განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310017001847492
საქმე №3ბ/1913-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ლევან მურუსიძე
მოსამართლეები: შორენა ყაველაშვილი, ლაშა თავართქილაძე
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - ი----------–--–---–-
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები): სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური
მესამე პირი - ს-------------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება
1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით ი----------–--–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2012 წლის 18 აპრილიდან მოსარჩელე ი----------–--–---–- და ს-------------ი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, რომელიც შეწყდა გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით.
3.1.2. 2016 წლის 3 მაისს ი----------–--–---–ს შეეძინა შვილი - გ------------–--–---–-, რომლის დაბადების სამოქალაქო აქტის N0---------- ჩანაწერში მამის გრაფაში დაფიქსირებულია ს-------------.
3.1.3. შპს „ს-----–----------------–---------------------–--------------------------------–-------------–-----–-------ს“ მიერ 2016 წლის 3 მაისს გაცემული სამედიცინო ცნობის N000892016100217 მიხედვით, 1----–-–----------- დაბადებულმა ი----------–--–---–მა 2----–-–------------–ს გააჩინა მამრობითი სქესის ახალშობილი, რომელსაც მიეკუთვნა დედის გვარი „ყ---–--–---–-“ და სახელი „გ-------“. სამედიცინო ცნობაში ასევე მითითებულია, რომ ი----------–--–---–-, ბავშვის დაბადების მომენტისათვის, 2012 წლის 18 აპრილს რეგისტრირებული ქორწინების სამოქალაქო აქტის N0---------- ჩანაწერის მიხედვით იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში ს-------------ისთან. აღნიშნულ სამედიცინო ცნობას ხელს აწერს ი----------–--–---–-.
3.1.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 30 ნოემბერის N001513211999 გადაწყვეტილებით ი----------–--–---–ს უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.
3.1.5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით N01/49286/გ ი----------–--–---–-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
4. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
4.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდელობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებს და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგი მოჰყვეს.
4.2. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო აქტი არის ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი: დაბადება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, ქორწინება, განქორწინება, სახელის ან/და გვარის შეცვლა, გარდაცვალება. ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად სამოქალაქო აქტის ჩანაწერი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს, რომელიც ადასტურებს ამ კანონით გათვალისწინებულ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოებია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა უფლებამოსილებებია: დაბადების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლისა და გარდაცვალების რეგისტრაცია; სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა;
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული ორგანო - თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურის სახით, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც სახელმწიფოსგან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადასტურების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებულია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს მიერ, მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის გადაწყვეტის მიზნით, გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სასამართლო კვლევის საგანს წარმოადგენს ზემოაღნიშნული აქტის გამოცემის პროცედურული, მატერიალური და სამართლებრივი საფუძვლები, მისი შესაბამისობა იმ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებთან, რომლებიც არეგულირებს კონკრეტულ სამართალურთიერთობას.
მოცემული დავის საგანს წარმოადგენს რამდენად კანონშესაბამისად იქნა რეგისტრირებული სამოქალაქო რეგისტრაციის აქტში მამის ჩანაწერი და არსებობს თუ არა ამ ნაწილში სააქტო ჩანაწერის ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები. სამოქალაქო კოდექსის 1187-ე მუხლის თანახმად, მშობლებისა და შვილების უფლება-მოვალეობებს საფუძვლად უდევს შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 1189-ე მუხლის თანახმად, შვილის წარმოშობა დაქორწინებული მშობლებისაგან დასტურდება მეუღლეთა ერთობლივი ან ერთ-ერთი მათგანის განცხადებით, ბავშვის დაბადებისა და მშობელთა ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტებით.
სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა'' ქვეპუნქტის შესაბამისად, დაბადების რეგისტრაციის მიზნებისათვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტებია დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობა. ამავე კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობა სააგენტოს წარუდგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობა შეიძლება წარდგენილ იქნეს მატერიალური ფორმით. ამავე კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაქორწინებული მშობლებისაგან ბავშვის წარმოშობა დგინდება მეუღლეთა ერთობლივი განცხადებით ან ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით და ბავშვის დაბადებისა და მშობელთა ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტებით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ქორწინების განმავლობაში შეძენილი ბავშვი არ ჩაითვლება დაქორწინებული მშობლებისგან წარმოშობილად, თუ დაბადების რეგისტრაციისას წარდგენილი იქნება ბავშვის დედისა და მისი მეუღლის შესაბამისი განცხადება. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ქორწინებაში მყოფი ერთ-ერთი მშობლის განცხადების საფუძველზე ბავშვის დაბადების რეგისტრაციის შემთხვევაში იმ მშობელს, რომლის განცხადების გარეშეც განხორციელდა დაბადების რეგისტრაცია, უფლება აქვს, იმ დროიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ან ცნობილი უნდა ყოფილიყო დაბადების რეგისტრაციის შესახებ, 1 წლის განმავლობაში სადავო გახადოს დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები. თუ მონაცემების გასაჩივრების უფლების წარმოშობის დროისთვის ბავშვის მშობელი არასრულწლოვანია, გასაჩივრების ვადა აითვლება მის მიერ სრულწლოვანების მიღწევიდან.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებული „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის“ მე-15 მუხლის თანახმად, დაბადების რეგისტრაციის საფუძველია ბავშვის/პირის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევაში უნდა დაერთოს შესაბამისი საბუთები. ამავე წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაბადების რეგისტრაციისათვის აუცილებელი მონაცემები დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მიეთითება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით გაცემული დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის საფუძველზე. ამავე წესის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქორწინებაში მყოფი მშობლები შვილის დაბადების რეგისტრაციისათვის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს განცხადებასთან ერთად წარუდგენენ ქორწინების მოწმობას, მშობლების პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს (განცხადების ერთ-ერთი მშობლის მიერ წარდგენის შემთხვევაში, მეორე მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარედგინება) დაბადების რეგისტრაციის მიზნებისათვის დაბადების დამადასტურებელ დოკუმენტს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №01-5/ნ-№19 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობების რეკვიზიტების, ფორმების, მათი შევსებისა და გაგზავნის წესის” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ცნობას ავსებს სამეანო სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ან პირველადი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე პირი, რომელიც აღნიშნულ საქმიანობას აწარმოებს შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (სამედიცინო დაწესებულება), რომელიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, რეგისტრირებულია „სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებლად’’, ხოლო ამავე წესის მე-7 პუნქტით ცნობის შევსება ხდება აუცილებელი მონაცემების ჩაწერით შესაბამის პუნქტებში. შევსებას ექვემდებარება ცნობის ყველა პუნქტი. ამა თუ იმ მონაცემის არარსებობისას შესაბამის პუნქტში აღინიშნება – „X”.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ შპს „ს-----–----------------–---------------------–--------------------------------–-------------–-----–-------ს“ მიერ 2016 წლის 3 მაისს გაცემული N000892016100217 სამედიცინო ცნობის მიხედვით, 1----–-–----------- დაბადებულმა ი----------–--–---–მა, 2----–-–------------–ს გააჩინა მამრობითი სქესის ახალშობილი, რომელსაც მიეკუთვნა დედის გვარი „ყ---–--–---–-“ და სახელი „გ-------“. აღნიშნულ სამედიცინო ცნობის მატერიალურ ვერსიას ხელს აწერს მოსარჩელე ი----------–--–---–-, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ბავშვის დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობაში მამის ვინაობის დაფიქსირება მოხდა მოსარჩელის თანხმობით. ამასთან, საქმეში დაცულია ამავე განაცხადის ელვერსია, რომელიც სამედიცინო დაწესებულების მიერ წარედგინა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურს. აღნიშნული დოკუმენტის რომელიმე პუნქტი „X” სიმბოლოს აღნიშვნას არ შეიცავს. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერის განხორციელებისას ეხელმძღვანელა სამედიცინო ცნობაში არსებული მონაცემებით.
ასევე დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბავშვის დაბადების მომენტისათვის, 2----–-–------------–ისათვის, მოსარჩელე ი----------–--–---–- 2012 წლის 18 აპრილის სამოქალაქო აქტის N0---------- ჩანაწერის მიხედვით, რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ს-------------თან. აღნიშნული ინფორმაცია შეტანილია სამედიცინო ცნობის გრაფაში „ქორწინების მოწმობის რეკვიზიტები“. დადგენილია, რომ აღნიშნული ქორწინება შეწყდა გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ბავშვის დაბადების შემდეგ.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს, რომ სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გ------------–--–---–-ს დაბადების რეგისტრაციისას დაცული იქნა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის“ მოთხოვნები. კერძოდ: გ------- ყ---–--–---–-ს დაბადების სამოქალაქო აქტის N011610094770 ჩანაწერი რეგისტრირებული იქნა კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული დაბადების სამედიცინო ცნობისა და მშობლების კანონიერ ძალაში არსებული ქორწინების მონაცემების საფუძველზე, ახალშობილის დედის ი----------–--–---–-ს თანხმობით.
4.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით, ხოლო ამავე კოდექსის 23-ე მუხლით სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, ამავე კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები გამოცემული იყო შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე, არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური ნორმების სრული დაცვით. მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არის ,,სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ'' საქართველოს კანონის 26-ე მუხლისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე განხორციელებული ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერი, მასში მითითებული მონაცემები ასახულია ქორწინებაში მყოფი მეუღლეების მონაცემებზე დაყრდნობით, დედის განცხადების საფუძველზე. სწორედ ეს გარემოებებია შეფასებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 30 ნოემბრის N001516219999 და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვსების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 21 თებერვლის N01/49286/გ გადაწყვეტილებებით. შესაბამისად, არ არსებობს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების საფუძველი.
5. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
5.1. სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია შემდეგი:
ი----------–--–---–ს და ს-------------ს შორის 2012 წლიდან ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო ქორწინება. ბავშვის დაბადებამდე დიდი ხნით ადრე ს-------------მა დატოვა საქართველო და იგი უკან არ დაბრუნებულა. ი----------–--–---–- და ს-------------ი დაშორების შემდეგ, ერთმანეთს არ შეხვედრიან. ი----------–--–---–-სთვის უცნობია ს-------------ის ადგილსამყოფელი და იგი არ წარმოადგენს ი----------–--–---–-ს შვილის მამას. შესაბამისად, არც დაბადების აქტში უნდა ყოფილიყო მითითებული ს-------------ი, როგორც გ------------–--–---–-ს მამა. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ი----------–--–---–მა ს-------------ისთან განქორწინების თაობაზე სასამართლოს მიმართა 2015 წლის 10 ივლისს, თუმცა ვინაიდან ს-------------ის საკონტაქტო მონაცემები იყო უცნობი, საქმეზე გადაწყვეტილების მიღება გაჭიანურდა. სამედიცინო ცნობით ასევე დადასტურდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო ცნობის შედგენისას ი----------–--–---–- იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში, მას არ განუცხადებია, რომ ს-------------ი იყო გ------------–--–---–-ს მამა.
6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია და იგი იძლევა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებმა გაიგონ, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი სასამართლომ მოსარჩელის პოზიციას.
6.2. მოცემულ შემთხვევაში, სადაოა გ------------–--–---–-ს დაბადების სააქტო ჩანაწერის შესაბამისობა მისი შედგენის დროს მოქმედ იმ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებთან, რომლებიც არეგულირებს კონკრეტულ სამართალურთიერთობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1189-ე მუხლის თანახმად, შვილის წარმოშობა დაქორწინებული მშობლებისაგან დასტურდება მეუღლეთა ერთობლივი ან ერთ-ერთი მათგანის განცხადებით, ბავშვის დაბადებისა და მშობელთა ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტებით.
,,სამოქალაქო აქტების შესახებ'' საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა'' ქვეპუნქტის მიხედვით, დაბადების რეგისტრაციის მიზნებისათვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტია დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობა.
,,სამოქალაქო აქტების შესახებ'' საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობა სააგენტოს წარუდგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობა შეიძლება წარდგენილ იქნეს მატერიალური ფორმით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის რეკვიზიტები, მისი შედგენისა და გაგზავნის წესი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
,,სამოქალაქო აქტების შესახებ'' საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დაქორწინებული მშობლებისგან ბავშვის წარმოშობა დგინდება მეუღლეთა ერთობლივი განცხადებით ან ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით და ბავშვის დაბადებისა და მშობელთა ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტებით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ქორწინების განმავლობაში შეძენილი ბავშვი არ ჩაითვლება დაქორწინებული მშობლებისგან წარმოშობილად, თუ დაბადების რეგისტრაციისას წარდგენილი იქნება ბავშვის დედისა და მისი მეუღლის შესაბამისი განცხადება.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის #18 ბრძანებით დამტკიცებული ,,სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის'' მე-15 მუხლის თანახმად, დაბადების რეგისტრაციის საფუძველია ბავშვის/პირის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევაში უნდა დაერთოს შესაბამისი საბუთები. ამავე წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაბადების რეგისტრაციისათვის აუცილებელი მონაცემები დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მიეთითება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით გაცემული დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის საფუძველზე.
აღნიშნული წესის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქორწინებაში მყოფი მშობლები შვილის დაბადების რეგისტრაციისათვის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს განცხადებასთან ერთად წარუდგენენ: ა) ქორწინების მოწმობას; ბ) მშობლების პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს (განცხადების ერთ-ერთი მშობლის მიერ წარდგენის შემთხვევაში, მეორე მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარედგინება); გ) დაბადების რეგისტრაციის მიზნებისათვის დაბადების დამადასტურებელ დოკუმენტს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №01-5/ნ-№19 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ,,დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობების რეკვიზიტების, ფორმების, მათი შევსებისა და გაგზავნის წესის'' მე-2 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ცნობაში ბავშვის მშობლების შესახებ მონაცემები შეიტანება „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული ნების გამოხატვა შესაძლებელია სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ან სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც დაიბადა ბავშვი. ცნობაში მითითებული მშობლების მონაცემების სისწორე დასტურდება მათი ხელმოწერით.
ამდენად, იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვი დაიბადება სამედიცინო დაწესებულებაში, დაბადების რეგისტრაციის საფუძველია სამედიცინო დაწესებულების მიერ შედგენილი სამედიცინო ცნობა, ხოლო დაქორწინებული მშობლებისგან ბავშვის წარმოშობა დასტურდება როგორც მშობელთა ერთობლივი განცხადებით, ასევე ერთ-ერთი მათგანის განცხადებით. ამასთან, ბავშვის წარმოშობის თაობაზე ნება განცხადების წარდგენის ნაცვლად შეიძლება გამოხატული იქნეს სამედიცინო დაწესებულებაში. ასეთ შემთხვევაში, სამედიცინო ცნობაში მითითებული მონაცემების სისწორე უნდა დადასტურდეს მშობლის ხელმოწერით.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი----------–--–---–- და ს-------------ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იყვნენ 2012 წლის 18 აპრილიდან. გ------------–--–---–- დაიბადა 2----–-–------------–ს. ამ დროისთვის ი----------–--–---–-ს და ს-------------ის შორის ქორწინება არ იყო შეწყვეტილი, ქორწინება შეწყდა სასამართლოს 2016 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე 2016 წლის 16 სექტემბერს. ასევე დადგენილია, რომ გ------------–--–---–- დაიბადა შპს ,,ს----------–---------------------–----------------------------–-------------–-----–------ში''. 2016 წლის 03 მაისს, შპს ,,ს----------–---------------------–----------------------------–-------------–-----–------ის'' მიერ შევსებული იქნა გ------------–--–---–-ს დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობა. ცნობაში მითითებული იქნა ბავშვის დედის და მამის შესახებ მონაცემები, კერძოდ, მამის გრაფაში მითითებულია, რომ მამა არის ს-------------ი. აღნიშნული ცნობა ხელმოწერილია ი----------–--–---–-ს მიერ. ამდენად, ი----------–--–---–-ს მიერ სამედიცინო ცნობაზე ხელმოწერით გამოხატული იქნა ნება ერთმანეთთან დაქორწინებული მშობლებისგან ბავშვის წარმოშობის შესახებ. შესაბამისად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული ორგანო ვალდებული იყო დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაცია განეხორციელებინა სამედიცინო ცნობაში მითითებული მონაცემების მიხედვით.
აღსანიშნავია, რომ ,,სამოქალაქო აქტების შესახებ'' საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულია გამონაკლისი ქორწინების განმავლობაში შეძენილ ბავშვთან დაკავშირებით (დეფინიცია იხილეთ ზემოთ), თუმცა განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება მითითებული ნორმით გათვალისწინებული გარემოების არსებობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემული იქნა შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე, არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური ნორმების სრული დაცვით. მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არის ,,სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ'' საქართველოს კანონის 26-ე მუხლისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე განხორციელებული ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერი, მასში მითითებული მონაცემები ასახულია ქორწინებაში მყოფი მეუღლეების მონაცემებზე დაყრდნობით, დედის განცხადების საფუძველზე. შესაბამისად, არ არსებობს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
7.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. ი----------–--–---–-ს მიერ სააპელაციო საჩივარზე ბაჟი გადახდილი არ იქნა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინებით ი----------–--–---–-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ი----------–--–---–ს საქმის განხილვის დასრულებამდე გადაუვადდა სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, ი----------–--–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაეკისროს 150 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი----------–--–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება;
3. ი----------–--–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროს 150 ლარის გადახდა;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე (თავმჯდომარე) ლევან მურუსიძე
მოსამართლეები შორენა ყაველაშვილი
ლაშა თავართქილაძე