განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.02.2019
საქმის ნომერი
330210017001875736
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
19.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/2496-17 14 ნოემბერი, 2018 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - ნატალია ნაზღაიძე

მოსამართლეები – მაია სულხანიშვილი, ირაკლი ბონდარენკო

 

სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი – შპს „დ-----------ი“

წარმოადგენელი - გ---------------–--ე, გ--------------–---–ი (დირექტორი)

 

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

წარმომადგენელი - მ------------–---–ი

 

დავის საგანი – თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აპრილის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა –განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

1. მოპასუხე შპს „დ-----------ისათვის“, მოსარჩელე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 37 473 ლარის დაკისრება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აპრილის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს „დ-----------ს“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 37 473 ლარის გადახდა.

 

3. განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „დ-----------მა“ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში.

 

სააპელაციო საჩივრების საფუძვლები

 

4.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ ისე მიიღო საქმეზე განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომ არ დაინტერესებულა იმ საკითხით, თუ როდის გახდა მოპასუხისათვის ცნობილი 25.11.2016 წლის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ. მოპასუხისათვის არც სააპელაციო და არც საქალაქო სასამართლოს არ უცნობებია, რომ სააპელაციო პალატამ ძალაში დატოვა 25.11.2016 წლის განჩინება. უფრო მეტიც, მოპასუხეს საერთოდ არ ჩაბარებია სარჩელი და თანდართული დოკუმენტაცია. უფრო ზუსტად, სარჩელი და საქმის მასალები ჩაბარდა მხოლოდ 2017 წლის 21 აპრილს. შესაბამისად, ალოგიკურია სასამართლოს განცხადება, რომ მოპასუხეს შესაგებლის შეტანის ვადა 2017 წლის 6 თებერვალს ამოეწურა, მით უფრო, რომ ამ დროს საქმე ჯერ კიდევ სააპელაციო სასამართლოში იყო.

 

4.2. გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას. კერძოდ, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადასტურებულად არის მიჩნეული სამინისტროს მხრიდან მოპასუხე კომპანიის მიმართ 44840 ლარის ოდენობით ვალის არსებობა, ხოლო საქმეში წარმოდგენილია 2014 წლის 10 აპრილის წერილი ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ, სარჩელი 37473 ლარის დაკისრების თაობაზე იურიდიულად არამართებულია და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

4.3. აპელანტის განმარტებით, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სარჩელი 2017 წლის 21 აპრილს ჩაბარდა და ვინაიდან, შესაგებლის ცალკე შეტანის პროცესუალური შესაძლებლობა არ ჰქონდა, შესაგებელი წინამდებარე სააპელაციო საჩივარს დაურთო.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების დასაბუთება

 

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა“ პუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და უბრუნებს საქმეს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

 

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.

 

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

 

9. სააპელაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პრეტენზიას და მიაჩნია, რომ არსებობს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების სამართლებრივი საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

9.1. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე შპს „დ-----------ს“ მოსარჩელე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 37 473 ლარის გადახდა. დაუსწრებელი გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

 

9.2. 2016 წლის 17 ოქტომბერს შპს „დ-----------ის“ წარმომადგენელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა სასამართლოს, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და შპს „დ-----------ს“ შესაგებლის წარმოსადგენად განესაზღვრა 5 დღის ვადა ამ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან.

 

9.3. 2016 წლის 25 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა. კერძო საჩივარი საქმესთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ნოემბრის განჩინება.

 

9.4. საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუბრუნდა 2017 წლის 5 აპრილს.

 

9.5. 2017 წლის 10 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ გამოიტანა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სასამართლომ მიიჩნია, რომ შესაგებლის წარმოსადგენად განსაზღვრული 5 დღიანი ვადის ათვლა უკავშირდებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2017 წლის 30 იანვარს მიღებული განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღს და შესაბამისად, მისი ათვლა უნდა დაწყებულიყო 2017 წლის 31 იანვრიდან და ვინაიდან, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხემ კვლავ არ წარმოადგინა შესაგებელი, სახეზე იყო განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

 

10. სააპელაციო პალატა არ იზიარებს ზემოაღნიშნულ მსჯელობას და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არამართებულია სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხისათვის შესაგებლის წარმოსადგენად განსაზღვრული 5 დღიანი ვადის ათვლა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2017 წლის 30 იანვარს მიღებული განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან უნდა დაიწყოს. საქმის განმხილველმა სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოება, რომ საქმის მასალებით არ დგინდება შპს „დ-----------ის“ ინფორმირებულობა კერძო საჩივრის განხილვის თარიღის თაობაზე; საქმის მასალებში ასევე, არ მოიპოვება შესაბამისი მტკიცებულება (აქტი), რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას რომ მოპასუხისათვის ცნობილი იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2017 წლის 30 იანვრის განჩინების გამოტანის ან/და ამ განჩინებით დადგენილი შედეგის შესახებ, რაც პალატის მოსაზრებით, ობიექტურად გამორიცხავს შესაგებლის წარმოდგენის ვადის ათვლის დაკავშირებას სააპელაციო სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის განხილვის თარიღთან.

 

11. პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხის შესაგებელი ერთვის წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს.

 

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე და 241-ე მუხლების ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში შესაგებლის დროულად წარდგენისათვის, ან გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.

 

13. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა შესაგებლის წარმოდგენის შეუძლებლობის საპატიო გარემოება - მხარის არაინფორმირებულობა შესაგებლის წარმოდგენის 5 დღიანი ვადის ათვლის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რაც პალატის მოსაზრებით სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 აპრილის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

 

საპროცესო ხარჯები

 

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს „დ-----------ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 აპრილის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: ნატალია ნაზღაიძე

 

მოსამართლეები: მაია სულხანიშვილი

 

ირაკლი ბონდარენკო