დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ბს-1339(კ-25)
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 მარტი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. რ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.2024 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.06.2023წ. გადაწყვეტილებით მ. რ-ის სარჩელი მოპასუხეების სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 08.11.2022 წლის №001222139761 გადაწყვეტილება და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 21.12.2022 წლის №01/295235/გ გადაწყვეტილება, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს დაევალა შეიტანოს ცვლილება და შეასწოროს მ. რ-ის დაბადების №820 სააქტო ჩანაწერი, კერძოდ, მ. რ-ის დაბადების თარიღად ნაცვლად - ... წლისა, მიეთითოს ... წელი.
გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.2024წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დაბადების სააქტო ჩანაწერში დაბადების თარიღის შესწორებაზე უარი სამართლებრივი შედეგებით დაკავშირებულია მ. რ-ის მიერ მოპოვებული სამართლებრივი დოკუმენტების (საშუალო განათლების ატესტატი, პირადობის მოწმობა, პასპორტი, მართვის მოწმობა და სხვა) გაუქმებასთან, შესაბამისად, მის მიმართ სრული მოცულობით ვრცელდება კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქცია. ადმინისტრაციული წარმოებისა და ადმინისტრაციული სამართალწარმოების ამოცანაა კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტისას მოხდეს კანონიერების და კანონიერი ნდობის პრინციპების შეპირისპირების გზით თანაზომიერი გადაწყვეტილების მიღება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მ. რ-ის სახელზე 1994 წელს გაცემულ საშუალო განათლების ატესტატში, 2004 წელს გაცემულ პირადობის მოწმობაში, 2017 წელს გაცემულ მართვის მოწმობასა და 2010 წლის პასპორტში დაბადების თარიღად მითითებულია - ... წლის .... ამასთან, საგულისხმოა, რომ მ. რ-ი იმყოფება სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ - იტალიაში, შესაბამისად, დაბადების სააქტო ჩანაწერში დაბადების თარიღად ... წლის მიუთითებლობის შემთხვევაში არსებითი ზიანი მიადგება მოსარჩელის ინტერესებს, რადგან აღნიშნული გამოიწვევს მის სახელზე გაცემული ყველა დოკუმენტის, მათ შორის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის, პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და ა.შ. გაუქმებას (სადაც დაბადების თარიღად მითითებულია ..., ... წელი.), ასევე გაუქმების საფრთხის ქვეშ დადგება ყველა ის იურიდიული მნიშვნელობის ქმედება, რომელიც მ. რ-ის განხორციელებული აქვს აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე, ამასთან, მოსარჩელე მ. რ-ის დაბადების სააქტო ჩანაწერში დაბადების თარიღად ... წლის ნაცვლად ... წლის მითითება არსებითად არ არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორებმა აღნიშნეს, რომ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისა და 79-ე მუხლის თანახმად, შესწორება გულისხმობს არასწორი მონაცემის სწორი მონაცემით შეცვლას რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში კი არ დასტურდება რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის ფაქტი. ამავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, საწინააღმდეგოს დადგენამდე ნამდვილად მიიჩნევა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის სისწორე გულისხმობს იმის დადგენასა და შეფასებას, რამდენად სწორად აისახა მასში რეალური, ფაქტობრივი მდგომარეობა. ... წლის ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის მმაჩის განყოფილების მიერ მ. რ-ის მიმართ რეგისტრირებულ დაბადების სამოქალაქო აქტის №820 ჩანაწერში აქტის რეგისტრაციის საფუძველია პირველი სამშობიარო სახლის ცნობა, დაბადების თარიღის გრაფაში „... წელი“ ჩაიწერა სამედიცინო დაწესებულების, კერძოდ, პირველი სამშობიარო სახლის მიერ გაცემული დაბადების შესახებ ცნობის საფუძველზე. დაბადების აქტის ჩანაწერში ასახულია კონკრეტული ფაქტის შესახებ რეალური მონაცემები და არ დასტურდება დაბადების თარიღის შეცდომით მითითების ფაქტი. რაც შეეხება მ. რ-ის მიმართ შედგენილ სხვა დოკუმენტებს, კერძოდ, პირადობის №... და №... მოწმობებს, №... და №... პასპორტებს, ისინი არ შეიძლება განხილული იყოს როგორც დაბადების აქტის ჩანაწერში მონაცემების შეცდომით მითითების დამადასტურებელი დოკუმენტები, ვინაიდან ეს დოკუმენტები გაიცა დაბადების აქტის რეგისტრაციის შემდეგ და მათში პირის პერსონალური მონაცემები დაფიქსირებული უნდა ყოფილიყო დაბადების აქტის შესაბამისად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძვლების არსებობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით ეს კანონი განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების სახეებს, მათი რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების, დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის, აგრეთვე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ძირითად პირობებს და სამოქალაქო აქტების სფეროში უფლებამოსილ ორგანოებს. სამოქალაქო აქტის ჩანაწერი არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონით გათვალისწინებულ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს, კერძოდ, დაბადებას, მამობის დადგენას, შვილად აყვანას, ქორწინებას, განქორწინებას, სახელის ან/და გვარის შეცვლას, გარდაცვალებას (მე-3 მუხ. „ა“, „ბ“ ქვ.პ.). შესწორება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული არასწორი მონაცემის სწორი მონაცემით შეცვლა (მე-3 მუხ. „ვ“ ქვ.პ.), რაც წარმოადგენს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს ერთ-ერთ უფლებამოსილებას (4.2 მუხ. „ბ“ ქვ.პ.).
სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის შესახებ განცხადებით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის უფლება აქვს პირს, რომლის მიმართაც შედგენილია შესაბამისი სამოქალაქო აქტის ჩანაწერი (77.1 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ 26.08.2022 წელს მ. რ-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს დაბადების სააქტო ჩანაწერში შესწორების შეტანის მოთხოვნით, კერძოდ, მოითხოვა დაბადების თარიღის „... წლის“ შესწორება „... წლით“ (ს.ფ. 50). თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 08.11.2022 წლის გადაწყვეტილებით მ. რ-ის 07.06.2019 წლის განცხადება არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 133-134). აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და დაბადების აქტის ჩანაწერში შესწორების მოთხოვნით მოსარჩელის წარმომადგენელმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, რომლის 21.12.2022 წლის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 84-87).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს არსებითი ელემენტია სამართლებრივი სტაბილურობა, რომელიც უპირატესად ნდობის დაცვას ნიშნავს. სტაბილურობა გარანტირებულია უკეთუ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებები იძენს შეუცვლელ ხასიათს (სუსგ №ბს-623-610(კ-14), 21.01.2016წ.). მმართველობის კანონიერების პრინციპისა და დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპის სამართლიანი ბალანსის დაცვისთვის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს კერძო და საჯარო ინტერესთა შორის ბალანსი, უკანონო ქმედების სიმძიმე, დროის ის პერიოდი, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედების შემდეგ გავიდა (სუსგ №ბს-1062(კ-20), 30.03.2022წ.). კანონიერი ნდობა დაცვის ღირსია, უკეთუ დაინტერესებულმა მხარემ აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება (სზაკ-ის 601.5 მუხ.).
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებში დაცული მოქალაქეობრივი მდგომარების აქტების ჩამწერი განყოფილების ბიუროს მიერ 20.08.1983 წელს გაცემული დაბადების მოწმობის თანახმად მ. რ-ი დაიბადა ... წელს, რაზეც დაბადების აქტების სარეგისტრაციო წიგნში ... წელს მოხდენილია ჩაწერა №820 (ს.ფ. 20). 28.07.2004 წელს გაცემული პირადობის მოწმობაში მოსარჩელის დაბადების თარიღად მითითებულია ... წელი (ს.ფ. 22). 02.06.2010 წელს გაცემული პასპორტის მიხედვით მ. რ-ის დაბადების თარიღია ... წელი (ს.ფ. 24). სსგს სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათის თანახმად მოსარჩელის სახელზე 26.06.1997 წელს გაიცა № ... პირადობის მოწმობა, 28.07.2004 წელს - № ... პირადობის მოწმობა, 24.07.2006 წელს - № ... პასპორტი, 02.06.2010 წელს - № ... პასპორტი, ოთხივე შემთხვევაში მითითებულია დაბადების თარიღი - ... წელი (ს.ფ. 66-67). საქმეში დაცულია აგრეთვე მოსარჩელის სახელზე საშუალო განათლების ატესტატისა და მართვის მოწმობის ასლები დაბადების თარიღად ... წლის მითითებით (ს.ფ. 21, 23). საქალაქო სასამართლოში 23.05.2023 წელს გამართულ სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული იქნა მოსარჩელის და - თ. რ-ი, რომლის განმარტებით „ბავშვობიდან, მთელი ცხოვრება“ მ. რ-ის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ ...ს.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ მოსარჩელის დაბადების აქტის ჩანაწერში დაბადების თარიღად ... წლის მიუთითებლობის შემთხვევაში არსებითი ზიანი მიადგება მის ინტერესებს, მოსარჩელე იმყოფება სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ - იტალიაში, დაბადების სააქტო ჩანაწერში დაბადების თარიღის შესწორებაზე უარი სამართლებრივი შედეგებით დაკავშირებულია მის მიერ მოპოვებული სამართლებრივი დოკუმენტების (საშუალო განათლების ატესტატი, პირადობის მოწმობა, პასპორტი, მართვის მოწმობა და სხვა) გაუქმებასთან, ასევე გაუქმების საფრთხის ქვეშ დადგება ყველა ის იურიდიული მნიშვნელობის ქმედება, რომელიც მ. რ-ის განხორციელებული აქვს აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისად, მის მიმართ სრული მოცულობით ვრცელდება კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქცია. ამდენად, მითითებული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის დაბადების აქტის ჩანაწერში შესწორების განხორციელება არსებითად არ არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.
სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თუ მათი სამართლებრივი შეფასების უსწორობის სათანადო დასაბუთებას, წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზიები (შედავება).
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით (შდრ. იხ. სუსგ №ბს-468(კ-23), 22.09.2023წ.) და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსსკ-ის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.2024 წლის განჩინება.
3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ: 202307404) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო მოთხოვნა №23593, გადახდის თარიღი 25.11.2025წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიზო უბილავა
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე