განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002416974
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/7661-18 14 იანვარი, 2019 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ნათია გუჯაბიძე(მომხსენებელი)
გოდერძი გიორგიშვილი, ვანო წიკლაური
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - ს----------–----–-----------------------------
წარმომადგენელი - ბ--------------
მოწინააღმდეგე მხარე - ი--------------–----------------
წარმომადგენელი - ა--------–-–---–-
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ი--------------–--------- - მ------------, ს----------–----–-----------------------------ს სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით - 83 871.07 ლარის გადახდის დაკისრება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს----------–----–-----------------------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე ი--------------–--------- - მ----“, მოსარჩელე ს----------–----–-----------------------------ს სასარგებლოდ, დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით - 7000 ლარის გადახდა.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, მე-400, 417-418-ე, 420-ე, 477-ე მუხლების საფუძველზე;
4. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი სრულად დაკმაყოფილდება.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები
5.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ ზოგადი განმარტებით და მიუთითა, რომ მოპასუხეზე დაკისრებული პირგასამტეხლო წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს, თუმცა არ განმარტა, თუ რა გარემოებებით იყო განპირობებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების აუცილებლობა. სასამართლომ სამართლებრივი შეფასებისას, მიუთითა რა პირგასამტეხლოს სამართლებრივ არსსა და მნიშვნელობაზე, არსებითად არ იმსჯელა და არ მიუთითა, რა კონრკეტული გარემოებები დაუდო საფუძვლად პირგასამტეხლოს შემცირებას.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
8. სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი და შესაბამისად, სააპელაციო პალატა უდავოდ დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
8.1. 2----–-–---------–--- ს----------–----–-----------------------------სა (შემსყიდველი) და ი---------------–--------- - მ----“ (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა №--- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა - წინამდებარე ხელშეკრულების დანართი №--ით განსაზღვრული თ---------–--- და სხვადასხვა ქს-----–-- ნივთების შესყიდვა (C-----------). ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა - 289 710 ლარს. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო, შესყიდვის ობიექტის მიწოდება განეხორციელებინა დანართი №--ით განსაზღვრული ვადების შესაბამისად.
8.2. მხარეთა შორის 2----–-–---------–--- გაფორმებული ხელშეკრულების 11.4. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველს მიენიჭა უფლებამოსილება დანართი №--ით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დააკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით.
8.3. ს----------–----–-----------------------------სა და ი---------------–--------- - მ-----“ შორის 2----–-–----- სექტემბერს გაფორმდა შეთანხმება №- მხარეთა შორის 2----–-–---------–--- გაფორმებულ №----ე ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმად ი---------------–--------- - მ-----“ გაუგრძელდა საქონლის მიწოდების ვადა შემდეგ პოზიციებზე: I (190 ცალი), II, VII, XI და XII პოზიციებზე მიწოდების ვადა განისაზღვრა - 2017 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო IV, V (2500 ცალი) და VI პოზიციების მიწოდების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.
8.4. ი---------------–--------- - მ-----“ ჯეროვნად არ შეასრულა მასსა და ს----------–----–-----------------------------ს შორის 2----–-–---------–--- გაფორმებული №--- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. კერძოდ, მისაწოდებელი საქონლის ნაწილი შემსყიდველისათვის მიწოდებულ იქნა ვადადარღვევით. მიწოდება განხორციელდა შემდეგნაირად: 1000 ცალი პ-----–------ (ღირებულება 6000 ლარი) 2017 წლის 23 აგვისტოს - 13 დღის დაგვიანებით (მიწოდების ვადა 2017 წლის 10 აგვისტომდე); 1000 ცალი სა------–--–-ს) (ღირებულება 2000 ლარი) 2017 წლის 26 სექტემბერს - 32 დღის დაგვიანებით (მიწოდების ვადა - 2017 წლის 25 აგვისტომდე); მ---------–--- (ღირებულება 3750 ლარი) და მ---–----- (ღირებულება 2550 ლარი) წ----------- - 2017 წლის 21 სექტემბერს - 12 დღის დაგვიანებით; დ---–-----–------–---- (ღირებულება 1800 ლარი) 2017 წლის 26 სექტემბერს - 17 დღის დაგვიანებით; ლ-----ის ნაწილის (90 ერთეული, ღირებულება 3150 ლარი) 2017 წლის 27 სექტემბერს - 18 დღის დაგვიანებით; ლ-----ის მეორე ნაწილი (100 ერთეული, ღირებულება 3500 ლარი) და სამედიცინო დანიშნულების (პაციენტის) სა---------–--------------ა (ღირებულება 3600 ლარი) 2017 წლის 10 ოქტომბერს - 31 დღის დაგვიანებით; მ---------–---------- (ღირებულება 11 000 ლარი) და ს------–--------–---ი (ღირებულება 1020 ლარი) 2017 წლის 16 ოქტომბერს - 37 დღის დაგვიანებით; 2500 ცალი პ-----–------ (120*85) (ღირებულება 15 000 ლარი) 2017 წლის 10 ნოემბერს - 62 დღის დაგვიანებით; 2000 ცალი თ---------–---------–----- (ღირებულება 44 000 ლარი) 2017 წლის 17 ნოემბერს - 69 დღის დაგვიანებით (მიწოდების ვადა - 2017 წლის 09 სექტემბრამდე); 4200 ცალი თ---------–---------–----- (ღირებულება 92 400 ლარი) 2017 წლის 17 ნოემბერს - 47 დღის დაგვიანებით (მიწოდების ვადა - 2017 წლის 01 ოქტომბრამდე); ბ--–-–--ი (ღირებულება 6645 ლარი) 2017 წლის 16 ოქტომბერს - 7 დღის დაგვიანებით (მიწოდების ვადა - 2017 წლის 09 ოქტომბერი); 2000 ცალი პ-----–------ (90*40) (ღირებულება 8 000 ლარი) 2017 წლის 10 ნოემბერს - 32 დღის დაგვიანებით (მიწოდების ვადა - 2017 წლის 09 ოქტომბერი);
8.5. ი--------------–--------- - მ-----“ მასსა და ს----------–----–-----------------------------ს შორის 2----–-–---------–--- გაფორმებული №--- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე საქონლის ნაწილის (იხ. 3.1.4. პუნქტი) მიწოდების ვადის დარღვევის გამო, ხელშეკრულებით გათვალისწინებულმა პირგასამტეხლოს ოდენობამ (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%) ჯამში - 83 871.07 ლარი შეადგინა.
9. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხეს მოსარჩელე ს----------–----–-----------------------------ს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 7000 ლარის გადახდა, რასაც არ ეთანხმება აპელანტი. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი სამოქალაქო კოდექსის 418-ე და 420-ე მუხლების გამოყენების მართებულობა. შესაბამისად, პალატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას აღნიშნულ ნაწილში შეამოწმებს.
10. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე.
11. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
12. სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
13. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.
14. პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების უფლება იმ იშვიათ გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მითითებას წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.
14. სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირებისას მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ხოლო კონტიტენტური ევროპის სამართლის ქვეყნების სასამართლოები (მათ შორის, გერმანია), ასევე, უაღრესად დიდ ყურადღებას აქცევენ კრედიტორის ეკონომურ ინტერესს, კერძოდ, თუ რა ინტერესი და მნიშვნელობა გააჩნია კრედიტორს ვალდებულების დროულად შესრულების მიმართ, რაც განაპირობებს პირგასამტეხლოს, როგორც პრევენციულ ფუნქციას, ზოგჯერ - საკმაოდ მაღალსაც კი.
15. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით. დადგენილია, ასევე, რომ ი--------------–--------- - მ-----“ ჯეროვნად არ შეასრულა მასსა და ს----------–----–-----------------------------ს შორის 2----–-–---------–--- გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. კერძოდ, საქონლის ნაწილი შემსყიდველისათვის მიწოდებულ იქნა ვადადარღვევით. შესაბამისად, წარმოიშვა ამავე ხელშეკრულების 11.4. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.
16. პალატა განმარტავს, რომ მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (სსკ-ის 319-ე მუხლი) დათქმული პირობის მიუხედავად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან რამდენიმე დღის ვადაგადაცილებისათვის ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების დავალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო დაანგარიშებული უნდა იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან. (იხ. სუსგ. №ას -164-160-2016, 28 ივლისი, 2016 წელი). აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით, უნდა დაეკისროს მხოლოდ დაგვიანებით მიწოდებული პროდუქციის ღირებულების 0.15%, რომლის ჯამური ოდენობაც განსახილველ შემთხვევაში შეადგენს - 14041.58 ლარს. პალატა მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს აღნიშნული ოდენობა არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალს და იგი სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის სამართლებრივი საფუძვლით არ უნდა შემცირდეს.
პალატა აღნიშნული ოდენობის მართებულობას უკავშირებს კრედიტორის ინტერესს ხელშეკრულების შესრულების მიმართ.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
17. სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნა, პირგასამტეხლოს ანაზღაურების ნაწილში, დაკმაყოფილდება ნაწილობრივ.
საპროცესო ხარჯები
18. სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს - ი---------------–--------- - მ----“ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს 982,91 ლარის (14041,58 ლარის 7% ) გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ს----------–----–-----------------------------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მოპასუხე ი--------------–--------- - მ----“ მოსარჩელე ს----------–----–-----------------------------ს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით - 14041.58 ლარის გადახდა.
4. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან.
5. მოწინააღმდეგე მხარეს - ი---------------–--------- - მ----“ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 982,91 ლარის გადახდა.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
მოსამართლეები: ნათია გუჯაბიძე
გოდერძი გიორგიშვილი
ვანო წიკლაური