ამ კანონის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სამოქალაქო აქტი − ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი: დაბადება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, ქორწინება, განქორწინება, სახელის ან/და გვარის შეცვლა, გარდაცვალება;

ბ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერი − ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონით გათვალისწინებულ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს;

ბ1) სამოქალაქო აქტის მატერიალური ჩანაწერი − სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, რომელიც შექმნილია მისი შექმნის დროს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მატერიალური ფორმით (ხელნაწერის სახით ან სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით) და რომელიც შექმნისას კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და შტამპით დადასტურებული არ არის;

ბ2) სამოქალაქო აქტის ელექტრონული ჩანაწერი − სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, რომელიც ელექტრონული ფორმით არსებობს (ელექტრონული დოკუმენტი) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არის დადასტურებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და შტამპით;

ბ3) სამოქალაქო აქტის მატერიალური ჩანაწერის ელექტრონული ფოტოასლი − სამოქალაქო აქტის მატერიალური ჩანაწერის ფოტოასლი, რომელიც კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და შტამპით არის დადასტურებული;

გ) სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია – სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის რეგისტრაცია;

დ) სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა − უფლებამოსილი ორგანოს მიერ სამოქალაქო აქტის ჩანაწერის საფუძველზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციას;

ე) ცვლილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში − სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული მონაცემის ახალი მონაცემით შეცვლა;

ვ) შესწორება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში − სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული არასწორი მონაცემის სწორი მონაცემით შეცვლა;

ზ) დამატება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში − სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული არასრული მონაცემის შევსება;

თ) სამოქალაქო აქტების მონაცემთა ბაზა – სამოქალაქო აქტების მატერიალური ჩანაწერების, სამოქალაქო აქტების ელექტრონული ჩანაწერების, სამოქალაქო აქტების მატერიალური ჩანაწერების ელექტრონული ფოტოასლებისა და სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში არსებული მონაცემების ერთობლიობა;

ი) სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონული ბაზა – ელექტრონული ფორმით არსებული სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში არსებული მონაცემების ერთობლიობა;

კ) ბავშვი – პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება დაბადების, მამობის დადგენის ან შვილად აყვანის რეგისტრაცია;

ლ) ლეგალიზაცია − სათანადო უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს მიერ საბუთზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ბეჭდის ან შტამპის ავთენტიკურობის დადასტურება;

მ) აპოსტილით დამოწმება – „უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ“ ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის საფუძველზე, სათანადო უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს მიერ საბუთზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ბეჭდის ან შტამპის ავთენტიკურობის სახელმწიფოებრივი დადასტურება გამარტივებული წესით.

საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №5851 – ვებგვერდი, 23.03.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2482 - ვებგვერდი, 29.05.2014წ.

საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №418 – ვებგვერდი, 13.04.2021