განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.12.2018
საქმის ნომერი
330210116001496139
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
11.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210116001496139

საქმე №2ბ/2611-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - ამირან ძაბუნიძე

სხდომის მდივანი - ნათია ხოლოაშვილი

 

აპელანტი - შპს ,,გ---–-----ი“

წარმომადგენელი - სო------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - მ-----ა მ--–---–ი

წარმომადგენელი -ბე----------–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,გ---–-----ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. 2013 წელს შპს ,,გ---–-----ს“ და მ-----ა მ--–---–ს შორის, გაფორმდა შვიდი სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი საერთო ჯამში 7393 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულების თანახმად სესხის ძირითად თანხაზე დასარიცხი სარგებელი განისაზღვრა ყოველთვიურად 2,5% ოდენობით. სესხის მოქმედების ვადა შეადგენდა 01 თვეს. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა, რომ მხარეებს სესხის ხელშეკრულების ვადა არ გაუგრძელებიათ.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- სასამართლოს N2/9962-15 გადაწყვეტილება (ს.ფ. 95-108);

 

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2016 წლის 18 მარტის N2/9962-15 გადაწყვეტილებით, მ-----ა მ--–---–ის ვალდებულება შპს ,,გ---–-----ის“ მიმართ განისაზღვრა 4581,65 აშშ დოლარით სესხის ძირი თანხის სახით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- სასამართლოს N2/9962-15 გადაწყვეტილება (ს.ფ. 95-108);

 

2.3. მოპასუხე მ-----ა მ--–---–მა ვალდებულების შესრულების მიზნით, ნოტარიუს ე-----------–-----–--ს სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსა შპს ,,გ---–-----ისათვის“ გადასახდელი სესხის თანხა 4581.65 აშშ დოლარი, რის შესახებაც ნოტარიუს ე-----------–-----–--ს 2016 წლის 01 სექტემბრის მიმართვით ეცნობა შპს ,,გ---–-----ს“.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- სასამართლოს N2/9962-15 გადაწყვეტილება (ს.ფ. 95-108);

- 01.09.2016 წლის მიმართვა (ს.ფ.112);

- ქვითარი (ს.ფ.160);

- N1-------- სანოტარო მოქმედება ფულის, ფასიანი ქაღალდების დეპოზიტზე მიღების თაობაზე (ს.ფ.163-165).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.4. სასამართლომ მიუთითა, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა ურთიერთობა წარმოშობილია სესხის და გირავნობის ხელშეკრულებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება მასზედ, რომ მ-----ა მ--–---–მა არ შეასრულა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი, სესხის დაფარვის ვალდებულება, რამაც გამოიწვია მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება 4366.41 აშშ დოლარის ოდენობით.

 

მოსარჩელე თავისი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ მ-----ა მ--–---–ის ბრალეული ქმედების გამო მიადგა ზიანი. ზიანის ოდენობა განსაზღვრულია 4366.31 აშშ დოლარით. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად უთითებს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 394-ე, 412-ე, 414-ე მუხლებს. აღნიშნული მუხლები წარმოადგენენ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელ ნორმებს. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 18.03.2016წლის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მ-----ა მ--–---–ის ვალდებულება შვიდივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიმართ განისაზღვრა 4581.65 აშშ დოლარით სესხის ძირითადი თანხის სახით. როგორც სასამართლომ ჩათვალა მოპასუხის მიერ გადახდილი თანხები მოემსახურა სესხის ძირითადი თანხის დაფარვას და ერთი თვის განმავლობაში გადასახდელ პროცენტს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის განმარტებით და საქმის სხვა მასალებით დგინდება, რომ მ-----ა მ--–---–ი, სასამართლოს მიერ დავალიანების თანხის განსაზღვრის შემდგომ ცდილობდა მოსარჩელის მიმართ ვალდებულების შესრულებას, რისი დამადასტურებელიცაა ის ფაქტი რომ მ-----ა მ--–---–ი მიმართავდა პოლიციას დახმარებისათვის, ბოლოს კი თანხა განათავსა ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე.

 

სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ ვერ მიუთითა და ვერ დაასაბუთა ზიანის მიყენების კონკრეტული საფუძველი. მოსარჩელეს ზიანის ოდენობა განსაზღვრული აქვს სასამართლოს მიერ შპს „გ---–-----თან“ გაფორმებული თითოეული სესხისათვის დადგენილ ძირი თანხაზე მხარეთა მიერ შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთის, 2.5 %-ის შესაბამისად, სესხის გაცემის თარიღიდან 2013 წლიდან, ამ სარჩელის აღძვრამდე 7.09.2016 წლის პერიოდისათვის. (ს.ფ. 168). ასეთ გაანგარიშებას არც მოპასუხე და არც სასამართლო არ ეთანხმება, რამდენადაც მხარეთა შორის სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობა დასრულებულია და თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია მოპასუხის ვალდებულების ოდენობა მოსარჩელის მიმართ.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მტკიცების საპროცესო სამართლებრივ სტანდარტებზე და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც მხარეებს უფლებებთან ერთად თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს აკისრებს, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისთვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სარჩელზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ ვერ ზიდა მტკიცების ტვირთი, რის გამოც სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლო არასწორად უთითებს, რომ მოსარჩელემ ვერ მიუთითა და ვერ დაასაბუთა ზიანის მიყენების კონკრეტული საფუძველი. აპელანტის განმარტებით თანხა დაანგარიშებულია არა მედეა მ--–---–თან გაფორმებული ხელშეკრულების არამედ შპს ,,გ---–-----ის“ საპროცენტო განაკვეთის მიხედვით, ანუ იმ შემოსავლით, რასაც მიიღებდა შპს ,,გ---–-----ი“ აღნიშნული თანხა რომ გაესესხებინა და ჩვეულებრივ ეკონომიკურ საქმიანობაში გამოეყენებინა.

 

აპელანტის მითითებით, 2013 წელს შპს ,,გ---–-----ს“ და მ-----ა მ--–---–ს შორის, გაფორმდა შვიდი სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი საერთო ჯამში 7393 აშშ დოლარის ოდენობით, ოქროს ნივთების უზრუნველყოფით. ხელშეკრულების თანახმად სესხის ძირითად თანხაზე დასარიცხი სარგებელი განისაზღვრა ყოველთვიურად 2,5% ოდენობით. სესხის მოქმედების ვადა შეადგენდა 1 თვეს.

 

აპელანტი განმარტავს, რომ მ-----ა მ--–---–მა არ შეასრულა ვალდებულება და შეთანხმებულ დროს არ დააბრუნა თანხა, კომპანიამ ვეღრ შეძლო მისი გასესხება, რამაც ფინანსური ზიანი მიაყენა შპს ,,გ---–-----ს“. აპელანტის მითითებით ზიანის თანხა გაანგარიშებული უნდა იყოს ყოველთვიური პროცენტის ოდენობით, რა პროცენტშიც აღნიშნულ თანხას გაასესხებდა კომპანია, პროცენტი შეადგენს თვიურ 2.5%-ს. შესაბამისად მ-----ა მ--–---–ს უნდა დაეკისროს კომპანიისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება სესხის ძირითადი თანხის დაბრუნების ვალდებულების წარმოშობიდან მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრამდე - 4036.03 აშშ დოლარის ოდენობით.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება, იმ ნაწილშიც, რომლითაც გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის მიხედვითაც ყადაღა დაედო მ-----ა მ--–---–ის კუთვნილი ძვირფასი ლითონების შეფასებისა და მიღება-ჩაბარების #18338 აქტში ჩამოთვლილ მოძრავ ნივთებს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1.- 2.4. პუნქტები).

 

- 2013 წელს შპს ,,გ---–-----ს“ და მ-----ა მ--–---–ს შორის, გაფორმდა შვიდი სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი საერთო ჯამში 7393 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულების თანახმად სესხის ძირითად თანხაზე დასარიცხი სარგებელი განისაზღვრა ყოველთვიურად 2,5% ოდენობით. სესხის მოქმედების ვადა შეადგენდა 1 თვეს. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა, რომ მხარეებს სესხის ხელშეკრულების ვადა არ გაუგრძელებიათ.

 

- თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2016 წლის 18 მარტის N2/9962-15 გადაწყვეტილებით, მ-----ა მ--–---–ის ვალდებულება შპს ,,გ---–-----ის“ მიმართ განისაზღვრა 4581,65 აშშ დოლარით სესხის ძირი თანხის სახით.

 

- მოპასუხე მ-----ა მ--–---–მა ვალდებულების შესრულების მიზნით, ნოტარიუს ე-----------–-----–--ს სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსა შპს ,,გ---–-----ისათვის“ გადასახდელი სესხის თანხა 4581.65 აშშ დოლარი, რის შესახებაც ნოტარიუს ე-----------–-----–--ს 2016 წლის 1 სექტემბრის მიმართვით ეცნობა შპს ,,გ---–-----ს“.

 

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მ-----ა მ--–---–ის ვალდებულება შვიდივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიმართ განისაზღვრა 4581.65 აშშ დოლარით სესხის ძირითადი თანხის სახით. როგორც სასამართლომ ჩათვალა მოპასუხის მიერ გადახდილი თანხები მოემსახურა სესხის ძირითადი თანხის დაფარვას და ერთი თვის განმავლობაში გადასახდელ პროცენტს.

 

4.2. სააპელაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.

 

სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 411-ე მუხლის ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans) (იხ. საქმე №ას-929-869-2017, 27 დეკემბერი, 2017 წელი). სხვა სამოქალაქო საქმეში საკასაციო პალატამ განმარტა სსკ-ის 411-ე მუხლის შინაარსში ნაგულისხმევი ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულების არსი (იხ. სუსგ №ას-406-383-2014, 17 აპრილი, 2015წ.) და აღნიშნა, რომ დასახელებული ნორმა მხოლოდ იმ შემოსავლის ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც ობიექტური მოცემულობითაა ნაკარნახევი და არა კრედიტორის სუბიექტური შეფასებით. მიუღებელი შემოსავალი ეს არის ანაცდენი სარგებელი (მოგება), რომელიც არ გულისხმობს ერთობლივ შემოსავალს, ყოველგვარი ხარჯების გამოქვითვების გარეშე და რომელსაც დაზარალებული ობიექტურად მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად (იხ., სუსგ, №ას-218-210-2013, 10 მარტი, 2014წ.). მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო (იხ., სუსგ №ას-459-438-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი). იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ., სუს-ის 2011წლის 24 ოქტომბრის განჩინება საქმეზე №ას-307-291-2011წ.).

 

ამდენად, მიუღებელი შემოსავალი არის სარგებელი, რომელიც შეიძლება დამდგარიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად (იხ. სუსგ 20.07.2001წ. საქმე №3კ/629-01). მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, რომელიც შეიძლება დამდგარიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შემთხვევაში. ესაა ანაცდური მოგება, რომლის ანაზღაურებაც მოსარჩელის განსაკუთრებულ კომერციულ ინტერესში შედის, ვინაიდან კომერციულ ბრუნვაში მისი ინტერესი შემოსავლის მიღებისკენაა მიმართული (30.03.2007წ. საქმე №№ას-509-893-06).

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ, უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული სტაბილური პრაქტიკის შესაბამისად, ზოგადი პრინციპის თანახმად, განსახილველი კატეგორიის დავაში, მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა მიეთითებინა და დაემტკიცებინა, რომ მოპასუხის ქმედება იყო არამართლზომიერი, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, ასევე, ის თუ რას შეადგენს ზიანის ოდენობა. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლის სახით, მოსარჩელეს იმგვარი მტკიცებულებები უნდა წარედგინა, რომელიც შექმნიდა ობიექტურ სურათს ასეთი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით.

 

ამავდროულად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

 

სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ 6.06.2017წ. საქმე №ას-584-543-2017).

 

პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელემ მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნა დააფუძნა იმ გარემოებაზე, რომ მ-----ა მ--–---–მა არ შეასრულა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი, სესხის დაფარვის ვალდებულება, რამაც გამოიწვია მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება 4366.41 აშშ დოლარის ოდენობით. აპელანტის განმარტებით თანხა დაანგარიშებულია შპს ,,გ---–-----ის“ საპროცენტო განაკვეთის მიხედვით, ანუ იმ შემოსავლით, რასაც მიიღებდა შპს ,,გ---–-----ი“ აღნიშნული თანხა რომ გაესესხებინა და ჩვეულებრივ ეკონომიკურ საქმიანობაში გამოეყენებინა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მ-----ა მ--–---–ის ვალდებულება შვიდივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიმართ განისაზღვრა 4581.65 აშშ დოლარით სესხის ძირითადი თანხის სახით. როგორც სასამართლომ ჩათვალა მოპასუხის მიერ გადახდილი თანხები მოემსახურა სესხის ძირითადი თანხის დაფარვას და ერთი თვის განმავლობაში გადასახდელ პროცენტს. პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნულის გათვალისწინებით მხარეთა შორის სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობა დასრულებულია და თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია მოპასუხის ვალდებულების ოდენობა მოსარჩელის მიმართ.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკის შესაბამისად, სსკ-ის 411-ე მუხლით გათვალისწინებული მიუღებელი შემოსავლის სახით მხარისათვის მიყენებული ზიანის სამართლებრივი ბუნების ზემოთ მოყვანილი განმარტებების საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტს გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების, კერძოდ, 411-ე მუხლის განმარტების, საწინააღმდეგოდ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

 

ამდენად, პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელეს არ მიდგომია მატერიალური ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით, რაც, სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად (ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს), გონივრული განსჯის ფარგლებში სავარაუდო არ იყო მოპასუხისათვის იმ პირობებში, როდესაც მ-----ა მ--–---–ი, სასამართლოს მიერ დავალიანების თანხის განსაზღვრის შემდგომ ცდილობდა მოსარჩელის მიმართ ვალდებულების შესრულებას, რისი დამადასტურებელიცაა ის ფაქტი რომ მ-----ა მ--–---–ი მიმართავდა პოლიციას დახმარებისათვის, ბოლოს კი თანხა განათავსა ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 432.09 ლარის ოდენობით რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს ,,გ---–-----ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება.

 

3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ამირან ძაბუნიძე