განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017001901247
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე N2ბ/1319-2018წ. 20 თებერვალი 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით
თავმჯდომარე, მომხსენებელი - გელა ქირია
მოსამართლეები: ლევან გვარამია, გოგიტა თოთოსაშვილი
სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - ი-----–-----–---ა
წარმომადგენელი - ი------------ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ--------–----------–--------------ი
წარმომადგენელი - გ----------------ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ--------–----------–--------------ის სარჩელი მოპასუხე ი-----–-----–---ას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 1. ი-----–-----–---ას, ნ--------–----------–--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 6924 აშშ დოლარის გადახდა; 2. ი-----–-----–---ას, ნ--------–----------–--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 539.68 ლარი; 3. ი-----–-----–---ას, ნ--------–----------–--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისთვის გაწეული ხარჯის 1158.66 ლარის გადახდა;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ი-----–-----–---ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 აპრილის განჩინებით, ი-----–-----–---ას სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და დაინიშნა მისი ზეპირი მოსმენით განხილვა, რის თაობაზეც მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე – 78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე, რომელიც დანიშნული იყო 2019 წლის 20 თებერვალს, 13:00 საათზე, არ გამოცხადდა არც აპელანტი ი-----–-----–---ა და არც მისი წარმომადგენელი.
მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა გ----------------ძემ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე აპელანტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა.
პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივარს და მიიჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და გამოტანილ იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
აღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს არსებობს თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. უპირველესად, სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული იყო საქმის განხილვაზე და მას დროულად და კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის შესახებ (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). მოწვეულად ითვლება მხარე, რომელსაც სასამართლო უწყება გაეგზავნა და ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე – 78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, სასამართლო გამოცხადებული მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიტანს, თუ დაადგენს, რომ მხარისათვის სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინების მიუხედავად, იგი სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა.
განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი სასამართლო სხდომის შესახებ ინფორმირებული იყო კანონით დადგენილი წესით. აღნიშნული დასტურდება საქმის მასალებში წარმოდგენილი უკუგზავნილით, საიდანაც დასტურდება, რომ სასამართლო უწყება 2018 წლის 21 ნოემბერს ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელს ი------------ძეს.
2019 წლის 19 თებერვალს სასამართლოს განცხადებით მომართა აპელანტის წარმომადგენელმა და სხდომის სხვა დროისთვის გადადება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ გარდაეცვალა ახლობელი და მოუწია ქალაქიდან გამგზავრება.
მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა განცხადება მიიჩნია უსაფუძვლოდ და დაუსწრებელი გადაწყეტილების გამოტანა მოითხოვა.
მოცემულ შემთხვევაში სხდომის გადადების საფუძვლად აპელანტი მხარე მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 215.3 მუხლით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზზე, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.
დასახელებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა ან სასამართლოსთვის შუამდგომლობისა და განცხადების წარუდგენლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. ეს უკანასკნელი შეფასების ობიექტს განეკუთვნება და იმისათვის, რათა სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა.
განსახილველ შემთხვევაში აპელანტის წარმომადგენელი სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიუთითებს, რომ გარდაეცვალა "ახლობელი" და უწევს გამგზავრება ქალაქიდან.
პირველ რიგში პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 215.3 მუხლის თანახმად, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად და სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად კანონმდებელი მიიჩნევს „ახლო ნათესავის“ და არა „ახლობლის“ გარდაცვალებას, როგორც ეს განცხადებაშია მითითებული და ამასათან, არ არის დაკონკრეტებული თუ რა ნათესაური კავშირი აქვს ამ ახლობელთან. ასევე, არ არის წარმოადგენილი გარდაცვალების დამადასტურებელი მტკიცებულება.
ამდენად, წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე პალატას ვერ ჩამოუყალიბდა რწმენა, რომ მხარის გამოუცხადებლობა მიიჩნიოს საპატიოდ, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველია.
პალატა განმარტავს, რომ აპელანტის (მოპასუხის) მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობაა ვარაუდი, რომ მხარე აღიარებს მოთხოვნის მართებულობას და ცნობს სარჩელს, რის გამოც კარგავს თავის დაცვის ინტერესს. დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს ასევე შეიძლება წარმოადგენდეს ვარაუდი, რომ მოპასუხე ცდილობს საქმის განხილვის გაჭიანურებას ან უგულებელყოფს კანონის მოთხოვნებს განზრახ ან დაუდევრობის გამო. დაუსწრებელ გადაწყვეტილებას ასევე აქვს პრევენციული ფუნქცია და ნაწილობრივ სადამსჯელო ფუნქციაც, რათა შემდგომში აღკვეთილ იქნეს მხარეთა არაკეთილსინდისიერი ქმედება.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის (მოპასუხის) გამოუცხადებლობა არ იყო განპირობებული საპატიო მიზეზით, ამასთანავე, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის სხვა დამაბრკოლებელი გარემოება, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველია. შესაბამისად, ი-----–-----–---ას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 236-237-ე, 257-ე, 372-ე, 387-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, დაკმაყოფილდეს;
2. აპელანტ ი-----–-----–---ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება;
4. დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 10 (ათი) დღის ვადაში მხარისათვის მისი ასლის ჩაბარების მომენტიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოში საჩივრის წარდგენის მეშვეობით;
თავმჯდომარე გელა ქირია
მოსამართლეები ლევან გვარამია
გოგიტა თოთოსაშვილი