განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210118002213889
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-770-2018 22 იანვარი, 2019 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ირმა პერანიძე
ნანა კალანდაძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი - შპს ე----------------------ი
წარმომადგენელი - მ-------------ე
მოწინააღმდეგე მხარე - შპს F-----------
წარმომადგენელი - შ---------------–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს F------------ის სასარჩელო მოთხოვნა შპს ე----------------------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე. შპს ე----------------------ის დაეკისრა შპს F------------ის სასარგებლოდ 29040 ლარის გადახდა. მოპასუხე შპს ე----------------------ის დაეკისრა მოსარჩელე შპს F------------ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელის განსახილველად წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 872 ლარის ოდენობით. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. მხარეებს შორის 2016 წელს დადებული გარიგების საფუძველზე შპს F------------მა აიღო ვალდებულება შპს ე----------------------ისათვის მოთხოვნის შესაბამისად მიეწოდებინა საქონელი (ბეტონის მზა დანამატი), ხოლო შპს ე----------------------იმ აიღო ვალდებულება გადაეხადა მიწოდებული საქონლის ღირებულება. 2017 წლის აპრილის თვის ჩათვლით შპს F------------მა შპს ე----------------------ის სულ მიაწოდა 37 620 ლარის ღირებულების საქონელი, რაც დასტურდება მხარეთა შორის გაწერილი და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებით. 2.2. მოპასუხემ გადაიხადა მიღებული საქონლის ღირებულება ნაწილობრივ. 2017 წლის 09 ოქტომბერს შპს F------------სა და შპს F------------მა შპს ე----------------------ის დირექტორების მიერ შედგენილი იქნა შედარების აქტი, რომლის თანახმადაც დასტურდება, რომ 2017 წლის 09 ოქტომბრის მდგომარეობით შპს ე----------------------ის დავალიანება შპს F------------ის მიმართ შეადგენს 29 040 ლარს. მიუხედავად მოსარჩელის არაერთი მოთხოვნისა, მოპასუხეს დღემდე არ გადაუხდია დარჩენილი დავალიანება. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამავე კოდექსის 483-ე მუხლის თანახმად საქონელი მიღებულად ითვლება, თუ მყიდველი შეასრულებს ისეთ მოქმედებას, რომელიც მოწმობს მის მიღებას. 2.4. დადგენილია, რომ გამყიდველმა შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და მიაწოდა მოპასუხეს საქონელი, ხოლო მყიდველის, ამ შემთხვევაში მოპასუხე შპს ე----------------------ის მიერ არ იქნა შესრულებული ვალდებულება და არ იქნა გადახდილი მიღებული საქონლის ღირებულება სრულად, რის გამოც მისი დავალიანება შეადგენს 29 040 ლარს.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს ე----------------------იმ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოპასუხეს დღემდე არ გადაუხდია დარჩენილი დავალიანება. ამჟამად, სააპელაციო საჩივრის ავტორს არ გააჩნია არავითარი დავალიანება შპს F------------ის მიმართ. შპს ე----------------------ის ვალდებულება აქვს შესრულებული ჯეროვნად, მოპასუხე მხარე კი, მიღებული თანხის მეორედ მიღებას უსაფუძვლოდ ცდილობს სასამართლო გზით. 3.2. შპს ე----------------------ის ფულადი ვალდებულება არ გააჩნია შპს F------------ის მიმართ. შპს ე----------------------იმ 2017 წლის 09 ოქტომბრის შედარების აქტით განსაზღვრული თანხის ნაწილი დაფარა 2017 წლის მიწურულს, დარჩენილი ნაწილის დასაფარავად კი, 2018 წლის 21 სექტემბერს 5000 ლარი გადარიცხა შპს F------------ის ანგარიშზე, 2018 წლის 24 ოქტომბერს გადარიცხა 5000 ლარი, ასევე 2018 წლის 24 ნოემბერს გადახდილ იქნა 3000 ლარი. სამართლებრივი საფუძვლები 3.3. გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო და უნდა გაუქმდეს. საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. შპს F------------ის მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ ძლევს მტკიცების სტანდარტს, იმისთვის რომ შპს ე----------------------ის ვალებულების შესრულება დაეკისროს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ 2016 წლის 20 სექტემრიდან 2017 წლის 26 აპრილის ჩათვლით შპს ე----------------------იმ (აპელანტი) შპს F------------საგან (მოსარჩელე) შეიძინა 37 620 ლარის ღირებულების პროდუქცია - ბეტონის მზა დანამატი. 4.2. სარჩელის აღძვრის დროისათვის აპელანტს გადაუხდელი ჰქონდა შეძენილი პროდუქციის ღირებულების ნაწილი, 29 040 ლარი. 4.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ აპელანტმა მოსარჩელეს 13000 ლარი გადაუხადა. 4.3.1. ამიტომ, ამ ნაწილში, მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნაზე უარი თქვა. სამართლებრივი დასაბუთება 4.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. 4.4.1. იმ მოტივით, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემდეგ აპელანტმა ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა, მოსარჩელემ მის მიმართ 13 000 ლარის მოთხოვნაზე უარი თქვა. 4.4.2. ამის გამო, ამ ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელზე წარმოება უნდა შეწყდეს. 4.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.5.1. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად განმარტა, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მ-2 ნაწილის საფუძველზე, აპელანტს მოსარჩელისათვის ნასყიდობის ფასი უნდა გადაეხადა. 4.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. 4.6.1. შესაგებელში აპელანტი სარჩელში მითითებულ გარემოებებს, არსებითად, არ შეწინააღმდეგებია და ამიტომ მას ამ ფაქტებზე შედავების უფლება დაკარგული აქვს. 4.6.2. თუმცა, ასეც რომ არ იყოს, საქმეში არსებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებითა და „შედარების აქტით“ აპელანტის ვალდებულება მოსარჩელის მიმართ ცალსახად დგინდება. 4.6.3. ამ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები კი აპელანტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. 4.7. ამრიგად, მოთხოვნის დარჩენილ ნაწილში სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები არ არსებობს და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი უნდა დარჩეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ შპს ე----------------------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. შპს F------------ის წარმომადგენლის, შ---------------–--ის შუამდგომლობა სასარჩელო მოთხოვნაზე ნაწილობრივ უარის თქმის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება შპს ე----------------------ისათვის შპს F------------ის სასარგებლოდ 29040 ლარიდან 13000 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება შპს ე----------------------ისათვის შპს F------------ის სასარგებლოდ 16040 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის, 872 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელი. უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შპს F------------ის სარჩელის გამო შპს ე----------------------ის მიმართ 13000 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე. უნდა განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1 და მე-3 ნაწილების, ასევე 54-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე, შპს ე----------------------ის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 16040X4%+13000X2%=901 ლარისა და 60 თეთრის გადახდა, რაც უნდა ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, სახაზინო კოდი 300 183 150;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა
1. შპს ე----------------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შპს F------------ის წარმომადგენლის, შ---------------–--ის შუამდგომლობა სასარჩელო მოთხოვნაზე ნაწილობრივ უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება შპს ე----------------------ისათვის შპს F------------ის სასარგებლოდ 29040 ლარიდან 13000 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში;
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება შპს ე----------------------ისათვის შპს F------------ის სასარგებლოდ 16040 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის, 872 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში დარჩეს უცვლელი;
5. შეწყდეს საქმის წარმოება შპს F------------ის სარჩელის გამო შპს ე----------------------ის მიმართ 13000 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე;
6. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;
7. შპს ე----------------------ის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის, 901 ლარისა და 60 თეთრის გადახდა, რაც ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, სახაზინო კოდი 300 183 150;
8. განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, მხარეთათვის განჩინების ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში;
9. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
10. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ირმა პერანიძე
ნანა კალანდაძე