განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.01.2019
საქმის ნომერი
080310018002634607
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
შეღავათები და დახმარებები
თარიღი
29.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №080310018002634607 (3/ბ-561-2018წ.)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 იანვარი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ხათუნა ხომერიკი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ა------ თ------ა

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

2018 წლის 17 სექტემბერს ა------ თ------ამ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის წინააღმდეგ და მ ო ი თ ხ ო ვ ა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება ა------ თ------ას ოჯახისათვის 85 640 ერთეულის ოდენობით მინიჭებული ქულათა რაოდენობის შესახებ.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 29 აგვისტოს N0--------- მომართვა.

 

1.3. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოახდინოს ა------ თ------ას ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება/შესწავლა.

 

1.4. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის მომსახურების ცენტრს აუნაზღაუროს ა------ თ------ას 2017 წლის 1 აპრილიდან შეწყვეტილი სოციალური ფულადი დახმარება ყოველთვიურად 60 ლარის ოდენობით საარსებო შემწეობის სახით ოჯახის საბოლოო სოციალური ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებამდე.

 

სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ მოსარჩელე რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, როგორც საარსებო შემწეობის მიმღები პირი. 2018 წლის 15 ივნისს შევსებული იქნა ოჯახის დეკლარაცია, რის საფუძველზე ა------ თ------ას ოჯახისადმი მინიჭებულ ქულათა ოდენობამ შეადგინა - 85 640 ქულა. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება განხორციელდა არასრული და არასწორი მონაცემებით, რამაც განაპირობა მაღალი სარეიტინგო ქულის მინიჭება და შეუწყდა საარსებო შემწეობის მიღება. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მისი ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა, არის მარტოხელა, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები.

 

მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს და ამავე სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ სცნო, მხარი დაუჭირა სარჩელზე წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა ა------ თ------ას სარჩელის უარყოფა. მათი პოზიციით, ა------ თ------ას „ოჯახის დეკლარაცია“ 2018 წლის 15 ივნისს შეივსო ოჯახის მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე და დეკლარირებული ინფორმაცია დადასტურებულია ოჯახის უფლებამოსილი წარმომდგენლის მიერ. დეკლარაცია დამუშავდა „სოციალურად დაუცველი ოჯახები (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკიემბრის №758 დადგენილების შესაბამისად. ოჯახის სარეიტინგო ქულა, რამაც შეადგინა 85 640 ერთეული, ძალაში შევიდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით 2018 წლის 15 ივლისს. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების თანახმად, კი ქულათა აღნიშნული ოდენობა, არ ითვალისწინებს ფულად სოციალურ დახმარება.

 

„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის შესაბამისად, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასება შესაძლებელია სარეიტინგო ქულის მინიჭებიდან, სულ ცოტა, ერთი წლის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, სააგენტოს შესაბამის მომსახურების ცენტრს ოჯახს შეუძლია მიმართოს 2019 წლის 15 ივლისიდან.

 

ამასთან, მოპასუხე შესაგებელში აღნიშნავს, რომ ა------ თ------ას სოციალური დახმარება შეუწყდა არაა 85640 ერთეული ქულის მინიჭების შედეგად, არამედ 2017 წლის მაისიდან - 70320 ქულის მინიჭების გამო და ვინაიდან გასულია მინიჭებული ქულია (70320) გასაჩივრების ბადა, მოთხოვნა ხანდაზმულია და არ არსებობს სააგენტოს მხრიდან ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა------ თ------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

საქალაქო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ამონაწერით (მომზადების თარიღი: 05.09.2013წ.) ა------ თ------ას ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში საიდენტიფიკაციო კოდით 0-----------. ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულაა: 85640, ქულის მინიჭების თარიღი: 15.07.2018, დეკლარაციის შევსების თარიღი: 15.06.2018 (ს.ფ.14).

 

2018 წლის 15 ივნისს შეივსო ა------ თ------ას ოჯახის დეკლარაცია, რომლის თანახმად: ა------ თ------ა ფლობს: სამეურნეო ნაგებობები - სათავსო (A7 ბლოკის მე-4 გრაფა); შინამეურნეობის მიერ დაკავებულია საცხოვრებელი ფართი - 49,07 კვ.მ (A8 ბლოკი); შინამეურნეობის მიერ დაკავებულ საცხოვრებელ ნაწილში იატაკი ლამინატი (A10 ბლოკის მე-2 გრაფა); ოჯახის წევრების პერსონალური მონაცემები - ა------ თ------ა, დაბადების თარიღი - 21.11.1952 წელი, ასაკი - 65 წელი; (B1 ბლოკი): ა------ თ------ა - ოჯახის უფროსი (B2 ბლოკი); ფიზიკური მდგომარეობა: არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიას (სარეცელს მიჯაჭვული/ლოგინად ჩავარდნილი (B3.1. ბლოკი), დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს (B3.2. ბლოკი), ორსული (20 და მეტი კვირის) (B3.3. ბლოკი), მეძუძური დედა (ერთ წლამდე ბავშვი) (B3.4. ბლოკი), სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბულატორიულ მკურნალობს (B3.5. ბლოკი) არ განეკუთვნება (B3.6. ბლოკი); სპეციალური სტატუსი (B4 ბლოკი): - მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (II ჯგუფი) (B4.3. ბლოკი), მარტოხელა არამომუშავე 3 პენსიონერი/სოციალური პაკეტის მიმღები (B4.6. ბლოკი); ინფორმაცია სრულწლოვანი შვილების შესახებ (ჰყავს თუ არა ოჯახის წევრ(ებ)ს სრულწლოვანი შვილები, რომლებიც არ ცხოვრობენ თქვენს ოჯახში და თუ ჰყავს რამდენი? უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ჩაწერეთ 0) - 2 (B5 ბლოკი); განათლების მიღწეული დონე - უმაღლესი (C2.7. ბლოკი); პირადი ფულადი შემოსავალი (C3 ბლოკი): სახელმწიფო პენსია -180 ლარი, დევნილთა მოწმობა - 45 ლარი; კომუნალური ხარჯები (E ბლოკი): წინა მეორე თვიდან გასული 12 თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტრონერეგიისათვის გადახდილი თანხა - 228,50 ლარი (E.1 ბლოკი); წინა მეორე თვიდან გასული 12 თვის განმავლობაში მოხმარებული წყლისათვის გადახდილი თანხა - 25 ლარი (E.3 ბლოკი); ოჯახის ეკონომიკური მდგომაროების ზოგადი შეფასება - ღატაკი (F1.1 ბლოკი); ოჯახის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სანდოობის შეფასება (F2 ბლოკი): მოწოდებული ინფორმაცია სანდოა (F2.1 ბლოკი) (ს.ფ.38-45).

 

2018 წლის 19 ივნისს ა------ თ------ამ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს და მიუთითა, რომ 15.06.2018 წლის დეკლარაციაში მითითებული მონაცემი B3.6. ბლოკის კორექტირება მოხდეს B3.5. ბლოკით (ს.ფ. 57).

 

2018 წლის 25 ივნისის N1----- ბრძანებით მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ა------ თ------ას ოჯახის დეკლარაციის (ს/კ 0-----------) B ბლოკში შეტანილ იქნა კორექტირება და პირველ წევრზე ა------ თ------ას ფიზიკური მდგომარეობის ამსახველ B3 პუნქტში მე-6 გრაფის ნაცვლად მოინიშნა მე-5 გრაფა. დადგენილია, რომ აღნიშნული მონაცემების საფუძველზე შეივსო კორექტირებული ოჯახის დეკლარაცია. აღნიშნული დეკლარაციის საფუძველზე 2018 წლის 15 ივლისს ა------ თ------ას ოჯახს განესაზღვრა - 85 640 სარეიტინგო ქულა (ს.ფ.55-56).

 

2018 წლის 21 აგვისტოს ა------ თ------ამ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს, არ დაეთანხმა 2018 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებას მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შესახებ და მოითხოვა ოჯახის განმეორებით შემოწმება (ს.ფ.97-98).

 

2018 წლის 29 აგვისტოს N0--------- წერილით ა------ თ------ას ეცნობა, რომ მისი ოჯახისათვის განკუთვნილი სარეიტინგო ქულა 85 640, არ ითვალისწინებს ფულად სოციალურ დახმარებას, ხოლო განმეორებითი შეფასების მოთხოვნით ოჯახს სააგენტოს შეუძლია მიმართოს 2019 წლის 15 ივლისიდან (ს.ფ. 84-85).

 

ქ. ქუთაისში, ა---–-------------------- N1---ში მდებარე ბინა N35, ფართით 49-07კვ. მეტრი ირიცხება ა------ თ------ას სახელზე საკუთრების უფლებით (ს.ფ.99).

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტაცია, სადავო ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ 2018 წლის 15 ივნისს სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის აგენტის მიერ შევსებული ოჯახის დეკლარაციის ,,B.5’’ გრაფაში მითითებულია მცდარი მონაცემი (ა------ თ------ას ჰყავს ოჯახის წევრები (სრულწლოვანი შვილები) რომლებიც მასთან არ ცხოვრობენ) იმ მოტივით, რომ აღნიშნული პირები (შვილები) მას არ უნახავს წლებია, ისინი დაახლოებით 10 წელია მას არ აქცევენ ყურადღებას, რის გამოც მიაჩნია, რომ ისინი არ არიან მისი შვილები და აღნიშნულ პოზიციასთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა თავად მოსარჩელის მიერ სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებაზე და მიიჩნია, რომ ა------ თ------ას ოჯახის დეკლარაციის ,,B.5’’ გრაფა შეიცავს სწორ მონაცემებს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს გადაწყვეტილება მოსარჩელის ოჯახისათვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების ,,სოციალური დახმარების შესახებ’’ მე-3 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის შესაბამისად, საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას. ამავე დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში – ღატაკი ოჯახი).

 

,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესი’’-ს მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მინიჭებული სარეიტინგო ქულა მყარი ერთეულია, რომლის შეცვლა, როგორც წესი, შესაძლებელია მისი მინიჭებიდან სულ ცოტა ერთი წლის გასვლის შემდეგ, გარდა მე-9 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით და მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის 15 ივნისს შეივსო ა------ თ------ას ოჯახის დეკლარაცია. სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის 2018 წლის 25 ივნისის N1----- ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ოჯახის დეკლარაციის კორექტირება და აღნიშნულის გათვალისწინებით ა------ თ------ას ოჯახის სარეიტინგო ქულა 2018 წლის 15 ივლისს განისაზღვრა - 85640 ერთეულით.

 

,,სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ან/და რეგისტრირებული ოჯახების კეთილდღეობის დონის შესაფასებლად გამოიყენება შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსი, რომლის სტრუქტურა განისაზღვრება ამ მეთოდოლოგიის მე-2 მუხლით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოჯახის კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლა ხდება მონაცემთა საფუძველზე, რომელსაც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი აფიქსირებს სპეციალურ კითხვარში (შემდგომში - ოჯახის დეკლარაცია) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) უფლებამოსილი პირის დახმარებით და ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოები და/ან სხვა კომპეტენტური ორგანოები/დაწესებულებები აწვდიან სააგენტოს. დასახელებული საკანონმდებლო ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ კეთილდღეობის დონის შესაფასებლად კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლა ხდება ოჯახის დეკლარაციაში შეტანილი მონაცემების საფუძველზე. ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები გადის ტექნიკურ დამუშავებას, კომპიუტერული პროგრამის საშუალებით. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ გამოყენებით მიიღება ოჯახის სარეიტინგო ქულა.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით პირველი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მტკიცება, რომ მისი ოჯახისათვის განსხვავებული და მაღალი სარეიტინგო ქულების მინიჭება განხორციელდა კანონშეუსაბამოდ. საქალაქო სასამართლოს დასკვნით, ოჯახის დეკლარაცია შევსებული იქნა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო სარეიტინგო ქულათა მინიჭება განხორციელდა შესაბამისი მეთოდოლოგიის გამოყენებით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა------ თ------ას სარჩელი იყო უსაფუძვლო და არ დააკმაყოფილა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება 2018 წლის 13 დეკემბერს სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა------ თ------ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ პუნქტის თანახმად ამ გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, ოჯახის კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლა ხდება მონაცემთა საფუძველზე, რომელსაც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი აფიქსირებს სპეციალურ კითხვარში. განსახილველ შემთხვევაში, დეკლარაციაში დაფიქსირებული არასწორი მონაცემები გახდა საფუძველი ოჯახისადმი მაღალი სარეიტინგო ქულის მინიჭებისა.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. იმავე კოდექსის 96.1 მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. 96.2 მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. აპელანტის განმარტებით, საქმეში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხე მხარემ ისე მიიღო მის მიმართ გადაწყვეტილება არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოება. ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას არ ჩაუტარებია სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება. მიღებული გადაწყვეტილება კი არაა სათანადოდ დასაბუთებული. 601 მუხლის პირველი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების, ან გამოცემის კანონდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლებით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში - ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

 

აპელანტის განმარტებით, ადმინისტრაციული წარმოება სრულყოფილად რომ ჩატარებულიყო, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული იქნებოდა სხვა გადაწყვეტილება და ეს იქნებოდა მოსარჩელის მოთხოვნის დადებითად გადაწყვეტა. ხოლო ვინაიდან სასამართლოს მიერ არასწორად მოხდა საქმის განხილვა, არ იქნა გათვალისწინებული არანაირი ფაქტები, რაც რეალურად არსებობდა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, აპელანტი მიიჩნევს, რომ არსებობს მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

სააპელაციო შესაგებელში მოწინააღმდეგე მხარემ აღნიშნა, რომ ა------ თ------ას ოჯახი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, როგორც საარსებო შემწეობის მიმღები 2017 წლის მაისის თვემდე. 31.05.2017წ. და 15.07.2018წ. მინიჭებული ქულების შესაბამისად ა------ თ------ას ოჯახი საარსებო შემწეობის მიმღები არ იყო.

 

2018 წლის 15 ივნისს ა------ თ------ას ოჯახში, საიდენტიფიკაციო კოდი - 0-----------, ვიზიტი განახორციელა იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფლებამოსილმა პირმა. 15.06.2018წ. შევსებულ იქნა დეკლარაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

ოჯახის მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე შეივსო “ოჯახის დეკლარაცია” (დეკლარირებული ინფორმაცია დადასტურებულია ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით). დეკლარაცია დამუშავდა ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილების შესაბამისად. ოჯახის სარეიტინგო ქულამ, რომელიც ძალაში შევიდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით 2018 წლის 15 ივლისს, შეადგინა - 85 640.

 

დეკლარაციის მე–7 გვერდზე სპეციალურად გამოყოფილია ხელმოწერისთვის გრაფა, სადაც ოჯახის უფლებამოსილი პირი ხელმოწერით ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ოჯახის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ სააგენტოს უფებამოსილი პირის მიერ დეკლარაციაში ასახულია სრულად და შეესაბამება სიმართლეს. ოჯახის უფლებამოსილი პირი აღნიშნულით თანახმაა ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები შეტანილ იქნას "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, რომ გაეცნო და ჩაიბარა ოჯახის საინფორმაციო ფურცელი". ა------ თ------ას სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ განემარტა მისი უფლებები და გადაეცა "ოჯახის საინფორმაციო ბარათი". ამასთან, 15.06.2018წ. შევსებული დეკლარაცია წარმოადგენს ა------ თ------ას ოჯახის რიგით მე–7 შეფასებას.

 

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების თანახმად, ქულათა აღნიშნული ოდენობა (85 640) არ ითვალისწინებს ფულად სოციალურ დახმარებას.

 

მოწინააღმდეგე მხარე შესაგებელში ასევე აღნიშნავს, რომ მოსარჩელის განცხადებაზე თანდართულ საჯარო რეესტრის ამონაწერსა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობაში (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) დაფიქსირებული ინფორმაცია გათვალისწინებულია და ასახულია „ოჯახის დეკლარაციის“ შესაბამის პუნქტებში.

 

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ა------ თ------ას ოჯახის დეკლარაციაში კორექტირების შეტანის შესახებ მიღებულ იქნა ბრძანება 2018 წლის 25 ივნისს. კორექტირება განხორციელდა იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის, "სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინიტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანების, „სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 2 ივნისის №04-155/ო მე-14 მუხლის, „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანების, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მომსახურების ცენტრისა და რაიონული (საქალაქო) განყოფილების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ” სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2009 წლის 31 დეკემბრის №01/474ო ბრძანების - თანახმად.

 

იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა განიხილა სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური პროგრამების ადმინისტრირების სამმართველოს 2018 წლის 22 აგვისტოს №0------- წერილი ა------ თ------ას ოჯახის შესახებ, რის თაობაზეც ეცნობა ა------ თ------ას №0--------- 29/აგვისტო/2018წ. კორესპონდენციით. ა------ თ------ას დეტალურად ეცნობა მინიჭებული ქულასთან დაკავშირებით ინფორმაცია, მათ შორის ისიც, რომ განცხადების თანმხლებ საჯარო რეესტრის ამონაწერსა და სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობაში, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა № IV-100/ა-ში დაფიქსირებული ინფორმაცია გათვალისწინებული და ასახული იყო „ოჯახის დეკლარაციის“ შესაბამის პუნქტებში.

 

„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის შესაბამისად, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება შესაძლებელია სარეიტინგო ქულის მინიჭებიდან, სულ ცოტა, ერთი წლის გასვლის შემდეგ. ოჯახის ვადამდელი გადამოწმება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ შეიცვალა ოჯახის წევრთა რაოდენობა (დემოგრაფიული ცვლილება), ოჯახმა შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი, ოჯახის წევრს დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, დასაქმდა და მიიღო ლეგალური შემოსავალი ან დაკარგა სამუშაო.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი თავის შესაგებელში აღნიშნავს, რომ სააგენტო მიმდინარე ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს ოჯახის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით გადამოწმება. განმეორებით შეფასების მოთხოვნით, ოჯახს შეუძლია მიმართოს 2019 წლის 15 ივლისიდან.

 

ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით, შესაგებლის ავტორი აღნიშნავს, რომ ა------ თ------ას სოციალური დახმარება შეუწყდა არა 85 640 ქულის მინიჭების შედეგად, არამედ, 2017 წლის მაისიდან - 70 320 ქულის მინიჭების გამო. მინიჭებული ქულის – 70 320 გასაჩივრების ვადა კი გასულია და მოთხოვნა ხანდაზმულია. შესაბამისად, არ არსებობს სააგენტოს მხრიდან ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი მიიჩნევს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის N3/574–18 გადაწყვეტილება არის დასაბუთებული, რის გამოც ის უცვლელი უნდა დარჩეს, ხოლო აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).

 

სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება, ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. პალატა აღნიშნავს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის სრულად დასაბუთებული და იგი იძლევა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებმა გაიგონ, თუ რატომ დაუჭირა მხარი სასამართლომ მოპასუხის პოზიციას და რატომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტები. ამდენად, სააპელაციო სასამართლო დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. საქალაქო სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების, ა------ თ------ას ოჯახისათვის 85 640 ქულის მინიჭების შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 29 აგვისტოს N0--------- მიმართვის ბათილად ცნობა; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დავალდებულება მოახდინოს ა------ თ------ას ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება/შესწავლა და აუნაზღაუროს მას 2017 წლის 1 აპრილიდან შეწყვეტილი სოციალური ფულადი დახმარება, ყოველთვიურად 60 ლარის ოდენობით საარსებო შემწეობის სახით, ოჯახის საბოლოო სოციალური ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებამდე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის, პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები).

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილე პირის უფლების რეალიზაცია პირდაპირ არის დამოკიდებული მის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლების, როგორც კონსტიტუციური უფლების რეალიზაციასთან, რაც კანონით დადგენილი რამდენიმე ფორმით ხორციელდება და რომელიც, თავის მხრივ, განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სადავო საკითხის შემოწმებისა და შეფასების სფეროს.

 

,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. სახელმწიფოსა და ბენეფიციარის ურთიერთობა და ამ ურთიერთობიდან წარმოშობილი შედეგი - საარსებო შემწეობა განსაკუთრებული სახის ბენეფიტს წარმოადგენს და იგი მითითებული კანონის ძირითად პრინციპს (მე-5 მუხლის ,,ა“ პუნქტი) - სოციალური დახმარების, როგორც საჭიროების შეფასებაზე დაფუძნებული სახელმწიფო მხარდაჭერის, მაგრამ არა კანონით გარანტირებული უპირობო უფლების, აღიარებას უნდა შეესაბამებოდეს, რაც ნიშნავს, რომ სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე, ბენეფიციარის რეალურად არსებული მდგომარეობის დადგენა/შეფასება ადმინისტრაციული ორგანოს, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლის მხრიდან თითოეული გარემოების დეტალურად შესწავლა/გაანალიზებას უნდა ეფუძნებოდეს, რათა ბენეფიციარისათვის მიწოდებული თუ მისაწოდებელი დახმარება იყოს სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლი, როგორც საჯარო უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, უფლებამოსილების განხორციელების დროს უნდა მოქმედებდეს კანონის ფარგლებში და მის საფუძველზე.

 

„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესი, საქართველოში მოქმედი სოციალური დახმარების სისტემის მიზანდასახულობის, ეფექტიანობის ამაღლებისა და აღრიცხვიანობის მოწესრიგების მიზნით ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციას, აღრიცხვასა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას, განსაზღვრავს პროცესის მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოსილებებსა და კომპეტენციას, მის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ საკითხებს. აღნიშნული წესის პირველი მუხლის თანახმად, ამ წესის მიზანია განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირება, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას და შეიძლება გახდნენ ამ დახმარების მიმღებნი. ამ წესის ამოცანაა შესაბამისი პროცესის ორგანიზება მეთოდოლოგიური და ტექნიკური ბაზისის შესაქმნელად, რომელიც გამოყენებულ იქნება სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე სოციალური დახმარების მიზანმიმართულად და ეფექტიანად განაწილებისათვის. მონაცემთა ბაზის ფორმირება წარმოებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

 

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესის“ 3.1 მუხლის შესაბამისად, საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას. „წესის“ 5.1 მუხლის შესაბამისად, საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (ღატაკი ოჯახი).

 

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-4 მუხლით, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მიმართვა შეუძლია ოჯახს, რომელიც მიიჩნევს, რომ თავისი სოციალურ-ეკონომიკური პირობების მიხედვით იმყოფება სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში, საჭიროებს დახმარებას და შეიძლება გახდეს ამ დახმარების მიმღები. 6.1 მუხლის „ა“-„ვ“ ქვ.პუნქტების მიხედვით, განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა: ა) მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში (დილის 8:00 საათიდან საღამოს 10:00 საათამდე) დაუბრკოლებლად შეუშვას სააგენტოს უფლებამოსილი პირი თავის საცხოვრებელ ბინაში, მისცეს მას საშუალება სრულად დაათვალიეროს ოჯახის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართობი თუ საერთო სარგებლობის სათავსოები, შეამოწმოს ყოფითი პირობები; ბ) ობიექტური პასუხები გასცეს უფლებამოსილი პირის შეკითხვებს და არ დაამახინჯოს ფაქტები, მოთხოვნისამებრ წარადგინოს საჭირო დოკუმენტები, ხელი მოაწეროს გამოკითხვის შედეგად შევსებულ დოკუმენტს, განსხვავებული აზრის არსებობისას დააფიქსიროს საკუთარი შენიშვნები; გ) სააგენტომ ნებისმიერი წყაროდან მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ოჯახის ან მისი ცალკეული წევრ(ებ)ის იდენტიფიკაციას, ფინანსურ და ქონებრივ მდგომარეობას, პერსონალურ და სხვა მონაცემებს, რაც უკავშირდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას; დ) ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში; ე) მიეცეთ მოპოვებული ინფორმაცია სხვა სოციალური დახმარების დამნიშვნელ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, რაც მიმართული იქნება მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ; ვ) სოციალური დახმარების დანიშვნის ან სახელმწიფოს მიერ დადგენილი სხვა შეღავათებით სარგებლობის უფლების მოპოვების შემთხვევაში, ოჯახის მიერ სოციალური დახმარების (შეღავათის ან სხვა სახის სარგებლის) მიღების თაობაზე ინფორმაცია გახდეს საჯარო. 6.2 მუხლით, ოჯახს უფლება აქვს: ა) გაეცნოს მონაცემთა ბაზაში მის შესახებ არსებულ ინფორმაციას; ბ) მოითხოვოს მის შესახებ არსებულ მონაცემებში ცვლილებების (შესწორებების) შეტანა; გ) მოითხოვოს ამონაწერი მონაცემთა ბაზიდან; დ) ისარგებლოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. 8.1 მუხლით, მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი დაცვის გაუმჯობესებისა და ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით სააგენტო ქმნის ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას”. 8. 4 მუხლით, მონაცემთა ბაზაში მიწოდებული ინფორმაციის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ ინფორმაციის გამცემ ოჯახის წევრ(ებ)ს, შესაბამის ორგანოს თუ დაწესებულებას. 8.6 მუხლის შესაბამისად, სარეიტინგო ქულის მისანიჭებლად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად და საჭირო პროცედურების გასატარებლად გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ვადები. მე-9 მუხლის შესაბამისად, სააგენტო მოიძიებს და იღებს ინფორმაციას ოჯახთან დაკავშირებით მომხდარი ცვლილებების შესახებ. ცვლილების შინაარსი შეიძლება ეხებოდეს წევრის დაბადებას, გარდაცვალებას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არსებით შეცვლას (დასაქმება, ლეგალური შემოსავალი და ა.შ.), ოჯახის ან მისი რომელიმე წევრის მიერ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლას და სხვ. (9.1 მუხ). მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ან რეგისტრაციის მაძიებელი ოჯახის იმ მონაცემების კორექტირება, რომელთა შეცვლაც გამოიწვევს სარეიტინგო ქულის ცვლილებას, შესაძლებელია ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებიდან, მომდევნო 90 (ოთხმოცდაათი) დღის განმავლობაში. ამ კორექტირებასთან დაკავშირებით, სააგენტოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში დაშვებული შეცდომის (ხარვეზის) გამოსწორების მიზნით, შესაბამისი ცვლილების/დამატების შეტანა შესაძლებელია, ამავე პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, ან დაინტერესებული მხარის მიმართვის შემთხვევაში, თუ ეს მიმართვა გაკეთებულია აქტის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, კორექტირება დასაშვებია ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების საფუძველზე. (9.2 მუხ) სააგენტო უფლებამოსილია, ოჯახში განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილების შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ოჯახის წევრის დაბადებას (შვილად აყვანას), ავტომატურად შეიტანოს შესაბამისი ინფორმაცია მონაცემთა ბაზაში, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების გარეშე და ახალი სარეიტინგო ქულის გადათვლა მოახდინოს, ოჯახის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. (9.3 მუხ) სააგენტო უფლებამოსილია, მიღებული ან აღმოჩენილი (გამოვლენილი), დადასტურებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც უკავშირდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლას, მიიღოს გადაწყვეტილება, სარეიტინგო ქულის არსებული წესით ცვლილების თაობაზე, რაც ეცნობება დაინტერესებულ მხარეს. სარეიტინგო ქულის შეცვლა დასაშვებია სტიქიური უბედურების ან დაუძლეველი ძალის გამომწვევი სხვა მოვლენებით მიყენებული ზიანის ფარგლებშიც (9.5 მუხ). დადასტურებულ ინფორმაციად მიიჩნევა სააგენტოს მიერ შესაბამისი ორგანიზაცია-დაწესებულებებიდან მიღებული (მოპოვებული) წერილობითი დოკუმენტი, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი წერილობითი დასკვნა, ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის ან ოჯახის წევრის მიმართვა, ან/და სხვა აღმოჩენილი (გამოვლენილი) გარემოებები თუ ფაქტი, რაც იძლევა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილების საფუძველს (9.6 მუხ).

 

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილების 12..1 მუხლით ოჯახის იდენტიფიკაციის შედეგად მოპოვებული ინფორმაციისა და დადგენილი მეთოდოლოგიის გამოყენებით განისაზღვრება სარეიტინგო ქულა. 12.2 მუხლით, მინიჭებული სარეიტინგო ქულა მყარი ერთეულია, რომლის შეცვლა, როგორც წესი, შესაძლებელია მისი მინიჭებიდან სულ ცოტა ერთი წლის გასვლის შემდეგ, გარდა მე-9 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით და მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილების 1.1 მუხლით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ან/და რეგისტრირებული ოჯახების (შემდგომში - „ოჯახი" ან „შინამეურნეობა") კეთილდღეობის დონის შესაფასებლად გამოიყენება შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსი, რომლის სტრუქტურა განისაზღვრება ამ მეთოდოლოგიის მე-2 მუხლით. 1.2 მუხლით, ოჯახის კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლა ხდება მონაცემთა საფუძველზე, რომელსაც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი აფიქსირებს სპეციალურ კითხვარში (ოჯახის დეკლარაცია) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის დახმარებით და ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოები და/ან სხვა კომპეტენტური ორგანოები/დაწესებულებები აწვდიან სააგენტოს. 1.3 მუხლით, ოჯახის დეკლარაციაში ფიქსირდება ოჯახის მახასიათებლების ყველა ის მნიშვნელობა, რომლებიც გამოიყენება კეთილდღეობის ინდექსის გამოსათვლელ ფორმულაში (შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსის სტრუქტურის აღწერაში მოცემული Yi,j სიდიდეები).

 

,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანების 15.1 მუხლით, დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები გადის ტექნიკურ დამუშავებას, კომპიუტერული პროგრამის საშუალებით. 15.2 მუხლით, ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ გამოყენებით მიიღება ოჯახის სარეიტინგო ქულა. „წესის“ 3.2 მუხლის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას: ა) ობიექტური ინფორმაცია მიიღება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად; ბ) სუბიექტური ინფორმაცია გულისხმობს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან ინტერვიუირების შედეგად მიღებულ მონაცემთა ერთობლიობას. ინტერვიუირების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდეს ოჯახის სხვა ინფორმირებული წევრ(ებ)იც.

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული მეთოდოლოგია დეტალურად ადგენს შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსის, მათ შორის, მისი განმსაზღვრელი თითოეული ინდექსის გამოთვლის წესსა და ფორმულას. ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის მისანიჭებლად მნიშვნელობა ენიჭება უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის დეკლარაციაში შეტანილ თითოეულ მონაცემს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილმა პირმა ოჯახის დეკლარაციაში მითითებულ მაჩვენებელთან დაკავშირებით ინფორმაცია სრულად ასახა იმ პირობებში, როცა თითოეული მონაცემის სიზუსტით ასახვას გააჩნია არსებითი მნიშვნელობა კონკრეტული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას.

 

სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა ა------ თ------ას ოჯახის დეკლარაციის შედგენა, რომელიც საფუძვლად დაედო სარეიტინგო ქულის მინიჭებას, განახორციელა გამოკითხვის პროცესში ოჯახის უფლებამოსილი წევრის - ა------ თ------ას მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ამასთან, სააგენტოს მიერ გათვალისწინებულ იქნა ა------ თ------ას 19.06.20.18წ. განცხადება და დეკლარაციის კორექტირება 2018 წლის 25 ივნისის №1----- ბრძანებით განახორციელა სწორედ ამ განცხადების საფუძველზე.

 

სააპელაციო საჩივრით ა------ თ------ა სადავოდ ხდის 2018 წლის 15 ივნისის დეკლარაციაში დაფიქსირებულ მონაცემების სიზუსტეს, თუმცა არ მიუთითებს კონკრეტულად რაში გამოიხატება უზუსტობა და არ მიუთითებს ფაქტებსა და გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდებოდა მისი პოზიცია.

 

ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სრულყოფილად გამოიკვლია გარემოებები, რაზეც მხარეები ამყარებდნენ თავიანთ მოთხოვნებსა და შესაგებელს, ასევე სამართლებრივად სწორად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მართებულად დაასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. სააპელაციო სასამართლო იზიარებს საქალაქო სასამართლოს დასაბუთებას, რომ ოჯახისათვის განსხვავებული და მაღალი სარეიტინგო ქულების მინიჭება განხორციელდა კანონშესაბამისად, _ ოჯახის დეკლარაცია შევსებული იქნა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო სარეიტინგო ქულათა მინიჭება განხორციელდა შესაბამისი მეთოდოლოგიის გამოყენებით.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქალაქო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე; 390-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ა------ თ------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან საქართველოს ადმინიისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე;

 

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენლი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).

 

ხათუნა ხომერიკი

მოსამართლე