განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.01.2019
საქმის ნომერი
330310018002261653
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
18.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№3ბ/1571-18

330310018002261653

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

18 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - მირანდა ერემაძე

მოსამართლეები - თეა ძიმისტარაშვილი

მერაბ ლომიძე

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

 

მოწინააღმდეგე მხარე - მ----------------

 

თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება;

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით მ---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 10 ნოემბრის N------------ გადაწყვეტილება. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის N----------- გადაწყვეტილება და დაევალა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა მ---------------ის განქორწინების აქტის ჩანაწერში ქალის გრაფაში ეროვნება ,,ქართველის“ ნაცვლად ,,გერმანელის“ მითითების შესახებ.

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის მმაჩის განყოფილების მიერ 1--- წლის 2------------- რეგისტრირებულია მ---------------ის დაბადების აქტის ჩანაწერი (აქტი N----), სადაც დაფიქსირებულია შემდეგი მონაცემები: გვარი – ნ---------, სახელი – მ------ დაბადების თარიღი – 3----------- 1--- წელი, მამა - თ------ ნ--------- (ეროვნება „ქართველი“), დედა - ც---- ნ--------- (ეროვნება „გერმანელი“). განმცხადებელია დედა - ც---- ნ---------. აქტზე დაფიქსირებულია N----- დაბადების მოწმობის გაცემის ფაქტი.

 

სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 15 თებერვლის N------------ გადაწყვეტილების საფუძველზე, დაბადების აქტის ჩანაწერში დედის გრაფაში ეროვნება „ქართველი“ შესწორდა ეროვნებით „გერმანელი“.

 

მ---------------ის ქორწინება რეგისტრირებულია 1--- წლის 1------------–- ქ. თბილისის ქორწინების სახლის მიერ (აქტი N---). აქტის ჩანაწერში მ---------------ის ეროვნებად მითითებულია „ქართველი“. რეგისტრაციის დროს წარდგენილი იქნა პასპორტი V-------------- გაცემული თბილისის ლენინის რ-ნის შსგ-ს მიერ 1--- წლის 1-----–---.

 

ქორწინება შეწყვეტილია 1----–-–-----------ს ქ. თბილისის ვაკის რაიონის მმაჩის განყოფილების მიერ რეგისტრირებული განქორწინების აქტის საფუძველზე (აქტი N---. რეგისტრაციის დროს წარდგენილი იქნა პასპორტი V---------------. აქტის ჩანაწერში ქალის გრაფაში ფიქსირდება ეროვნება „ქართველი“.

 

სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროდან მიღებული საბჭოთა სიმბოლიკიანი პასპორტის განცხადება-ანკეტის (ფორმა N1) თანახმად, მ----------------ის სახელზე 13.07.1--- წელს თბილისის ლენინის რაიონის შსგ-ს მიერ გაიცა პასპორტი დაბადების N------ მოწმობის საფუძველზე. აღნიშნული დაბადების მოწმობის გაცემა ფიქსირდება დაბადების აქტზე. განცხადება-ანკეტა შევსებულია რუსულ ენაზე და მითითებულია ეროვნება „ქართველი“. საინფორმაციო ბარათების თანახმად, ზემოაღნიშნული პასპორტის საფუძველზე, 2--------- წელს გაცემულია პირადობის მოწმობა გ---------. პირადობის მოწმობის განცხადება ანკეტა არ შეიცავს ეროვნების გრაფას და შესაბამისად ეროვნების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება. (ს.ფ. 86-87); (ს.ფ. 17). (ს.ფ. 82-83); (ს.ფ. 18); (ს.ფ. 84-85); (ს.ფ. 88-90);

 

2.2. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს N------------ განცხადებით მიმართა მ----------------მ და მოითხოვა განქორწინების აქტის ჩანაწერში ქალის გრაფაში ეროვნება ,,ქართველის“ ეროვნება ,,გერმანელით“ შესწორება. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 30 ივნისის N687 დადგენილებაზე. (ს.ფ. 64; 66-67).

 

2.3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 10 ნოემბრის N------------ გადაწყვეტილებით მ----------------ს უარი ეთქვა განქორწინების აქტის ჩანაწერში ქალის გრაფაში ეროვნების შესწორებაზე იმ საფუძვლით, რომ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების შეფასების შედეგად არ დგინდებოდა ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლით გათვალისწინებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველი. საკითხის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა, რომ სააგენტომ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაშია მ---------------ის დაბადების აქტის ჩანაწერი, მოქალაქე ფლობს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს კანონიერი მონაცემებით. სამსახურის მიერ მოძიებული იქნა მ---------------ის პირადობის და საბჭოთა სიმბლოკიანი პასპორტის გაცემის დროს შევსებული განცხადება-ანკეტები, სადაც მოქალაქის ეროვნება ჩაწერილია ,,ქართველი“. მითითებული მონაცემების შესაბამისად, მიჩნეული იქნა, რომ განქორწინების აქტში ქალის ეროვნება სწორად იყო ჩაწერილი. (ს.ფ.21-22);

 

2.4. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 16 ნოემბერს N------ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა მ----------------მ და მოითხოვა სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 10 ნოემბრის N------------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, განქორწინების აქტის ჩანაწერში ქალის გრაფაში ეროვნება ,,ქართველის“ ეროვნება ,,გერმანელით“ შესწორება. (ს.ფ. 27-28);

 

2.5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის N----------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ---------------ის 2017 წლის 16 ნოემბერს N------ ადმინისტრაციული საჩივარი. ძალაში დარჩა სგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 10 ნოემბრის N------------ გადაწყვეტილება. სააგენტომ მიიჩნია, რომ მ---------------ის განქორწინების აქტის ჩანაწერში არ დასტურდება ეროვნების შეცდომითი მითითების ფაქტი და არარასებობს აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველი.

 

საჩივრის განმხილველმა ორგანომ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 30 ივნისის N687 დადგენილება და ,,მოქალაქეობის მდგომარეობის რეგისტრაციის შესახებ“ დებულება წარმოადგენდენ იმ სამართლებრივ აქტებს, რომელიც პირს აძლევდა ეროვნების არჩევის და შეცვლის შესაძლებლობას. ორივე აქტი დღეის მდგომარეობით თავისი შინაარსიდან გამომდინარე ძალადაკარგულია. სამოქლაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში მოქმედი ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონი და სხვა საკანონმდებლო აქტები კი, არ ითვალისწინებს ეროვნების არჩევის შესაძლებლობას. დღევანდელი მდგომარეობით პირადობის დამადასტურებელი არცერთი დოკუმენტი არ შეიცავს ეროვნების გრაფას, შესაბამისად, აღარ აქვს ეროვნების არჩევის და რომელიმე დოკუმენტში დაფიქსირების შესაძლებლობა. (ს.ფ. 70-72);

 

2.6. სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ 2017 წლის 31 იანვრის N------- წერილით ირკვევა, რომ ,,საქართველოში მცხოვრები გერმანელი წარმომავლობის მოქალაქეთათვის ეროვნების აღდგენის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 30 ივნისის N687 დადგენილება უშუალოდ რაიმე სამართლებრივი აქტით ძალადაკარგული არ არის. (ს.ფ. 31);

 

3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

3.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.

 

აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 10 ნოემბრის N------------ და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის N----------- გადაწყვეტილებები წარმოადგენენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

3.2. სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავდა სამოქალაქო აქტების სახეებს, მათი რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების, დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის, აგრეთვე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ძირითად პირობებს და სამოქალაქო აქტების სფეროში უფლებამოსილ ორგანოებს.

 

იმავე საკანონმდებლო აქტის მე-3 მუხლის ,,ა” პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო აქტი არის ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი: დაბადება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, ქორწინება, განქორწინება, სახელის ან/და გვარის შეცვლა, გარდაცვალება, ხოლო ,,გ“ პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია – სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის რეგისტრაცია;

 

კანონის მე-4 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უფლებამოსილებას წარმოადგენს დაბადების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლისა და გარდაცვალების რეგისტრაცია. ხოლო ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა უფლებამოსილებაა სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა.

 

ამდენად, სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, განქორწინების რეგისტრაცია იყო სამოქალაქო აქტი, რომელიც მოქალაქეთა სამოქალაქო და საოჯახო-სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვან ფაქტს წარმოადგენს და ექვემდებარება სახელმწიფოს სახელით სავალდებულო რეგისტრაციას, წარმოადგენს მოქალაქეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტის საფუძველს. ამასთან, სამოქალაქო აქტი უნდა ასახავდეს რეალურ, ნამდვილ და არა მცდარ მონაცემებს მოქალაქის შესახებ. სახელმწიფოს და მისი სახელით მოქმედი ყველა ორგანოს (თანამდებობის პირის), მათ შორის - სასამართლოს ინტერესია, სახელმწიფო რეესტრში აისახოს მოქალაქის ნამდვილი მონაცემები.

 

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს N------------ განცხადებით მიმართა მ----------------მ და მოითხოვა განქორწინების აქტის ჩანაწერში ქალის გრაფაში ეროვნება ,,ქართველის“ შესწორება ,,გერმანელით“.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალებით დადგენილი იყო და მხარეებიც სადავოდ არ ხდიდნენ მ---------------ის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტების და განქორწინების აქტის ჩანაწერებში არსებული მონაცემების შესაბამისობას, არამედ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე განქორწინების აქტის ჩანაწერში ეროვნების ცვლილებას მოითხოვს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 30 ივნისის N687 დადგენილების საფუძველზე, რომელიც დედის ეროვნებიდან გამომდინარე მას უფლებას ანიჭებს მოითხოვოს განქორწინების აქტში ეროვნება ,,ქართველის“ ნაცვლად ,,გერმანელის“ დაფიქსირება. უდავოა, რომ მოსარჩელის დედის - ც---- ნ--------ის ეროვნებაა ,,გერმანელი“. ის, რომ ამ დადგენილების საფუძველზე მოსარჩელეს შეუძლია აღიდგინოს ,,გერმანელის“ ეროვნება მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, არამედ მისი პოზიციის მიხედვით, მოთხოვნის საფუძვლად მითითებული სამართლებრივი აქტი ძალადაკარგულია, ხოლო სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში მოქმედი ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონი და სხვა საკანონმდებლო აქტები არ ითვალისწინებს ეროვნების არჩევისა და რომელიმე დოკუმენტში ამ მონაცემის დაფიქსირების შესაძლებლობას.

 

3.3. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ 1992 წლის 30 ივნისს მიიღო N687 დადგენილება ,,საქართველოში მცხოვრები გერმანელი წარმომავლობის მოქლაქეთათვის ეროვნების აღდგენის შესახებ“ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას და შემდგომ წლებში გერმანელთა მიმართ განხორციელებული რეპრესიების შედეგად ამ ეროვნების წარმომადგენელთა უმეტესი ნაწილი იძულებული შეიქნა თავის გადარჩენის მიზნით დაეფარათ თავიანთი წარმომავლობა, რაც განხორციელდა იმ პერიოდში არსებული სააქტო ჩანაწერებისა და პასპორტების განადგურებითა და პირადობის დამადასტურებელ საბუთებში სხვა ეროვნების აღნიშვნით. ვინაიდან დღეისათვის მთლიანად განადგურებულია ზემოაღნიშნულ პირთა საარქივო მასალები და შეუძლებელია მათი ეროვნული კუთვნილების განსაზღვრა. ხსენებული დადგენილებით მთავრობამ ნება დაერთო საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირებს, რომლებიც ატარებენ გერმანულ გვარს, აღიდგინონ შესაბამისი ეროვნება, ამასთან, პირებს, რომელთა ერთ-ერთი მშობელიც გერმანელია, მიეცეთ უფლება აირჩიონ ერთ-ერთი მშობლის ეროვნება. ამრიგად, საქართველოს სახელმწიფომ ნება დართო ამ კატეგორიის პირებს აღიდგინონ გერმანული ეროვნება, თუ ისინი ან მათი ერთ-ერთი მშობელი ატარებს გერმანულ გვარს.

 

სასამართლომ მოიხმო ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს ნორმატიული აქტების გაუქმების საფუძვლებს. მითითებული სამართლებრივი ნორმის მე-6 პუნქტის თანახმად, საკანონმდებლო აქტის მიღების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს შესაბამისი საზოგადოებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ყველა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი. ამრიგად, კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობის სფეროში ახალი საკანონმდებლო აქტის მიღება ავტომატურად ძალადაკარგულად აცხადებს ამავე ურთიერთობის მომწესრიგებელ ყველა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტს ან მის ნაწილს.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის განხილვისას მოპასუხემ დაადასტურა, რომ გარდა ზემოაღნიშნული დადგენილებისა, ამ კატეგორიის პირთა ეროვნების აღდგენის მომწესრიგებელი სპეციალური სამართლებრივი ნორმა გამოცემული არ ყოფილა, დღეის მდგომარეობით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში მოქმედი საკანონმდებლო აქტებით ამ პირთა მიმართ ახალი რეგულაციები არ დადგენილა. საყურადღებოა, სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ 2017 წლის 31 იანვრის N------- წერილი, რომლითაც ირკვევა, რომ ,,საქართველოში მცხოვრები გერმანელი წარმომავლობის მოქალაქეთათვის ეროვნების აღდგენის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 30 ივნისის N687 დადგენილება უშუალოდ რაიმე სამართლებრივი აქტით ძალადაკარგული არ არის.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული ის ლეგიტიმური მიზანი, რომელიც, თანაზომიერების პრინციპის გათვალისწინებით, გაამართლებდა ძირითად უფლებაში ჩარევას, ასევე, ვერ იქნა დადასტურებული აღნიშნული ჩარევის აუცილებლობა დემოკრატიულ საზოგადოებაში. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 30 ივნისის N687 დადგენილების მოქმედების პირობებში არ დასტურდება განქორწინების აქტის სადავოდ ქცეულ გრაფაში სწორი მონაცემების შემცველი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის ასახვა. ამრიგად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლომ დაასკვნა, რომ არსებობდა განქორწინების აქტის ჩანაწერში ქალის გრაფაში ეროვნება ,,ქართველის“ ნაცვლად ,,გერმანელის“ მითითების სამართლებრივი საფუძველი.

 

3.4. სასამართლომ მოიხმო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილ, რომლის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 10 ნოემბრის N------------ და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის N----------- გადაწყვეტილებები და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა განქორწინების აქტის ჩანაწერში ქალის გრაფაში ეროვნება ,,ქართველის“ ნაცვლად ,,გერმანელის“ მითითების შესახებ.

 

4. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

4.1. აპელანტი მიუთითებს, რომ სამართლებრივ დასაბუთებაში სასამართლო მიუთითებს, რომ ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლი განსაზღვრავს ნორმატიული აქტების გაუქმების საფუძველს. მითითებული სამართლებრივი ნორმის მე-6 პუნქტის თანახმად, საკანონმდებლო აქტის მიღების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს შესაბამისი საზოგადოებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ყველა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი. ამრიგად, კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობის სფეროში ახალი საკანონმდებლო აქტის მიღება ავტომატურად ძალადაკარგულად აცხადებს ამავე ურთიერთობის მომწესრიგებელ ყველა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს ან მის ნაწილს. რასაც ეთანხმება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, თუმცა სასამართლო დასაბუთებაში აღნიშნავს, რომ საქმის განხილვისას მოპასუხემ დაადასტურა, რომ გარდა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 30 ივნისის N687 დადგენილებისა, ამ კატეგორიის პირთა ეროვნების აღდგენის მომწესრიგებელი სპეციალური სამართლებრივი ნორმა გამოცემული არ ყოფილა, დღეის მდგომარეობით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში მოქმედი საკანონმდებლო აქტებით ამ პირთა მიმართ ახალი რეგულაციები არ დადგენილა და აღნიშნული გარემოება მიიჩნია იმ პირობად, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 30 ივნისის N687 დადგენილება ძალადაკარგული არ არის. ასევე აღნიშნული დადგენილება, რომ ძალადაკარგული არ არის, სასამართლო ეყრდნობა ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" 2017 წლის 31 იანვრის N------- წერილს.

 

ზემოაღნიშნულ მსჯელობას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო არ ეთანხმება, რადგან ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტში ნათლად არის ასახული, თუ რომელი აქტი ითვლება ავტომატურად ძალადაკარგულად. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 30 ივნისის N687 დადგენილების გარდა დადგენილებაში მითითებულ პირთა ეროვნების აღდგენის მომწესრიგებელი სპეციალური სამართლებრივი ნორმის გამოუცემლობა არ ნიშნავს, რომ ეს დადგენილება ძალაშია. რადგანაც, იმ პერიოდში, როდესაც კანონმდებლობით დაშვებული იყო ეროვნების აღმნიშვნელი გრაფა, (როგორც პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში, ასევე სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში: დაბადების აქტის ჩანაწერის მშობლის გრაფაში. ქორწინების აქტის ჩანაწერში, მექორწინეთა ეროვნების გრაფაში და ა.შ) მიღებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 30 ივნისის N687 დადგენილება, რომელიც უშვებდა შესაძლებლობას საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირებს, რომლებიც ატარებდნენ გერმანულ გვარს აღედგინათ შესაბამისი ეროვნება, ამასთან, პირებს, რომელთა ერთ-ერთი მშობელიც გერმანელი იყო, მიეცათ უფლება ეროვნების ,,არჩევისა და შეცვლის". უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად ეროვნების არჩევა პირის მიერ ხდებოდა სრულწლოვნების მიღწევისას. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში მოქმედებს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონი და სხვა საკანონმდებლო აქტები, რომლებიც აღარ ითვალისწინებს ეროვნების გრაფას. დღევანდელი მდგომარეობით პირადობის დამადასტურებელი არცერთი დოკუმენტი არ შეიცავს ეროვნების გრაფას, შესაბამისად პირს აღარ აქვს ეროვნების არჩევის და რომელიმე დოკუმენტში დაფიქსირების შესაძლებლობა. დღეის მდგომარეობით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 30 ივნისის N687 დადგენილება თავისი შინაარსიდან გამომდინარე არის ძალადაკარგული. სასამართლოს განმარტება, რომ კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობის სფეროში ახალი საკანონმდებლო აქტის მიღება ავტომატურად ძალადაკარგულად აცხადებს ამავე ურთიერთობის მომწესრიგებელ ყველა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს ან მის ნაწილს, ვეთანხმებით და ავღნიშნავთ, რომ სამართლებრივ ურთიერთობის სფეროში ახალი საკანონმდებლო აქტის მიღებით, კანონმდებლობა აღარ ითვალისწინებს ეროვნების შესახებ გრაფას, ავტომატურად ძალადაკარგულად ცხადდება ამავე ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. ფაქტიურად სასამართლომ გადაწყვეტილებით აღადგინა და აღასრულა ძალადაკარგულად ცნობილი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ვერ იქნა დასაბუთებული ის ლეგიტიმური მიზანი, რომელიც, თანაზომიერების პრინციპის გათვალისწინებით გაამართლებდა ძირითად უფლებაში ჩარევას. რაც გაკვირევებას იწვევს, რადგან რომელ ძირითად უფლებაზეა აქ საუბარი, სასამართლო გადაწყვეტილებაში არ უთითებს. უნდა აღინიშნოს, რომ განმცხადებელი ადმინისტრაციული წარმოებისას ითხოვდა ეროვნების შესწორებას და არა ცვლილებას. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის "ვ" ქვეპუნქტის მიხედვით, შესწორება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ნიშნავს სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული არასწორი მონაცემის სწორი მონაცემით შესწორებას. ამავე კანონის 79-ე მუხლის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველია სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მ---------------ის განქორწინების აქტის ჩანაწერში არ დასტურდება ეროვნების შეცდომით მითითების ფაქტი და არ არსებობს აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. რამაც განაპირობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377–ე მუხლის მე–2 ნაწილით, 393–ე მუხლის მე–2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით და 394–ე მუხლის ,,ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონშეუსაბამო გადაწყვეტილების მიღება.

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).

 

სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის სრულად დასაბუთებული და იგი იძლევა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებმა გაიგონ, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი სასამართლომ მოსარჩელე მხარის პოზიციას. დამატებით, პალატა აღნიშნავს შემდეგს:

 

6. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

7. სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ხოლო, ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

7.3. პალატა მიუთითებს რომ ,,სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების სახეებს, მათი რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების, დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის, აგრეთვე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ძირითად პირობებს და სამოქალაქო აქტების სფეროში უფლებამოსილ ორგანოებს.

 

ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლის ,,ა” პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო აქტი არის ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი: დაბადება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, ქორწინება, განქორწინება, სახელის ან/და გვარის შეცვლა, გარდაცვალება, ხოლო ,,გ“ პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია – სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის რეგისტრაცია;

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 10 ნოემბრის N------------ გადაწყვეტილება, რომლითაც მ----------------ს უარი ეთქვა განქორწინების აქტის ჩანაწერში ქალის გრაფაში ეროვნების შესწორებაზე და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის N----------- გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ---------------ის 2017 წლის 16 ნოემბერს N------ ადმინისტრაციული საჩივარი.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მისი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად უთიითებს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ 1992 წლის 30 ივნისის N687 დადგენილებას ,,საქართველოში მცხოვრები გერმანელი წარმომავლობის მოქლაქეთათვის ეროვნების აღდგენის შესახებ“. პირველი ინსტანციის სასამართლომ მართლებულად აღნიშნა, რომ მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას და შემდგომ წლებში გერმანელთა მიმართ განხორციელებული რეპრესიების შედეგად ამ ეროვნების წარმომადგენელთა უმეტესი ნაწილი იძულებული შეიქნა თავის გადარჩენის მიზნით დაეფარათ თავიანთი წარმომავლობა, რაც განხორციელდა იმ პერიოდში არსებული სააქტო ჩანაწერებისა და პასპორტების განადგურებითა და პირადობის დამადასტურებელ საბუთებში სხვა ეროვნების აღნიშვნით. ვინაიდან დღეისათვის მთლიანად განადგურებულია ზემოაღნიშნულ პირთა საარქივო მასალები და შეუძლებელია მათი ეროვნული კუთვნილების განსაზღვრა. ხსენებული დადგენილებით მთავრობამ ნება დაერთო საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირებს, რომლებიც ატარებენ გერმანულ გვარს, აღიდგინონ შესაბამისი ეროვნება, ამასთან, პირებს, რომელთა ერთ-ერთი მშობელიც გერმანელია, მიეცეთ უფლება აირჩიონ ერთ-ერთი მშობლის ეროვნება. ამრიგად, საქართველოს სახელმწიფომ ნება დართო ამ კატეგორიის პირებს აღიდგინონ გერმანული ეროვნება, თუ ისინი ან მათი ერთ-ერთი მშობელი ატარებს გერმანულ გვარს.

 

პალატა მიუთითებს, რომ ადინისტრაციული ორგანოს ძირითად არგუმენტს მოსარჩელის მოთხოვნის წინააღმდეგ წარმოადგენს ის გარემოება, რომ დღეის მდგომარეობით ის საკანონმდებლო აქტი, რომელიც არეგულირებდა ზემოხსენებულ პირობებში ერთ-ერთი მშობლის ეროვნების არჩევის საკითხს, გაუქმებულია და ვინაიდან, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 30 ივნისის N687 დადგენილება ძალადაკარგულია ვერ მოხდებოდა მ. ნ--------ის ქორწინების გრაფაში ეროვნების ცვლილება.

 

პალატა მოიხმობს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტს, რომლის თანახმად, საკანონმდებლო აქტის მიღების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს შესაბამისი საზოგადოებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ყველა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი. ამრიგად, კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობის სფეროში ახალი საკანონმდებლო აქტის მიღება ავტომატურად ძალადაკარგულად აცხადებს ამავე ურთიერთობის მომწესრიგებელ ყველა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტს ან მის ნაწილს.

 

პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილი სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ 2017 წლის 31 იანვრის N------- წერილს, რომლითაც დგინდება, რომ ,,საქართველოში მცხოვრები გერმანელი წარმომავლობის მოქალაქეთათვის ეროვნების აღდგენის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 30 ივნისის N687 დადგენილება უშუალოდ რაიმე სამართლებრივი აქტით ძალადაკარგული არ არის.

 

პალატა იზიარესბ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მოპასუხე თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული ის ლეგიტიმური მიზანი, რომელიც, თანაზომიერების პრინციპის გათვალისწინებით, გაამართლებდა ძირითად უფლებაში ჩარევას, ასევე, ვერ იქნა დადასტურებული აღნიშნული ჩარევის აუცილებლობა დემოკრატიულ საზოგადოებაში. სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 30 ივნისის N687 დადგენილების მოქმედების პირობებში არ დასტურდებოდა განქორწინების აქტის სადავოდ ქცეულ გრაფაში სწორი მონაცემების შემცველი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის ასახვა. ამრიგად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, პალატა ეთანხმება სასამართლოს დაასკვნას, რომ არსებობდა განქორწინების აქტის ჩანაწერში ქალის გრაფაში ეროვნება ,,ქართველის“ ნაცვლად ,,გერმანელის“ მითითების სამართლებრივი საფუძველი.

 

7.9. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამებოდა მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, მართებულია სასამართლოს პოზიცია, რომლითაც ბათილად ცნო სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 10 ნოემბრის N------------ და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის N----------- გადაწყვეტილებები და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურრს დაავალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა განქორწინების აქტის ჩანაწერში ქალის გრაფაში ეროვნება ,,ქართველის“ ნაცვლად ,,გერმანელის“ მითითების შესახებ.

 

8. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო დარღვევების გარეშე სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება;

 

9. საპროცესო ხარჯები:

 

9.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად აპელანტი გათავისუფლებულია სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. აპელანტის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე: მირანდა ერემაძე

 

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი

 

მერაბ ლომიძე