განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002724831
საქმე №1/ბ-224-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–-----------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ-----------------ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------------, დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ბ--------------------------–----------------, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თბილისი, მ-----–--------–---–-------------–-; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენით:
დ----------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
დ----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 13 ოქტომბრიდან 2018 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით.
მსჯავრდებულ დ-----------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება- გირაო გაუქმდა;
დ----------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
დ-----------------ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2016 წლიდან 2018 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით დ----------------- და ე-------------–---------- ცხოვრობდნენ ერთად და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2018 წლის 13 ოქტომბერს, ქ. თბილისში მ-----–--------–---–-------------–- არსებულ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა დ----------------მა ურთიერთელაპარაკების ნიადაგზე ე-------------–----------ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი ჩაარტყა სახის მიდამოში სამჯერ, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი-----–-----------მ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
ბრალდების მხარე სასჯელის დამძიმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზენების განხორციელებას. აპელანტი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის თავისუფლებაში დატოვება რეალური საფრთხის შემცველია, რადგან დ----------------მა შესაძლოა კვლავ განახორციელოს ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დ-----------------ს მიერ განხორციელებულ ქმედებას. დ-----------------ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულ - ე------------–---------ს და მოწმე - მ----------–---–--ს გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერით, ამოღების ოქმით, სასაქონლო ექსპერტიზის #2----- დასკვნით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შერიგებულია დაზარალებულთან და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში გამოთქვამს ვარაუდს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული მსუბუქი სასჯელის პირობებში მსჯავრდებულმა შესაძლოა კვლავ ჩაიდინოს დანაშაული. პალატა პროკურორის აღნიშნულ, ვარაუდზე დაყრდნობილ მოსაზრებას არ იზიარებს და მიუთითებს, რომ არ შეიძლება სასამართლომ დ-----------------ს პიროვნება განიხილოს, როგორც აბსტარაქტული დანაშაულის სუბიექტი.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ დ----------------მა თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს სასჯელის დანიშვნის დროს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ დ----------------მა სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. აქვე პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობით ჩათვლის და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან სრულად გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება სასჯელის გამკაცრების საფუძველი გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენი დ-----------------ს იმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–-----------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენი დ-----------------ს მიმართ დარჩეს უცვლელი;
დ----------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი;
დ----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვლოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 13 ოქტომბრიდან - 2018 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი;
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია; მის შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა;
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი