განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210218002744124
საქმე N2/ბ-1--19წ.
ganCineba
საქართველოს სახელით
06 თებერვალი 2019 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე, მომხსენებელი: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი: მ--------- მა----–-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა: განცხადების განსახილველად მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმება
სააპელაციო პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2018 წლის 03 დეკემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა მ--------- მა----–--ემ და იურიდიული მნიშვნელობის მქონე, ქორწინების რეგისტრაციის ფაქტის დადგენა მოითხოვა.
მ--------- მა----–--ის განმარტებით, განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მისი შვილის ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის თაობაზე, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ მისი შვილის დაბადების აქტში შესასწორებელი იყო დედის გვარი.
ხარვეზთან დაკავშირებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ დაიწყო საქმის წარმოება. საქმის წარმოების შედეგად აცნობეს, რომ მისი და მისი მეუღლის - ტ------– ქა--–----ის ქორწინების მოწმობაზე არ ფიქსირდებოდა მისი ხელმოწერა, რითაც დაირღვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს N-- ბრძანებით დამტკიცებული სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესების მოთხოვნები და რაც ადასტურებდა, რომ ქორწინების მოწმობა არ იყო ნამდვილი. შესაბამისად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას ქორწინების აქტის ნამდვილობის დადასტურებამდე სამოქალაქო აქტში შეესწორებინა მისი შვილის გვარი.
ამდენად, მითითებულმა გარემოებამ განაპირობა სასამართლოსათვის მიმართვის აუცილებლობა.
მისი იურიდიული ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ დადასტურდეს მასსა და მის მეუღლეს-ტ------– ქა--–----ეს შორის, 1--- წლის 1- დეკემბერს რეგისტრირებული ქორწინების ფაქტი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 დეკემბრის განჩინებით, მ--------- მა----–--ის განცხადება განსახილველად არ იქნა მიღებული.
პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა წარმოებს უდაო წარმოების წესით. მისი შინაარსი, ასევე მოთხოვნა, უნდა შეესაბამებოდეს უდაო წარმოების წესით საქმეთა განხილვის თავისებურებებს.
სსკ-ის 312-ე მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს უდავო წარმოების წესით სასამართლოს მიერ დასადგენ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტებს. სხვა ფაქტების დადგენა უდაო წარმოების წესით არ დაიშვება.
საქმის მასალებით დგინდება, რომ მ--------- მა----–--ეს და ტ------– ქა--–----ეს შორის ქორწინების ფაქტი რეგისტრირებულია, კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილია ქორწინების მოწმობის ასლი, რომლითაც დასტურდება, რომ 1--- წლის 1- დეკემბერს, N-- სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებულია ტ------– ქა--–----ის და მ--------- მა----–--ის ქორწინების ფაქტი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, ქორწინების რეგისტრაციის ფაქტს, მხოლოდ მაშინ ადგენს სასამართლო, როდესაც ქორწინება რეგისტრირებული იყო, მაგრამ სხვადასხვა ობიექტური გარემოებების გამო, ვერ დგინდება ქორწინების რეგისტრაციის ფაქტი.
წინამდებარე შემთხვევაში, ასეთ გარემოებას ადგილი არ აქვს, ვინაიდან სამოქალაქო რეეტრში არსებობს ქორწინების რეგისტრაციის სააქტო ჩანაწერი, რაც ადასტურებს, რომ ქორწინების რეგისტრაციის ფაქტი დგინდება.
შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ განცხადება არ პასუხობდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც განმცხადებლს უარი ეთქვა განცხადების მიღებაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 დეკემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მ--------- მა----–--ემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების წარმოებაში მიღება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, მართალია, საქმეში წარმოდგენილია ქორწინების მოწმობა, რომლითაც დასტურდება, რომ 1--- წლის 1- დეკემბერს N-- სააქტო ჩანაწერით, ტ------– ქა--–----ესა და მ--------- მა----–--ეს შორის ქორწინების ფაქტი რეგისტრირებულია, თუმცა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ეს ქორწინება არ მიიჩნია ნამდვილად იმ მიზეზით, რომ ქორწინების სააქტო ჩანაწერში არ ფიქსირდებოდა მისი ხელმოწერა. სწორედ ამ მიზნით მომართა სასამართლოს და ითხოვა ქორწინების რეგისტრაციის ფაქტის დადგენა, რაც სრულ შესაბამისობაშია სსკ-ის 312-ე მუხლის მოთხოვნებთან.
გასაჩივრებული განჩინების
გაუქმების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება და თვლის, რომ მ--------- მა----–--ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ 2018 წლის 03 დეკემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა მ--------- მა----–--ემ და იურიდიული მნიშვნელობის მქონე, ქორწინების რეგისტრაციის ფაქტის დადგენა მოითხოვა.
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 დეკემბრის განჩინებით, მ--------- მა----–--ის განცხადება არ იქნა მიღებული განსახილველად.
დადგენილია, რომ აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მ--------- მა----–--ემ, მისი გაუქმება და განცხადების წარმოებაში მიღება მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 420-ე, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს განჩინებას კერძო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, უდავო წარმოების წესით საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით, იმ ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით, რომლებიც გათვალისწინებულია XXXV–XLII თავებით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ პუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლო განიხილავს საქმეებს მამობის დადგენის, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციის ან შვილად აყვანის ფაქტების დადგენის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 05 ოქტომბრის N70/3----- წერილით ირკვევა, რომ მართალია, არსებობს საცოლე მ--------- მა----–--ესა და საქმრო ტ------– ქა--–----ეს შორის შედგენილი ქორწინების სამოქალაქო N-- აქტი (რეგისტრირებული შუახევის რაიონის ბარათაულის სას/საბჭოს მიერ 1--- წლის 1- დეკემბერს), თუმცა აქტზე არ ფიქსირდება საცოლის-მ--------- მა----–--ის ხელმოწერა, რითაც დარღვეულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის N-- ბრძანებით დამტკიცებული სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები, რის გამოც, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქორწინების N-- სამოქალაქო აქტს არ გააჩნია იურიდიული ძალა საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილების წარმოდგენამდე, რომლითაც მოქალაქე მ--------- მა----–--ის მიმართ შედგენილი ქორწინების აქტის ჩანაწერი ნამდვილად, კანონიერად იქნება ცნობილი ან/და მიიჩნევა ბათილად, ხელვაჩაურის სამოქალაქო რეესტრის სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, ლ-–- ქა--–----ის დაბადების სამოქალაქო აქტში აწარმოოს გვარის შეცვლის შესწორება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტებს ადგენს, მხოლოდ ამ ფაქტების დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღების ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში.
,,სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტების დანაწესით, ქორწინება არის ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რომელიც დასტურდება შესაბამისი სამოქალაქო აქტის ჩანაწერით (ანუ ქორწინების აქტის ჩანაწერით).
იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის სამოქალაქო რეესტრში მ--------- მა----–--ის მიმართ ქორწინების აქტის შედგენის ფაქტი, თუმცა, ვიდრე არ იქნება დადასტურებული ქორწინების რეგისტრაციის ფაქტის ნამდვილობა, ვერ ხერხდება მ--------- მა----–--ის შვილის- ლ-–- ქა--–----ის დაბადების სამოქალაქო აქტში გვარის შეცვლა, პალატა მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას და სასამართლოს გარდა, სხვა წესით შეუძლებელია მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინების არსებობის ფაქტის დადგენა.
ამ გარემოებიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლითაც დაუშვებლად იქნა მიჩნეული მ. მა----–--ის განცხადება-არასწორია, რაც კერძო საჩივრის დაკმაყოფილების და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 დეკემბრის განჩინების გაუქმების საფუძველია.
ვინაიდან, მ. მა----–--ის განცხადება დასაშვებობის სხვა კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, პალატა მიიჩნევს, რომ სსკ-ის 385-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტიდან გამომდინარე, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ, მ. მა----–--ის განცხადებასთან დაკავშირებული სამოქალაქო საქმე, სსკ-ის 311-ე და 3161-ე მუხლების შესაბამისად, განხილვა-გადაწყვეტის მიზნით, განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ--------- მა----–--ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 დეკემბრის განჩინება;
3. მ--------- მა----–--ის განცხადება, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის თაობაზე დასაშვებად იქნეს ცნობილი;
4. სამოქალაქო საქმე N2-725-2018, მ--------- მა----–--ის განცხადებისა გამო, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის თაობაზე, განსახილველად დაუბრუნდეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს;
5. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე