განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.01.2019
საქმის ნომერი
020210017002200218
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
23.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020210017002200218

საქმე №2/ბ-919-18წ.

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

 

23 იანვარი 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე

 

სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე

 

საჩივრის ავტორი (აპელანტი, მოსარჩელე): კ------------- რუ---ე (არ გამოცხადდა)

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე): გ------- თ------, ჯ--- ლა-------, ვ-–-------- ლა-------

წარმომადგენელი: კ------- ტა-------, ს---–--- ძი----

დავის საგანი: თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 07 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა: გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება

 

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული

გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

2017 წლის 04 დეკემბერს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა კ------------- რუ---ემ, მოპასუხეებად დაასახელა გ------- თ------, ჯ--- ლა-------, ვ-–-------- ლა------- და 2013 წლის 14 მაისიდან-28 მაისის ჩათვლით პროდუქციის მიწოდებიდან წარმოშობილი დავალიანების-4111,9 ლარის მის სასარგებლოდ მოპასუხეთათვის სოლიდარულად გადახდის დაკისრება მოითხოვა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილებით, კ------------- რუ---ის სარჩელი, მოპასუხეთათვის 4111.9 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ------------- რუ---ემ, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით, კ------------- რუ---ის სააპელაციო საჩივარი განსახილველად იქნა მიღებული და დაინიშნა მისი განხილვა სასამართლოს მთავარ სხდომაზე 2018 წლის 07 ნოემბერს, 13:00 საათზე.

დადგენილია, რომ 2018 წლის 07 ნოემბერს, 13:00 საათზე დანიშნული სასამართლოს მთავარი სხდომის დროისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე, აპელანტი გაფრთხილებული იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე, ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი უწყებით, რაც პირადად ჩაბარდა კ------------- რუ---ეს-2018 წლის 01 ნოემბერს.

2018 წლის 07 ნოემბერს, 13:00 საათზე, სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი მხარე, თუმცა იმავე დღეს სასამართლოში, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წარმოდგენილი იქნა მისი შუამდგომლობა სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე.

შუამდგომლობის ავტორმა აღნიშნა, რომ ცხოვრობდა თბილისში, გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებდა მოკლე დროში ქუთაისში ჩამოსვლას. გარდა ამისა, არ ჰყავდა ადვოკატი, პირადად არ ჰქონდა სამართლებრივი ცოდნა და მოკლებული იყო შესაძლებლობას მეორე ინსტანციის სასამართლოში დაეცვა მისი ინტერესები.

ვინაიდან, სააპელაციო საჩივარში წარდგენილი ჰქონდა შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოდან საქმის გამოთხოვის თაობაზე, ასევე ადვოკატის ასაყვანად ესაჭიროებოდა დრო, ითხოვა სხდომის სხვა დროისათვის გადადება.

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებმა კ------- ტა-------მ და ს---–--- ძი----მ უარი განაცხადეს საქმის განხილვის გადადებაზე და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 07 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით აპელანტის, კ------------- რუ---ის შუამდგომლობა საქმის გამოთხოვისა და სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;

მოწინააღმდეგე მხარის, გ------- თ------ს, ჯ--- ლა-------ს, ვ-–-------- ლა-------ს წარმომადგენლის, კ------- ტა-------ს, ასევე, გ------- თ------ს წარმომადგენლის, ს---–--- ძი----ს შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა;

კ------------- რუ---ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; დარჩა უცვლელად, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილება.

2018 წლის 19 დეკემბერს, კ------------- რუ---ემ საჩივარი წარმოადგინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და სსკ-ის 233-ე და 241-ე მუხლებზე მითითებით, ამავე სასამართლოს 2018 წლის 07 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

საჩივრის ავტორის განმარტებით, 2018 წლის 07 ნოემბერს, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მის მიერ გაგზავნილი იქნა შუამდგომლობა სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე. აღნიშნული შუამდგომლობით მან სასამართლოს აცნობა სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზები კერძოდ:

1) არ ჰყავდა ადვოკატი და არ ჰქონდა შესაბამისი ცოდნა, რომ მეორე ინსტანციის სასამართლოში დაეცვა მისი ინტერესები;

2) ცხოვრობდა თბილისში და მოკლე დროში ვერ ახერხებდა ქუთაისში ჩასვლას.

ამდენად, სასამართლო ინფორმირებული იყო იმ ობიექტური გარემოების შესახებ, რამაც განაპირობა პროცესზე მისი გამოუცხადებლობა.

ვინაიდან, დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი არსით გარკვეულწილად არის მხარის მიმართ გამოყენებული სანქცია საქმის განხილვისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო, ზემოაღნიშნული გარემოებები კი ადასტურებდნენ, რომ მას, არც უპატივცემულობა გამოუხატავს სასამართლოს მიმართ და არც გულგრილად მოკიდებია აღნიშნულ საკითხს, შესაბამისად, სასამართლოს არ შეიძლებოდა შექმნოდა საფუძველი დასაბუთებული ვარაუდისა, რომ პროცესზე არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით.

აღნიშნული საქმის მიმართ ინტერესი რომ არ ჰქონოდა, არც შუამდგომლობას დააყენებდა საქმის გადადების თაობაზე.

სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარის ახსნა-განმარტება, თვლის, რომ კ------------- რუ---ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის “ბ” პუნქტისა და 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული გარემოება.., ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს საჩივრის ავტორის მითითებას იმის თაობაზე, რომ გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ობიექტური გარემოებით, რასაც საჩივრის ავტორის მოსაზრებით წარმოადგენს ის გარემოება, რომ 1) ცხოვრობს თბილისში და მოკლე დროში ვერ ახერხებს ქუთაისში ჩამოსვლას, 2) არ ჰყავს ადვოკატი, პირადად კი არ აქვს სამართლებრივი ცოდნა და მოკლებულია შესაძლებლობას მეორე ინსტანციის სასამართლოში დაიცვას მისი ინტერესები.

პალატა აღნიშნავს, რომ კ-------------- რუ---ე პირველი ინსტანციის სასამართლოში სარგებლობდა წარმომადგენლის მომსახურებით, ამასთან მის მიერ სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილი იქნა ჯერ კიდევ 2018 წლის 21 აგვისტოს, ხოლო სასამართლო სხდომის დღის თაობაზე ეცნობა 2018 წლის 01 ნოემბერს.

ამდენად, აპელანტს ჰქონდა გონივრული ვადა იმისათვის, რომ სასამართლო სხდომაზე თავისი უფლებების დასაცავად აეყვანა ადვოკატი, ასევე 2018 წლის 07 ნოემბერს, დღის 13:00 საათზე გამოცხადებულიყო ქუთაისში, სასამართლო სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად.

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 2018 წლის 07 ნოემბერს, სასამართლოს მთავარ სხდომაზე კ------------- რუ---ის გამოუცხადებლობის თაობაზე, საჩივარში მითითებული გარემოებები, არ მიეკუთვნება სსკ-ის 215.3 მუხლით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზებს, არ მიეკუთვნება სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებებს, რაც გამორიცხავს საჩივრის დაკმაყოფილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. კ------------- რუ---ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს ძალაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 07 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება;

3. განჩინება, დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე