განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017002138134
საქმე N3ბ/177-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
13 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი) - შოთა გეწაძე
მოსამართლეები - ილონა თოდუა, ნინო ქადაგიძე
სხდომის მდივანი - მარინე კახაძე
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
წარმომადგენელი - თ----- ტ--–----ე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „კ-------- ს--–----- S----- C------” (ს/ნ----------);
წარმომადგენელი - ლ---- ა-–----–---–-;
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2012 წლის 16 თებერვლის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N------;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 25 აპრილის ბრძანება N-----;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება (საჩივარი N-----------).
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო და მოითხოვა, რომ არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო.
2.2. მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი აქტები გამოცემულია კანონის შესაბამისად და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
მოსარჩელე შპს ,,კ-------- ს--–----- S----- C-------ს“ (ს/ნ-----------) სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების მომსახურების დეპარტამენტის 2012 წლის 16 თებერვლის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N------. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 25 აპრილის ბრძანება N-----. ასევე, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება (საჩივარი N-----------0.)
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილმა პირმა 16.02.2012 წლის 12:00 საათზე შეადგინა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N------. ოქმში მიეთითა: საგადასახადო სამართალდარღვევის შინაარსი: დარღვეულია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის N96-ე დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები, კერძოდ განსაზღვრული საფასურის გადახდის გარეშე წარმოადგინა 2010 წლის მოგების და ქონების წლიური დეკლარაციები. სამართალდამრღვევი: შპს „კ-------- ს--–----- S----- C------” (ს/ნ----------); შეფარდებული სანქცია სსკ-ის 291-ე მუხლით, ფულადი ჯარიმა 200 ლარი.
4.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 29 თებერვლის N-------- შეტყობინების - საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ - თანახმად, შპს „კ-------- ს--–----- S----- C------”-ის (ს/ნ----------) ეცნობა, რომ საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე მის ნებისმიერი სახის ქონებაზე წარმოშობილია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ( ს.ფ. 24; ს.ფ. 57).
4.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 28 დეკემბრის N----- ბრძანებით, შპს „კ-------- ს--–----- S----- C------” (ს/ნ----------)-ის 2016 წლის 7 დეკემბრის საჩივარი დარჩა განუხილველი.
დავის საგანი: სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2012 წლის 16 თებერვლის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N------; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 29 თებერვლის N-------- შეტყობინება სამართლებრივი საფუძველი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე ,,ე" მუხლი.
4.4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 02 მარტის N------------- გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საჩივარი არსებითად განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
4.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 25 აპრილის N------ ბრძანებით, 1) შპს „კ-------- ს--–----- S----- C------” (ს/ნ----------)-ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 2) შპს „კ-------- ს--–----- S----- C------” (ს/ნ----------)-ს 2012 წლის 16 თებერვლის N------ საგადასახადო სამართალდაარღვევების ოქმით დაკისრებული ჯარიმების ნაცვლად, სანქციის სახით შეეფარდა გაფრთხილება; 3) დაევალა მომსახურების დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება.; 4) დაევალა ადმინისტრირების დეპარტამენტს მომსახურების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული კორექტირების შედეგების გათვალისწინებით საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიებები განეხორციელებინა მხოლოდ კორექტირებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 58-59); (ს.ფ. 41-46).
4.6. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საჩივარი N-----------) 1) საჩივარი დაკმაყოფილდა; 2) ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 25 აპრილის N----- ბრძანება.; 3) მომჩივანი გათავისუფლდა სანქციის სახით შეფარდებული გაფრთხილებისაგან.
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1 სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს სადავოდ გამხდარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას, ვინაიდან მან საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, დაზღვეული საფოსტო გზავნილით/მატერიალური ფორმით წარადგინა დეკლარაციები, ვინაიდან, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის N96 დადგენილებით განსაზღვრული საფასურის გადაუხდელობა არ წარმოადგენს საგადასახადო სამართალდარღვევას და ამ ნორმის გავრცელება საქართველოს საგადასახადო კოდექსის კოდექსის 291-ე მუხლის მოთხოვნებზე არის კანონშეუსაბამო.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის III კარის V თავის დებულების თანახმად, საგადასახადო ორგანოს გააჩნია კანონისმიერი ვალდებულება გადასახადის გადამხდელისათვის წერილობითი/ელექტრონული ფორმით ინფორმაციის მიწოდების თაობაზე .
სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 45-ე მუხლის (ამოღებულია 26.12.2013. N1886) 2012 წლის 16 თებერვლისათვის მოქმედ რედაქციაზე, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელისათვის გასაგზავნი ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, დოკუმენტი/წერილი ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი გაიგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით (ასეთ შემთხვევაში დოკუმენტის/ წერილის ჩაბარების თარიღად ითვლება ადრესატის მიერ საფოსტო გზავნილით დოკუმენტის/წერილის მიღების თარიღი) ან პირადად გადაეცა გადასახადის გადამხდელს ან მის კანონიერ ან/და უფლებამოსილ წარმომადგენელს.
სასამართლომ აგრეთვე მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 46-ე მუხლის 2012 წლის 16 თებერვლისათვის მოქმედ რედაქციაზე, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს გაუგზავნოს წერილობითი განმარტება, რომელიც გამოხატავს მის პოზიციას პირის მიერ შესრულებული ან შესასრულებელი სამეურნეო ოპერაციის განხორციელებისას საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების შესახებ. აღნიშნული განმარტება არის რეკომენდაცია.
სასამართლო აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელე არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. მოსარჩელემ საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, საგადასახადო ორგანოში წარადგინა 2010 წლის მოგების და ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციები, დეკლარაციები წარდგენილი იქნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით/მატერიალური ფორმით, ამასთან, დეკლარაციები წარდგენილი იქნა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის N96 დადგენილების 76-ე გრაფით განსაზღვრული მატერიალური ფორმის საგადასახადო დეკლარაციის მიღების საფასურის გადახდის (30 ლარი) გარეშე.
სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება და მიიჩნია, რომ მხოლოდ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის N96 დადგენილების 76-ე გრაფით განსაზღვრული მატერიალური ფორმის საგადასახადო დეკლარაციის მიღების საფასურის გადაუხდელობა, თავისთავად არ წარმოადგენს საგადასახადო სამართალდარღვევას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274.1. მუხლის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს პირის მიერ საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისათვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა.
ამასთან, მატერიალური ფორმის საგადასახადო დეკლარაციის მიღების საფასურის გადახდის გარეშე წარდგენის შემთხვევაში, სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მომენტისათვის მოქმედი საგადასახადო კოდექსის 44-ე, 45-ე 46-ე მუხლების დებულებათა იმპერატიული დანაწესის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გააჩნდა კანონისმიერი ვალდებულება, საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით მიეწოდებინა გადასახადის გადამხდელისათვის შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის N96 დადგენილების 76-ე გრაფით განსაზღვრული მატერიალური ფორმის საგადასახადო დეკლარაციის მიღების საფასურის, საფასურის ოდენობის და საფასურის გადაუხდელობის შედეგების თაობაზე, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. (არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცება)
6. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება.
6.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭომ 2017 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გააუქმა შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 25 აპრილის N----- ბრძანება და მომჩივანი გაათავისუფლა სანქციის სახით შეფარდებული გაფრთხილებისგან.
აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს იმ განმარტებას, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის არც ერთი მუხლით არ არის გათვალისწინებული, რომ დაზღვეული საფოსტო გზავნილით/მატერიალური ფორმით გაგზავნილი დეკლარაციის საფასურის გადაუხდელობა წარმოადგენს კოდექსით განსაზღვრულ სამართალდარღვევას, რომელსაც თან სდევს პასუხისმგებლობა. შესაბამისად, სასამართლომ იმ მიზეზით გააუქმა სადავო ადმინისტრაციული აქტები, რომ არ არსებობდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტი.
სამინისტრო არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას ზოგადად სამართალდარღვევის ფაქტის არარსებობის თაობაზე, ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შინაარსიდან გამომდინარე, საგადასახადო კანონმდებლობა შედგება, მათ შორის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისგან, რომელთა შეუსრულებლობა ასევე წარმოადგენს კანონდარღვევას და იგი სავალდებულოა შესასრულებლად ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი ყურადღებას ამახვილებს შემოსავლების სამსახურის მომსახურების გაწევისთვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის N96 დადგენილების 76-ე გრაფაზე, რომლის მიხედვით, განსაზღვრული იყო მატერიალური ფორმის საგადასახადო დეკლარაციის მიღების საფასური, რომლის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა ევალებოდა დეკლარანტს, რაც გადამხდელის მიერ არ განხორციელებულა.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
7.2. საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, „გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს არ შეასრულოს საგადასახადო ორგანოს კანონსაწინააღმდეგო აქტი ან მოთხოვნა“.
ამავე კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუქნტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები. ამავე ნორმის მე-4 ნაწილით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
მითითებული კოდექსის 44-ე მუხლის მე-13 ნაწილით, გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს დეკლარაცია შეიძლება წარუდგინოს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით, ხოლო მე-15 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის დოკუმენტის ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის გაგზავნის თარიღი. ამასთანავე, დოკუმენტზე რეაგირებისათვის ვადა აითვლება საფოსტო გზავნილის საგადასახადო ორგანოსათვის ფაქტობრივად ჩაბარების დღის მომდევნო დღიდან.
ამ კოდექსის 46-ე მუხლით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს გაუგზავნოს წერილობითი განმარტება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების შესახებ. აღნიშნული განმარტება არის რეკომენდაცია.
განსახილველ შემთხვევაში, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 16.02.2012 წლის N------ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე მოსარჩელეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის საფუძველზე შეეფარდა ჯარიმა 200 (ორასი) ლარი. საგადასახადო სამართალდარღვევის შინაარსია: საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის N96-ე დადგენილებით განსაზღვრული საფასურის გადახდის გარეშე წარმოადგინა 2010 წლის მოგების და ქონების წლიური დეკლარაციები.
პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის N96 დადგენილების 76-ე გრაფაზე, რომლის მიხედვით, ამ ,,წესის" 69.1. მუხლის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამ ნორმის მე-2 ნაწილით საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მოიცავს საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას სამართალდარღვევის ოქმის შედგენის, საქმის განხილვის, სანქციის შეფარდების, გადაწყვეტილების მიღების და მიღებული გადაწყვეტილებების აღრიცხვის პროცედურებს., ამ მუხლის მე-3 ნაწილით, საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს შესაბამისი საგადასახადო ორგანო ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი, ხოლო მე-4 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევის საქმისწარმოების დაწყების საფუძველია საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენა, რაც ფიქსირდება №30 დანართის შესაბამისი ოქმით ან საგადასახადო შემოწმების აქტით.
განსახილველ შემთხვევაში, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ შპს „კ-------- ს--–----მა“ საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, საგადასახადო ორგანოში წარადგინა 2010 წლის მოგების და ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციები, დეკლარაციები წარდგენილი იქნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით/მატერიალური ფორმით, ამასთან დეკლარაციები წარდგენილი იქნა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის N96 დადგენილების 76-ე გრაფით განსაზღვრული მატერიალური ფორმის საგადასახადო დეკლარაციის მიღების საფასურის გადახდის (30 ლარი) გარეშე.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტებას, რომ მხოლოდ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის N96 დადგენილების 76-ე გრაფით განსაზღვრული მატერიალური ფორმის საგადასახადო დეკლარაციის მიღების საფასურის გადაუხდელობა, თავისთავად არ წარმოადგენს საგადასახადო სამართალდარღვევას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274.1. მუხლის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს პირის მიერ საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისათვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა.
ამასთან, მატერიალური ფორმის საგადასახადო დეკლარაციის მიღების საფასურის გადახდის გარეშე წარდგენის შემთხვევაში, სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მომენტისათვის მოქმედი საგადასახადო კოდექსის 44-ე, 45-ე 46-ე მუხლების დებულებათა იმპერატიული დანაწესის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გააჩნდა კანონისმიერი ვალდებულება, საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით მიეწოდებინა გადასახადის გადამხდელისათვის შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის N96 დადგენილების 76-ე გრაფით განსაზღვრული მატერიალური ფორმის საგადასახადო დეკლარაციის მიღების საფასურის, საფასურის ოდენობის და საფასურის გადაუხდელობის შედეგების თაობაზე, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ამდენად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება შპს „კ-------- ს--–----- S----- C------”-ს (ს/ნ----------) მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, მითუმეტეს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო უკან მოეთხოვა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის N96 დადგენილების 76-ე გრაფით განსაზღვრული მატერიალური ფორმის საგადასახადო დეკლარაციის მიღების საფასური (30 ლარი).
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტების მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება.
8. პროცესის ხარჯები:
8.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე აპელანტები გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლეები:
შოთა გეწაძე -
ილონა თოდუა -
ნინო ქადაგიძე -