განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.02.2019
საქმის ნომერი
150310018002332541
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
15.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №150310018002332541

საქმე N3ბ/3018-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

15 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

სხდომის მდივანი - მარინე კახაძე

 

აპელანტი (მესამე პირი 16.2) - გ------- ბ--------, ა-------- ბ--------, ე-–--- ბ--------;

წარმომადგენელი - დ------ ა-----–---;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ----- გ----------;

წარმომადგენელი - ნ------- გ---------;

 

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი;

წარმომადგენელი - თ----- ა---–-------;

 

მოპასუხე - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია;

 

მესამე პირი (ა.ს.კ. 16.2) - დ----- ბ--------;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნას ცნობილი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მიერ 2017 წლის 23 აგვისტოს შედგენილი მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების N------ ოქმი;

 

1.2. ბათილად იქნას ცნობილი, ქ.ნ----–------ში, ყ-----ს ქუჩაზე 553 კვ.მ. მიწის ნაკვეთის იდენტურობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსადმი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 25 აგვისტოს N------- მიმართვა;

 

1.3. ბათილად იქნას ცნობილი, გ------- ბ--------ს სახელზე უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდით N 6----------- საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 30 სექტემბრის N--------------- გადაწყვეტილება ზედდების ნაწილში;

 

2. მოპასუხეთა პოზიცია:

2.1. მოპასუხე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის პოზიცია:

 

მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2017 წლის 23 აგვისტოს N------ ოქმი და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 25 აგვისტოს N------- მიმართვა გაცემულია კანონის საფუძველზე. ამავდროულად მოპასუხის წარმომადგენელმა შესაგებელში განმარტა, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიას აღნიშნულ საქმეში იურიდიული ინტერესი არა აქვს და სასამართლოს მიერ გამოტანილ ნებისმიერ გადაწყვეტილებას დაეთანხმება.

 

2.2. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის პოზიცია:

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მიიჩნია, რომ ფაქტობრივი გარემოება სათანადოდ იქნა გამოკვლეული და რეგისტრაციის შესახებ აქტი კანონის შესაბამისად იქნა მიღებული. სამჯერ მიმართეს გამგეობას, გამგეობის მიერაც სრულად იქნა შესწავლილი აღნიშნული საკითხი და ამის შემდეგ გაიცა დადებითი დასკვნა. საჯარო რეესტრს გამგეობის აქტების იდენტურობაში ეჭვი არ შეუტანია. რეგისტრაციის თაობაზე მათი გადაწყვეტილების საფუძველი იყო გამგეობის დოკუმენტაცია.

 

3. მესამე პირების პოზიცია:

 

3.1. მესამე პირების წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, ხოლო შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მ----- გ---------- არის არასათანადო მოსარჩელე, ვინაიდან გასაჩივრებული აქტი პირდაპირ და უშუალოდ ზიანს არ აყენებს მის კანონიერ უფლებას, გარდა ამისა, სასარჩელო მოთხოვნა არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და უკანონო. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 30 სექტემბერს მიღებული N--------------- გადაწყვეტილება მ----- გ----------ს მიერ გასაჩივრებულია კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის დარღვევით და ის ხანდაზმულია.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

4.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ----- გ----------ს (პ/ნ------------) სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მიერ 2017 წლის 23 აგვისტოს შედგენილი მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების N------ ოქმი; ბათილად იქნა ცნობილი, ქ.ნ----–------ში, ყ-----ს ქუჩაზე 553 კვ.მ. მიწის ნაკვეთის იდენტურობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსადმი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 25 აგვისტოს N-------- მიმართვა; ბათილად იქნა ცნობილი, გ------- ბ--------ს სახელზე უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდით N 6----------- საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 30 სექტემბრის N---------------- გადაწყვეტილება.

 

4.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.2.1. მოსარჩელე მ----- გ---------ს 1999 წლის 17 ივნისს ნინოწმინდის გამგეობამ ქ.ნ----–------ში, ყ-----ს ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად გამოუყო 0,12 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. 2010 წელს მ----- გ---------მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის სამსახურს აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე, რაზედაც მას უარი ეთქვა შემდეგ გარემოებათა გამო: 0,12 ჰა მიწის ნაკვეთზე მ----- გ----------ს მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მოქცეული მიწის ნაკვეთის ნაწილი, კონკრეტულად კი 200 კვ.მ. იჭრებოდა ტ------ ბ--------ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში საკადასტრო კოდით: 6-----------. ტ------ ბ--------ს სახელზე კი საკუთრების უფლების რეგისტრაცია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრში მოხდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ტ------ ბ-------ს შორის 2006 წლის 21 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (ს.ფ. 1-15, 17-20, 112-118, 225-231).

 

4.2.2. მ----- გ---------მა სარჩელი აღძრა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ტ------ ბ-------ს შორის 2006 წლის 21 ივლისს დადებული მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულება და შესაბამისად ტ------ ბ--------ს სახელზე საჯარო რეესტრის სამსახურში არსებული რეგისტრაციის უფლებაც. 200 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა საკადასტრო კოდით: 6----------- აღირიცხა სახელმწიფოს საკუთრებაში. ნაკვეთი, რომელიც მანამდე საკუთრების უფლებით საკადასტრო კოდით: 6----------- აღრიცხული იყო ტ------ ბ--------ს სახელზე, ამ დროისათვის კი ის საკუთრების უფლებით უკვე აღრიცხული იყო სახელმწიფოს საკუთრებაში საკადასტრო კოდით: 6----------- (სარჩელი 1-14, 21-29, 112-118; 225-231).

 

4.2.3. 2017 წლის 18 აპრილს საჯარო რეესტრში 426 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა ტ------ ბ--------ს ძმამ გ------- ბ-------მა, სარეგისტრაციო განცხადების N 8-----------. გ------- ბ--------ს მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებულ მიწის ნაკვეთში მოქცეულია ის სადავო დანიშნულების მიწა, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო ჯერ ტ------ ბ--------ს სახელზე, შემდეგ კი სახელმწიფოზე. ეს სწორედ ის სადავო მიწის ნაკვეთია, რომლის რეგისტრაციაზეც მ----- გ---------ს ეუბნეოდნენ უარს. აღნიშნულ განცხადებაზე საჯარო რეესტრის სამსახურის მიერ დაწყებული იქნა სარეგისტრაციო წარმოება (ს.ფ. 1-14, 23, 112-118, 225-231).

 

4.2.4. გ------- ბ--------ს მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე მოქცეული მიწის ნაკვეთის იდენტიფიკაციის დასადგენად საჯარო რეესტრის სამსახურმა 2017 წლის 01 ივლისის N------- წერილით ნინოწმინდის გამგეობიდან გამოითხოვა შესაბამისი ინფორმაცია, რაზეც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 26 ივლისის N------- წერილით ეცნობა, რომ „მოქალაქე გ------- ბ--------ს მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ასახული მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ.ნ----–------, ყ-----ს ქუჩა, ფართობი 426 კვ.მ. არ არის იდენტური.“ მანამდე კი, ერთი დღით ადრე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2017 წლის 25 ივლისს თავად გ------- ბ-------მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის სამსახურს, სადაც აცნობა იმის შესახებ, რომ მის მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი შედგენილია შეცდომით და მოითხოვა მის განცხადებაზე დაწყებული რეგისტრაციის წარმოების შეწყვეტა (ს.ფ. 1-14, 23-25, 112-118; 225-231).

 

4.2.5. 2017 წლის 27 ივლისს, გ------- ბ-------მა ხელახლა მიმართა საჯარო რეესტრის სამსახურს, სადაც წარადგინა ახალი საკადასტრო აზომვითი ნახაზი 553 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მოითხოვა მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის სამსახურმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან ორჯერ, 2017 წლის 27 ივლისს N------ წერილითა და 2017 წლის 11 სექტემბრის N------ წერილით გამოითხოვა მიწის ნაკვეთის იდენტიფიკაციის თაობაზე ინფორმაცია, ვინაიდან აღნიშნულ საკითხზე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ურთიერთგამომრიცხავ პასუხებს უგზავნიდა. ორივე წერილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობას წერდა იმის შესახებ, რომ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორი მიმართვა ერთი და იგივე უძრავ ქონებაზე, იგივე ადგილმდებარეობით, მხოლოდ ფართობში იყო სხვაობა: 2017 წლის 16 ივლისის N------- მიმართვით ადგილმდებარეობაზე ფართობი 426 კვ.მ. იდენტური არ არის, ხოლო 2017 წლის 25 აგვისტოს N------- მიმართვით იგივე ადგილმდებარეობა გაზრდილი ფართობით 553 კვ.მ. იდენტურია (ს.ფ.1-14, 26-27, 112-118, 225-231).

 

4.2.6. საკითხის შესწავლის მიზნით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მიერ მოხდა მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება და 2017 წლის 23 აგვისტოს N------ ოქმის საფუძველზე თითქოსდა დადასტურდა მიწის ნაკვეთების იდენტურობა, რის თაობაზეც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2017 წლის 25 აგვისტოს N------- და 2017 წლის 21 სექტემბრის N------- წერილებით აცნობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს იმის შესახებ, რომ „გ------- ბ--------ს მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია - უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი და მიწის ნაკვეთი საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი, მდებარე მისამართზე: ქ. ნ----–------, ყ-----ს ქუჩა, ფართობით 425 კვ.მ ნამდვილად იდენტურია. რაც შეეხება წინა 2017 წლის 26 ივლისის N-------- წერილს, აზომვითი ნახაზი შეცდომით იყო წარდგენილი და იყო ზედდება“ (ს.ფ. 1-14, 28-31, 112-118; 225-231).

 

4.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.3.1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, საჯარო რეესტრში გაგზავნილი წერილების შინაარსის და მასში მითითებული მიწის ნაკვეთების ფართობებს შორის ურთიერთშეუსაბამობის მიუხედავად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საბოლოოდ მაინც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 25 აგვისტოს N-------- და 2017 წლის 21 სექტემბრის N-------- წერილების საფუძველზე მიწის ნაკვეთი 553 კვ.მ. ფართით, სადაც ასევე მოქცეულია სადავო 200 კვ.მ. ფართიც, 2017 წლის 30 სექტემბრის N--------------- გადაწყვეტილებით საკუთრების უფლებით აღრიცხა გ------- ბ--------ს სახელზე, მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდით: 6----------- (ს.ფ. 1-14, 30-33, 112-118, 225-231).

 

4.3.2. მ----- გ---------მა 2015 წლის 18 ნოემბერს განცხადებით მიმართა (განცხადების სარეგისტრაციო ნომერი 8-----------) საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სადაც წარადგინა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი 0,12 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მოითხოვა მასზე უფლების რეგისტრაცია, რაზედაც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2015 წლის 25 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება N8-------------- სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ იმ მოტივით, რომ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, საკადასტრო კოდით: 6-----------, რომელიც საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო ტ------ ბ--------ს სახელზე. მ----- გ----------ს 2015 წლის 30 ნოემბრის N------------ განცხადების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2015 წლის 17 დეკემბერს N--------------- გადაწყვეტილებით გააუქმა ტ------ ბ--------ს უფლების რეგისტრაცია და აღნიშნული მიწის ნაკვეთი დაარეგისტრირა სახელმწიფოს საკუთრების უფლებით საკადასტრო კოდით: 6-----------, ხოლო მ----- გ----------ს N8----------- განცხადებაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეჩერებული იქნა იმ მოტივით, რომ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები უკვე არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, საკადასტრო კოდით: 6-----------. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 22 დეკემბრის N--------------- გადაწყვეტილებით კვლავ შეჩერებული იქნა მ----- გ----------ს 2015 წლის 18 ნოემბრის N8----------- განცხადებაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება და მ----- გ---------ს მოსთხოვეს კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა. მ----- გ----------ს მიერ ადმინისტრაციული გასაჩივრების წესით გასაჩივრებული იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 22 დეკემბრის N--------------- გადაწყვეტილება, რის დაკმაყოფილებაზეც მას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 14 ივნისის N------ გადაწყვეტილებით უარი ეთქვა. 2017 წლის 30 სექტემბერს სადავო მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით აღირიცხა გ------- ბ--------ს სახელზე საკადასტრო კოდით: 6----------- მ----- ბ--------ს მიერ წარდგენილ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული სადავო მიწის ნაკვეთი, ტ------ გ----------ს სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით: 6-----------, სახელმწიფოს საკუთრებაში აღრიცხული მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით: 6----------- და გ------- ბ--------ს სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით: 6----------- გეოგრაფიულად ერთსა და იმავე ადგილზე მდებარეობს და ერთიმეორის იდენტურია (ს.ფ. 1-14, 32-33, 112-118; 225-231).

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მ----- გ----------სათვის უფლებადამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს არა საარქივო ცნობა, რომელზეც საჯარო რეესტრის სამსახური მიუთითებს და მოითხოვს კორექტირებული ნახაზის წარდგენას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არამედ ნინოწმინდის რაიონის გამგეობის 1999 წლის 17 ივნისის N- გადაწყვეტილება, რომლის სინამდვილეც საჯარო რეესტრისა და მესამე პირთა მიერ საეჭვო და სადავო არ გამხდარა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი აღნიშნული მიწის ნაკვეთის მ.გ----------ს სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირებისა, საჯარო რეესტრი მას მაინც უარს ეუბნებოდა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა გარემოებებზე მითითებით. საჯარო რეესტრმა 2010 წლიდან 2018 წლამდე არ მიმართა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობას იმის გასარკვევად, იყო თუ არა იდენტური მიწის ნაკვეთი ნინოწმინდის რაიონის გამგეობის 1999 წლის 17 ივნისის N- გადაწყვეტილებით გამოყოფილი 0.12 ჰა მიწის ნაკვეთი, მ.გ----------ს მიერ წარდგენილი საკადასტრო-აზომვით ნახაზზე მოქცეულ მიწის ნაკვეთისა, მაშინ როდესაც გ------- ბ--------ს მიმართ, საჯარო რეესტრმა სამჯერ წერილობით მოითხოვა ნინოწმინდის გამგეობიდან ინფორმაცია, გ.ბ--------ს მიერ ჯერ 426 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, შემდეგ კი 553 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების იდენტურობისა იმ მიწის ნაკვეთთან, რომელიც თითქოსდა მიწის რეფორმის ფარგლებში გადაეცა გ.ბ-------ს. გარდა ამისა, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ გ------- ბ-------მა არ იცის კონკრეტულად სად მდებარეობს მისთვის რეფორმის ფარგლებში გადაცემული მიწის ნაკვეთი, ვინაიდან მან ჯერ წარადგინა 426 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკადასტრო ნახაზი, შემდეგ თავადვე უკან გამოითხოვა აღნიშნული ნახაზი და განცხადება და 2017 წლის 27 ივლისს წარადგინა 553 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ახალი ნახაზი, რაშიც საჯარო რეესტრმა კვლავ ეჭვი შეიტანა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობას კვლავ მისწერა წერილი და განუმარტა, რომ ერთსა და იმავე მიწის ნაკვეთზე, რომელიც ერთსა და იმავე ადგილზე მდებარეობს, ოღონდ მათ ფართობშია განსხვავება, ეჭვს იწვევს თავად ის ფაქტიც, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობა თავდაპირველად ჯერ არ ადასტურებს იდენტურობას, ხოლო შემდეგ კი ადასტურებს 553 კვ.მ. ფართთან იდენტურობას. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მოითხოვა გამგეობა გარკვეულიყო აღნიშნულ ვითარებაში და მიეწოდებინა მისთვის სწორი ინფორმაცია. საბოლოოდ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2017 წლის 23 აგვისტოს ადგილზე დათვალიერებით დაადგინა, რომ აღიშნული ნაკვეთები იდენტურია, რაც გახდა საფუძველი 553 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, მათ შორის, მ----- გ----------სათვის გადაცემული 0.12 ჰა მიწის ნაკვეთის ნაწილი - 200 კვ.მ. საკუთრების უფლებით აღერიცხა საჯარო რეესტრში გ------- ბ--------ს სახელზე. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ისე დაადასტურა მიწის ნაკვეთების იდენტურობა, რომ არ გამოიკვლია და არ დაინტერესდა აღნიშნული მიწის ნაკვეთი სხვა დროს ვინმეზე ხომ არ ყოფილა გადაცემული, ან გასხვისებული. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობა, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად სრულყოფილად გამოეკვლია ყველა გარემოება და ამის შემდეგ მიეღო გ------- ბ--------სათვის სასარგებლო გადაწყვეტილება. სადავო მიწის ნაკვეთის თაობაზე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არსებობდა შესაბამისი დოკუმენტები: 1) ნინოწმინდის რაიონის გამგეობის 1999 წლის 17 ივნისის N- გადაწყვეტილება; 2) ნინოწმინდის რაიონის გამგეობასა და ტ.ბ-------ს შორის 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ნასყიდობის ხელშეკრულება და აღნიშნული ხელშეკრულების გაუქმების შესახებ, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს, 2012 წლის გადაწყვეტილება, რომელთა სათანადო შესწავლა-გამოკვლევის შედეგად ადმინისტრაციული ორგანო სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა. გარდა ამისა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის მიერ 2017 წლის 23 აგვისტოს შედგენილი ადგილის დათვალიერების ოქმი არის არადამაჯერებელი და ნაჩქარევად შედგენილი, არ ყოფილა გამოკვლეული და შესწავლილი ყველა გარემოება, თუნდაც ის ფაქტი, რომ დათვალიერების დროს არ იქნა მიწვეული მ----- გ----------, რომელიც იქ ცხოვრობს და აქვს ინტერესი აღნიშნული მიწის ნაკვეთის მიმართ.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, 2017 წლის 30 სექტემბერს, გ------- ბ--------ს სასარგებლოდ, გამოცემული N--------------- გადაწყვეტილება არის ასევე უკანონო, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების დროს, ცნობილი იყო რა მათთვის, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის ნაწილის, კონკრეტულად კი 200 კვ.მ.-ის მიმართ მოთხოვნა გააჩნდა მ----- გ---------საც, ის საერთოდ არ ყოფილა მიწვეული ადმინისტრაციულ წარმოებაში, არ მოუსმენიათ მისი მოსაზრებები, რაც კანონით ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს. კერძოდ, კი საჯარო რეესტრის შესახებ კანონის მე-3-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნა ავალდებულებს საჯარო რეესტრის სამსახურს, რომ მოახდინოს შედარება მათთან დაცული და სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტებისა და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ავალდებულებდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, დაწყებულ ადმინისტრაციულ პროცესში მ----- გ----------ს ჩართვას, ვინაიდან მის მიმართ მიღებული იქნა მისი ინტერესების საწინააღმდეგო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა მესამე პირების წარმომადგენლის პოზიცია იმის შესახებ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 30 სექტემბერს მიღებული N--------------- გადაწყვეტილება მ----- გ----------ს მიერ გასაჩივრებულია კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის დარღვევით და ის ხანდაზმულია, არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილება მ.გ---------ს ჩაბარდა 2018 წლის 06 თებერვალს და მოსარჩელემ ის გაასაჩივრა სასამართლოში 2018 წლის 02 მარტს.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურისა და მოთხოვნების დარღვევით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ არის გამოცემული ფაქტობრივი გარემოებების სათანადო შეფასების შედეგად. ამდენად, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მ----- გ----------ს სარჩელი საფუძვლიანია, გასაჩივრებული სადავო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ რიგი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო მიიღებდა სხვაგვარ გადაწყვეტილებას. შესაბამისად არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

6. გ------- ბ--------ს, ა-------- ბ--------ს და ე-–--- ბ--------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

6.1. გ------- ბ--------ს, ა-------- ბ--------ს და ე-–--- ბ--------ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტთა წარმომადგენელი მიუთითებს, რომ ახალქალაქის რაიონული სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნას და გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტები, კერძოდ: ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მიერ 2017 წლის 23 აგვისტოს შედგენილი მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმი N------, ნ----–------ში ყ-----ს ქუჩაზე 553 კვ.მ მიწის ნაკვეთის იდენტურობის შესახებ საჯარო რეესტის ეროვნული სააგენტოსადმი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 25 აგვისტოს N------- მიმართვა და გ------- ბ--------ს სახელზე უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდით 6-----------, საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 30 სექტემბრის N--------------- გადაწყვეტილება ბათილად სცნო არა მოსარჩელის მიერ მთხოვნილ ზედდების ნაწილში, არამედ მთლიანად. მოსარჩელე ითხოვდა ზემოაღნიშნული აქტების ბათილად ცნობას ზედდების ნაწილში.

 

აპელანტთა წარმომადგენელს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის კუთხითაც და ამავდროულად არ დგინდება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი სადავო აქტების ბათილად ცნობის მიმართ. კერძოდ, სარჩელი სასამართლოში შეტანილ იქნა 2018 წლის 02 მარტს, მაშინ როდესაც მ----- გ----------სთვის მისი უფლების დარღვევის შესახებ ცნობილი იყო 2017 წლის 28 დეკემბრიდან, როდესაც მას შეუჩერეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია იმ მიზეზით, რომ მის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი და საკადასტრო კოდით 6----------- რეგისტრირებული (მესაკუთრე გ------- ბ-------, საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღი არის 30/09/2017 წელი) უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება.

 

მოსარჩელის იურიდიულ ინტერესთან დაკავშირებით აპელანტთა წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობით ვერ მიიღწევა ის იურიდიული ინტერესი, რაც მოსარჩელეს გააჩნია, ვინაიდან ვიდრე სადავო ნაკვეთზე გ------- ბ--------ს საკუთრების უფლება დარეგისტრირდებოდა, რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს საკუთრების უფლება. ჯერ კიდევ 2016 წელს მოსარჩელე სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დავობდა და ითხოვდა მის რეგისტრაციას, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც აღნიშნული უძრავი ქონება იყო სახელმწიფოს საკუთრება. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებასთან მოსარჩელის სარეგისტრაციო ობიექტის ზედდების პირობებში მოსარჩელემ ადმინისტრაციულ ორგანოს ვერ წარუდგინა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რის გამოც შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.

 

აპელანტთა წარმომადგენელმა ასევე მიუთითა, რომ სასამართლომ უკანონოდ მიანიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა ფაქტებს, რომელიც ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით იყო დადგენილი, რომლის მხარეებიც იყვნენ მ----- გ---------- და ტ------ ბ--------. პრეიუდიციული ძალა ენიჭებათ ფაქტებს, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. განსახილველ შემთხვევაში მხარეები იყო სხვადასხვა.

 

აპელანტი მხარე ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ არ არის დადგენილი ზედდება რამდენ კვადრატულ მეტრს შეადგენს.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ნაწილობრივ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

7.2. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:

 

7.2.1. სააპელაციო პალატა უპირველესად აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებით დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლის მოთხოვნა, რომელიც იმპერატიულად ადგენს, რომ სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მ----- გ---------- სადავოდ ხდის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის 2017 წლის 23 აგვისტოს შედგენილ მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების N------ ოქმს; ქ.ნ----–------ში, ყ-----ს ქუჩაზე 553 კვ.მ. მიწის ნაკვეთის იდენტურობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსადმი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 25 აგვისტოს N-------- მიმართვას და გ------- ბ--------ს სახელზე უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდით N 6----------- საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 30 სექტემბრის N---------------- გადაწყვეტილებას ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდების ნაწილში. რაიონული სასამართლოს მიერ კი სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გაუქმდა სრულად, რაც მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი არ ყოფილა. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი, თუმცა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით პალატას მიაჩნია, რომ სადავო საკითხი განხილულ უნდა იქნეს არსებითად.

 

აპელანტთა (16.2 მესამე პირები) პოზიციით, გ------- ბ--------ს სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია. სადავო აქტების კანონიერების საკითხზე არსებითად მსჯელობამდე მნიშვნელოვანია სარჩელის ხანდაზმულობის, მისი დასაშვებობის ეტაპის გადალახვა, რამეთუ აღნიშნული გარემოება განსაზღვრავს საკითხის არსებითად კვლევის შესაძლებლობას, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობას მოიაზრებს საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლად (262.2 მუხლი). აპელანტები მიუთითებენ, რომ რეგისტრაციის შესახებ სადავო გადაწყვეტილების შესახებ მოსარჩელე ინფორმირებული იყო ჯერ კიდევ 2017 წლის 28 დეკემბერს, როდესაც მარეგისტრირებელმა ორგანომ მას შეუჩერა საკუთრების უფლების რეგისტრაცია იმ მიზეზით, რომ მის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი და საკადასტრო კოდით 6----------- რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, სარჩელი კი სასამართლოში შეტანილია 2018 წლის 02 მარტს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ერთ თვიანი ვადი დარღვევით.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მ----- გ----------ს მიერ სადავოდ გამხდარი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 30 სექტემბრის N---------------- გადაწყვეტილებით უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით N 6----------- აღირიცხა გ------- ბ--------ს სახელზე. გადაწყვეტილება გ------- ბ-------ს ჩაბარდა საჯარო რეესტრის ელექტრონულ ვებ გვერდზე გამოქვეყნების გზით. მოცემული სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მხარეს არ წარმოადგენდა მ----- გ----------. პალატა განმარტავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს დაინტერესებული პირის მიერ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემთხვევაში - გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გასაჩივრების უფლებას, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოცემული ნორმის დანაწესი ეხება ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეებს, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე არ წარმოადგენდა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლისას მხედველობაში არ მიიღება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მარეგისტრირებელი ორგანოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნების თარიღი.

 

სადავო აქტის გასაჩივრების თარიღი ასევე ვერ დაუკავშირდება მ----- გ----------ს რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ განცხადებაზე საჯარო რეესტრის მიერ 2017 წლის 28 დეკემბერს გამოცემულ წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას, რომლითაც დადგინდა გ------- ბ--------ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან, საკადასტრო კოდით 6-----------, ზედდების არსებობა. პალატა კვლავ ყურადღებას მიაქცევს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლს, რომელიც მიღებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების წესს ადგენს. მოცემული ნორმა ითვალისწინებს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის ორ წესს - ოფიციალურ გაცნობას და გამოქვეყნებას. ორივე შემთხვევაში გასაჩივრების ვადაა 30 დღე. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო აქტის გამოქვეყნება ვერ გახდება მ----- გ----------სთვის აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დინების დაწყების საფუძველი, შესაბამისად, აღნიშნული აქტის მ----- გ----------სთვის გასაჩივრების ვადის ათვლის თარიღის განსაზღვრის მიზნით, მნიშვნელოვანია დადგინდეს მისი მოსარჩელისთვის ოფიციალურად გაცნობის თარიღი. პალატა განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობის წესი მოწესრიგებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მხარისათვის კანონით დადგენილი წესით ჩაბარებას გააჩნია გადამწყვეტი მნიშვნელობა დარღვეული უფლების დაცვის კუთხით, რამეთუ გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღზეა დამოკიდებული უფლების იძულებითი დაცვის ბედი. სწორედ ჩაბარებიდან კანონით დადგენილ ვადაში არის უფლებამოსილი დაინტერესებული მხარე სადავოდ გახადოს აქტი, რომელიც მისი მოსაზრებით ხელყოფს მის კანონიერ უფლებასა და ინტერესს. ,,აქტის ძალაში შესვლის მომენტის დადგენა მნიშვნელოვანია აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადების დაცულობის გარკვევისათვის. სწორედ აქტის ძალაში შესვლით ანუ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობით იწყება მისი გასაჩივრების ვადის ათვლა, გაცნობის შემდეგ ხდება შესაბამისი ადრესატის უფლებამოვალეობების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. შესაბამისად, სწორედ ამ მომენტიდან პირს ეძლევა გასაჩივრების შესაძლებლობა. აქტის ოფიციალური გაცნობის სამართლებრივი მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ მხარე ადასტურებს მისი შინაარსის გაცნობას. გასაჩივრების ვადის დინება არ იწყება მაშინაც კი, როდესაც პირისთვის აქტის შინაარსი ცნობილი გახდა არაოფიციალური წყაროდან“ (სუსგ 06.10.2016 N770-762(კ-15) გადაწყვეტილება). პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომელთა საფუძველზეც არ დასტურდება სადავო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მ----- გ----------სთვის ოფიციალური წესით ჩაბარება. ამასთან, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაში მითითება სადავო მიწის ნაკვეთთან ზედდების დადგენის შესახებ ვერ ჩაითვლება რეგისტრაციის შესახებ გადაწყევტილების მ----- გ----------სთვის ოფიციალური წესით ჩაბარებად. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდება სადავო აქტის მოსარჩელისთვის კანონით დადგენილი წესით ჩაბარება, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითება უსაფუძვლოა და არ უნდა იქნას გათვალისწინებული სასამართლოს მიერ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა სადავო ინდივიდუალური ადმისნისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების არსებითად შესწავლის წინაპირობა.

 

7.2.2. დადგენილია, რომ მ----- გ---------ს 1999 წლის 17 ივნისს ნინოწმინდის გამგეობამ ქ.ნ----–------ში, ყ-----ს ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად გამოუყო 0,12 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.

 

2017 წლის 22 დეკემებერს მ----- გ---------მა N------------ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე მდებარე ნ----–------, ყ-----ს ქუჩა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 დეკემბრის N--------------- გადაწყვეტილებით შეჩერდა ადმინისტრაციული წარმოება და განმცხადებელს განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი და 6----------- (მესაკუთრე გ------- ბ--------) საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. ამავე ორგანოს 2018 წლის 30 იანვრის N-------------06 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. ამდენად, მ----- გ----------ს საკუთრების უფლების რეგისტრაცია ვერ განხორციელდა გ------- ბ--------ს საკუთრებაში აღრიცხული უძრავი ქონების გამო, დადგენილი ზედდების ნაწილში. ამდენად, სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა გააჩნია, გ------- ბ--------ს საკუთრების რეგისტრაციის კანონიერების დადგენას.

 

გ------- ბ--------ს სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერების შემოწმებამდე, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გ------- ბ--------ს სახელზე აღრიცხული მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით 6-----------, ნაწილზე (200 კვ.მ) მიმდინარეობდა დავა, რომლის პირობებში ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებული იყო ჯერ ტ------ ბ--------, ხოლო შემდგომ სახელმწიფო, მოგვიანებით ამ უკანასკნელზეც გაუქმდა სარეგისტრაციო ჩანაწერი. საბოლოოდ, სადავო უძრავი ქონება აღრიცხულ იქნა გ------- ბ--------ს საკუთრებაში. დავის შედეგების გათვალისწინებით მიწის ნაკვეთს შეეცვალა საკადასატრო ნომერი. კერძოდ: ტ------ ბ--------ს სახელზე რეგისტრაციის პერიოდში უძრავი ქონების საკადასტრო ქონებას მინიჭებული ქონდა საკადასტრო კოდი: 6----------- (200 კვ.მ), შემდგომ აღნიშნული ქონების სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის პირობებში უძრავი ქონების საკადასტრო კოდს წარმოადგენდა: 6----------- (200კვ.მ), მოგვიანებით კი გ------- ბ--------ს სახელზე 553 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისას, რამაც ზემოაღნიშნული 200 კვ.მ მიწის ნაკვეთიც მოიცვა, უძრავ ქონებას მიენიჭა საკადასტრო კოდი: 6-----------. ამდენად, დღეის მდგომარეობით მ----- გ----------ს სარეგისრაციო უძრავი ქონება ზედდებაში მოდის ამ უკანასკნელი საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილზე. იმის დასადგენად, თუ რა მოცულობით ფიქსირდება ზედდება, სააპელაციო პალატამ მარეგისტრირებელი ორგანოდან გამოითხოვა მტკიცებულებები - სიტუაციური ნახაზები, ორთოფოტოები, რომელთა ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ დღეის მდგომარეობით მ----- გ----------ს N------------ სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი (1200 კვ.მ) ზედდებაშია გ------- ბ--------ს საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ს/კ 6----------- (სრული ფართობი 553 კვ.მ) 282 კვ.მ ნაწილში. შესაბამისად, მოსარჩელეც გასაჩივრებულ აქტებს სადავოდ ხდის აღნიშნულ ნაწილში.

 

7.2.3. სააპელაციო პალატა სადავო აქტების კანონიერების დადგენის მიზნით მიუთითებს უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით N------------, 2017 წლის 30 სექტემბრით დათარიღებულ ამონაწერზე საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, უფლება აღირიცხა გ------- ბ--------ს საკუთრებაში და უფლების დამდგენ დოკუმენტებს წარმოადგენს: 1) მომართვა N-------, დამოწმების თარიღი: 25/08/2017, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობა და 2) საარქივო ცნობა N--------, დამოწმების თარიღი:08/05/2017.

 

დადგენილია, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 25 აგვისტოს N------- მიმართვით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მისივე 27.07.2017წ. N------ წერილის პასუხად ეცნობა, რომ მოქალაქე გ------- ბ--------ს მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია - უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი, მდებარე მისამართზე 1. ნ----–------, ნინოწმინდის სასოფლო მიწები, ფართობით 553 კვ.მ, ნამდვილად იდენტურია. მიმართვას დანართის სახით დაერთო სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი. ამ უკანასკნელი ოქმის თანახმად, უძრავ ნივთზე უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია საქართველოს ეროვნული არქივის ცნობა, N--------, თარიღი:08/მაისი/2017წ. ოქმში დათვალიერებისა და გამოკვლევის შედეგის სახით მითითებულია - იდენტურია 553 კვ.მ. ამდენად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის იდენტურობის დადგენის მიზნით, განხორციელდა უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერება და შეფასდა საარქივო ცნობაში ასახული ინფორმაცია. თავის მხრივ საარქივო ცნობაში არსებული ინფორმაცია მოიცავს მხოლოდ მონაცემებს მასზედ, რომ გ------- ბ-------მა, მიწის ნაკვეთის გამოყოფის სიებში არსებული ჩანაწერების შესაბამისად, მიიღო მიწის ნაკვეთი რეფორმის პერიოდში 1992-1997წწ. N--- 028ჰა ოდენობით. საარქივო ცნობა არ მოიცავს მონაცემებს მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის შესახებ. პალატა აღნიშნავს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის მიზნით ეკისრება ვალდებულება გამოიკვლიოს და დაადგინოს სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს თუ არა სწორედ იმ მიწის ნაკვეთს, რაც დაინტერესებულ პირს გადაეცა სახელმწიფოსგან მიწის რეფორმის პერიოდში. იმ პირობებში, როდესაც რეფორმის პერიოდში მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე გადაცემისას არ არსებობდა ზუსტი საკადასტრო მონაცემები, მარეგისტრირებელი ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას დაადგინოს სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთზე არის გაცემული უფლება თუ სხვა კონფიგურაციისა და მდებარეობის მიწის ნაკვეთზე. აღნიშნულის დადასტურებაზე ვალდებულს წარმოადგენს სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომელსაც გააჩნია გაცილებით მეტი ბერკეტი, ინფორმაცია მიწის ნაკვეთის კუთვნილების შესახებ. თუკი თვითმმართველობის ორგანოში არსებული ინფორმაციის სიმწირე ვერ უზრუნველყოფს დაინტერესებული ქონების ზუსტი მესაკუთრისა და ადგლმდებარეობის დადგენას, ორგანომ უნდა განახორციელოს ადგილობრივი მაცხოვრებლების, მომიჯნავე თუ სხვა მეზობელთა გამოკითხვა, მიმდებარე მიწის ნაკვეთების შესახებ არსებული ინფორმაციის შესწავლა და მათზე დაყრდნობით განახორციელოს იდენტურობის დადგენა. დაუშვებელია მხოლოდ საარქივო ცნობაში ასახული მონაცემისა და ადგილზე დათვალიერებით მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა. იდენტურობის დადგენა გულისხმობს დადასტურებას იმისა, რომ საკადასატრო ნახაზზე არსებული მიწის ნაკვეთი რეალურად წარმოადგენს იმ მიწის ნაკვეთს, რომელზეც უფლება არის გაცემული მისი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით. განსახილველ შემთხვევაში, გაურკვეველია სადავო მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის განსაზღვრის მიზნით რომელ მონაცემებს დაეყრდნო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია. მხოლოდ საარქივო ცნობა აღნიშნული ფაქტის დადგენას ვერ უზრუნველყოფდა. გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის მიზნით საჯარო რეესტრსა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიას შორის განხორციელებულ მიმოწერას სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. კერძოდ, როგორც უკვე აღნიშნა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის 25.08.2017წ. N------- მიმართვით მარეგისტრირებელ ორგანოს ეცნობა 553 კვ.მ მიწის ნაკვეთის იდენტურობის შესახებ, ხოლო ამავე გამგეობამ 26.07.2017წ. N------- მიმართვით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს იგივე მიწის ნაკვეთზე, შედარებით მცირე ფართზე - 426 კვ.მ, აცნობა, რომ იდენტურობა არ დასტურდება. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 11 სექტემბრის N------ წერილით მიმართა კვლავ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობას და აცნობა, რომ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი იყო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორი მომართვა ერთ და იგივე უძრავ ქონებაზე ერთი და იგივე ადგილმდებარეობით, მხოლოდ ფართშია სხვაობა. 26.07.2017 წლის N------- მომართვით ადგილმდებარეობაზე ფართობი 426 კვ.მ, იდენტური არ არის, ხოლო 25.08.2017 წლის N------- მომართვით იგივე ადგილმდებარეობა გაზრდილი ფართობით 553 კვ.მ იდენტურია, წარმოდგენილია ორი ურთიერთგამომრიცხავი მომართვა ადგილმდებარეობის იდენტურობაზე. მარეგისტრირებელმა ორგანომ მოითხოვა სწორი პოზიციის დაფიქსირება, იმ საფუძვლით, რომ ბუნდოვანი იყო იდენტურობაზე წერილი. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ამ უკანასკნელ წერილზე საჯარო რეესტრს 2017 წლის 21 სექტემბრის N------- წერილით აცნობა, რომ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი, მდებარე მისამართზე ქ. ნ----–------, ყ-----ს ქუჩა, ფართობით 426 კვ.მ ნამდვილად იდენტურია. რაც შეეხება წინა 26.07.2017 წლის N------- წერილს, აზომვითი ნახაზი შეცდომით იყო წარდგენილი და იყო ზედდება. აღნიშნულიდან გამომდინარე გამგეობის მიერ იყო გაგზავნილი არაიდენტურობის წერილი. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ეს უკანასკნელი წერილი არათუ აზუსტებს გამგეობის პოზიციას, არამედ უფრო მეტ ბუნდოვანებას მატებს მას, ვინაიდან 426 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გამგეობამ 26.07.2017წ. N------- მიმართვაში იდენტურობა არ დაადგინდა, ხოლო ამ უკანასკელ წერილში დაფიქსირებულია აღნიშნულის საპირისპირო პოზიცია. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიამ სადავო დათვალიერების ოქმში და მიმართვაში დააფიქსირა პოზიცია, რაც არ ეფუძნება კონკრეტულ მტკიცებულებას და არ წარმოადგენს ჯეროვანი ადმინისტრაციული წარმოების შედეგს, ამასთან, მარეგისტრირებელ ორგანოში გაგზავნილი პოზიცია წინააღმდეგობრივია, ერთიდაიგივე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე, ფართში მცირედი განსხვავებით, ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიცია იქნა დაფიქსირებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შეფასებისა და გამოკვლევის გარეშე.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ვერ უზრუნველყო მასზედ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკისრებული მოვალეობის ჯეროვანი შესრულება, არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც ამავე კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის წინაპირობას წარმოადგენს.

 

პალატა მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. პალატას მიაჩნია, რომ მითითებული ნორმის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების 2017 წლის 23 აგვისტოს N------ ოქმი, ქ.ნ----–------ში, ყ-----ს ქუჩაზე 553 კვ.მ. მიწის ნაკვეთის იდენტურობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსადმი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 25 აგვისტოს N------- მიმართვა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს საქმის გარემოებათა სრულყოფილი შესწავლის შედეგად ახალი აქტის გამოცემა.

 

სააპელაციო პალატას მაიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც სადავო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების საფუძველი დოკუმენტები, რომლებიც თავის მხრივ წარმოადგენს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და სასამარლომ ისინი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად სცნო, სასამართლო მოკლებულია პროცესუალურ შესაძლებლობას არსებითად იმსჯელოს რეგისტრაციის შესახებ აქტის კანონიერებაზე, ვიდრე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არსებითად არ იმსჯელებს სადავო საკითხზე. ამასთან, ახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგის გათვალისწინებით, საკითხის სხვაგვარად მოწესრიგების შემთხვევაში, შესაძლებელია ადგილი ქონდეს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების სამართლებრივ საფუძველს, რაც თავად მარეგისტრირებელი ორგანოს მსჯელობის საკითხს წარმოადგენს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდეგნილი სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სადავო აქტები სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი და დაევალოს ამავე ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა.

 

8. პროცესის ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სადავო აქტები სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი, როგორც საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევის გარეშე გამოცემული, მ----- გ----------ს მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურება და აპელანტების - გ------- ბ--------ს, ა-------- ბ--------ს და ე-–--- ბ--------ს მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის აპელანტებისთვის ანაზღაურება უნდა დაეკისროს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 32-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. გ------- ბ--------ს, ა-------- ბ--------ს და ე-–--- ბ--------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. გაუქმდეს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

3. მ----- გ----------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2017 წლის 23 აგვისტოს N------ ოქმი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 25 აგვისტოს N------- მიმართვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსადმი და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს, საქმის გარემობათა სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი აქტის გამოცემა.

 

5. სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის - 100 (ასი) ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურება და სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის აპელანტების სასარგებლოდ ანაზღაურება დაეკისროს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიას.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -