განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.04.2018
საქმის ნომერი
330310016001611868
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
17.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/1062-17

საქმე № 330310016001611868

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე: გიორგი ტყავაძე

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

ნათია ქუთათელაძე

 

სხდომის მდივანი: თამარ ბლიაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

წარმომადგენელი - მ---------------

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი---- ო--–---–ი

წარმომადგენელი - ა-----–-------–---

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება

 

1.1 აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ი---- ო--–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 26 ოქტომბრის №0--------/გ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი და დაევალა მოპასუხე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. გორის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი---- ო--–---–ის სარჩელი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ დაკმაყოფილდა. დადგენილ იქნა რომ, ი---- ო--–---–ი 1987 წლიდან ფაქტიურ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებოდა 1993 წლის 24 სექტემბერს აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ ზ----------------------–------თან.

 

2.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 12 აპრილის N0------/გ გადაწყვეტილებით ი---- ო--–---–ის წარმომადგენლის ზ----------------–ის განცხადება ი---- ო--–---–ის ქორწინების ხელახალი რეგისტრაციის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

2.3. 2016 წლის 21 სექტემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოსარჩელე ი---- ო--–---–ის წარმომადგენელს - ა-----–-------–---ს განცხადების განხილვაზე უარი ეთქვა. სააგენტოს აქტით მხარეს განემარტა, რომ მოთხოვნა - სასამართლოს გადაწყვეტილების (N2----, 15.08.1997წ.) საფუძველზე გაცემული იქნეს ი---- ო--–---–ისა და გარდაცვლილი ზ----------–----ის ქორწინების მოწმობა, თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში უკვე განხილული იყო (2016 წლის 2 მარტს სამსახურში წარდგენილი N0----------- განცხადების მოთხოვნა) და მიღებული იქნა უარყოფითი გადაწყვეტილება N0------/გ.

 

2016 წლის 21 სექტემბრის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარმოადგენს მოსარჩელე ი---- ო--–---–ის წარმომადგენლის - ა-----–-------–--ის 15.09.2016 წლის N1----- განცხადების პასუხს.

 

2.4. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, 03.10.2016 წელს, მოსარჩელე ი---- ო--–---–ის წარმომადგენლის - ა-----–-------–--ის მიერ წარმოდგენილი იქნა ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც ითხოვდა თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 21 სექტემბრის N0-------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას. ასევე, მხარე ითხოვდა 2016 წლის 15 სექტემბრის განცხადების განხილვას და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ი---- ო--–---–ისათვის ქორწინების მოწმობის გაცემას.

 

2.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 26 ოქტომბრის N0--------/გ გადაწყვეტილებით ი---- ო--–---–ის წარმომადგენლის ა-----–-------–--ის 2016 წლის 3 ოქტომბრის N1----- ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 21 სექტემბრის N0-------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო მოსარჩელე ი---- ო--–---–ის წარმომადგენელს - ა-----–-------–---ს ი---- ო--–---–ისა და ზ----------–----ის ქორწინების მოწმობის გაცემაზე უარი ეთქვა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა შემდეგი:

 

2.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 26 ოქტომბრის №0--------/გ გადაწყვეტილება (მე-3 პუნქტი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

2.7. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიზანია ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვა, რომელიც, კოდექსის შესაბამისად, განცხადების ან ადმინისტრაციული საჩივრის გზით ხორციელდება. განცხადება ან ადმინისტრაციული საჩივარი დაინტერესებული მხარისათვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების რეალიზაციის ერთ-ერთი რეალური ბერკეტია. განცხადების მიზანს უფლების მოპოვება წარმოადგენს. ხსენებული ადამიანის უფლებათა რეალიზაციის უმნიშვნელოვანესი ელემენტია.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარე სარგებლობს მთელი რიგი უფლება-მოვალეობებით. ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება გარანტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-12 მუხლის მიხედვით. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. აღნიშნული, ერთის მხრივ, შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ პირს, რომელსაც მიაჩნია, რომ ესა თუ ის საკითხი უშუალოდ და პირდაპირ ეხება მის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, მიმართოს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადასაწყვეტად და მეორეს მხრივ, ადმინისტრაციული ორგანოს ამ საკითხის გადასაწყვეტად აკისრია შესაბამისი ვალდებულება, რაც გამორიცხავს პირის უფლებების უგულებელყოფას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი. ამავე კოდექსის 193-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო იხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს მასში აღნიშნული მოთხოვნის ფარგლებში, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეუძლია გასცდეს მათ.

 

სასამართლოს განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 21 სექტემბრის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ირკვევა, რომ მოსარჩელე ი---- ო--–---–ის წარმომადგენელს - ა-----–-------–---ს, რომელიც ი---- ო--–---–ისა და ზ----------–----ის ქორწინების მოწმობის გაცემას ითხოვდა, განცხადების განხილვაზე უარი ეთქვა. 03.10.2016 წელს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, მოსარჩელე ი---- ო--–---–ის წარმომადგენლის - ა-----–-------–--ის მიერ წარდგენილი იქნა ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 21 სექტემბრის N0-------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას ითხოვდა. ასევე, საჩივრით მხარე ითხოვდა 2016 წლის 15 სექტემბრის განცხადების განხილვასა და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ი---- ო--–---–ისათვის ქორწინების მოწმობის გაცემას. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 26 ოქტომბრის N0--------/გ გადაწყვეტილებით 2016 წლის 3 ოქტომბრის N1----- ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 21 სექტემბრის N0-------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო მოსარჩელე ი---- ო--–---–ის წარმომადგენელს - ა-----–-------–---ს ი---- ო--–---–ისა და ზ----------–----ის ქორწინების მოწმობის გაცემაზე უარი ეთქვა.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2016 წლის 26 ოქტომბრის N0--------/გ გადაწყვეტილებაში მიუთითა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 და მე-6 მუხლებზე და განმარტა, რომ სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ი---- ო--–---–ისა და აწ გარდაცვლილი ზ----------–----ის ქორწინების აქტის ჩანაწერი არ იძებნება, რის გამოც ქორწინების მოწმობის გაცემა შეუძლებელია.

 

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების სახეებს, მათი რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების, დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის, აგრეთვე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ძირითად პირობებს და სამოქალაქო აქტების სფეროში უფლებამოსილ ორგანოებს.

 

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტი არის ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი: დაბადება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, ქორწინება, განქორწინება, სახელის ან/და გვარის შეცვლა, გარდაცვალება; „ბ“ პუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერი არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონით გათვალისწინებულ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს; „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია არის სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის რეგისტრაცია; ხოლო „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა არის უფლებამოსილი ორგანოს მიერ სამოქალაქო აქტის ჩანაწერის საფუძველზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციას; ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო სამოქალაქო აქტების მონაცემთა ბაზაში დაცული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის საფუძველზე, უფლებამოსილი პირის მოთხოვნით გასცემს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობას.

 

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის თანახმად, ქორწინების წარმოშობისათვის სავალდებულოა მისი რეგისტრაცია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ი---- ო--–---–ის მოთხოვნების განხილვისას, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (გორის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება) როგორც ქორწინების რეგისტრაციის საფუძველზე არ უმსჯელია. ადმინისტრაციულმა ორგანომ მხოლოდ მიუთითა, რომ სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ი---- ო--–---–ისა და აწ გარდაცვლილი ზ----------–----ის ქორწინების აქტის ჩანაწერი არ იძებნებოდა, რის გამოც ქორწინების მოწმობის გაცემა შეუძლებელი იყო.

 

სასამართლოს მოსაზრებით, ის გარემოება, რომ ი---- ო--–---–ისა და ზ----------–----ის ქორწინების შესახებ სამოქალაქო აქტი არ არსებობს მოსარჩელე მხარეს სადავოდ არ გაუხდია. 2016 წლის 15 სექტემბრის განცხადებით განმცხადებელი ითხოვდა ქორწინების მოწმობის გაცემას. ამავე მოთხოვნით მხარემ წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი.

 

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ყურადღება გაამახვილა გორის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დგინდება, რომ ი---- ო--–---–ი 1993 წლის 24 სექტემბერს აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ ზ----------------------–------თან 1987 წლიდან ფაქტიურ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფება. მხარის ინტერესია სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდეს სამოქალაქო აქტის ჩაწერა და გაიცეს ქორწინების მოწმობა. ამგვარი მოთხოვნა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხილული არ ყოფილა, შესაბამისად, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია გორის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება ქმნის თუ არა ი---- ო--–---–ისა და აწ გარდაცვლილი ზ----------------------–----ის ქორწინების შესახებ სამოქალაქო აქტის ჩაწერის სამართლებრივ საფუძველს. ამგვარი საკითხის გადაწყვეტა ადმინისტრაციული ორგანოს პრეროგატივაა.

 

2.8. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.

 

განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ არ გამოიკვლია ის მტკიცებულებები და არ შეაფასა ის გარემოებები, რაც ქორწინების რეგისტრაციასთან იყო დაკავშირებული. სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ნებისმიერი ქმედება უნდა ემსახურებოდეს პირთა უფლებების რეალიზაციასა და ხელშეწყობას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ არამართლზომიერად განხორციელდა მოსარჩელე მხარის ინტერესების შეზღუდვა. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეს ქორწინების მოწმობა ესაჭიროება, რათა შემდგომში რეალიზებული იქნეს მისთვის ღირებული სხვა მნიშვნელოვანი უფლებები, რაც უარის თქმის შემთხვევაში შეიზღუდება. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 26 ოქტომბრის №0--------/გ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი გამოცემულია გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გარეშე, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის განმარტებით, გადაწყვეტილებაში სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ი---- ო--–---–ის მოთხოვნის განხილვისას გორის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე არ უმსჯელია. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო კი 2016 წლის 26 ოქტომბრის N0--------/გ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დადგენილია არა ქორწინების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, არამედ ის, რომ ი---- ო--–---–ი 1987 წლიდან ფაქტიურ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებოდა ზ----------------------–------თან. სააგენტო ამავე გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს აქტის ხელახალ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო აქტის ჩანაწერი დაკარგული ან განადგურებულია და არსებობს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ. სააგენტომ უარი უთხრა განმცხადებელს ქორწინების მოწმობის გაცემაზე, ვინაიდან სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არ იძებნება ი---- ო--–---–ისა და აწ გარდაცვლილი ზ----------–----ის ქორწინების აქტის ჩანაწერი.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მხარის ინტერესზე, გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდეს სამოქალაქო აქტის ჩაწერა და გაიცეს ქორწინების მოწმობა, მიუთითებს ადმინისტრაციულ ორგანოს, იმსჯელოს გორის რაიონული სსამართლოს გადაწყვეტილებაზე, როგორც ქორწინების რეგისტრაციის საფუძველზე, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი სახის გადაწყვეტილება არ შეიძლება იყოს რეგისტრაციის საფუძველი.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადოდ არ გამოუკვლევია ის მტკიცებულებები და არ შეაფასა ის გარემოებები, რაც ქორწინების რეგისტრაციასთან იყო დაკავშირებული, თუმცაღა საჩივრის ავტორის მოთხოვნას წარმოადგენდა ქორწინების მოწმობის გაცემა. შესაბამისად, უსაფუძვლოა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:

 

4.1. სააპელაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

4.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს ამავე კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

4.4. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

4.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

4.6. სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრების ფარგლებში აფასებს რა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას, მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებას არ იზიარებს.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.7. გორის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით (საქმე N2----) ი---- ო--–---–ის სარჩელი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ დაკმაყოფილდა. დადგენილ იქნა, რომ ი---- ო--–---–ი 1987 წლიდან ფაქტიურ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებოდა 1993 წლის 24 სექტემბერს აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ ზ----------------------–------თან.

 

4.8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 12 აპრილის N0------/გ გადაწყვეტილებით ი---- ო--–---–ის წარმომადგენლის განცხადება ი---- ო--–---–ის ქორწინების ხელახალი რეგისტრაციის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

4.9. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 21 სექტემბრის N0-------- წერილით ი---- ო--–---–ის წარმომადგენელს ა-----–-------–---ს, 2016 წლის 15 სექტემბრის N1----- განცხადების პასუხად, რომლითაც მოთხოვნილ იქნა წარდგენილი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე (N2----, 15.08.1997 წ.) ქორწინების მოწმობის გაცემა, ეცნობა, რომ 2016 წლის 2 მარტს სამოქალაქო რეესტრის სამსახურში შევიდა N0----------- განცხადება, რომელზეც მიღებულ იქნა უარყოფითი გადაწყვეტილება N0------/გ. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე მითითებით, განმცხადებელს განემარტა, რომ წარდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების (მტკიცებულებების) არსებობა, რაც განაპირობებდა უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას და სამოქალაქო რეესტრის სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, ხელახლა განიხილოს განცხადება.

 

4.10. 2016 წლის 3 ოქტომბერს ი---- ო--–---–ის წარმომადგენელმა ა-----–-------–---მ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა, რომლითაც თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 21 სექტემბრის N0-------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, 2016 წლის 15 სექტემბრის განცხადების განხილვა და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ი---- ო--–---–ისათვის ქორწინების მოწმობის გაცემა მოითხოვა.

 

4.11. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 26 ოქტომბრის N0--------/გ გადაწყვეტილებით ი---- ო--–---–ის წარმომადგენლის ა-----–-------–--ის 2016 წლის 3 ოქტომბრის N1----- ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 21 სექტემბრის N0-------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო ი---- ო--–---–ისა და ზ----------–----ის ქორწინების მოწმობის გაცემაზე საჩივრის ავტორს უარი ეთქვა.

 

გადაწყვეტილების მიხედვით, N1----- განცხადებით წარდგენილი იყო მოთხოვნა ქორწინების მოწმობის გაცემაზე, რომელიც უნდა განხილულიყო სამსახურის მიერ, აქედან გამომდინარე, არსებობს 2016 წლის 21 სექტემბრის N0-------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არ იძებნება ი---- ო--–---–ისა და აწ გარდაცვლილი ზ----------–----ის ქორწინების აქტის ჩანაწერი, რის გამოც ქორწინების მოწმობის გაცემა შეუძლებელია.

 

გადაწყვეტილებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს სამოქალაქო აქტის ხელახალ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო აქტის ჩანაწერი დაკარგული ან განადგურებულია და არსებობს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ქ. გორის რაიონის სასამართლოს 15.08.1997 წელს მიღებული გადაწყვეტილება არ შეიცავს ი---- ო--–---–ისა და ზ----------–----ის ქორწინების აქტის რეგისტრაციისათვის (ხელახალი რეგისტრაცია) აუცილებელ მონაცემებს. სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, დადგენილია არა ქორწინების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, არამედ ის, რომ ი---- ო--–---–ი 1987 წლიდან ფაქტიურ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებოდა ზ----------------------–------თან.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.12. საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შესწავლის შედეგად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი---- ო--–---–ს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

4.13. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 26 ოქტომბრის №0--------/გ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის კანონიერება, რომლითაც ი---- ო--–---–ს უარი ეთქვა ქორწინების მოწმობის გაცემაზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 26 ოქტომბრის №0--------/გ გადაწყვეტილება, ფორმალური და მატერიალური თვალსაზრისით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, განსახილველი დავის ფარგლებში უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან და განისაზღვროს, რამდენად არსებობს ქორწინების მოწმობის გაცემის წინაპირობები.

 

4.14. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების სახეებს, მათი რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების, დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის, აგრეთვე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ძირითად პირობებს და სამოქალაქო აქტების სფეროში უფლებამოსილ ორგანოებს.

 

ამავე კანონის მესამე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტი არის ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი: დაბადება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, ქორწინება, განქორწინება, სახელის ან/და გვარის შეცვლა, გარდაცვალება; „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამოქალაქო აქტის ჩანაწერი არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონით გათვალისწინებულ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს; „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია არის სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის რეგისტრაცია, ხოლო „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა არის უფლებამოსილი ორგანოს მიერ სამოქალაქო აქტის ჩანაწერის საფუძველზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციას.

 

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო სამოქალაქო აქტების მონაცემთა ბაზაში დაცული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის საფუძველზე, უფლებამოსილი პირის მოთხოვნით გასცემს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობას. ამავე კანონის კანონის 48-ე მუხლის თანახმად, ქორწინების წარმოშობისათვის სავალდებულოა მისი რეგისტრაცია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ, ხოლო 50-ე მუხლის მიხედვით, ქორწინების რეგისტრაციისათვის აუცილებელია დაქორწინების მსურველ პირთა საქორწინო ასაკი და თანხმობა.

 

მითითებული კანონის 83-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო სამოქალაქო აქტის ხელახალ რეგისტრაციას ახორციელებს, თუ სამოქალაქო აქტის ჩანაწერი დაკარგულია ან განადგურებულია და არსებობს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის გაცემის საფუძველია სამოქალაქო აქტების მონაცემთა ბაზაში დაცული სამოქალაქო აქტის ჩანაწერი. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ადასტურებს რა რეგისტრაციის მოწმობა კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის რეგისტრაციას, იგი მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემის საფუძველზე შეიძლება გაიცეს. მათ შორის, ქორწინების მოწმობის გაცემის წინაპირობას პირთა რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნა წარმოადგენს. კონკრეტულ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არ იძებნება ი---- ო--–---–ისა და აწ გარდაცვლილი ზ----------–----ის ქორწინების აქტის ჩანაწერი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა ქორწინების მოწმობის გაცემა.

 

მოსარჩელე ქორწინების მოწმობის გაცემას ითხოვს გორის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლითაც დადგინდა, რომ ი---- ო--–---–ი 1987 წლიდან ფაქტიურ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებოდა 1993 წლის 24 სექტემბერს აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ ზ----------------------–------თან. სწორედ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 26 ოქტომბრის №0--------/გ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი გამოცემულია გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გარეშე, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

სააპელაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, ყურადღებას მიაქცევს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიცავს მსჯელობას გორის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე ქორწინების მოწმობის გაცემის შეუძლებლობის თაობაზე. ამდენად, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მითითებას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ მოუხდენია საკითხის სრულყოფილი შესწავლა და არ შეუფასებია გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტი. ამასთან, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ გორის რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილია არა ი---- ო--–---–ისა და ზ----------–----ის რეგისტრირებულ ქორწინებაში, არამედ ფაქტიურ ქორწინებაში ყოფნის ფაქტი.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეგისტრირებული ქორწინება, რომლის საფუძველზეც შეიძლება გაიცეს ქორწინების მოწმობა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის გათვალისწინებით, მხოლოდ კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციის მეშვეობით შეიძლება წარმოიშვას. პირთა ფაქტიური თანაცხოვრება კი ვერ იქნება გათანაბრებული რეგისტრირებულ ქორწინებასთან, რომლის წარმოშობისათვის საკმარისია არა მხოლოდ მხარეთა თავისუფალი ნების გამოხატვა, არამედ კანონით დადგენილი საქორწინო პირობების დაკმაყოფილება და უფლებამოსილი პირის მიერ აღნიშნული ნების გამოხატვის შედეგად განხორციელებული რეგისტრაცია. სწორედ ამიტომ, რეგისტრირებული და არარეგისტრირებული ქორწინება სამართლებრივი შედეგებით, მეუღლეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობით განსხვავდება ერთმანეთისაგან. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მხარეები ფაქტიურ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებიან, იმავდროულად მათი ქორწინების რეგისტრირებულად მიჩნევის საფუძველს არ ქმნის, რადგან რეგისტრაცია უფლებამოსილი პირის მიერ, კანონით დადგენილი წესით, მხარეთა არა მარტო თანაცხოვრების, არამედ ქორწინების რეგისტრაციის ნების გამოხატვის შედეგად კონკრეტული ფაქტის დაფიქსირების შედეგია, რომლის დროსაც დაცული უნდა იქნეს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და რომელსაც კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგების წარმოშობა უკავშირდება. ამდენად, გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დასტურდება რა მხარეთა მხოლოდ ფაქტიური საქორწინო ურთიერთობა და არა რეგისტრირებული ქორწინების არსებობა, ხოლო სხვა რაიმე დოკუმენტი რეგისტრირებული ქორწინების არსებობის ფაქტის დადასტურების შესახებ ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას წარმოდგენილი არ არის, სააპელაციო პალატა იზიარებს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პოზიციას, რომ ვერ მოხდებოდა ქორწინების რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია თუ ქორწინების მოწმობის გაცემა.

 

4.15. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

ამავე კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, უსაფუძვლოა სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის ქორწინების მოწმობის გაცემის დავალების თაობაზე.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საჩივარი დაკმაყოფილდება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

 

მოწინააღმდეგე მხარის - ი---- ო--–---–ის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. ამასთან, ი---- ო--–---–ს უნდა დაეკისროს აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის ანაზღაურება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ი---- ო--–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. ი---- ო--–---–ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

5. ი---- ო--–---–ს დაეკისროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე: გიორგი ტყავაძე

 

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

 

ნათია ქუთათელაძე