, მ------ და ს--–---- ბ-–--ეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა და ზ----- რ-----------ას დაუბრუნდა ქ---------––------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში არსებული მოძრავი ნივთების ნაწილი, ხოლო დანარჩენი ნივთების დაბრუნებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში დადგენილ სადავო ფაქტობრივ გარემოებებში 3.2.1. და მიუთითა, რომ 2013 წლის 22 თებერვალს ზ----- რ-----------ამ მოპასუხეებს მიყიდა მხოლოდ ქ---------–------------------------ში საცხოვრებელი სახლის კუთვნილი წილი, ხოლო სახლში განთავსებული, მემკვიდრეობით მიღებული მოძრავი ნივთები არ გაუსხვისებია. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით და აპელანტის მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვის შესახებ და ხელშეშლის აღკვეთა დაკმაყოფილდა სრულად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღნიშნული გარემოება მოსამართლის თვითაცილების საფუძველს წარმოადგენდა, რადგან მოსამართლე ნანა ჩალათაშვილს დავის საგანთან დაკავშირებით გამოთქმული ჰქონდა წინასწარ აზრი. მოსამართლემ აღნიშნული გარემოება არ ჩათვალა აცილების საფუძვლად, განიხილა საქმე და დაასრულა ისეთივე შედეგით, რა აზრიც ჰქონდა გამოთქმული ნასყიდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, აღნიშნულით კი მოსარჩელეს დაერღვა სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლებაც.
აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.
სამოტივაციო ნაწილი
8. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
9. პალატა იზიარებს პირველის ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს (წინამდებარე განჩინების 6.1. პუნქტი) სარჩელის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით და დამატებით განმარტავს შემდეგს:
9.1. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს 2013 წლის 22 თებერვლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, როგორც მოტყუებით დადებული, ხოლო მოტყუების საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს ნასყიდობის ფასის გადაუხდელობაზე. აღნიშნული მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 81-84-ე მუხლები. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად კი ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხეებმა მოატყუეს მოსარჩელე და ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი თანხა არ მიუღია, ამასთან სასამართლომ არ გაითვალისწინა ფაქტობრივი გარემოებები, არ შეაფასა და არ გამოიკვლია მ------ და ს--–---- ბ-–--ეებთან გასაუბრების ოქმები, რომლებიც შედგა ვაკე-საბურთალოს შსს მე-7 განყოფილებაში, სადაც მათ ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულ თანხაზე აღნიშნეს, რომ მითითებული თანხა გაქვითული იქნა ბ--------- ბ-–--ის ვალში, ხოლო რ-–---- ბ-–--ესთან გასაუბრების ოქმი განყოფილებაში არ იძებნება, აგრეთვე არ არსებობს ს--–---- და მ------ ბ-–--ეების მიერ ოქმში მითითებული ბ--------- ბ-–--ის მიერ ვალის დადასტურების ფაქტი და არანაირი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა თანხის გადახდას.
აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლს, რომლის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ა) ფაქტები, რომლებსაც სასამართლო საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს; ბ) ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ; ამავე კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 09 ნოემბრის გადაწვეტილება, (თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 მარტის განჩინებით უცვლელად დარჩა აღნიშნული გადაწყვეტილება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 4 ივლისის განჩინებით ზ----- რ-----------ას საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად) შესულია კანონიერ ძალაში და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები მოცემულ საქმის მხარეებად გვევლინებიან. პალატა მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მოცემულ დავაზე პრეიუდიციულ, წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად უნდა იქნას მიჩნეული. გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები). (იხ. სუსგ # ას 341-326-16, 21,10.16, ას-710-2011 -09, 07.09.2009წ.) წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუ პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ. თავად პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას. პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება როგორც იმ პროცესუალურსამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები, ასევე, ამ გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივი გარემოების შინაარსს“ (იხ. სუსგ ას- 824-790-16, 23.12.16)
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 09 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ზ----- რ-----------ას სარჩელი, რომლითაც ითხოვდა განსახილველ სარჩელზე სადავო 2013 წლის 22 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნასყიდობის თანხის გადახდას და ზიანის ანაზღაურებას. თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 2013 წლის 22 თებერვალს ზ----- რ-----------ას რ-–---- ბ-–--ეს, მ------ ბ-–--ეს და ს--–---- ბ-–--ეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. რ-–---- ბ-–--ემ, მ------ ბ-–--ემ და ს--–---- ბ-–--ემ სრულად გადაუხადეს ზ----- რ-----------ას შეძენილი უძრავი ქონების, მდებარე ქ---------–-------------------------- საფასური. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ასევე საქმეში წარმოდგენილი ნოტარიულად დამოწმებული 22.02.2013 წლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების მე-4 პუნქტის თანახმად, მხართა განცხადებით სამივე მყიდველმა ნასყიდობის ფასი სრულად გადაუხადა გამყიდველს ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებამდე და გამყიდველმა სრულად მიიღო ნასყიდობის საფასური. (იხ. ს.ფ. 89 და 91 ტომი 1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 09 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების 3.2.2. პუნქტი, 22.02.2013 წლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, ს.ფ.17-21, ტომი 1)
რაც შეეხება ვაკე-საბურთალოს შსს მე-7 განყოფილებაში მოპასუხეთა გამოკითხვის ოქმებს, როგორც თავად აპელანტმაც სააპელაციო სასამართლო სხდომაზე განმარტა აღნიშნული დოკუმენტები წარდგენილი და შეფასებულ იქნა ჯერ კიდევ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს, აღნიშნულ დოკუმენტებზე დაყრდნობით თანხის დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ სამოქალაქო დავაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2016 წლის 29 მარტის განჩინებაშიც იმსჯელა და მიუთითა, რომ „მოპასუხეებთან გასაუბრების ოქმები სადაც ისინი ვალის გაქვითვაზე მიუთითებენ ნასყიდობის საფასურის გადაუხდელობის ფაქტის მტკიცების თვალსაზრისით არ წარმოადგენს 2013 წლის 22 თებერევალს სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-4 პუნქტით აღიარებული ფაქტობრივი გარემოების გამაბათილებელ რელევანტურ მტკიცებულებას. პალატამ განმარტა, რომ „ვალის გაქვითვა“ ვალდებულების შესრულების ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს და სამართლებრივი თვალსაზრისით, იგი არ აქარწყლებს სადავო თანხის გადახდის ფაქტობრივ გარემოებას. მოცემული გამოკითხვის ოქმებში ორივე მოპასუხე უარყოფს ზ----- რ-----------ას მიმართ შესასრულებელი ვალდებულების არსებობას და ცალსახად მიუთითებს, რომ მათ მოსარჩელის წინაშე ფულადი ვალდებულება არ გააჩნიათ.(იხ.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2016 წლის 29 მარტის განჩინების 4.3. პუნქტი, ს.ფ. 101, ტომი 1)
ამდენად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადგენილია ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, (ნასყიდობის ხელშეკრულების დადება, აქედან გამომდინარე მხარეთა შორის მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა და მყიდველის მიერ მისი შესრულება, ნასყიდობის საფასურის გადახდა) მოცემულ დავაზე ისინი წარმოადგენენ პრეიუდიციულ ფაქტებს, შესაბამისად პალატას დადგენილად მიაჩნია რომ 2013 წლის 22 თებერვლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეების რ-–---- ბ-–--ის, მ------ ბ-–--ის და ს--–---- ბ-–--ის მიერ მოსარჩელე ზ----- რ-----------ასთვის სრულად გადახდილია ნასყიდობის საგნის ღირებულება - 70 000 ლარი.
9.2. აპელანტის განმარტებით, მოსამართლე ნანა ჩალათაშვილმა განიხილა ზ----- რ-----------ას სარჩელი მოპასუხეების რ-–----, მ------ და ს--–---- ბ-–--ეების მიმართ უკანონო მფობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით და 2016 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში დადგენილ სადავო ფაქტობრივ გარემოებებში 3.2.1. მიუთითა, რომ 2013 წლის 22 თებერვალს ზ----- რ-----------ამ მოპასუხეებს მიყიდა მხოლოდ ქ---------–------------------------ში საცხოვრებელი სახლის კუთვნილი წილი, თუმცა აღნიშნულზე წარდგენილი ჰქონდა სარჩელი. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით და აპელანტის მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტმა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით განმარტა, რომ წინამდებარე სარჩელი მოსამართლის მიერ ორჯერ არ იქნა წარმოებაში მიღებული, ხოლო მესამედ როცა მათ მიერ სააპელაციო საჩივრით იქნა გასაჩივრებული მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება, რაც დაკმაყოფილდა და მხოლოდ შემდეგ მიიღო საქმე წარმოებაში, შესაბამისად მაშინვე იყო დაინტერესებული აღნიშნული საქმით, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად მოსამართლის თვითაცილების საფუძველს წარმოადგენს.
აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს და მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას (საქმეზე ას-152-148-2016, 03/06/2016) სადაც განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე-31-ე მუხლებით გათვალისწინებული მოსამართლის აცილების/თვითაცილების ინსტიტუტი სამართლიანი სასამართლოს პრინციპს ემსახურება და გარანტირებულს ხდის მხარის უფლებას, „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლის შესაბამისად, მისი საქმე განიხილოს დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა მოსამართლემ. საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმის განმხილველი შემადგენლობის აცილების საფუძვლები პირობითად შეიძლება დავყოთ ობიექტურ და სუბიექტურ კრიტერიუმებად, თუმცა, ისეთ ვითარებაში, როდესაც სასამართლო აქტითაა დადასტურებული, თუნდაც სუბიექტური წინაპირობის არსებობა (მაგ: სსსკ-ის 31.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი), სასამართლო ყოველთვისაა ვალდებული, განაცხადოს თვითაცილება, მიუხედავად იმისა, მხარე გამოხატავს თუ არა უნდობლობას მის მიმართ. მოსამართლის აცილების საკითხის განხილვისას უფრო მნიშვნელოვან გარანტიებს აწესებს ობიექტური მიუკერძოებლობის მოთხოვნა. ამასთან, იმ საქმეების უდიდეს უმრავლესობაზე, რომლებიც მიკერძოებულობის საკითხს ეხება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აქცენტს სწორედ ობიექტურობის ტესტზე აკეთებს. ობიექტურობის ტესტით უნდა დადგინდეს, თუ რამდენად აქვს ადგილი დადასტურებად ფაქტებს მოსამართლის ქცევისაგან დამოუკიდებლად, რომლებიც ეჭვს ბადებს ამ უკანასკნელის მიუკერძოებლობაში. აღნიშნულის ფარგლებში, იმის განსაზღვრისას, არსებობს თუ არა კონკრეტულ საქმეში ლეგიტიმური ეჭვი იმის შესახებ, რომ ესა თუ ის მოსამართლე ან ორგანო, რომელიც განიხილავს საქმეს, არ არის საკმარისად მიუკერძოებელი, მოცემული პირის პოზიცია არ არის გადამწყვეტი. გადამწყვეტი ამ შემთხვევაში არის ის, თუ რამდენად არის პირის ეჭვი მიკერძოების შესახებ ობიექტურად გამართლებადი ანუ რამდენად აქვს მას შიშის საფუძველი (იხ. ვეტსტაინი შვეიცარიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2000 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება; მიქალეფი მალტის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება; პადოვანი იტალიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1993 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება; პესკადორ ვალერო ესპანეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება). ნიშანდობლივია, რომ ობიექტურობის ტესტი უმეტესწილად ეხება იერარქიულ ან სხვა კავშირებს მოსამართლესა და სამართალწარმოების სხვა მონაწილეებს შორის (იხ. მილერი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2004 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის მიხედვით, მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ არის ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში. პალატა აღნიშნავს, რომ მოსამართლის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა წარმოადგენს მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირების უმთავრეს პრინციპს. იმისათვის, რომ მართლმსაჯულების სისტემამ შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს საქმის დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად განხილვა.
საქმის დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად განხილვაში კი იგულისხმება არა მხოლოდ მისი დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად განხილვა, არამედ აღქმა იმისა (საზოგადოების, განსაკუთრებით, მხარეთა მხრიდან), რომ საქმე სასამართლომ განიხილა დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად. "მართლმსაჯულება არა მხოლოდ უნდა განხორციელდეს, არამედ უნდა ჩანდეს კიდეც რომ განხორციელდა"
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლება განიმარტება კონვენციის პრეამბულიდან გამომდინარე, რომელიც კანონის უზენაესობას აცხადებს ხელშემკვრელი სახელმწიფოების საერთო მემკვიდრეობად. კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ ასპექტს წარმოადგენს უდავო სამართლებრივი რწმენა ... და შესაბამისად, სასამართლოს საქმიანობა არ უნდა იყოს დაყენებული კითხვის ნიშნის ქვეშ (European Court of Human Rights, Driza v. Albania, November 13, 2007).
მოსამართლეთა საყოველთაო ქარტიის მე-5 მუხლის თანახმად, სამოსამართლო საქმიანობის განხორციელებისას მოსამართლე უნდა იყოს მიუკერძოებელი და ეს უნდა იყოს გამოხატული. სასამართლო მიუთითებს, რომ მოვლენათა გარეგნულად გამოჩენის ფორმას - აღქმას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან ამ დროს სასწორზე დევს ის ნდობა, რომელსაც სასამართლოები ნერგავენ დემოკრატიულ საზოგადოებაში (MICALLEF v. MALTA, WETTSTEIN v. SWITZERLAND, MEŽNARIĆ v. CROATIA, European Court of Human Rights ). მართლმსაჯულება ვერ შეასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქციას ნდობის გარეშე, ვინაიდან სწორედ ნდობა არის მოსამართლის ლეგიტიმურობის საფუძველი და მისი უფლებამოსილების წყარო. დემოკრატიულ საზოგადოებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო იწვევდეს საზოგადოებაში ნდობას (PADOVANI v. ITALY, European Court of Human Rights). შესაბამისად, ნებისმიერი წინაღობა, თუ ეჭვი, რომელიც საფრთხეს უქმნის სასამართლოს მიმართ ნდობასა და რწმენას, თავიდან უნდა იქნეს აცილებული.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსამართლის აცილების ინსტიტუტი ემსახურება, ერთის მხრივ, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის განმტკიცებას და, მეორეს მხრივ, სწორედ სასამართლოს სისტემის მიმართ საზოგადოების (მხარეების, წამომადგენლების, ადვოკატების, მესამე პირების და, საერთოდ, გონიერი დამკვირვებლის) ნდობის მოპოვებასა და შენარჩუნებას. ზემოაღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, საქმის განხილვისას მოსამართლის აცილების წინაპირობას წარმოადგენს არა მხოლოდ მიუკერძოებლობის, არამედ მისი აღქმის არარსებობის საფრთხე, მიუხედავად იმისა, აღქმა ლეგიტიმურია თუ არა ანუ მიუკერძოებლობა უნდა შეფასდეს სუბიექტური და ობიექტური ტესტით (MICALLEF v. MALTA, European Court of Human Rights). სუბიექტური ტესტით შეფასებისას ყურადღება ექცევა კონკრეტული მოსამართლის პიროვნულ ქცევასა და მრწამსს ანუ რამდენად აქვს მოსამართლეს პირადი დაინტერესება და მიკერძოება საქმის მიმართ (MICALLEF v. MALTA, European Court of Human Rights). სუბიექტური ტესტისაგან განსხვავებით, ობიექტური ტესტი აწესებს დამატებით გარანტიებს და აცილების წინაპირობებს განმარტავს უფრო ფართოდ. ობიექტური ტესტით მოსამართლის მიუკერძოებლობის შეფასებისას მნიშვნელოვანია იმ პირის შეხედულება, რომელსაც საკითხი ეხება, აქვს თუ არა მას შიშის საფუძველი (MOREL v. FRANCE, PESCADOR VALERO v. SPAIN, European Court of Human Rights).
მოცემულ შემთხვევაში აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები მოსამართლის თვითაცილების საფუძვლებს არ წარმოადგენს, შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
10. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ----- რ-----------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი
მოსამართლეები: ბესარიონ ტაბაღუა
ქეთევან დუგლაძე