განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.12.2018
საქმის ნომერი
050310017002130417
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
11.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 050310017002130417(3/ბ-384-2018წ.)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

11 დეკემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ხათუნა ხომერიკი

 

სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ-------- ც--–--ე

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ნ-------- ც--–--ის სარჩელის უარყოფა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2017 წლის 09 ოქტომბერს ნ-------- ც--–--ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 სექტემბრის N3-----, 2017 წლის 18 ივლისის N8------------07, 2017 წლის 30 ივლისის N8------------08 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. ასევე მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დავალდებულება განახორციელოს მოსარჩელის (ნ-------- ც--–--ის) საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

 

სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ 2017 წლის 13 ივნისს მოსარჩელემ N8----------- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია ქ. ლ--------ში მდებარე მიწის ნაკვეთზე. უფლების დამდგენ დოკუმენტად წარადგინა მიწის გადასახადის გადახდის დამადასტურებელი, უფლებამოსილი პირის ბეჭდით დამოწმებული ქვითრები. სააგენტომ, იმ მოტივით, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემებით მოსარჩელე მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაში არ იყო შეყვანილი, 2017 წლის 18 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება წარდგენილი დოკუმენტაციის მერიასთან არსებულ, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაგზავნის შესახებ. მოსარჩელეს სააგენტოს აღნიშნული გადაწყვეტილება მიაჩნია უკანონოდ, რადგან სააგენტო ვალდებული იყო მოსარჩელის მიერ ქვითრების წარმოდგენის შემდეგ დამატებით მიემართა შემოსავლების სამსახურისთვის და გამოეთხოვა დამატებითი მასალები მიწის გადასახადის შემოღების მთელი პერიოდით და არა 2004 წლის მონაცემებით, მითუმეტეს, რომ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტებს წარმოადგენდა და დამოწმებული იყო უფლებამოსილი ორგანოს ბეჭდით. ამის საწინააღმდეგოდ სააგენტომ ჯერ 2017 წლის 18 ივლისს მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, ხოლო 2017 წლის 30 ივლისს საერთოდ შეწყვიტა წარმოება.

 

მოსარჩელის განმარტებით, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მან გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომელმაც 2017 წლის 1-------------ს უარი თქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

მოსარჩელის აზრით, საჯარო რეესტრის სამსახურის გადაწყვეტილებები უკანონო და დაუსაბუთებელია, არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან. კერძოდ, სსიპ შემოსავლების სამსახურის N2------------ წერილში მითითებულია, რომ მათ მოიძიეს 2004 წლის მონაცემები, მაშინ, როცა მოსარჩელემ საჯარო რეესტრში წარადგინა უფრო ადრეული პერიოდის მიწის გადასახადის გადახდის ქვითრები. ამდენად მოპასუხემ დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნები და ადმინისტრაციული წარმოებისას არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერშეჯერების გარეშე. ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია თუ რა მოტივით არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და წარდგენილი გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, რომელთა მიხედვითაც ირკვეოდა, რომ მოსარჩელე ნ-------- ც--–--ე ფლობდა და სარგებლობდა კონკრეტულ მიწის ნაკვეთს და იხდიდა კანონით დადგენილ გადასახადს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით ნ-------- ც--–--ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს.

 

მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონალური ოფისის წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები იყო კანონიერი და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ნ-------- ც--–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 სექტემბრის N3----- გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2017 წლის 18 ივლისის N8------------07 გადაწყვეტილება და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2017 წლის 30 ივლისის N8------------08 გადაწყვეტილება. ამავე გადაწყვეტილებით დაევალა საჯარო რეესტრის ეროვნულ საააგენტოს სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების შესწავლის შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სახელმწიფო ბაჟის ნაწილი, 50 (ორმოცდაათი) ლარი, დაეკისრა მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 13 ივნისს მოსარჩელე ნ-------- ც--–--ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა უძრავი ქონების რეგისტრაცია.

 

საჯარო რეესტრის 2017 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა უძრავი ქონების რეგისტრაციაზე და სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად რაიონულმა სასამართლომ განმარტა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა" ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, ან/და არ არის გადახდილი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური; "დ" ქვეპუნქტით მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს.

 

სასამართლომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ” პუნქტზე, რომლის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე მუხლის ”ი” პუნქტის მიხედვით კი, სარეგისტრაციო წარმოება არის სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით. მე-11 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა'' პუნქტის თანახმად ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება საკუთრება;''

 

საგადასახადო კოდექსის (2004 წლამდე მოქმედი რედაქცია) 215-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მიწის გადასახადს იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებსაც საკუთრებაში ან კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში აქვთ მიწის ნაკვეთი.

 

რაიონული სასამართლო მიუთითებს, რომ საგადასახადო ორგანოდან გამოთხოვილი იქნა ქ. ლ--------ის მიწის გადასახადის გადამხდელთა სია, რომელშიც ნ-------- ც--–--ე მითითებულია როგორც მიწის გადასახადის გადამხდელი. მოსარჩელის მიერ სასამართლოს წარედგინა ასევე ქვითრები. მიწის გადამხდელთა სია წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოში დაცულ დოკუმენტს და მოპასუხემ უნდა იხელმძღვანელოს აღნიშნული დოკუმენტით, მისცეს მას შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. (წარმოდგენილი საგადასახადო სია ერთვის ადმინისტრაციული საქმის მასალებს). აღნიშნულიდან გამომდინარე რაიონულმა სასამართლომ ნ-------- ც--–--ის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და დაავალა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების შესწავლის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის წარმომადგენელმა, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ნ-------- ც--–--ის სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

 

აპელანტის განმარტებით, რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, არასათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის გამოც გამოტანილი დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალების ობიექტური შეფასებიდან.

 

აპელანტის აღნიშვნით, ნ-------- ც--–--ე №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით ითხოვდა ქალაქ ლ--------ში მდებარე 5914 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაციას. დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციო ობიექტზე უფლების დამდგენი დოკუმენტი წარმოდგენილი არ ყოფილა. აღნიშნული დოკუმენტაცია ვერც საჯარო რეესტრის მიერ იქნა მოძიებული. (საქმის გარემოებების გამოკვლევის ფარგლებში შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, ფიქსირდებოდა თუ არა ნ-------- ც--–--ე პირადი ნომრით №2---------- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გადასახადის გადამხდელად 2007 წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით. შემოსავლების სამსახურმა 2017 წლის 2-------ს გადმოაგზავნა პასუხი №2------------, რომლითაც მარეგისტრირებელ ორგანოს ეცნობა, რომ ლ--------ის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ლ--------ში ნ-------- ც--–--ე სიაში არ იყო დაფიქსირებული).

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლოს ინიციატივით შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა საგადასახადო სია, რომელშიც ნ-------- ც--–--ე (სახელი და გვარის გარდა, სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები სიაში არ არის დაფიქსირებული) მითითებულია 6700 კვ.მ და 300 კვ.მ მიწის ნაკვეთებზე გადასახადის გადამხდელად. თუმცა, შემოსავლების სამსახური უთითებს, რომ აღნიშნული სია არ არის დედანი, ან სათანადო წესით დამოწმებული ასლი. ასევე, სხვაობაა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და სიაში დაფიქსირებულ მიწის ნაკვეთების ფართობებს შორის.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

აპელანტის განმარტებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ პუნქტი განმარტავს „რეგისტრაციის ცნებას“, რაც მოიცავს ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების რეგისტრაციას, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მე-2 პუნქტის თანახმად კი, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტია – სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი, ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი.

 

მითითებული ნორმიდან გამომდინარე მიწის გადასახადის გადამხდელთა სიის (საგადასახადო სია) სათანადო უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მიჩნევისთვის საჭიროა დამოწმებული იყოს სათანადო წესით, კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაავალა ისეთი დოკუმენტის შეფასება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოში არ არის დაცული არც დედნის და არც სათანადო წესით დამოწმებული ასლის სახით. ამასთან, არ დგინდება, რომ წარმოდგენილი საგადასახადო სიის ასლი დამოწმებულია ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ. ამდენად, სასამართლომ სააგენტოს დაავალა იმ დოკუმენტის შეფასება, რომელიც იმთავითვე ცხადი იყო სასამართლოსთვის, რომ არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

 

აპელანტის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია თავისი ინიციატივით შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი საგადასახადო სია - კერძოდ, შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ აღნიშნული სია შემოსავლების სამსახურში არ იყო დაცული არც დედნის და არც სათანადო წესით დამოწმებული ასლის სახით. სადავო ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულების შეფასების მიმართ მსგავსი აბსტრაქტულობა და ბუნდოვანება წარმოშობს საფუძვლიან ვარაუდს, რომ სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება - საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შესახებ.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება მიზანშეწონილია მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას სათანადოდ ვერ იქნა შეფასებული ან საერთოდ არ შეფასებულა ესა თუ ის ფაქტობრივი გარემოება. საგულისხმოა, რომ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში სააგენტო არ მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია წარმოდგენილი დოკუმენტაციის კანონშესაბამისობაზე. ამდენად, სააგენტოს მოკვლევის ობიექტს წარმოადგენს სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაციის იურიდიული მნიშვნელობის შესწავლა, კერძოდ, რამდენად წარმოადგენს აღნიშნული დოკუმენტაცია განაცხადით მოთხოვნილი რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძველს და მათი შესაბამისობის დადგენა, _ როგორც კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ისე სააგენტოში უკვე დაცულ მონაცემებთან. ამ მოკვლევის ფარგლებში ხარვეზის დაუდგენლობის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო უპირობოდ აკმაყოფილებს განმცხადებლის მოთხოვნას რეგისტრაციის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო წარმოების ეტაპზე წარდგენილი დოკუმენტის კანონშესაბამისობის დადგენის უფლებამოსილება ჰქონდა თავად სასამართლოს და სწორედ მას უნდა მოეხდინა აღნიშნული დოკუმენტის შეფასება. წარმოდგენილი დოკუმენტის შეფასების გარეშე დატოვება კი მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმის ტოლფასია, რის გამოც აპელანტ მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებლია, რაც მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს საქმის მასალებით დადასტურებულ შემდეგ გარემოებებზე:

 

2017 წლის 13 ივნისს ნ-------- ც--–--ემ №8----------- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქალაქ ლ--------ში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებას დაურთო დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი და საგადასახადო სამსახურის N1------ (0-----1999წ), N3----- (2-----1997წ) და N6----- (2-----96წ) ქვითრის ასლები საგადასახადო გადასახდელების გადახდის შესახებ (ს.ფ. 45-50).

 

განცხადებაზე დართული საკადასტრო აგეგმითი/ აზომვითი ნახაზის მეორე გვერდით ირკვევა, რომ ნ-------- ც--–--ის მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობაა - ლ--------ი, ფართობი 5 914 კვ.მ., დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო, მოსაზღვრეები A-B გზა, B C- გიორგი გვარამია, C D - გზა. D A- რობერტი დოლიძე. აზომვა შესრულებულია 10.05.2017 წ. (ს.ფ. 47).

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტოს 2017 წლის 1-------ის №2----- წერილით სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია _ ფიქსირდებოდა თუ არა ქ.ლ--------ში, ნ-------- ც--–--ე (პ/ნ. 2----------) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გადასახადის გადამხდელად 2007 წლის 20 სექტემბრამდე (ს.ფ. 52).

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2-----2017 წლის N2------------ წერილში მითითებულია შემდეგი: მიწის ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო; მიწის გადასახადის გადამხდელთა სიები 2004 წელი; ლანჩუთის მუნიციპალიტეტი, ქ.ლ--------ი, კ--------–--ს ქ. - ნ-------- ც--–--ე სიაში არ არის დაფიქსირებული (ს.ფ. 53).

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 18 ივლისის №8------------07 გადაწყვეტილებით, ირკვევა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოთხოვილი და მასთან დაცული ინფორმაციით, მისამართი ქალაქი ლ--------ი - ნ-------- ც--–--ის სახელზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ იძებნებოდა, სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემებით მიწის გადასახადის გადამხდელთა საიში დაინტერსესებული პირი არ იყო დაფიქსირებული, შესაბამისად დაინტერესებულ პირს უნდა დაეზუსტებინა სურდა თუ არა მიმდინარე განაცხადზე წარმოდგენილი დოკუმენტაცია განსახილველად გადასცემოდა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 30 ივლისის №8------------08 გადაწყვეტილებით ნ-------- ც--–--ის განცხადებაზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის შესახებ, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა იმ მიზეზით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია არ იქნა წარდგენილი, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ნ-------- ც--–--ის მიერ გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 1-----2017 წლის N3----- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ნ-------- ც--–--ეს 2017 წლის 18 აგვისტოს №4-------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურიდან 2-----2018 წ. N2------------ მიმართვით გადმოგზავნილ იქნა ქ.ლ--------ის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიიდან ნ-------- ც--–--ის (ლ--------ი, კ--------–--ს ქუჩა) შესახებ ჩანაწერი 2005 წლის მდგომარეობით. ამავე წერილი ირკვევა, რომ ქ.ლ--------ის მიწის გადასახადის გადამხდელთა სხვა სია საარქივო სამმართველოში არ ინახება. 2005 წლის ქ. ლ--------ის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიით ირკვევა, რომ N546 ნომრად მითითებულია ც--–--ე ნ--------ი, მისამართი - კ--------–--ს ქ. გადასახადით ფართობი (0) - 0.67, ფართობი (9)-0.03, კატეგორიის კოდი-0/9, ხარისხის კოდი - 2, ადგილმდებარეობის კოდი - 02/04, გადასახადის თანხა - 41.10 (ს.ფ. 77-80).

 

ზემოაღნიშნულ სიაში ნ-------- ც--–--ე მითითებულია, როგორც მიწის გადასახადის გადამხდელი.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია (სისტემური რეგისტრაცია) ხორციელდება „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონისა და ამ კანონის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების შესაბამისად.

 

როგორც აღინიშნა, ნ-------- ც--–--ემ 2017 წლის 13 ივნისს N8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება ამ კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით (1-ლი მუხ)). კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა, კერძოდ: ა) საპილოტო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო სამუშაოების სისტემურად შესრულება და საკუთრების უფლების რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წესის შესაბამისად; ბ) ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წესის შესაბამისად; გ) მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების მათ ფაქტობრივ მდებარეობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; დ) საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; ე) საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სრულყოფა და მათი ურთიერთშესაბამისობის უზრუნველყოფა. 3.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, „სახელმწიფო პროექტი“ გულისხმობს ამ კანონით გათვალისწინებულ სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებით განსახორციელებელი საჯარო მმართველობითი სპეციალური ღონისძიებების ერთობლიობას, რომლებიც ხორციელდება ამავე კანონით დადგენილი შეღავათიანი წესებით მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებად რეგისტრაციის წასახალისებლად. „დ“ ქვეპუნქტით, „სპორადული რეგისტრაცია“ გულისხმობს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაინტერესებული პირის განცხადებისა და მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციას ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წესის შესაბამისად.

 

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 4.1 მუხლით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების გარდა, საკუთარი ინიციატივით სახელმწიფო პროექტის ფარგლებში: ა) ახორციელებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას; ბ) ახორციელებს მიწის ნაკვეთების საკადასტრო აღწერას და შესრულებული სამუშაოს შედეგების დოკუმენტირებას საპილოტო პროექტის მიზნებისათვის; გ) ახორციელებს საკადასტრო მონაცემების ცვლილების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციას; დ) ფაქტების კონსტატაციის მიზნით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს; ე) უზრუნველყოფს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სრულყოფას და მათ ურთიერთშესაბამისობას; ვ) ახორციელებს ამ კანონით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. ხსენებული კანონის მე-16 მუხლი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის უფლებამოსილებებს, მათ შორის, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა (16.1 მუხ. „ა“ ქვეპ).

 

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ 11/07/2007წ. საქართველოს კანონის 3.4 მუხლის მიხედვით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია (სისტემური რეგისტრაცია) ხორციელდება „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონისა და ამ კანონის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების შესაბამისად. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, „მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა“ განმარტებულია, როგორც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა.

 

მოცემულ შემთხვევაში ნ-------- ც--–--ეს მიაჩნია, რომ მას მართლზომიერი უფლება გააჩნია ლ--------ში მდებარე 5914 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რაც, მხარის აღნიშვნით, დასტურდება მის ხელთ არსებული მიწის გადასახადის გადახდის ქვითრებით, ასევე შემოსავლების სამსახურში დაცული საგადასახადო სიით, სადაც ის ფიქსირდება როგორც გადასახადის გადამხდელი.

 

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ 11/07/2007წ. საქართველოს კანონის 41.1 მუხლით, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით. 41.2 მუხლით, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება ხორციელდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მართლზომიერი მფლობელის (მოსარგებლის) საკუთრების უფლების რეგისტრაციით.

 

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ 03/06/2016წ საქართველოს კანონის 5.1 მუხლით, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სპორადული რეგისტრაცია წარმოებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დაინტერესებული პირის განცხადების, სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა და ამ კანონის შესაბამისად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე, ამავე კანონით გათვალისწინებული შეღავათების შესაბამისად. სარეგისტრაციო დოკუმენტის ცნება განმარტებულია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ ქვ.პუნქტით და გულისხმობს რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენ სარეგისტრაციო („სარეგისტრაციო დოკუმენტი“ არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას („კ“ ქ/პ)) და სხვა დოკუმენტებს. ამავე კანონის 3.1 მუხლით, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირია _ პირი, რომელსაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა.

 

მიწის მართლზომიერი მფლობელობის დოკუმენტი განმარტებულია, როგორც „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ 03/06/2016წ. საქართველოს კანონით, ისე საქართველოს მთავრობის 28/07/2016 წ. №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“ და ორივე მათგანი ასეთ დოკუმენტად განიხილავს საგადასახადო სიას, კონკრეტულად - ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სიას (საგადასახადო სია).

 

საქმის მასალებით ირკვევა, რომ საგადასახადო სიის მონაცემები, რომელიც შემოსავლების სამსახურიდან რაიონულ სასამართლოს წარედგინა, საჯარო რეესტრის სამსახურში წარდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტი სარჩელით სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ ყოფილა შესწავლილი და გაანალიზებული.

 

ამდენად, რაიონული სასამართლოს დასკვნა, რომ სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ნ-------- ც--–--ის განაცხადზე სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობისას არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება _ სრულიად დადასტურებულია საქმის მასალებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, 95-98-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები და სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება ნ-------- ც--–--ის სარეგისტრაციო განაცხადთან (No.8-----------; 13 ივნ 2017) დაკავშირებით.

 

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვტილება არსებითად სწორია, რის გამოც, წინამდებარე განჩინებაში მოყვანილი ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთებით, სააპელაციო პალატა უარყოფს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და უცვლელი ტოვებს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებას.

 

6. სასამართლო ხარჯები

 

აპელანტ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მის მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი, _ არ დაუბრუნდება სააპელაციო საჩივრის უარყოფის გამო, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).

 

ხათუნა ხომერიკი

მოსამართლე