განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 120210118002455218
საქმე №2ბ/5531-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 იანვარი, 2019 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი
სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - გ-------– მ----
წარმომადგენელი - ე--------------–--ე
მოწინააღმდეგე მხარე - გ------- შ--------ე
წარმოამდგენელი - გ------- ი------ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება
აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება;
აღწერილობითი ნაწილი
1. 2018 წლის 08 აპრილს, დაახლოებით 08:00 საათზე, ხ-–------------------------–-----ში გამავალ საავტომობილო გზაზე მ---------ის მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო ნომრით - O--------, რომელსაც მართავდა გ-------– მ----, შეეჯახა გ------- შ--------ის კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებას - ტ----------------ს, სახელმწიფო ნომრით O--------.
2. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2018 წლის 08 აპრილს საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მიერ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი - საჯარიმო ქვითარი Nბ----------, რომლითაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით, დამრღვევ მძღოლად ცნობილ იქნა გ-------– მ----.
3. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გ------- შ--------ის მართვის ქვეშ მყოფმა ავტომანქანამ ტ----------------მა, სახელმწიფო ნომრით O--------, მიიღო მექანიკური დაზიანებები, კერძოდ დაზიანდა ძრავის სახურავი; წინა ბამპერი; წინა მარჯვენა და მარცხენა ფრთა, წინა მარჯვენა და მარცხენა მაშუქები; წინა მარცხენა კარები; უკანა მარჯვენა ფრთა.
4. ავტოავარიის შედეგად დაზიანებული ავტომანქანა ტ----------------ი, სახელმწიფო ნომრით O--------, გ------- შ--------ემ გაყიდა 8011,41 ლარად.
5. გ------- შ--------ემ სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს და მოპასუხე გ-------– მ----ს მიმართ მოითხოვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
სარჩელის საფუძვლები:
6. მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 08 აპრილს გ-------– მ---მა ხ-–----------------------------ში ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვა და დაეჯახა მოსარჩელის კუთვნილ ავტომობილს, რომლითაც მოძრაობდა იმავე მონაკვეთზე საპირისპირო ზოლში და მნიშვნელოვნად დააზიანა მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა ტ----------------ი. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდგომ საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი იქნა სამართალდარღვევის ოქმი Nბ----------, რომლითაც დაჯარიმებული იქნა გ-------– მ---- 250 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ როგორც დაზარალებულმა პირმა მიმართა აუდიტორულ კომპანია ,,კ---------ს“, რათა დაედგინა მიყენებული ზიანის ოდენობა, აღნიშნული კომპანიის დასკვნით ზიანმა შეადგინა 6750 ლარი. ვინაიდან ავტომანქანის აღდგენა არაეფექტური იყო, მოსარჩელემ გაყიდა აღნიშნული ავტომანქანა 8011,41 ლარად. მოსარჩელემ მოპასუხეს არაერთხელ მიმართა და ითხოვა ზიანის ანაზღაურება, თუმცა უშედეგოდ, მოპასუხე თავს არიდებს ვალდებულებას.
მოპასუხის შესაგებელი:
7. მოპასუხე გ-------– მ---მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდგომ მოსარჩელეს დაპირდა, რომ შეაკეთებდა დაზიანებულ ავტომობილს. ამის გამო ავტომაქანა მიუყვანა ხელოსანს, რომელმაც შეისწავლა დაზიანებები და ხელობის ჩათვლით მოსთხოვა 3000 ლარი. შესაბამისად, მის მიერ მიყენებული ზიანი შეადგენს 3000 ლარს, რა ნაწილშიც იგი ცნობს სარჩელს და თანახმაა აანაზღაუროს ზიანი.
8. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. გ-------– მ---ს (პ/ნ 4----------) გ------- შ--------ის (პ/ნ 3----------) სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული ზიანის 6750 ლარის ანაზღაურება. (იხ.გადაწყვეტილება)
9. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გ-------– მ---მა. აპელანტის განმარტებით:
9.1 სასამართლომ მთლიანად გაიზიარა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული კომპანია ,, კ---------ი,, -ს მიერ 2018 წლის 17 აპრილს გაცემული დასკვნა ნომრით O-------- , ზიანის შესახებ რაც დასკვნით წარმოადგენს 6750 ლარს, მაშინ როდესაც სასამართლო პროცესზე დადასტურდა რომ ექსპერტს საერთოდ არ ყავდა ნანახი ა/სატრანსპორტო საშუალება, ამასთან თავად დასკვნაში ექსპერტი მიუთითებს რომ მისთვის უცნობია ფარული ნაკლის არსებობა და იმ შემთხვევაში თუ ფარული, ანუ მისთვის უცნობი გარემოება იქნება წარმოჩენილი ამ შემთხვევაში დასკვნის რეალობას თავად ექსპერტი აყენებს ეჭვქვეშ, ამასთან სასამართლომ სრულიად უკანონოდ არ გაიზიარა, მის მიერ სასამართლოზე წარდგენილი სწორედ აღნიშნული ა/მანქანის ტ----------------ის სახ. ნომრით O-------- ის აუცილებელი მახასიათებელი, რაც მოსარჩელე გ------- შ--------ემ დაუმალა აუდიტს. კერძოდ, ინტერნეტ საიტიდან C------იდან წარმოდგენილი მონაცემები, სადაც მითითებულია ის უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი, რაც ერთია და მხოლოდ ასეთი კოდით არის შესაძლებელია კონკრეტულად ამ ავტომანქანის ნებისმიერი სხვა ა/მანქანიდან განსხვავება და მონაცემებით კი დადასტურებულია, რომ აღნიშნული ავტომანქანა, საიდენტიფიკაციო კოდით, ს/კ ი-------------------, საქართველოში შემოყვანისას არსებული ინფორმაციით ავტომანქანა იყო ნაავარიევი, იგი შეკეთებულია, შესაბამისად მასზე ჩატარებული აუდიტორული დასკვნა, რა თქმა უნდა ვერ იქნება რეალური სურათის ამსახველი, ასევე სასამართლომ არ გაიზიარა იმ ხელოსნის ჩვენებაც, რომელმაც ინტერნეტ საიტიდან C------იდან წარმოდგენილი მონაცემები ფაქტიურად დაადასტურა. აღნიშნული საიტი ყველასათვის ხელმისაწვდომია და წარმოდგენილი მონაცემების არარეალურობის შემთხვევაში მხარეს ეს შეეძლო დაედასტურებინა, თუმცა მონაცემები რეალური იყო და ვერაფერს წარმოადგენდა მხარე.
აღნიშნულის საფუძველზე აპელანტი ითხოვს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას, ხოლო თუ აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება შეიცვალოს ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გ------- შ--------ის სარჩელის მთლიანად დაკმაყოფილების ნაწილში და გ-------– მ---ს გ------- შ--------ის სასარგებლოდ, ზიანის ასანაზღაურებლად დაეკისროს 3000( სამი ათასი) ლარის გადახდა.
სამოტივაციო ნაწილი
10. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
პალატა იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ წინაპირობებთან დაკავშირებით და დამატებით განმარტავს, რომ მხარეთა შორის სადავო არ არის ზიანის დადგომის ფაქტი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. აპელანტის მიერ სადავოდ არის გამხდარი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით აუდიტორული კომპანია ,,კ---------ი,, -ს მიერ 2018 წლის 17 აპრილს გაცემული დასკვნა ნომრით O-------- , ზიანის შესახებ.
11. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
11.1. გ------- შ--------ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა, რომლის რეკვიზიტებია: ტ----------------ი, სახელმწიფო ნომრით O--------, ავტოსაგზაო შემთხვევის დროიდან გადაყვანილი იქნა ა---––---ში მოპასუხე გ-------– მ----ს მფლობელობაში. აღნიშნული ავტომანქანა გ-------– მ----ს მფლობელობაში იმყოფებოდა ერთი თვის მანძილზე, თუმცა გ-------– მ----ს მიერ ავტომანქანის შეკეთება არ მომხდარა. (იხ. 18.07.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი)
11.2. ავტომანქანის გასხვისება მოხდა ა---––---ში მხარეთა შეთანხმებით, ნასყიდობის თანხა მიიღო გ------- შ--------ემ, ამასთან მხარეები შეთანხმდნენ ავტომანქანის ღირებულების სხვაობის ანაზღაურებაზე. შესაბამისად, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის შეთანხმება მოხდა არა ავტომანქანის შეკეთებაზე, არამედ მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე. (იხ. 18.07.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი)
პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 992-ე მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარი და სტაბილური პრაქტიკა. მითითებული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მოხმობილი ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.(სუსგ ას-72-72-2018)
სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის. ზიანში, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე - პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით ან დაზიანებით, დაზარალებულის მიერ გამომუშავების დაკარგვის ან შემცირებით და ა.შ. დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ყველა ქონებრივი დანაკარგი, როგორც რეალური, ასევე გაშვებული მოგება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი მიმართულია არა ზიანის მიმყენებლის დასჯისაკენ, არამედ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაკენ, რომელიც არსებობდა უფლების ხელყოფამდე. მიყენებული ზიანის ოდენობის მტკიცების ტვირთი კი აწევს დაზარალებულს.
12. მოცემულ შემთხვევაში აპელანტი გ-------– მ---- სადავოდ ხდის აუდიტორული კომპანია ,,კ---------ი“ -ს მიერ გაცემულ დასკვნაში მითითებული ზიანის ოდენობას და აღნიშნავს, რომ ავტომანქანის შეფასება მოხდა ისე, რომ ექსპერტს ა/სატრანსპორტო საშუალება არ უნახავს და მისთვის უცნობი იყო ნივთის ფარული ნაკლის არსებობის თაობაზე, პალატა მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლს და განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრვი წონადობის თაობაზე.
ზემოაღნიშნულ ნორმეთა ანალიზის საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დელიქტური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი (ზიანი და მისი ოდენობა, მართსაწინააღმდეგო, ქმედება, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის) სწორედ მოსარჩელის მხარესაა, რომელთა დადასტურების (დამტკიცების) შემთხვევაში სწორედ მოპასუხეს ევალება მოსარჩელის მიერ დამტკიცებული ფაქტების გაქარწყლება, რაც, ბუნებრივია, საქმეში არსებული, მოსარჩელის მიერ წარდგენილი საპირწონე მტკიცებულებებით უნდა განახორციელოს.
პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შეთხვევაში, მოსარჩელე მხარემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში დაამტკიცა მოპასუხის მიერ მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულ იქნა ასევე მიყენებული ზიანის ოდენობა. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოსარჩელე მხარემ სრულად უზრუნველყო მის მხარეს არსებული მტკიცების ტვირთის რეალიზება და მოპასუხის მიერ მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობის დადასტურება. მოპასუხე მხარეს კი, გარდა ინტერნეტ საიტიდან C----- -იდან წარმოდგენილი მონაცემებისა და ხელოსნის ჩვენებისა სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში მითითებული ზიანის ოდენობის უსწორობას და გააქარწყლებდა მას, სასამართლოში არ წარმოუდგენია. პალატა განმარტავს, რომ აპელანტს არაკვალიფიციური შედავება აქვს წარმოდგენილი, რადგან მისი პრეტენზიები ძირითადად ეხება მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, თუმცა, მოპასუხეს არ წარუდგენია სასამართლოსათვის მოწინააღმდეგის მტკიცების გასაქარწყლებლად სამართლებრივად ვარგისი, სარწმუნო და დამაჯერებელი, მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საპირწონე არც ერთი მტკიცებულება. მოპასუხე მხარეს სარჩელის საფუძვლიანობისა და დასაბუთებულობის უარყოფის მიზნით არ მიუთითებია ისეთ ფაქტობრივ გარემოებაზე, არ წარუდგენია ისეთი მტკიცებულება, რაც სააპელაციო სასამართლოს მისცემს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. შესაბამისად, სააპელაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს აპელანტის პრეტენზიას ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სწორად დაადგინა მოსარჩელისათვის მოპასუხის მიერ მიყენებული ზიანის ოდენობა.
13. სააპელაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს აპელანტის პრეტენზიას აუდიტორული კომპანია ,,კ---------ი“ -ს მიერ 2018 წლის 17 აპრილს გაცემული დასკვნის არარელევანტურ მტკიცებულებად მიჩნევასთან დაკავშირებით და განმარტავს, სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნებისათვის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით ადგენს მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტს, რომლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, არამედ, სასამართლო დასაშვებად ცნობილ მტკიცებულებებს აფასებს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, რა დროსაც ხდება მათი როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთობლიობაში შესწავლა, სწორედ ამ გზით არკვევს სასამართლო კონკრეტული მტკიცებულების დამაჯერებლობას, მის იურიდიულ სარწმუნოობას. რაიმე გამონაკლისი ამა თუ იმ მტკიცებულების, მათ შორის იმ საწარმოს მიერ გაცემული დოკუმენტის მიმართ რომელმაც მოსარჩელეს გაუწია მომსახურება და გასცა შესაბამისი დასკვნა, დადგენილი არ არის. შესაბამისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სხვა მტკიცებულების არარსებობის პირობებში პირველი ინსტანციის სასამართლო ზიანის ოდენობის დადგენისას, მართებულად დაეყრდო წარმოდგენილ აუდიტურ დასკვნას და მის საფუძველზე სწორად დაადგინა მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა. პალატა განმარტავს რომ მოპასუხე მხარეს, რომელიც სადავოდ ხდის აუდიტორული კომპანია ,,კ---------ი“ -ს მიერ 2018 წლის 17 აპრილს მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე განსაზღვრული ზიანის ოდენობას, შეეძლო წარმოედგინა ისეთი შინაარსის მტკიცებულებები, რომლებიც შესაძლოა გააქარწყლებდა მოსარჩელის პოზიციას ზიანის ამგვარად შეფასებასთან დაკავშირებით, თუმცა მოპასუხეს არ წარმოუდგენია ისეთი მტკიცებულება, რომელსაც შესაძლოა გაექარწყლებინა აუდიტორული კომპანია ,,კ---------ი“ -ს მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე განსაზღვრული ზიანის ოდენობა. მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი ინტერნეტ საიტიდან C----- -იდან წარმოდგენილი მონაცემები და ხელოსნის ჩვენება პალატას არ მიაჩნია იმ სახის მტკიცებულებად, რასაც შეეძლო შეემცირებინა ან გაექარწყლებინა მოსარჩელის მიერ წარდგენილი აუდიტური კომპანია „კ---------ის“ მიერ გაცემული დასკვნით დადგენილი მატერიალური ზიანის ოდენობა. ამდენად, პალატა განმარტავს რომ მოპასუხე ვალდებულია აუდიტის დასკვნა არგუმენტირებულად, სათანადო და დასაშვები მტკიცებულებების მოშველიებით უარყოს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს. აპელანტის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიერ ვერ მოხდა ავტომანქანის შეფასება, რადგან ავტომანქანა გაყიდული იქნა 2018 წლის 18 აპრილს, ხოლო სარჩელი კი წარდგენილი იქნა 2018 წლის 21 მაისს. აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან როგორც მხარეთა ახსნა-განმარტებით დგინდება ავტომანქანა ავტოსაგზაოშემთხვევის დროიდან გადაყვანილი იქნა ა---––---ში მოპასუხესთან, სადაც იმყოფებოდა გასხვისებამდე ერთი თვე და აპელანტის მიერ ავტომანქანის არც შეფასება მომხდარა და არც შეკეთება. („მტკიცებულებათა სახეები, რომელიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად, ამომწურავადაა განსაზღვრული სსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით. არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით, აგრეთვე, არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა წინასწარ არ არის განსაზღვრული და მისი ძალა და მნიშვნელობა სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა. მათი უტყუარობისა თუ სიყალბის შესახებ მოსაზრებები შეიძლება გამოთქვან არა მარტო მხარეებმა, არამედ მესამე პირებმა, აგრეთვე, სპეციალისტებმა და ექსპერტებმა, თუ ისინი მონაწილეობენ პროცესში. საბოლოოდ კი, წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე ექსპერტის დასკვნა სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის მიერ მოკვლეული საკითხის ირგვლივ გაკეთებული შეფასებაა. ექსპერტის დასკვნის შეფასებისას (იმდენად, რამდენადაც დასკვნა სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება), ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილის შედეგი აისახება საბოლოო დასკვნაში“... იხ. საქმე #ას459 -438-15, 07.10.2015 წელი);
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების პირობებში სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასებები გააკეთა საქმისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით და სწორად შეაფასა მხარეთა შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობები, რის შედეგადაც სასამართლო მივიდა სწორ გადაწყვეტილებამდე. აქედან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გ-------– მ----ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
14. საპროცესო ხარჯები:
აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ-------– მ----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: დიანა ბერეკაშვილი