განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017002065024
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/5567-18
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ვანო წიკლაური
სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე
აპელანტი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - თ---------–-------
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „გ------------’’
წარმომადგენლები: ტ------–--------, ლ-–- ფ----–------ე (დირექტორი)
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი შპს „გ------------“-ის მიმართ, პირგასამტეხლოს დაკისრების, თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე შპს „გ------------“-ს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით - 2000 ლარის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.1. 2--- წლის 09 ივნისს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „გ------------“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №0----------- ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტს წარმოადგენდა - ქ. თბილისში, გ--- რ--------- გამზირზე არსებული გამწვანებული ტერიტორიების (თარგების) აღდგენა-მოწყობის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა - 684 987,09 ლარს. სამუშაოების მიწოდების ვადად განისაზღვრა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღე, ექსპერტიზის მომსახურების ვადის (დასკვნის წარმოდგენის) ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №0----------- ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 16-21);
2.2. 2--- წლის 10 ივნისს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „გ------------“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №0----------- ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტს წარმოადგენდა - ქ. თბილისში, თ------–---–-- ქუჩაზე არსებული ალეის აღდგენა-მოწყობის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა - 638 988,26 ლარს. სამუშაოების მიწოდების ვადად განისაზღვრა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღე, ექსპერტიზის მომსახურების ვადის (დასკვნის წარმოდგენის) ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №0----------- ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 24-29);
2.3. 2--- წლის 09 და 10 ივნისს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების 3.3. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შეასრულოს სახელშეკრულებო ღირებულების არანაკლებ 25%-ის ოდენობის სამუშაოები, ხოლო ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში - არანაკლებ 50%-ის ოდენობის სამუშაოები. ამავე ხელშეკრულების 6.3. პუნქტის თანახმად, კი მიმწოდებელმა სამუშაოების ეტაპების დასრულებისას, შემსყიდველს უნდა წარუდგინოს ექსპერტიზაზე წარდგენილი შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ფორმა №2, ფარული და ხილული სამუშაოების აქტები). შესაბამისად, შპს „გ------------“-ს 2--- წლის 09 ივნისის ხელშეკრულების ფარგლებში, 2--- წლის 09 ივლისის ჩათვლით უნდა წარედგინა ექსპერტიზაზე, არანაკლებ - 171 246.77 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო 2--- წლის 10 ივნისის ხელშეკრულების ფარგლებში, კი 2--- წლის 10 ივლისის ჩათვლით არანაკლებ - 159 747.07 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №0----------- ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 16-21);
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №0----------- ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 24-29);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
2.4. 2--- წლის 09 და 10 ივნისს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების 9.3. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სახელშეკრულებო ღირებულების არანაკლებ 25%-ის ოდენობის სამუშაოების შეუსრულებლობისას, ხოლო ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში სახელშეკრულებო ღირებულების 50%-ის ოდენობის სამუშაოების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება საჯარიმო სანქცია თითოეულ დარღვევაზე ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №0----------- ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 16-21);
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №0----------- ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 24-29);
2.5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №0----------- ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სახელშეკრულებო ღირებულების არანაკლებ 25%-ის ოდენობის (171 246.78 ლარი) სამუშაოების შეუსრულებლობისათვის შპს „გ------------“-ს დაეკისრა ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების (684 987.09 ლარი) 1%-ის ოდენობით, 6849.88 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის
2--- წლის 15 ივლისის №1---------- წერილი (იხ. ს.ფ. 22);
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის
2--- წლის 19 ივლისის №15------- წერილი (იხ. ს.ფ. 23);
2.6. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №0----------- ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სახელშეკრულებო ღირებულების არანაკლებ 25%-ის ოდენობის (159747.07 ლარი) სამუშაოების შეუსრულებლობისათვის შპს „გ------------“-ს დაეკისრა ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების (638988.26 ლარი) 1%-ის ოდენობით, 6389.89 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის
2--- წლის 14 ივლისის №1---------- წერილი (იხ. ს.ფ. 30);
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის
2--- წლის 19 ივლისის №--------- წერილი (იხ. ს.ფ. 31);
2.7. შპს „გ------------“-ს ეცნობა დარიცხული ჯარიმების შესახებ, თუმცა მისი მხრიდან არ მომხდარა თანხის გადახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის 2--- წლის 19 ივლისის №15------- და №--------- წერილები (იხ. ს.ფ. 23; 31)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
2.8. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „გ------------“-ს შორის გაფორებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №0----------- ხელშეკრულებაზე 2--- წლის 08 აგვისტოს შედგა მხარეთა შეთანხმება, რომლის თანახმად მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 2--- წლის 25 სექტემბრის ჩათვლით შეასრულოს სახელშეკრულებო ღირებულების არანაკლებ 50 %-ის ოდენობის სამუშაოები.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „გ------------“-ს შორის გაფორებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №0----------- ხელშეკრულებაზე 2--- წლის 08 აგვისტოს შედგა მხარეთა შეთანხმება, რომლის თანახმად მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 2--- წლის 10 სექტემბრამდე შეასრულოს სახელშეკრულებო ღირებულების არანაკლებ 50 %-ის ოდენობის სამუშაოები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეთანხმებები (ს.ფ. 63, 64);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
2.9. 2--- წლის 09 და 10 ივნისს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „გ------------“-ს შორის გაფორებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №0----------- და №0----------- ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები მოპასუხის მიერ დასრულდა ხელშეკრულებებით განსაზღვრულ 120 დღიან ვადაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
2.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.10. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივ გარემოება, რომ შპს „გ------------“-ის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის 2--- წლის 09 ივნისს გაფორმებული №0----------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან და 2--- წლის 10 ივნისს გაფორმებული №0----------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოების შესრულების ვადა. კერძოდ, ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში - 2--- წლის 09 ივლისისა და 2--- წლის 10 ივლისის ჩათვლით, არ მომხდარა შესაბამისი სახელშეკრულებო ღირებულების არანაკლებ
25%-ის ოდენობის სამუშაოების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნისა თუ შესაგებლის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. ამასთან, საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში მართლმსაჯულების როლი შეზღუდული არ არის. პირიქით, სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო სამართალში დამკვიდრებული პრინციპის შესაბამისად ვერ უზრუნველყო იმ ფაქტობრივი გარემოების დადასტურება, რომ მის მიერ არ დარღვეულა მხარეთა შორის 2--- წლის 09 და 10 ივნისს დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების პირველი ეტაპი. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა შემდეგი:
შესაგებელს ერთვის შპს „გ------------“-ის მიერ ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურისადმი გაგზავნილი 2--- წლის 0-----–---- წერილი, რომლითაც მოპასუხე ითხოვდა 2--- წლის 09 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების 25%-იანი და 50%-იანი შესასრულებელი სამუშაოების ვადების გადაწევას საშემოდგომო რგვების პერიოდამდე, 30 სექტემბრამდე, იმ საფუძვლით, რომ აგროტექნიკური ნორმების შესაბამისად, წლის იმ პერიოდში რეკომენდირებული/მიზანშეწონილი არ იყო მცენარეების დარგვა. აღნიშნულზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის 2--- წლის 13 ივლისის №--------- წერილით მოპასუხეს უარი ეთქვა იმ საფუძვლით,რომ მოპასუხეს ხელშეკრულების 6.3. პუნქტის თანახმად, უნდა წარედგინა ექსპერტიზაზე წარდგენილი სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია 171 246.77 ლარის სამუშაოების შესრულებაზე, ტერიტორიაზე ჩასატარებელი მოსამზადებელი (სამშენებლო, წყალსადენისა და მცენარეების დასარგავად და გაზონის მოსაწყობად ნიადაგის ნოყიერი ნაზავის შეტანის) სამუშაოების პროცენტული ღირებულება, კი ბევრად აღემატებოდა სახელშეკრულებო ღირებულების 25%-ს. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით, ვინაიდან მოპასუხე მის მიერ გაგზავნილ წერილში თავადვე აღნიშნავს, რომ შესასრულებელი სამუშაოების დენდროლოგიური ნაწილის ღირებულება იყო 403 629.846 ლარი, შესაბამისად დარჩენილი სამუშაოების ღირებულება ხელშეკრულების ჯამური ღირებულებიდან გამომდინარე (684 987.09 ლარი) ბევრად აღემატებოდა სახელშეკრულებო ღირებულების 25%-ს - 171 246.77 ლარს. აქედან გამომდინარე, კი დგინდება, რომ მოპასუხეს ჰქონდა შესაძლებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შეესრულებინა ხელშეკრულების 25%-ის ოდენობის არა დენდროლოგიური, თუმცა სხვა სახის სამუშაოები. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია. სასამართლო, ასევე აღნიშნავს, რომ მცენარეების დარგვისათვის მიზანშეწონილი პერიოდის განსაზღვრა წარმოადგენს ზოგად საკითხს და არ გამომდინარეობს კონკრეტული საქმის გარემოებებიდან, შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის შპს „გ----------- +--სათვის ობიექტურად ცნობილი უნდა ყოფილიყო იმის შესახებ, რომ იმ კონკრეტული მცენარეების დარგვა, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში არ იყო რეკომენდირებული. აღნიშნული არ წარმოადგენს ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გამოკვეთილიყო ხელშეკრულების დადების ან/და სამუშაოების შესრულების მიმდინარეობისას, ან მას მერე.
შესაგებელს, ასევე ერთვის შპს „გ----------- +--ის მიერ ქ.ბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურისადმი გაგზავნილი 2--- წლის 0-----–---- წერილი, რომლითაც მოპასუხე მოითხოვდა მხარეთა შორის 2--- წლის 10 ივნისს გაფორმებული №0----------- ხელშეკრულებით დადგენილი ვადების გადაწევას 30 კალენდარული დღით, იმ საფუძვლით, რომ სამუშაოების წარმოებისას წარმოიქმნა გაუთვალისწინებელი გარემოებები, კერძოდ ხეების ფორმირებისას ორგანიზაცია „პ----------- მ----------“ მხრიდან მოხდა სამუშაოების ხელის შეშლა და მათი ფორმირების განახლება შეძლეს მხოლოდ 2--- წლის 08 ივლისს. ასევე, მოხდა ახალი ბორდიურის სამუშაოთა ცვლილება, რაც კავშირშია მოსამზადებელი სამუშაოების წარმოებასთან. აღნიშნულზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის 2--- წლის 13 ივლისის №---------2 წერილით მოპასუხეს უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ მან ზემოთ მითითებული საფუძვლის თაობაზე მოსარჩელეს აცნობა 2--- წლის 08 ივლისს, მაშინ როცა სამუშაოების პირველი ეტაპის შესრულების ვადა იწურებოდა 2--- წლის 10 ივლისს. შესაბამისად, მოპასუხის მიერ მითითებული მიზეზი ვერ გახდებოდა შესრულების ვადის ცვლილების საფუძველი სახელშეკრულებო ღირებულების არანაკლებ 25%-ის ოდენობის სამუშაოს შესრულებასთან მიმართებაში.
სასამართლომ, გაიზიარა აღნიშნულ წერილში მითითებული პოზიცია და დამატებით აღნიშნა, რომ მოპასუხეს იმ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, რომ „პ----------- მ----------“ მიერ, შესაბამისად მოპასუხისაგან დამოუკიდებელი და გაუთვალისწინებელი მიზეზით, მოხდა მათთვის სამუშაოების შესრულებაში ხელის შეშლა, სხვა უკეთესი მტკიცებულება გარდა მხარის ასხნა-განმარტებისა და მოპასუხის მიერ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურისათვის მიწერილი წერილისა, არ წარმოუდგენია. ხსენებული მტკიცებულებები, სხვა უფრო სარწმუნო მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერების გარეშე, ვერ იქნება მიჩნეული ვერც ზემოთ მითითებული გარემოების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად და ვერ იმას დაადასტურებს, რომ აღნიშნულის გამო, მოპასუხისათვის ობიექტურად შეუძლებელი იყო ხელშეკრულების შესაბამისი სამუშაოს შესრულება დადგენილ ვადაში.
ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ იკვეთება ისეთი ობიექტური გარემოებები, რასაც მოპასუხის ბრალისაგან დამოუკიდებლად შეეძლო, ხელი შეეშალა მისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაში.
მოპასუხე, ასევე მიუთითებს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადების ცვლილებასთან დაკავშირებით მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, თუმცა მას არ წარმოუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება. მხოლოდ მოპასუხის ახსნა-განმარტება, კი ვერ იქნება მიჩნეული აღნიშნულის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების გარდა, შესაგებელზე დართული მტკიცებულებებიდან დგინდება, რომ სხვა შემთხვევაში, როდესაც შპს „გ------------“-ის მიერ წარდგენილ იქნა დასაბუთებული თხოვნა ხელშეკრულების ვადების ცვლილების თაობაზე, მოსარჩელის მიერ აღნიშნული გათვალისწინებულ იქნა და მხარეთა შორის გაფორმდა შესაბამისი დამატებითი შეთანხმებები, რომლითაც შეიცვალა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები, თუმცა მხოლოდ 50%-ის ოდენობის სამუშაოების შესრულების ნაწილში. ხელშეკრულების 25%-ის ოდენობის სამუშაოების შესრულების ნაწილში, კი დარჩა უცვლელი.
ამდენად, მოპასუხემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და მის მიერ სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოების დადასტურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „გ------------“-ის წერილები (იხ. ს.ფ. 50; 52; 58-61)
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის
წერილები (იხ. ს.ფ. 54; 56)
- შეთანხმებები (იხ. ს.ფ. 63-65)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი)
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.11. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2--- წლის 09 და 10 ივნისს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „გ------------“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №0----------- და №0----------- ხელშეკრულებები. აღნიშნული ხელშეკრულებებით განისაზღვრა ხელშეკრულების საგანი (ქ. თბილისში, გ--- რ--------- გამზირზე არსებული გამწვანებული ტერიტორიების (თარგების) აღდგენა-მოწყობის სამუშაოები და ქ. თბილისში, თ------–---–-- ქუჩაზე არსებული ალეის აღდგენა-მოწყობის სამუშაოები), ხელშეკრულების ღირებულება, ვალდებულების შესრულების ვადა, ასევე შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაბამისი საჯარიმო სანქციები და სხვა ძირითადი პირობები. ამდენად, მხარეები - ერთის მხრივ, მოსარჩელე, ხოლო მეორეს მხრივ, მოპასუხე შეთანხმებულნი არიან ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობები ყოველთვის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ამგვარი ურთიერთობის მონაწილეთათვის არსებით მნიშვნელობას იძენს ხელშეკრულებით გათვალიწინებული ვალდებულებების დროული და ჯეროვანი შესრულება. ვალდებულების დარღვევად მიჩნევა ის მდგომარეობა, როდესაც კრედიტორი ვალდებულების შესრულებას დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთს უკავშირებს, ხოლო მოვალე ვალდებულებას ვადაში არ ასრულებს.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „გ------------“-ის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. კერძოდ, მას ხელშეკრულებით დადგენილ 30 დღიან ვადაში არ განუხორციელებია 2--- წლის 09 და 10 ივნისის სახელშეკრულებო ღირებულების 25%-ის ოდენობის სამუშაოების შესრულება. შესაბამისად, სახეზეა ამავე ხელშეკრულებების 9.3. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.
2.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით შეთანხმებულ იქნა პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების არანაკლებ 25%-ის ოდენობის სამუშაოების შეუსრულებლობისას, თითოეულ დარღვევაზე ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით. დადგენილია, ასევე, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ეს ვალდებულება. კერძოდ, მის მიერ, დადგენილ ვადაში არ იქნა შესრულებული სახელშეკრულებო ღირებულების არანაკლებ 25%-ის ოდენობის სამუშაოები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შედეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით რომ ზიანი მიადგეს სხვას. ხოლო, ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ მოპასუხემ ორივე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, შეასრულა მხარეთა შორის გაფორმებულ, იმავე ხელშეკრულებებით განსაზღვრულ და მათ შორის შეთანხმებულ 120 დღიან ვადაში (იხილეთ ამავე გადაწყვეტილების 3.1.8., 3.1.9, 3.2.1. პუნქტები).
პირგასამტეხლოს დაკისრებისა და მეორე შემთხვევაში, მისი ოდენობის შემცირების მართლზომიერებასთან მიმართებაში, სასამართლო, პირველ რიგში, ყურადღებას ამახვილებს პირგასამტეხლოზე, როგორც ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვის მქონე მექანიზმზე და ასევე, როგორც განცდილი ზიანის ანაზღაურების მოქნილ ინსტრუმენტზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება. კერძოდ, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით, ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ჯამში უნდა დაეკისროს 2 000 (1000-1000) ლარის გადახდა, ნაცვლად მოთხოვნილი 13 239.77 ლარისა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნავს, რომ მართალია სასამართლოს აქვს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება, მისი შეხედულებისამებრ საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. თუმცა, კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება გულისხმობს არა ნებისმიერი ოდენობის პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას, არამედ იმ ოდენობის, რომელიც ძირითად შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებაში შეუსაბამოდ მაღალია. სასამართლომ 420-ე მუხლის გამოყენებისას უნდა განმარტოს და დაასაბუთოს, რატომ მიიჩნევს პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად აპელანტის განმარტებით სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ ზოგადი მითითებებით და სათანადოდ არ დაუსაბუთებია რა საფუძვლით იყო განპირობებული სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების აუცილებლობა. აპელანტის განმარტებით დარიცხული პირგასამტეხლო არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას ხელშეკრულების დარღვევის და ხელშეკრულების მიმართ მერიის საჯარო ინტერსის გათვალისწინებით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1.1. სამოქალაქო საქმეთა პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- 2--- წლის 09 ივნისს ერთი მხრივ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და შპს „გ------------“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №0----------- ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტს წარმოადგენდა - ქ. თბილისში, გ--- რ--------- გამზირზე არსებული გამწვანებული ტერიტორიების (თარგების) აღდგენა-მოწყობის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება 684 987,09 ლარით განისაზღვრა. სამუშაოები ექსპერტიზის მომსახურების ვადის (დასკვნის წარმოდგენის) ჩათვლით ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარულ დღეში უნდა ყოფილიყო მიწოდებული. (ს.ფ. 16-21)
- 2--- წლის 10 ივნისს ერთი მხრივ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მეორე მხრივ შპს „გ------------“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №0----------- ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტს წარმოადგენდა - ქ. თბილისში, თ------–---–-- ქუჩაზე არსებული ალეის აღდგენა-მოწყობის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება - 638 988,26 ლარით, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მიწოდების ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღე (ექსპერტიზის მომსახურების ვადის დასკვნის ჩათვლით) განისაზღვრა. (ს.ფ. 24-29);
- 2--- წლის 09 და 10 ივნისს ხელშეკრულებების 3.3. პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის ვალდებულებად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სახელშეკრულებო ღირებულების არანაკლებ 25%-ის ოდენობის სამუშაოების შესრულება, ხოლო ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში - არანაკლებ 50%-ის ოდენობის სამუშაოებისა. ამავე ხელშეკრულების 6.3. პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის ვალდებულებას წარმოადგენდა სამუშაოების ეტაპების დასრულებისას, შემსყიდველისთვის ექსპერტიზაზე წარდგენილი შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ფორმა №2, ფარული და ხილული სამუშაოების აქტები) წარდგენა.
- 2--- წლის 09 და 10 ივნისს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების 9.3. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სახელშეკრულებო ღირებულების არანაკლებ 25%-ის ოდენობის სამუშაოების შეუსრულებლობისას, ხოლო ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში სახელშეკრულებო ღირებულების 50%-ის ოდენობის სამუშაოების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გათვალისწინებული იქნა საჯარიმო სანქცია თითოეულ დარღვევაზე ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით.
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №0----------- ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სახელშეკრულებო ღირებულების არანაკლებ 25%-ის ოდენობის (171 246.78 ლარი) სამუშაოების შეუსრულებლობისათვის შპს „გ------------“-ს დაერიცხა ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების (684 987.09 ლარი) 1%-ის ოდენობით, 6849.88 ლარი. (ს.ფ. 22-23)
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №0----------- ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სახელშეკრულებო ღირებულების არანაკლებ 25%-ის ოდენობის (159747.07 ლარი) სამუშაოების შეუსრულებლობისათვის შპს „გ------------“-ს დაერიცხა ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების (638 988.26 ლარი) 1%-ის ოდენობით, 6389.89 ლარი. (ს.ფ. 30-31)
4.1.2. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია და სადავოდ გამხდარი არ არის ის გარემოება, რომ შპს „გ-----------ი+--ის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის 2--- წლის 09 ივნისს და 2--- წლის 10 ივნისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №0----------- და №0----------- ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ხელშეკრულების ღირებულების არანაკლებ 25%-ის ოდენობის სამუშაოების შესრულების შესახებ. თუმცა, უდავოა, რომ 2--- წლის 09-10 ივნისს ერთი მხრივ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და მეორე მხრივ შპს „გ------------“-ს შორის გაფორებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №0----------- და №0----------- ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები ხელშეკრულებით შეთანხმებული ხარისხით შპს „გ------------“-ის მიერ ამ ხელშეკრულებებით განსაზღვრულ საერთო - 120 დღიან ვადაში შეთანხმებული ხარისხით შესრულდა.
4.1.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს არამხოლოდ ვალდებულების დარღვევა, არამედ ვალდებულების ბრალეული დარღვევა. ამდენად, პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მოვალეს ეკისრება კრედიტორისათვის ზიანის მიყენების მიუხედავად, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა მისმა ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია. უფრო მეტიც, ვადაგადაცილებისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს პირობებში, ვალდებულების დათქმულ ვადაში შესრულების შეუძლებლობა, რაც მოვალის ბრალეული ქმედებით არ არის განპირობებული, ვადაგადაცილებად და შესაბამისად, ვალდებულების დარღვევად საერთოდ არ მიიჩნევა. ამგვარ რეგულირებას შეიცავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.
განსახილველ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მტკიცებულებათა ერთობლივი შეფასების შედეგად დაადგინა, რომ შპს ,,გ-------------ს’’ 09.06.2---წ. და 10.06.2---წ. ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მათი გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში ხელშეკრულების საერთო ღირებულების არანაკლებ 25 %-ის სამუშაოების შეუსრულებლობა ერაცხებოდა ბრალად, თუმცა, დადგენილად იქნა მიჩნეული ასევე, რომ საბოლოოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხით, გარიგებით გათვალისწინებულ საერთო - 120 დღიან ვადაში შესრულდა. შესაბამისად, სასამართლომ სწორედ ამ გარემოებათა გათვალისწინებით შეამცირა ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხული პირგასამტეხლო, რამაც საერთო ჯამში, ორივე ხელშეკრულებისთვის 2 000 ლარი შეადგინა.
პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების დარღვევის შედეგად ზიანის დადგომა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების წარმოშობაზე ზეგავლენას არ ახდენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება არსებობს მაშინაც, როდესაც ხელშეკრულების დარღვევამ ზიანის დადგომა არ გამოიწვია. ამდენად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის აუცილებელი წინაპირობაა მხოლოდ ვალდებულების დარღვევა. ვალდებულება შეიძლება მდგომარეობდეს აქტიურ მოქმედებასა ან უმოქმედობაში. ვალდებულების დარღვევა კი შეიძლება გამოიხატოს ვალდებულების შეუსრულებლობასა ან არაჯეროვან შესრულებაში. ვალდებულების „მნიშვნელოვანი“, თუ „უმნიშვნელო“ დარღვევა შეფასებითი კატეგორიებია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი შეფასება სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული. მითითებული გარემოება კი შეფასების საგანი შეიძლება გახდეს პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობის კონტექსტში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. აქედან გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.
4.1.4. განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს შემცირების მიზნებისათვის სასამართლო განსაკუთრებულ აქცენტს იმ გარემოებაზე აკეთებს, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის ვადაში ხელშეკრულების საერთო ღირებულების 25 %-ის ღირებულების სამუშაოების შეუსრულებლობა წარმოადგენს. როგორც ზემოთ აღინიშნა პირგასამტეხლოზე მსჯელობისას საგულისხმოა ის უმნიშვნელოვანესი დეტალი, რომ პირგასამტეხლოს მიზანს დარღვეული უფლების შეძლებისდაგვარად აღდგენა და საბოლოოდ, ვალდებულების დროულად შესრულების პროვოცირება წარმოადგენს. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 09.06.2---წ. და 10.06.2---წ ხელშეკრულებებით მხარეთა შეთანხმება 30 დღის ვადაში ხელშეკრულების არანაკლებ 25 %-ის ღირებულების სამუშაოების შესრულების თაობაზე, ამ ვალდებულების შეუსრულებლობისთვის კი პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ პირობა, სწორედ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთლიანი ვალდებულების საბოლოო ვადებში ე.ი. 120 დღიან ვადაში, შესრულების პროვოცირებას ემსახურებოდა. ამ მიმართებით საგულისხმოა თავად აპელანტის წარმომადგენლის პოზიციაც, რომელმაც ასევე დაადასტურა, რომ ხელშეკრულებაში მითითებული საფუძვლით პირგასამტეხლოს გათვალისწინება ხელშეკრულების საბოლოო ვადების დარღვევის პრევენციას ემსახურებოდა. პალატა აქვე ხაზს უსვამს იმ უმნიშვნელოვანეს გარემოებას, რომ საქმის მასალებით დადასტურებული ვერ იქნა შპს ,,გ-------------ის’’ მიერ 09.06.2---წ და 10.06.2---წ. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევით, (რომელიც თავის მხრივ ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში ხელშეკრულების საერთო ღირებულების არანაკლებ 25 %-ის ოდენობის სამუშაოების შესრულებას გულისხმობდა) რაიმე სახის ზარალის დადგომის ფაქტი. უფრო მეტიც, მოცემულ შემთხვევაში უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ შპს ,,გ-------------მა’’ 09.06.2---წ. და 10.06.2---წ. ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 120 დღიან ვადაში, შემსყიდველისთვის მისაღები ხარისხით შეასრულა. პირგასამტეხლოს შემცირების მიზნებისათვის სასამართლო მხედველობაში იღებს ასევე იმ გარემოებას, რომ პირგასამტეხლო დარიცხული იქნა არა შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობის, არამედ ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების გათვალისწინებით, რომელიც როგორც უკვე აღინიშნა საბოლოოდ წარმატებით შესრულდა. პალატა შენიშნავს, რომ სანქციის სახით პირგასამტეხლოს დაწესება არ უნდა გასცდეს იმ სამართლებრივ მიზანს, რაც მას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი ანიჭებს, მით უფრო, მაშინ, როდესაც სახეზეა ისეთი პირობები, როდესაც მიუხედავად ეპიზოდური ვადის დარღვევისა, ვალდებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში მისაღები ხარისხით სრულდება. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ შპს ,,გ-----------ი---------’’ ხელშეკრულებით მისი მთლიანი ღირებულების გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრება დაუსაბუთებელი და არაგონივრულია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. აპელანტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვანო წიკლაური