განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002479690
საქმე №1ბ/1577-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
08 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლების - ან--------–---–ის, გრ-----–---–------ის
ადვოკატ - გი------------–-ას
მსჯავრდებულ - ვა–----------ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ ვა–----------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გი------------–-ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ვა–----------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 4 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონის, არასრული საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის მისამართზე: ქ. თბილისი, რ------------------–--–-----------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თბილისი, ზ--------------–---------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით ვა–----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
ვა–----------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 23 აპრილიდან.
ვა–----------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2018 წლის 13 მარტიდან 2018 წლის 18 აპრილამდე დროის პერიოდში ვა–----------ე სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა მის მეუღლეს - ფა----------------------ს და ამავდროულად ფიზიკურად ძალადობდა მასზე. 2018 წლის 14 და 18 აპრილს, ქ. თბილისში, ყ---–-------------------------ში ვა–----------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის მეუღლეს ფა----------------------ს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვა–----------ის ადვოკატმა გი------------–-ამ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება და ვა–----------ის გამართლება, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან ვა–----------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ სასამართლოს დასკვნა არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან; არ აღმოფხვრილა მტკიცებულებებს შორის წინააღმდეგობა, რაც ეჭვქვეშ აყენებს სასამართლო დასკვნებს; სასამართლოს არ გაუთვალისწინებია საქმის გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები; წინააღმდეგობრივ მტკიცებულებათა არსებობსისას დაუსაბუთებლად უარყო ერთი და გაიზიარა მეორე მტკიცებულება; სასამართლომ ეჭვი არ განმარტა ბრალდებულის სასარგებლოდ.
სასამართლო ვა–----------ის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად მიიჩნევს დაზარალებულ ფა----------------------ის ჩვენებას, რომელმაც არ დაადასტურა ვა–----------ის მიერ მასზე ძალადობის და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი, განმარტა, რომ დაზიანებები მიიღო იპოდრომზე ცხენიდან ჩამოვარდნის შედეგად. მანვე განმარტა, რომ 18 აპრილს მასსა და ვა–----------ეს შორის იყო ხმამაღალი საუბარი, ვა–----------ემ მას ხელი მიადო და სთხოვა დაწყნარებულიყო. სხვა რაიმე სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონია. დაზარალებულმა ასევე გამორიცხა 2018 წლის 14 აპრილს ვა–----------ის მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება. მართალია, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ, მაგრამ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება აღნიშნული დაზიანებების ვა–----------ის მიერ მიყენების ფაქტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.
სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი არ დაუჭირა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულ ვა–----------ის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, რადგან სასამართლო განხილვისას გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ანალიზი სრულიად გამორიცხავს ამ მოსაზრების საფუძვლიანობას და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ვა–----------ის მიერ მეუღლის - ფ-----------------------ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტს, შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებულ ფა----------------------მა სასამართლოში განმარტა, რომ 2018 წლის 13 მარტიდან ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფება ვა–----------ესთან, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა ქ. თბილისში, ყ---–-------------------------ში მდებარე მის მიერ ნაქირავებ ბინაში. ქორწინების პირველივე დღეებიდან, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი ვა–----------ის მხრიდან მის მიმართ არაერთხელ ჰქონდა ადგილი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, მათ შორის სახისა და სხეულის სხვადასხვა ადგილას ხელის დარტყმას, სახის არეში მუშტის დარტყმას და ხელის ყელში წაჭერას. ასევე, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი სიტყვებით მიმართვას. დაზარალებულის განმარტებით, სამედიცინო დასკვნაში მითითებული დაზიანებები მან მიიღო ვა–----------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად. დაზარალებულმა ასევე აღნიშნა, რომ ვა–----------ის მიმართ პრეტენზია აღარ გააჩნია, მისი მხრიდან არავითარ საფრთხეს არ გრძნობს, სურვილი აქვს შეურიგდეს და გააგრძელოს მასთან თანაცხოვრება, რის გამოც ითხოვს მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას.
დაზარალებულის ჩვენება დასტურდება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, რომლის თანახმად, 2018 წლის 18 აპრილს მოქალაქე ფა----------------------ის პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებები დაახლოებით 4-6 დღისაა.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ შესამოწმებლის გადმოცემით, 2018 წლის 18 აპრილს, ასევე 2018 წლის 14 აპრილს და ბოლო ფაქტამდე /18 აპრილი/ დაახლოებით სამი კვირით ადრე მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა გუ-–--------------–---–მა.
სასამართლო სხდომაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა: ბე-------–---მა და ზვ------------ემ დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე.
ვა–----------ის მიერ მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი, გარდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებისა, დადასტურებულია საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ქორწინების მოწმობა, რეაგირების ოქმი, მოწმეების გამოკითხვის ოქმები და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.
აპელანტი აღნიშნავს, რომ ფა----------------------იმ დაზიანებები მიიღო ცხენიდან ჩამოვარდნის დროს და აღნიშნული დაზიანებები მისთვის ვა–----------ეს არ მიუყენებია.
აპელანტის მოსაზრებას პალატა არ იზიარებს, ვინაიდან დაზარალებულმა სასამართლოში დეტალურად ისაუბრა როგორც ცხენიდან ჩამოვარდნის დროს მიღებულ დაზიანებებზე, ასევე ვა–----------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის დროს მიღებულ დაზიანებებზე. დაზარალებულის ჩვენება სრულ თანხვედრაშია ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ დაზიანებებთან და მათი ხანდაზმულობის ხარისხთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ვა–----------ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
რაც შეეხება მსჯავრდებულებისათვის დანიშნულ სასჯელს პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამავე კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ვა–----------ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი სამართლიანია და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ვა–----------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გი------------–-ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ვა–----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
ვა–----------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 23 აპრილიდან.
ნივთმტკიცება: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ქვის ფილის ნატეხი (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ლომთათიძე