დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
28 მაისი 2024 წელი
№ას-1444-2023 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ მ.გ–ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ.ნ–ა
მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე _ ა.კ–ია, ნ.კ–ია, მ.კ–ია
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა, სამკვიდროში წილის განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ნ.ნ–ამ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე მ.გ–ის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“, „კასატორი“) მიმართ, მოპასუხისთვის გარდაცვლილ ი.კ–ას (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მამკვიდრებელი“) მემკვიდრედ ყოფნის უფლების ჩამორთმევისა და მამკვიდრებლის სამკვიდროში მოსარჩელის წილის 25%-ით განსაზღვრის მოთხოვნებით.
სარჩელის საფუძვლები:
2.1. მოსარჩელე ნ.ნ–ა არის 2021 წლის 23 ნოემბერს გარდაცვლილი ი.კ–ას დედა. მოსარჩელემ, როგორც პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ, 2022 წლის 13 იანვარს მიმართა ნოტარიუსს სამკვიდროს მიღების მიზნით. სამკვიდროს მიღების ნება გამოავლინა მოპასუხე მ.გ–მაც, რომელიც, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების ძალით, განქორწინებულია ი.კ–ასთან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით მ.გ–ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელობის გამო დარჩა განუხილველი, რის შედეგადაც განქორწინების გზით ქორწინების შეწყვეტის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა, თუმცა საკასაციო სასამართლოს განჩინების ჩაბარებამდე ი.კ–ა გარდაიცვალა, შესაბამისად, განქორწინების შესახებ გადაწყვეტილების სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარდგენა დაინტერესებული პირის მიერ არ მომხდარა, ამავდროულად, განქორწინების რეგისტრაციის მიზნით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში გადაგზავნის ვალდებულება დროულად არ შეასრულა არც გადაწყვეტილების გამომტანმა სასამართლომ, რის გამოც მარეგისტრირებელმა ორგანომ ქორწინების შეწყვეტის საფუძვლად დააფიქსირა გარდაცვალება და არა განქორწინება.
2.2. ი.კ–ამ სასამართლოში სარჩელის აღძვრისა და სამივე ინსტანციის სასამართლოში დავის წარმოების გზით ერთმნიშვნელოვნად გამოხატა ნება, შეეწყვიტა მოპასუხესთან ქორწინება, ვინაიდან მამკვიდრებელს აღარ გააჩნდა მ.გ–თან ერთად ოჯახის შენარჩუნების სურვილი. 2019 წლის 10 დეკემბერს განქორწინების თაობაზე წადგენილ სარჩელში ი.კ–ა უთითებდა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ყოფილი მეუღლეები ცხოვრობდნენ ცალ-ცალკე; აღნიშნული გარემოება დადგენილად მიიჩნია განქორწინების დავის განმხილველმა სამივე ინსტანციის სასამართლომაც.
ი.კ–ასა და მ.გ–ს შორის ქორწინების პეროდში შეძენილი ქონების გაყოფაზე 2015 წლიდან პერიოდულად მიმდინარეობდა სხვადასხვა დავა, რაც ცხადყოფს, რომ ი.კ–ას გარდაცვალებამდე სამ წელზე მეტი დროის განმავლობაში მეუღლეებს გაწყვეტილი ჰქონდათ საოჯახო ურთიერთობა და ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად განაგრძობდნენ ცხოვრებას. აღნიშნული ფაქტის არსებობა კი, განქორწინების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებისგან დამოუკიდებლად ქმნის მემკვიდრეობის უფლების დაკარგვის საფუძველს.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მეუღლეების ქორწინება შეწყდა არა სასამართლოს მეშვეობით განქორწინების, არამედ ი.კ–ას გარდაცვალების გამო. სიმართლეს არ შეესაბამება, რომ ი.კ–ას გარდაცვალებამდე მ.გ–ი წლების განმავლობაში არ იყო მისი მეუღლე, ისინი მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე ერთად ცხოვრობდნენ, ჰქონდათ საერთო საოჯახო მეურნეობა, მოპასუხე სარგებლობდა მამკვიდრებლის საბანკო ბარათით, ნებისმიერ საოჯახო საკითხზე, მათ შორის, შვილების შესახებ, გადაწყვეტილებას იღებდნენ ერთობლივად, სანაცნობო და სანათესაო წრეში დადიოდნენ ერთად. მეუღლეებს შორის განქორწინება ატარებდა ფორმალურ ხასიათს, რისი დასტურიც არის ის, რომ საკასაციო სასამართლოს განჩინების გამოტანიდან (15.10.2021წ.) ი.კ–ას გარდაცვალებამდე დროის შუალედში განქორწინების შესახებ გადაწყვეტილება არცერთ მეუღლეს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში არ წარუდგენია, ესე იგი, გარდაცვალების მომენტში ქორწინება იყო ძალაში. განქორწინების პროცედურების მიმდინარეობის პარალელურად, მეუღლეები ერთობლივად უძღვებოდნენ ოჯახის კუთვნილ სამეწარმეო საქმიანობას, ხოლო ი.კ–ას გარდაცვალების შემდეგ მამკვიდრებლის პანაშვიდები და გასვენება მოხდა მ.გ–ის სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლიდან, სამგლოვიარო რიტუალებში კი მ.გ–ი მონაწილეობდა შვილებთან და დედამთილთან ერთად. ყოველივე აღნიშნული, მოპასუხის შეფასებით, მოწმობს, რომ მამკვიდრებელს მის მეუღლესთან თანაცხოვრება არ გაუწყვეტია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ.გ–ს ჩამოერთვა 2021 წლის 23 ნოემბერს გარდაცვლილ ი.კ–ას სამკვიდრო ქონებაზე კანონით მემკვიდრეობის უფლება. მოთხოვნა სამკვიდრო მასაში ნ.ნ–ას წილის 25%-ით განსაზღვრის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა. საქმეზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელე მხარემაც, რომლითაც მოითხოვა დაუკმაყოფილებელ ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი და მოსარჩელის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. მამკვიდრებელი ი.კ–ა გარდაიცვალა 2021 წლის 23 ნოემბერს. ამავე დღეს ი.კ–ას სამკვიდრო ქონებაზე გაიხსნა სამკვიდრო და ნოტარიუსის წარმოებაშია სამემკვიდრეო საქმის წარმოება;
7.2. მოსარჩელე არის გარდაცვლილი ი.კ–ას დედა;
7.3. მოპასუხე და ი.კ–ა ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1977 წლის 3 დეკემბრიდან. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ სამი შვილი: მ.კ–ია, ნ.კ–ია და ა.კ–ია (მესამე პირები);
7.4. გარდაცვლილ ი.კ–ას დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მიზნით ნოტარიუსს მიმართეს მამკვიდრებლის დედამ, შვილებმა და მოპასუხემ;
7.5. მამკვიდრებელმა ი.კ–ამ გარდაცვალებამდე, 2019 წლის 10 დეკემბერს, სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხის მიმართ ქორწინების შეწყვეტის მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით მხარეთა შორის არსებული ქორწინება შეწყდა განქორწინებით. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2021 წლის 15 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 15 ოქტომბრის №ას-381-2021 განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაუშვებელობის გამო დარჩა განუხილველი;
7.6. მამკვიდრებელსა და მოპასუხეს შორის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ქორწინების (რეგისტრაციის შესახებ სააქტო ჩანაწერი №4219) შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს 23.11.2021 წელს მამკვიდრებლის გარდაცვალება. მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართა ქორწინების შეწყვეტის საფუძველის შეცვლის შესახებ, რაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 06.05.2022 წლის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა;
8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო სასამართლომ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:
8.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსისს 1122-ე მუხლის მიხედვით, განქორწინება ქორწინების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია. სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის 55-ე და 58-ე მუხლებზე დაყრდნობით სასამართლომ განმარტა, რომ განქორწინება დასაშვებია ორი გზით - 1. ორივე მეუღლის მიერ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების შესახებ ერთობლივი განცხადების წარდგენით, 2. ხოლო თუ რომელიმე მეუღლე განქორწინებაზე თანახმა არ არის, სასარჩელო წარმოების გზით სასამართლოში დავის აღძვრით. სასამართლომ მიუთითა განქორწინების შესახებ სარჩელის განმხილველი სასამართლოს კანონისმიერ ვალდებულებაზე, განქორწინების შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს საკუთარი ინიციატივით გადაუგზავნოს განქორწინების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება აღსასრულებლად და განმარტა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სარეგისტრაციო ორგანოს მიერ განქორწინების რეგისტრაციის განხორციელება ამ გადაწყვეტილების აღსრულების ნაწილში–, ხოლო თავად ქორწინების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება, რომლის კანონიერ ძალაში შესვლაც იმას გულისხმობს, რომ ეს ურთიერთობა წარმოშობილი ან შეწყვეტილი იმის მიუხედავად, თუ რამდენი წელია გასული ამ გადაწყვეტილების მიღებიდან. თუ სასამართლო გადაწყვეტილებით დადგინდა განქორწინების ფაქტი, მისი აღსრულება (შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია) შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერ დროს.
8.2. სასამართლომ ყურადღება მიაპყრო იმ გარემობას, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტში განქორწინების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება შესული იყო კანონიერ ძალაში, ხოლო ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად ედო ერთ-ერთი მეუღლის (მამკვიდრებლის) მიერ სასამართლოში სარჩელის აღძვრის გზით გამოვლენილი ნება განქორწინებაზე, რაც საკუთარ თავში იმ სურვილსაც მოიცავს, რომ განქორწინებულ მეუღლეებს აღარ გააჩნდეთ სამემკვიდრეო უფლებები ერთმანეთის ქონების მიმართ. განქორწინების შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ი.კ–ას გარდაცვალებამდე გასული პერიოდის გათვალისწინებით (38 დღე) და იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ გადაწყვეტილებას მომზადებასა და მხარისათვის ჩაბარებას, აგრეთვე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გადაგზავნას შესაბამის ორგანოში, გარკვეული დრო დასჭირდებოდა, სასამართლომ საფუძველს მოკლებულად მიიჩნია ვარაუდი, რომ ი.კ–ას არ სურდა განქორწინების სასამართლო გადაწყვეტილების რეგისტრაცია სააგენტოში. განქორწინების შესახებ მამკვიდრებლის ნების სიმყარის არგუმენტად იქნა მიჩნეული ის გარემოებაც, რომ ი.კ–ამ გარდაცვალებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე შეგებებული სარჩელი წარადგინა მოპასუხის მიმართ ქონებრივი მოთხოვნით. ამდენად, განქორწინების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობის განმაპირობებელ მიზეზად სააპელაციო პალატამ მიიჩნია არა ის გარემოება, რომ მამკვიდრებელს არ სურდა განქორწინების რეგისტრაცია, არამედ ის, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სააგენტოს მიეწოდა უფრო ადრე, ვიდრე მისთვის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესახებ გახდებოდა ცნობილი.
8.3. სააპელაციო პალატის განსჯით, კანონიერ ძალაში შესული განქორწინების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულოობის, ასეთი გადაწყვეტილების რეგისტრაციის აუცილებლობის, რეგისტრაციის ორგანოში გაგზავნის შესახებ სასამართლოს დავალდებულების მიზნისა და პირის ნების გამოვლენის მნიშვნელობის გათვალისწინებით, განქორწინების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების დაურეგისტრირებლობა, მით უმეტეს, მამკვიდრებლის ბრალის გარეშე, არ შეიძლებოდა, განმარტებულიყო მამკვიდრებლის ნამდვილი ნების და ინტერესის და ასევე ამ ნების გამოვლენის საფუძველზე დამდგარი სამართლებრივი შედეგის საწინააღმდეგოდ. აღნიშნული დასაბუთების გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილებულ ნაწილში ჩაითვალა საფუძვლიანად სსკ 1340-ე მუხლთან მიმართებით (განქორწინებული მეუღლეები არ შეიძლება მემკვიდრეები იყვნენ ერთმანეთის გარდაცვალების შემდეგ).
8.4. სააპელაციო პრეტენზიის ფარგლებში სააპელაციო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევაზე შეაფასა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1341-ე მუხლთან ურთიერთკავშირშიც (სასამართლოს გადაწყვეტილებით მეუღლეს შეიძლება ჩამოერთვას კანონით მემკვიდრეობის უფლება, თუ დადასტურებული იქნება, რომ ქორწინება მამკვიდრებელთან ფაქტობრივად სამკვიდროს გახსნამდე არანაკლებ სამი წლისა შეწყვეტილი იყო და მეუღლეები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ). სააპელაციო სასამართლომ შეჯიბრებითობის პრინციპზე მითითებით განმარტა, რომ რეგისტრირებული ქორწინების არსებობის მიუხედავად, არანაკლებ სამი წლის განმავლობაში ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალებამდე, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირებს შორის ცოლ-ქმრული ურთიერთობის შეწყვეტის ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეს არის. სააპელაციო სასამართლომ, განსხვავებით პირველი ინსტანციის სასამართლოსგან, მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სამკვიდროს გახსნამდე სამი წლით ადრე მაინც მამკვიდრებელსა და მოპასუხეს შორის ფაქტობრივი საოჯახო ურთიერთობის შეწყვეტის ფაქტის მტკიცების ტვირთი ვერ დაძლია, ხოლო განქორწინების დავაში დადგენილი ფაქტიდან („ი.კ–ასა და მოპასუხეს შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია, ისინი ცხოვრობენ ცალ-ცალკე“) თანაცხოვრების შეწყვეტის კონკრეტული დრო არ ვლინდებოდა, შესაბამისად, სხვა დავაში ამგვარად დადგენილი გარემოება ფაქტობრივი თანაცხოვრების მომენტის დამტკიცების მოვალეობისგან ვერ გაათავისუფლებდა მოსარჩელეს.
8.5. სასამართლომ კრიტიკულად შეაფასა საქმეზე მოპასუხის ინიციატივით დაკითხული მოწმეების - მ.ჯ–ის, მ.ვ–ძის, მ.ს–ძის, ა.ნ–ძის ჩვენებები, რომელთა დაკითხვის მიზანიც იყო იმ გარემოების დადასტურება, რომ ი.კ–ა და მ.გ–ი თანაცხოვრობდნენ და ურთიერთობდნენ ერთმანეთთან მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე. მოწმეთა მიერ მიწოდებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე სასამართლომ დაასკვნა, რომ არცერთ მათგანს განქორწინების სარჩელის ინიცირების შემდეგ მეუღლეთა თანაცხოვრების ფაქტზე არ მიუთითებიათ, სააპელაციო სასამართლომ, არასარწმუნოდ მიიჩნია მოწმე ს.ს–ის ჩვენებაც, რომელიც, როგორც ი.კ–ას წარმომადგენელი, ხელს აწერდა განქორწინების სარჩელს, ხოლო წინამდებარე საქმეზე მოწმის სტატუსით განმარტავდა, რომ სარჩელში მოხმობილი ფაქტები თანაცხოვრების რამდენიმე წლით ადრე შეწყვეტის შესახებ ი.კ–ასგან მიღებულ ინფორმაციას არ ეფუძნებოდა, არამედ სარჩელში წარმომადგენელმა მიუთითა თვითნებურად, ხოლო თავად სარჩელი შეადგინა ადვოკატ გ.ყ–ის დავალებით, რომელიც წინამდებარე დავაში მოსარჩელესთან დაპირისპირებული მესამე პირების ინტერესებს წარმოადგენს.
8.6. სამკვიდრო მასაში მოსარჩელის წილის 25%-ით განსაზღვრის შესახებ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით სააპელაციო პალატამ შენიშნა, რომ სამემკვიდრეო საქმისწარმოება დასრულებული არ არის. ნოტარიუსმა სადავო საკითხების გამოვლენისთანავე შეაჩერა სამკვიდრო მოწმობის გაცემა 2022 წლის 3 ივნისამდე, ხოლო სარჩელის სასამართლოში წარმოდგენის შემდეგ, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სასამართლომ თავადვე შეაჩერა სამემკვიდრეო საქმისწარმოება ი.კ–ას სამკვიდროს ფარგლებში. სსკ-ის 1421-ე, 1500-ე მუხლებზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მემკვიდრეთა წრის შესახებ ინფორმაციის დადგენა ნოტარიუსის კვლევის საგანია და იმ მოცემულობაში, როდესაც სამკვიდრო მოწმობა გაცემული არ არის, სასამართლო ვერ განსაზღვრავს თითოეული მემკვიდრის წილს.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.გ–მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:
საფუძველს მოკლებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მამკვიდრებელსა და მოპასუხეს შორის ქორწინება შეწყდა განქორწინების გზით, ვინაიდან „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განქორწინებისთვის სავალდებულოა მისი რეგისტრაცია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში, ხოლო ამავე კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად, განქორწინების შემთხვევაში ქორწინება შეწყვეტილად ითვლება განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან, ამრიგად, განქორწინების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა არ კმარა იმისთვის, რომ ქორწინება ჩაითვალოს შეწყვეტილად, იმისთვის, რომ განქორწინებამ შეიძინოს იურიდიული ძალა, იგი უნდა აღსრულდეს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში რეგისტრაციის გზით. ვინაიდან ი.კ–ას სიცოცხლის განმავლობაში სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ სააგენტოში სარეგისტრაციოდ არ წარდგენილა, ქორწინება შეწყდა არა განქორწინების, არამედ ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების საფუძვლით. გარდაცვალების მომენტში ი.კ–ა ითვლებოდა ქორწინებაში მყოფ პირად, ვინაიდან არ არსებობდა განქორწინების სააქტო ჩანაწერი, ხოლო მოპასუხე, როგორც მამკვიდრებელთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, წარმოადგენდა მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეს. დაუშვებელია, აღუსრულებელი სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მ.გ–მა დაკარგოს მემკვიდრედ ყოფნის უფლება, მით უმეტეს, რომ ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების საფუძვლით ქორწინების შეწყვეტის სააქტო ჩანაწერი არ გასაჩივრებულა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2024 წლის 08 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად და მიღებული იქნა განსახილველად. საკასაციო საჩივარი განხილული იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
11.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
მხარეთა შორის დავას არ იწვევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომ მამკვიდრებელმა ი.კ–ამ ნამდვილად მიმართა სასამართლოს განქორწინების გზით მ.გ–თან რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის შესახებ; უდავოა ისიც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით მხარეთა შორის არსებული ქორწინება შეწყდა განქორწინებით. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 15 ოქტომბრის №ას-381-2021 განჩინებით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო განუხილველველად დატოვების შედეგად. უდავოდ დადგენი– ისიც, რომ განქორწინების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 38 დღეში, 2021 წლის 23 ნოემბერს, ი.კ–ა გარდაიცვალა, ხოლო მისი გარდაცვალების მომენტში განქორწინების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღსასრულებლად სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში არც რომელიმე მეუღლეს წარუდგენია და არც გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს გადაუგზავნია. ამრიგად, გარდაცვალების იურიდიული ფაქტი დადგა ისე, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს მეუღლეთა სასამართლო წესით განქორწინების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია.
საკასაციო სასამართლო შენიშნავს, რომ მხარეები უდავოდ მიჩნეულ ფაქტებს განსხვავებული სამართლებრივი შედეგების წარმომშობად მიიჩნევენ, კერძოდ, მხარეთა შორის სადავოა, უნდა ჩაითვალოს თუ არა პირი მამკვიდრებლის მეუღლედ და, შესაბამისად, პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრედ, თუკი განქორწინების გზით ქორწინების შეწყვეტის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, თუმცა განქორწინების რეგისტრაციის პროცედურების განხორციელებამდე, მეუღლეთაგან ერთ-ერთი გარდაიცვლება. საკასაციო პრეტენზიის შინაარსისა და ფარგლების გათვალისწინებით, პალატა სწორედ დასახელებული საკითხით შემოზღუდავს საკუთარ მსჯელობას.
11.2. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც სურდა მოსარჩელეს წინამდებარე საქმეზე წარმოდგენილი სარჩელით, მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1340-ე (განქორწინებული მეუღლეები არ შეიძლება მემკვიდრეები იყვნენ ერთმანეთის გარდაცვალების შემდეგ), 1122-ე (ქორწინება წყდება: ა) ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალებით; ბ) კანონით დადგენილი წესით ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვლილად გამოცხადებით; გ) განქორწინებით), 1123.1-ე (განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, სხვა შემთხვევაში – სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში) მუხლები.
11.3. მხარეებს შორის დავა განპირობებულია „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე და 61-ე მუხლების შინაარსით. დასახელებული კანონის მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განქორწინებისათვის სავალდებულოა მისი რეგისტრაცია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ. ციტირებული ნორმის მეორე პუნქტის თანახმად კი, განქორწინების რეგისტრაციისათვის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უნდა წარედგინოს უფლებამოსილი პირის განცხადება. განქორწინების რეგისტრაცია ასევე შეიძლება განხორციელდეს განქორწინების შესახებ ამ კანონის 58-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის თანახმად კი, განქორწინების შემთხვევაში ქორწინება შეწყვეტილად ითვლება განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან. „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანების 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, განქორწინების რეგისტრაციისთანავე ქორწინების აქტის ჩანაწერში მიეთითება ქორწინების შეწყვეტის შესახებ და ქორწინების შეწყვეტის თარიღი.
დასახელებული ნორმებით ცხადად გამოხატულია კანონმდებლის იმპერატიული მოთხოვნა, განქორწინების შესახებ ფორმირებულმა ნებამ ასახვა ჰპოვოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოენაცემებში.
11.4. ამრიგად, სასამართლოს ამოცანაა, წინამდებარე დავაში დაადგინოს დასახელებული ნორმების ნამდვილი შინაარსი სასამართლო წესით განქორწინების ინსტიტუტთან მიმართებით, ესე იგი, განსაზღვროს, თუ რა სამართლებრივი მნიშვნელობა გააჩნია განქორწინების იურიდიული ფაქტის რეგისტრაციას მაშინ, როდესაც განქორწინების გზით ქორწინების შეწყვეტაზე არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული, თუმცა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში დაურეგისტრირებელი გადაწყვეტილება.
12.1. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. ნებაყოფლობითობის პრინციპი ქორწინების ძირითადი უფლების ცნებაში არ შემოიფარგლება მარტოოდენ დაქორწინების მომენტით, არამედ ამგვარი კავშირის სურვილი უნდა არსებობდეს ქორწინების მთელ პერიოდში. ნებელობის კომპონენტის არსებობა ქორწინების ცნებაში აფუძნებს არამარტო ქორწინების, არამედ განქორწინების თავისუფლებასაც, მიუხედავად იმისა, რომ განქორწინების ცნება კონსტიტუციაში სიტყვა-სიტყვით რეგლამენტირებული არ არის. ქორწინებაში როგორც ყოფნის, ისე არყოფნის ნება თანაბარმნიშვნელოვანი უფლებებია, თუმცა დაქორწინებულთაგან ერთ-ერთი მეუღლის ნება ქორწინების შეწყვეტაზე გადასწონის ქორწინებაში დარჩენის ნებასაც (მრავალთა შორის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.08.2022წ. განჩინება საქმეზე №ას-210-2022).
12.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განქორწინების თავისუფლებას არ მიიჩნევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არც მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) და არც მე-12 მუხლით (ქორწინების უფლება) დაცულ სფეროდ, მეტიც, იმ გარემოებას, რომ კონვენციაში განქორწინების უფლება ასახული არ არის, ევროპული სასამართლო კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოთა გაცნობიერებულ არჩევანს მიაწერს. ამავდროულად, ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ განქორწინების მომწესრიგებელი კანონმდებლობის ფორმირებისას ხელშემკვრელი სახელმწიფოები სარგებლობენ შეფასების ფართო ზღვრით, რათა დააბალანსონ მოდავე მხარეთა ურთიერთდაპირისპირებული ინტერესები. ამრიგად, განქორწინების უფლების, მისი რეალიზაციის წესისა და შედეგების დადგენა ევროპულ სასამართლოს შიდასახელმწიფოებრივ საქმედ მიაჩნია (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 10.04.2017 წლის გადაწყვეტილება საქმეზე BABIARZ v. POLAND (Application no. 1955/10)).
12.3. მეუღლეებს შორის ქორწინების შეწყვეტას სამოქალაქო კოდექსი განქორწინებას უწოდებს. განქორწინებისას იგულისხმება, რომ ქორწინება დამყარდა კანონის საფუძველზე, არსებობდა დროის გარკვეულ მონაკვეთში, მეუღლეებს შორის წარმოიშვა საოჯახო ურთიერთობები, მაგრამ, შემდეგ იგი, ისევ მეუღლეთა ნების გამოვლენის საფუძველზე, შეწყდა.
12.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. განქორწინება, სამოქალაქოსამართლებრივი მნიშვნელობით, გარიგებაა, რამდენადაც გამოვლენილი ნება საოჯახო ურთიერთობის შეწყვეტას ისახავს მიზნად.
12.5. საქორწინო ურთიერთობების როგორც დაწყების, ისე დასრულების მიზნებისათვის კანონმდებელი ადგენს ნების თავისუფლების პრიმატს. ამ თავისუფლების ადრესატები არიან არამარტო მეუღლეები, არამედ ყველა მესამე პირი და უმთავრესად, სახელმწიფო, რომლის ყველა შტოც ვალდებულია, აღიაროს და პატივი სცეს როგორც ქორწინების, ისე განქორწინების სურვილს, მოეკიდოს მას სერიოზულობით და სამართლებრივი შედეგების განსაზღვრისას არ უგულებელყოს გამოვლენილი ნების შინაარსი.
12.6. უწინარესად, სასამართლო შენიშნავს, რომ როგორც ქორწინება, ისე განქორწინება, საოჯახო სამართლის ინსტიტუტებია და მათი პირველწყარო სამოქალაქო კოდექსია, ყველა სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტს აქვს სამოქალაქო კოდექსის შევსების, დაზუსტების, და, არა, კოდექსისეული დანაწესების მოდიფიცირების ფუნქცია.
პალატა შენიშნავს, რომ ქორწინების სამოქალაქო კოდექსისეულ ცნებაში რეგისტრაცია ქორწინების მაკვალიფიცირებელი ელემენტია (სსკ 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში; სსკ 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება). ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, თუმცა რეგიტრაციის გარეშე, ქორწინებად არ მიიჩნევა (ვრცლად საკითხზე იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 09 ივნისის N2/4/1351 გადაწყვეტილება საქმეზე „ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
აღნიშნულისგან განსხვავებით, განქორწინების საკითთან მიმართებით სამოქალაქო კოდექსი გვთავაზობს ერთადერთ დანაწესს სსკ 1123-ე მუხლის სახით, რომლის პირველი ნაწილის თანახმადაც, განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, სხვა შემთხვევაში – სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში. სასამართლო წესით განქორწინებასთან მიმართებით სამოქალაქო კოდექსი რეგისტრაციის კომპონენტს იმანენტურ ელემენტად არ ასახელებს.
12.7. ამრიგად, კანონმდებლობა იცნობს განქორწინების ორ მექანიზმს _ 1. განქორწინება ადმინისტრაციულ ორგანოში; 2. განქორწინება სასამართლოში. განქორწინება ადმინისტრაციულ ორგანოში გულისხმობს სამართალწარმოების გარეშე, ორივე მეუღლის მიერ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსადმი მიმართვას, რა დროსაც მეუღლეები, მათსავე ურთიერთთანმხვედრ ნებას, რომ აღარ სურთ ქორწინებაში ყოფნა, ავლენენ სახელმწიფო ინსტიტუტის წინაშე და ამით მათ შორის მიღწეულ კონსენსუსს სამართლებრივ ძალმოსილებას ანიჭებენ. ადმინისტრაციულ ორგანოში განქორწინების მექანიზმი არ შემოიფარგლება მარტოოდენ ორივე მეუღლის ერთობლივი მიმართვის შემთხვევებით, კანონმდებელი ადმინისტრაციულ ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნით ნების გაცხადების უფლებას ანიჭებს ერთ მეუღლესაც, თუკი მას ხელთ აქვს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება განქორწინების ან მეორე მეუღლის უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადების შესახებ ან განაჩენი მეორე მეუღლისათვის არანაკლებ სამი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდების შესახებ („სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ.ა“-„ბ.დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად). მარტოოდენ ის ფაქტი, რომ მეუღლე უგზო-უკვლოდ დაკარგულად არის ცნობილი ან მსჯავრდებულია, არ კმარა განქორწინების შედეგების თავისთავად წარმოსაშობად, არამედ ინიციატორმა მეუღლემ სააგენტოსადმი განცხადებით მიმართვის გზით უნდა გააცხადოს, რომ მას აღარ სურს ქორწინებაში დარჩენა. ასეთ შემთხვევაში, სააგენტოში განქორწინების რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენა წარმოადგენს ფორმირებული ნების გაცხადების მექანიზმს, ხოლო სააგენტოს გადაწყვეტილება განქორწინების რეგისტრაციის შესახებ _ ამგვარი ნების აღსრულების აქტს.
12.8. პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს სასამართლოში სარჩელის აღძვრის გზით განქორწინებას, როგორც სამოქალაქო კოდექსის 1123.1 და 1127-ე მუხლებით განმტკიცებულ უფლებას და დასძენს, რომ იგი განქორწინების შედარებით რთული პროცედურაა, რომლის გამოყენებაც დღის წესრიგში დგება მაშინ, როდესაც ერთ-ერთ მეუღლეს განქორწინება სურს, ხოლო მეორეს არა, ესე იგი, სასამართლო წესით განქორწინების მექანიზმი გამოიყენება მეუღლეთა კონსენსუსის არარსებობისას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად, 1. განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენი– საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. 2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა. 4. განქორწინების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო, როცა აუცილებელია, იღებს ზომებს მცირეწლოვანი შვილებისა და შრომისუუნარო მეუღლის ინტერესების დასაცავად. 5. განქორწინების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე განსახორციელებელ განქორწინების რეგისტრაციაზე არ ვრცელდება ამ კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა.
12.9. სასამართლო წესით განქორწინებისას, მოსარჩელე, საკუთარ ნებას, რომ აღარ სურს, რჩებოდეს ქორწინებაში, ავლენს სასამართლოს წინაშე. საქმის განმხილველი სასამართლო მოსარჩელის გამოხატულ ნებას ამოწმებს დასაშვებობებისა და ნამდვილობის კრიტერიუმებით და მხოლოდ მაშინ იღებს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილებაზე, თუკი დაადგენს, რომ განქორწინების სურვილი რეალურია, არ არსებობს საოჯახო ურთიერთობათა აღდგენის შესაძლებლობა და ამავდროულად, არ ვლინდება სსკ 1123-ე მუხლის მეორე ნაწილით რეგლამენტირებული განქორწინების დამაბრკოლებელი ფაქტორები (ცოლის ორსულობის დროს და ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში ქმარს უფლება არა აქვს ცოლის თანხმობის გარეშე აღძრას საქმე განქორწინებაზე).
12.10. საპროცესო თავისუფლება, რომელიც მოსამართლეს საოჯახო (მათ შორის განქორწინების საქმის) განხილვისას აქვს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ), უზრუნველყოფს იმას, რომ სამართალწარმოების ნაყოფი - სასამართლო გადაწყვეტილება - წარმოადგენდეს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოების ანალიზის, შეჯერებისა და მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლევის შედეგს. ამავდროულად, სამართლებრივი პროცესი, რომელსაც გადის სასამართლო სარჩელის მიღებიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, სარჩელში გაცხადებულ ნებას განქორწინებაზე მაღალ ლეგიტიმაციას სძენს და მისი უკუგდება, სასამართლოს შეფასებით, ეწინააღმდეგება ქორწინებისა და განქორწინების თავისუფლების უმთავრეს პრინციპს - ნებელობითობას.
13.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
13.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.
13.3. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა ორ პრინციპს უკავშირდება: პირველი ეს არის „დავა გადაწყვეტი–“ (Res Juticata), რომელიც მართლმსაჯულების ფუნდამენტური პრინციპია და მეორე - ფაქტების პრეიუდიცია (collateral estopel, issue preclusion). დოქტრინა - „დავა გადაწყვეტი–“ ერთხელ უკვე განხილული სარჩელის ხელახალ განხილვას გამორიცხავს. სასამართლოს მიერ უკვე განხილულ და გადაწყვეტილ დავაზე სამართალწარმოება აღარ გაიმართება, სარჩელი აღარ მიიღება არსებითად განსახილველად სწორედ იმიტომ, რომ სასამართლომ ამ საკითხზე უკვე მიიღო საბოლოო და შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილება. მეორე პროცესუალურ-სამართლებრივი პრინციპი - პრეიუდიცია სასამართლოს მიერ ერთ საქმეზე უკვე განხილული საკითხის ხელახალ განხილვას კრძალავს, კერძოდ, გამორიცხავს იმ ფაქტების ხელახალ დადგენას, რაც დამტკიცებულია სხვა საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (იხ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, რჩეული მუხლები, თბილისი 2020, გვ. 989-990).
13.4. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგებით შებოჭილნი არიან როგორც მხარეები, ისე მათი უფლებამონაცვლეები, მათ არ შეუძლიათ, უგულებელყონ სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი წესრიგი იმ მოტივით, რომ იგი აღსრულებული არ არის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის გზით. სასამართლო გადაწყვეტილების გადაწყვეტილების საბოლოო, შეუქცევადი, სავალდებულო ბუნების გათვალისწინებით, კანონიერ ძალაში შესვლის ფაქტი დავის მონაწილე მხარეებს შორის სამართალურთიერთობას აწესებს, ცვლის, წყვეტს რეგისტრაციის ფაქტისაგან დამოუკიდებლად, ესე იგი, იმის მიუხედავად, მოხდება თუ არა გადაწყვეტილების შედეგების გაცხადება (დეკლარირება) მესამე პირების, მათ შორის, სახელმწიფოს წინაშე რეგისტრაციის გზით.
13.5. განქორწინების შესახებ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებთან მიმართებით რეგისტრაციის მნიშვნელობის განსასაზღვრად სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მიმოიხილოს ის ცვლილებებიც, რაც, ისტორიულად, განქორწინების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების წესმა განიცადა. 2012 წლის 01 თებერვლამდე მოქმედი „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლი განქორწინების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად მოითხოვდა სულ მცირე, ერთი მეუღლის წერილობით განცხადებას მარეგისტრირებელი ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე, სხვა შემთხვევაში, იგი აღსრულებას არ დაექვემდებარებოდა; 2012 წლის 01 თებერვლის შემდგომ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონში გაჩნდა 58-ე მუხლი, რომელმაც დააფუძნა სასამართლოს ვალდებულება, თავის გადაწყვეტილება მეუღლეთა განქორწინების შესახებ მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გაუგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.
ზოგადი წესის თანხმად, სამოქალაქო საქმის განმხილველი სასამართლო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაში არ მონაწილეობს; მხარის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად მოქმედება მართებს თავად კრედიტორს, უმოქმედობის უარყოფითი შედეგების ადრესატიც ეს უკანასკნელია. ამ წესიდან გამონაკლისია განქორწინების საქმეებზე სასამართლოსთვის დაკისრებული კანონისმიერი მოვალეობა, კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღეში, საკუთარი ინიციატვით, მხარის შუამდგომლობის გარეშე, განქორწინებაზე მიღებული გადაწყვეტილება გაუგზავნოს სარეგისტრაციო ორგანოს განქორწინების დასარეგისტირებლად.
საგულისხმოა “სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტიც - განქორწინების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს განქორწინების რეგისტრაციას, მიუხედავად ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღისა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, განქორწინების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე განსახორციელებელ განქორწინების რეგისტრაციაზე არ ვრცელდება ამ კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა.
მოქმედი კანონმდებლობა განქორწინების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობას არ ზღუდავს ხანდაზმულობის ინსტიტუტით, იგი შესაძლოა აღსრულდეს კანონიერ ძალაში შესვლიდან ნებისმიერ დროს, თუმცა 2012 წლის 01 თებერვლამდე მოქმედი რეგულაციით განქორწინების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობა შემოფარგლული იყო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 03 წლის ვადით, ხოლო აღსრულება სრულად იყო დამოკიდებული რომელიმე მეუღლის ინიციატივაზე. აღნიშნული ვადის გასვლა სპობდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობას.
13.6. საკასაციო პალატის განსჯით, სასამართლოს მონაწილეობის ხარისხი განქორწინების გადაწყვეტილებათა აღსრულების პროცესში, აღსრულების შესაძლებლობის გათავისუფლება ხანდაზმულობის ვადებისგან და რაც მთავარია, ის სამართლებრივი მოცემულობა, რომ სასამართლოს მიმართვის საფუძველზე დაწყებულ განქორწინების რეგისტრაციის პროცესზე ზემოქმედების (შეჩერებისა თუ შეწყვეტის) მექანიზმი განქორწინებულ მეუღლეებს არ გააჩნიათ, მიუთითებს კანონმდებლის ნებაზე - სასამართლო წესით განხორციელებული განქორწინების შედეგები იყოს სავალდებულო და შეუქცევადი.
13.7. სასამართლო წესით მიღწეული განქორწინების რეგისტრაციის მნიშვნელობის კვლევისას შეუძლებელია, მხედველობის მიღმა დარჩეს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლი, რომლის თანახმადაც, დასახელებული ნორმატიული აქტი მიზნად ისახავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისა და აღრიცხვის ერთიანი სისტემის ფორმირებას. საგულისხმოა ამავე კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით მოცემული „სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის“ ცნებაც - „სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის რეგისტრაცია“.
ამ კანონით რეგულირებული იურიდიული ფაქტების შეგროვება, რეგისტრაცია და სისტემატიზირებული ბაზის შექმნა სახელმწიფოს ინტერესშია უპირველესად იმიტომ, რომ მას, როგორც აღმასრულებელ ხელისუფალს, ეფექტური საჯარო მმართველობის განსახორციელებლად ესაჭიროება დაბადების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლისა თუ გარდაცვალების მონაცემებთან შეუზღუდავი და მყისიერი წვდომა, მეორე მხრივ კი, სახელმწიფოსთვის ამგვარ მონაცემებზე შეუზღუდავი დაშვება ემსახურება თავად ფიზიკური პირების (არამარტო თავად მონაცემების სუბიექტების, არამედ მესამე პირების) ქონებრივი თუ არაქონებრივი უფლებების დაცვას, რათა სამოქალაქო ბრუნვაში პირთა მონაწილეობისას უზრუნველყოფილი იყოს მათი გარკვეული ხარისხით ინფორმირებულობა.
როგორც სპეციალური კანონის მიზნის, ისე სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის ცნების გათვალისწინებით, სასამართლოსთვის ნათელია, რომ იურიდიული ფაქტის არსებობა, შეუძლებელია, ყოველთვის დაყვანილი იქნეს რეგისტრაციის არსებობა/არარსებობამდე; რეგისტრაციაუნარიანი იურიდიული ფაქტები, შესაძლოა, წარმოიშვას რეგისტრაციის ძალით ან არსებობდეს რეგისტრაციის კომპოენენტისგან დამოუკიდებლადაც, ამრიგად, იმის მიხედვით, თუ რა ფაქტობრივი საფუძველი უდევს განქორწინების რეგისტრაციისთვის მიმართვას, პალატა ერთმანეთისგან გამიჯნავს რეგისტრაციის მოთხოვნის ორ დანიშნულებას: 1. ნების გამოვლენის ფუნქცია (როგორც ეს ორივე მეუღლის ერთობლივი მიმართვის ან მსჯავრდებულის/უგზო-უკვლოდ დაკარგულის მეუღლის მიმართვისას) და 2. სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მესამე პირების ინფორმირების ფუნქცია (როგორც ეს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მიღწეული განქორწინებისას). პირველ შემთხვევაში, ცხადია, განაცხადის წარდგენას და მის პასუხად სარეგისტრაციო მოქმედების განხორციელებას, განქორწინების მიზნებისათვის კონსტიტუციური, ესე იგი, უფლებადამდგენი მნიშვნელობა გააჩნია, რადგანაც განქორწინების ნების ფიქსაცია სწორედ სააგენტოსადმი მიმართვით ხორციელდება, ხოლო სასამართლო წესით მიღწეული განქორწინების შედეგების სახელმწიფოს მიერ ადმინისტრირებულ მონაცემებში აღნუსხვისას, რეგისტრაციას გააჩნია დეკლარაციული, ესე იგი, უკვე დამდგარი განქორწინების იურიდიული ფაქტის საჯაროდ გაცხადების მნიშვნელობა, რომლის არარსებობაც განქორწინების შესახებ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ანულირებას ვერ განაპირობებს.
14.1. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოსთვის საგულისხმოა, რომ განქორწინების შესახებ სარჩელის ინიცირებიდან ამავე დავის საბოლოოდ დასრულებამდე, პრაქტიკულად, ორწლიანი დავის მიმდინარეობისას, მამკვიდრებლის ნება განქორწინებაზე იყო ურყევი, რაც ნათლად გამოიხატა მოსარჩელის მიერ დავის ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმოებით და საპროცესო კოდექსით მოთხოვნილი პროცედურების შესრულებით. მოსარჩელეს საქმის სააპელაციო/საკასაციო წარმოების ეტაპზე სარჩელის გახმობის ან მასზე უარის თქმის უფლება არ გამოუყენებია, რაც ადასტურებს განქორწინების ნების უცვლელობას. განქორწინების ნების სიმყარის მტკიცებულებაა ი.კ–ას მიერ გარდაცვალებამდე, ფაქტობრივად, 1 თვით ადრე აღძრული შეგებებული სარჩელიც, რომლითაც იგი დასაჩუქრებულის უმადურობაზე მითითებით, ითხოვდა მ.გ–ისთვის ნაჩუქარი უძრავი ნივთების უკან დაბრუნებას.
14.2. რაც შეეხება განქორწინების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან გარდაცვალებამდე პერიოდში ი.კ–ას მიერ ამავე გადაწყვეტილების საკუთარი ძალისხმევით სარეგისტრაციოდ წარუდგენლობას, საკასაციო პალატა აღნიშნულს ვერ დააკვალიფიცირებს განქორწინების ინიციატორი პირის მიერ განქორწინების შესახებ გამოვლენილ ნებაზე მიზანმიმართულ უარის თქმად, რამეთუ დროის პერიოდი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლასა და გარდაცვალების ფაქტს შორის, სულ 38 დღეს შეადგენს, რომელშიც შედის საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ სასამართლოს დასაბუთებული განჩინების მოსამზადებისთვის განკუთვნილი 1 თვიანი ვადაც (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად). საგულისხმოა ისიც, რომ განქორწინების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებების თანახმად, ხსენებულ დავაში ი.კ–ა წარდგენილი იყო ადვოკატების მომსახურებით, შესაბამისად, პრეზუმირებულია, რომ მხარისათვის ცნობილი იქნებოდა ამ გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში სასამართლოს მონაწილეობის ხარისხისა და მხარის დამატებითი მოქმედებების საჭიროების არარსებობის შესახებ.
14.3. სასამართლო შეფასების გარეშე ვერ დატოვებს მოპასუხის ინიციატივით პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმის, მ.ს–ძის ჩვენების იმ ნაწილს, რომლის თანახმადაც, მოწმესა და ი.კ–ას შორის შედგა სატელეფონო საუბარი 2021 წლის ოქტომბრის თვეში, რომლის დროსაც მამკვიდრებელი იყო აღელვებული, ხმამაღლა საუბრობდა და მოწმეს უთხრა, რომ ვერ გაიგო რა ხდებოდა, სასამართლოს გამოუტანია გადაწყვეტილება (იგულისხმება განქორწინების შესახებ გადაწყვეტილება), აღნიშნულის პასუხად კი მოწმემ მამკვიდრებელს უპასუხა, რომ შეეძლო არ წარედგინათ გადაწყვეტილება სამოქალაქო რეესტრში სარეგისტრაციოდ და ყველაფერი დასრულდებოდა, რის შემდეგაც ი.კ–ას გუნება გაუმჯობესდა. აღნიშნული განმარტებით მოპასუხე მხარე მიზნად ისახავდა, დაედასტურებინა ქორწინების მოჩვენებითობა და განქორწინების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებისადმი ი.კ–ას ნების არარსებობა. მოწმის ამავე განმარტებას უპირისპირდება მოპასუხე მხარის წარმომადგენლის მიერ სააპელაციო სასამართლოში 11.09.2023 წელს გამართულ სხდომაზე გაკეთებული განმარტება, რომლის თანახმადაც, განქორწინების საქმე დაიწყო იმიტომ, რომ ასე უნდოდა ი–ს, ხოლო განქორწინება იყო არა ფიქტიური, არამედ რეალური.
14.4. სასამართლოში წინამდებარე საქმის განხილვისას წარმოდგენილი არცერთი სხვა მტკიცებულება არ მიუთითებს, რომ ი.კ–ას, შესაძლოა, ჰქონოდა მიზეზი განქორწინების ნების მოჩვენებითად გამოსავლენად, ან ინტერესი, რომ განქორწინების შესახებ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება არ აღსრულებულიყო. ამრიგად, დასახელებული მოწმის ჩვენება განქორწინების ფორმალურობაზე, იმ პირობებში, როდესაც ეს მოსაზრება უკუგდებულია თავად მოწმის დაკითხვის ინიციატორი მხარის მიერ, გაზიარებული ვერ იქნება საკასაციო სასამართლოს მიერ. ამდენად, ი.კ–ას განქორწინების ნების ნამდვილობის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია.
15. ამრიგად, საკასაციო პალატის განსჯით, 2021 წლის 23 ნოემბერს, ესე იგი, მამკვიდრებლის გარდაცვალების დღეს, ი.კ–ა და მ.გ–ი უკვე განქორწინებულნი იყვნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც კანონიერ ძალაში შევიდა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინების ძალით. ის გარემოება, რომ განქორწინების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში რეგისტრაციას დროში დაასწრო ი.კ–ას გარდაცვალებამ, ვერ განაპირობებს განქორწინების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ანულირებას, შესაბამისად, მემკვიდრეობით-სამართლებრივი შედეგების განსაზღვრისას, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს არა იმ იურიდიულ ფაქტს, რომელიც პირველად დარეგისტრირდა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში, არამედ სწორედ იმას, რომელიც მოხდა დროში პირველი, ესე იგი, განქორწინებას, რის შედეგადაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1340-ე მუხლის შინაარსის გათვალისწინებით, მ.გ–ს არ გააჩნია განქორწინებული მეუღლის - ი.კ–ას კანონისმიერ მემკვიდრედ ყოფნის უფლება.
ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა წარმატებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1340-ე მუხლის ფარგლებში, საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივარში გაცხადებული პრეტენზიის მოცულობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნის პერსპექტივას დამატებით აღარ შეაფასებს ამავე კოდექსის 1341-ე მუხლთან მიმართებით.
16.1. სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს, შეაფასოს კასატორის წარმომადგენლის მიერ 2023 წლის 21 დეკემბერს წარმოდგენილი განცხადება, რომლითაც ითხოვს არასწორად/ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის უკან დაბრუნებას იმ დასაბუთებით, რომ მოცემულ დავაში, ვინაიდან გამოკვეთილი არ არის, თუ რა ღირებულების ქონებრივი უფლების ჩამორთმევას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისგან, საკასაციო სასამართლოს დავის საგნის ფასი უნდა განესაზღვრა 4000 ლარით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რის შედეგადაც, საკასაციო საჩივარზე გადასახდელი ბაჟის ოდენობად მიჩნეული იქნებოდა არა 6000 ლარი, არამედ 300 ლარი. სწორედ აღნიშნულ თანხებს შორის სხვაობა მიაჩნია კასატორს ზედმეტად გადახდილ სახელმწიფო ბაჟად.
16.2. პალატის შეფასებით, შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის უკან დაბრუნების შესახებ უსაფუძვლოა. კასატორს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინებით განემარტა, რომ პალატა არ იზიარებდა კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში სახელმწიფო ბაჟთან მიმართებით განხორციელებულ მითითებას დავის არაქონებრივი ხასიათის შესახებ, აგრეთვე განმარტებული იქნა ისიც, რომ სასარჩელო მოთხოვნა სამკვიდროს წილის შესახებ წარმოადგენდა ქონებრივი ხასიათის დავას, რის გამოც სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის მიხედვით - ჩამოსართმევი სამემკვიდრეო წილის ღირებულების შესაბამისად.
16.3. საკასაციო პალატამ ჩამოსართმევი სამემკვიდრეო უფლების ღირებულების განსაზღვრისას, იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებით, რომლის თანახმადაც, დავის საგნის ფასს მიუთითებს მოსარჩელე. სარჩელში, კი, ჩამოსართმევი წილის ღირებულების საორიენტაციო ღირებულებად დასახელებული იყო 50 000 აშშ დოლარი; საგულისხმოა, რომ სარჩელის ამ მითითებას მოპასუხე არც შესაგებლით (იხ. სარჩელის მე-8 ფაქტობრივი გარემოება და შესაგებლის პასუხი მასზე) და არც მოგვიანებით, დავის პირველი ინსტანციის სასამართლოში მიმდინარეობისას, არ შედავებია, შესაბამისად, სსსკ მე-40 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოქმედების, ესე იგი, მოსარჩელის მიერ მითითებული სარჩელის ფასის შეუსაბამოდ მიჩნევისა და დავის საგნის ფასის მოსამართლის მიერ განსაზღვრის საჭიროება არ დამდგარა.
16.4. ამრიგად, სახელმწიფო ბაჟი გადახდილია არა შეცდომით ან ზედმეტად, არამედ სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად, შესაბამისად, მოთხოვნას მისი ნაწილის უკან დაბრუნების შესახებ არ გააჩნია საპროცესოსამართლებრივად დასაბუთებული საფუძველი.
17.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლებელია დასაბუთებული იყოს აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმებისა და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
17.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
17.3. სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 სექტემბრის განჩინების ძალაში დატოვების საფუძვლად საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტს _ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
18. ვინაიდან საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე კასატორს ეთქვა უარი, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ ანაზღაურდება.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.გ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 სექტემბრის განჩინება.
3. კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ ანაზღაურდება.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი