განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.02.2019
საქმის ნომერი
200210116001496818
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
16.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე N2ბ/6810-16 29 ნოემბერი, 2018 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე – ნატალია ნაზღაიძე

 

სხდომის მდივანი - მაკა ბუიღლიშვილი

 

საჩივრის ავტორი - მ-----–-------–--ე

 

მოწინააღმდეგე მხარე _ მ------------–---–ი

წარმომადგენელი - ნ------------ე

 

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება

 

საჩივრის ავტორის მოთხოვნა –დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა

 

გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ-----–-------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო.

 

საჩივრის საფუძვლები

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა მოითხოვა

 

ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:

 

3. საჩივრის ავტორის განმარტებით, მისთვის ცნობილი იყო სასამართლო სხდომის თარიღი, თუმცა პროცესზე გამოცხადება ვერ შეძლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. კერძოდ, 2018 წლის აგვისტოს თვეში ჩაუტარდა მძიმე ოპერაცია და დაენიშნა ხანგრძლივი მკურნალობა, რა დროსაც მისთვის ადგომა და ტრანსპორტით გადაადგილება დაუშვებელი იყო. სწორედ, ამ მიზეზით ვერ შეძლო სამედიცინო დაწესებულებაში მისვლა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის აღება. ასევე, ვერ დაუკავშირდა და გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ ვერ აცნობა მოსამართლის თანაშემწეს, რადგან მის შიდა ნომერზე არავინ პასუხობდა.

 

დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების დასაბუთება

 

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 241-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მხარის გამოუცხადებლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით ან სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.

 

7. კონკრეტულ შემთხვევაში დგინდება, რომ სხდომის თაობაზე და გამოუცხადებლობის შედეგებთან დაკავშირებით, აპელანტი სათანადო წესით იყო გაფრთხილებული, რაც სადავო არ არის.

 

8. დადგენილია, რომ 2018 წლის 17 ოქტომბერს სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი. მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ მიჩნეულ იქნა საფუძვლიანად და დაკმაყოფილდა.

 

9. საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ სასამართლოში გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

9.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

 

9.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, ამ კანონის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

 

9.3. ამდენად, საპროცესო ნორმა პირდაპირ განსაზღვრავს მტკიცებულების სახეობას, რითაც შეიძლება, დადასტურებულად იქნეს მიჩნეული ავადმყოფობა, როგორც პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო გარემოება. კერძოდ, როგორც 215–ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ ასეთ მტკიცებულებას წარმოადგენს სამედიცინო ცნობა, რომელიც ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ და რომელიც პირდაპირ მიუთითებს პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

 

9.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ავტორის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა 2018 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიო გარემოების არსებობაში. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილია საპროცესო ნორმების სრული დაცვით, საჩივარი კი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

10. ამდენად, პალატას მიაჩნია, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემაკავებელი წინაპირობა რის გამოც გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. მ-----–-------–--ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნატალია ნაზღაიძე