განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100118002454098
საქმე №1/ბ-162-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
მსჯავრდებულ ც---–------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა-----–-–--------- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ც---–-------------–------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------------ს, პირადი №------------ საქართველოს მოქალაქის, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, ქვრივის, რეგისტრირებულის: წ--–---------–-------------- ფაქტობრივად მცხოვრების: გ----------------–----–----------------–-------------–----, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენით:
ც---–-------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა შინაპატიმრობა 6 (ექვსი) თვის ვადით, ვალდებულებით ღამის 22:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე არ დატოვოს საცხოვრებელი ადგილი.
ც---–------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდა;
ც---–------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ცემა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 2 აპრილს დაახლოებით 14:00 საათზე, გ----------------------------–-----–---ში ც---–------------მა მეზობლებს - მ-------------------ს და ი-----–------------ს მობილური ტელეფონის ყიდვის თაობაზე წარმოშობილი კონფლიქტისას, მ-------------------ს ჯოხი ორჯერ დაარტყა ბარძაყის მიდამოში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ც---–------------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა-----–-–--------მ, რომელმაც მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და მის ნაცცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
აპელანტი აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ქმედების განხორციელების მომენტში ც---–------------ი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ც---–------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ც---–------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულ მ------------------ის, მოწმეების: ი------------ის, ა---–---------–---–ის და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.
სააპელაციო პალატა ვერ გაზიარებს მსჯავრდებულ ც---–------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა-----–-–--------- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ც---–------------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმების და გამამართლებელი განაჩენის დადგენის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ ც---–------------ი ქმედების განხორციელების მომენტში იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. ხსენებული მოთხოვნიდან გამომდინარე ნათელია, რომ დაცვის მხარე რეალურად ადასტურებს ც---–------------ის მიერ მ------------------ისათვის მიყენებულ დაზიანებებს და სადავოდ ხდის მხოლოდ ც---–------------ის ქმედების სამართლებრივ შეფასებას.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ კრიტერიუმის დადგენას, რომლის არსებობაც იწვევს აუცილებელი მოგერიების ფაქტს. ობიექტურად უნდა არსებობდეს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა, რომელიც მოიცავს სამ ნიშანს: უკიდურესი მდგომარეობა, უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება და თავდაცვის სურვილი. თავის მხრივ უკიდურესი მდგომარეობის არსებობის დასადგენად საჭიროა შემდეგი სამი კრიტერიუმის არსებობა: სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, ხელყოფის იმწუთიერობა და ხელყოფის მართლწინააღმდეგობა, რაც, შესაბამისად, გულისხმობს ხელყოფის რეალურ (ობიექტურ) ხასიათს.
დაზარალებულ მ------------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 2 აპრილს დაახლოებით 14:00 საათზე, მათი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში დედასთან, ი-------------სთან ერთად შეხვდა ც---–------------ს და უსაყვედურა, რატომ გააგებინა ტელეფონის თაობაზე მამამისს. ც---–------------ი გაღიზიანდა და ცუდი სიტყვებით მოიხსენია, შემდეგ აიღო ჯოხი და მას ორჯერ დაარტყა ბარძაყის არეში. მას შემდეგ, რაც პოლიცია გამოიძახა, ც---–-------------ი დაწვა მიწაზე და აღარ დგებოდა, ყვიროდა, მცემესო. იგივე გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ი-------------მ და განმარტა, რომ მისი ქალიშვილის, მ------------------ის შეპასუხების გამო, ც---–------------მა საქონლის გასარეკი ჯოხი ორჯერ დაარტყა მ-------------------ს ბარძაყის არეში. აღნიშნულის გამო, გამოიძახეს პოლიცია, ც---–------------ი კი დაწვა მიწაზე და ყვიროდა, მცემესო. მოწმე ა---–---------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ შემთხვევის დღეს სახლის აივანზე იმყოფებოდა, დაინახა, რომ მისი მეზობლები - მ-------------------, ი------------- და ც---–------------ი ფულზე დავობდნენ, რა დროსაც ც---–------------ს ხელი ჰკრა მ-------------------მ, ი------------- იჭერდა მის შვილს, რა დროსაც ც---–------------მა აიღო ჯოხი და მ-------------------ს დაარტყა ბარძაყის არეში.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ც---–------------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მ-------------------მ არ გადაუხადა მობილური ტელეფონის საფასაური, - ათი ლარი, აღნიშნულის შესახებ უთხრა მ------------------ის მამას. ამით განაწყენებულმა დედა-შვილმა მ-------------------მ და ი-------------მ 2018 წლის 2 აპრილს დაახლოები 14:00 საათზე, ეზოში ყოფნისას დაუწყეს ჩხუბი, ი-------------მ მკლავზე მოჰკიდა ხელი და წააქცია. მ------------------- კი უყვიროდა და იწევდა მისკენ, ი------------- აკავებდა. წაქცეულმა აიღო ჯოხი და მოგერიების მიზნით ერთხელ დაარტყა ფეხზე მ-------------------ს.
სააპელაციო პალატა საქმეში არსებული ზემოთხსენებული მტკიცებულებების შეფასების შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ც---–------------ი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში არ იმყოფებოდა, რადგან როგორც თავად ისე მოწმე ა---–---------–---–ის განმარტებით, ი------------- აკავებდა მ-------------------ს. შესაბამისად, სამართლებრივი სიკეთის იმწუთიერი და რეალური საფრთხე არ არსებობდა. ამდენად, პალატის შეფასებით, ც---–------------ის ქმედება არ იყო გამოწვეული თავდაცვის სურვილით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ც---–------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა-----–-–--------- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 დეკმებრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ც---–------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა-----–-–--------- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი;
ც---–-------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს შინაპატიმრობა 6 (ექვსი) თვის ვადით, ვალდებულებით ღამის 22:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე არ დატოვოს საცხოვრებელი ადგილი.
მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ც---–------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, - გირაო გაუქმებულია.
”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
ეცნობოს მსჯავრდებულ ც---–------------ს, რომ შინაპატიმრობის ვადაში ეკრძალება საქართველოს საზღვრის გადაკვეთა.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი