განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე N2ბ/839-17 29 ნოემბერი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე – ნატალია ნაზღაიძე
სხდომის მდივანი - მაკა ბუიღლიშვილი
საჩივრის ავტორი - ლ--–------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „ყ--------------------–--ი“
დავის საგანი _ მოხმარებული ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „ყ--------------------–--ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო. შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ლ--–------–---–ს შპს „ყ--------------------–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 1151,70 ლარის გადახდა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა მოწინააღმდეგე მხარემ და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა მოითხოვა
საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:
3. საჩივრის ავტორის განმარტებით, მისთვის ცნობილი იყო სასამართლო სხდომის თარიღი, თუმცა პროცესზე გამოცხადება ვერ შეძლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. კერძოდ, მას დიდი ხანია აწუხებს არტერიული წნევები. 2018 წლის 17 ოქტომბერს მას ჰქონდა მაღალი არტერიული წნევა, დანიშნულების შესაბამისად მიიღო მედიკამენტები, რა დროსაც მისთვის ადგომა და ტრანსპორტით გადაადგილება დაუშვებელი იყო. გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ სასამართლოს აცნობა მისმა წარმომადგენელმა, თუმცა სააპელაციო პალატამ იგი არ გაიზიარა და საქმეზე გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების დასაბუთება
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 241-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მხარის გამოუცხადებლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით ან სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.
6. კონკრეტულ შემთხვევაში დგინდება, რომ სხდომის თაობაზე და გამოუცხადებლობის შედეგებთან დაკავშირებით, მოწინააღმდეგე მხარე სათანადო წესით იყო გაფრთხილებული, რაც სადავო არ არის.
7. დადგენილია, რომ 2018 წლის 17 ოქტომბერს სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე. აპელანტის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ მიჩნეულ იქნა საფუძვლიანად და დაკმაყოფილდა.
8. საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ სასამართლოში გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
8.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, ამ კანონის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
8.3. ამდენად, საპროცესო ნორმა პირდაპირ განსაზღვრავს მტკიცებულების სახეობას, რომლითაც შეიძლება დადასტურებულად იქნეს მიჩნეული ავადმყოფობა, როგორც პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო გარემოება. კერძოდ, როგორც 215–ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ ასეთ მტკიცებულებას წარმოადგენს სამედიცინო ცნობა, რომელიც ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ და რომელიც პირდაპირ მიუთითებს პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
8.4. პალატა აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
8.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, საჩივარი ემყარება მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტებას. საჩივრის ავტორი მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა 2018 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო გარემოების არსებობაში.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
7. ამდენად, პალატას მიაჩნია, არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობა, რის გამოც დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, ძალაში უნდა დარჩეს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ლ--–------–---–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება;
3. განჩინება დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნატალია ნაზღაიძე