განაჩენი

სისხლის სამართლის 26.02.2019
საქმის ნომერი
330100118002399374
ინსტანცია
თარიღი
26.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002399374

საქმე №1/ბ-1427-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 თებერვალი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მარინა ხოლოაშვილი

მოსამართლეები: მზია ლომთათიძე

გერონტი კახეთელიძე

 

ზაზა ჭანტურიძის, სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ნ-----–------–ის,მსჯავრდებულ: მ-----------------ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ მ-----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ-----------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------–---- საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------- ნასამართლობის მქონის, რეგისტრირებულის: დ--–-----------------------–-----–------–-- ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თ---–-------------------–--------------–--------------------------–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ვ” ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით მ-----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

მ-----------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა: სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2001 წლის 02 აგვისტოს დუშეთის რაიონული სასამართლოს განაჩენით მ-----------------ე ცნობილ იქნა დამნაშვედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით. 2012 წლის 14 სექტემბერს მან სასჯელი კალენდარულად მოიხადა.

 

2018 წლის 15 იანვარს, 20:00 - 21:00 სთ. პერიოდში, ქ.------–----------------–--------------–---------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, პირადი მოტივით გამოწვეული კონფლიქტის დროს, მ-----------------ემ, თანნაქონი სამზარეულო დანით, ნაცნობს - ა---------–---------ს სხეულის სხვადასხვა ადგილებში მრავლობითი ნაკვეთი და ნაკვეთ-ნაჩხვლეტი დაზიანება მიაყენა, მათ შორის, - სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ, ლავიწის ქვემოთ მედიოკლავიკულურ (ლავიწშუა) ხაზზე, მარჯვენა ძუძუს არტერიის დაზიანებით.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ-----------------ემ, რომელმაც მოითხოვა გამართლება იმ საფუძვლით, რომ მის მიერ ა. ბიბიჩაძის დაჭრა განხორციელდა აუცილებელი მოგერიების პირობებში.

სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელანტმა მ-----------------ემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, აღნიშნა, რომ კვალიფიკაციას სადავოდ არ ხდის და მოითხოვა სასჯელის შემსუბუქება.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება მ-----------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი, კერძოდ:

 

დაზარალებულმა ა---------–---------- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მისი ყოფილი მეუღლე მ--------------–---–ი, მასთან დაშორების შემდეგ ცოლად გაჰყვა ბრალდებულ მ-----------------ეს. 2018 წლის 15 იანვარს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, გადაწყვიტა მ------------–---–----------------------- საცხოვრებელ სახლში მისულიყო, მ---ს შვილისთვის ახალი წლის მისალოცად. საღამოს დაახლოებით რვა-ცხრა საათი იქნებოდა მათ რომ ესტუმრა. სახლში მ---, მისი დისშვილი და მ-----------------ე დახვნენ. მ-----------------ეს მისი მისვლა არ ესიამოვნა და გარეთ გაიხმო სალაპარაკოდ. გარეთ მარტონი გავიდნენ და ქვეითთა ხიდისკენ გაემართნენ. დაახლოებით 50 მეტრში ჩხუბი მოუვიდათ, რა დროსაც მ-----------------ემ დანა ჯერ მკერდის მარჯვენა, შემდეგ კი - გულის მხარეს დაარტყა, ბოლოს, ბრალდებულისგან გაქცევა რომ სცადა, ხიდის კიბეზე ასვლისას, მ-------------- დანა ფეხში დაარტყა. ბრალდებულთან ჩხუბის შემდეგ დაზიანებები ჰქონდა სახეზეც - ორივე ლოყაზე, ტუჩსა და წარბზე. დაზარალებულმა ა---------–---------- ასევე

 

განმარტა, რომ მ------------ესთან ჩხუბისას არანაირი იარაღი არ გამოუყენებია, ხელშიც არაფერი სჭერია.

მოწმე მ--- ფ--------–---–ის მიერ გამოძიების დროს მიცემული ჩვენების თანახმად, დგინდება, რომ დაკითხვის დროისათვის იგი ცხოვრობდა ნა----–--------------–---–-----------------–------ში, პირველი ქორწინებიდან შეძენილ შვილთან - ვ--–-------------–---–თან და მეუღლესთან - მ-----------------ესთან ერთად. ყოფილი მეუღლე, ა---------–---------, რომელსაც დაახლოებით ორი წლის წინ დაშორდა, მისი წინააღმდეგობის მიუხედავად, ხშირად მიდიოდა მათთან სახლში და შერიგებას სთხოვდა. ცხადია, ეს ფაქტი არ მოსწონდა მის იმჟამინდელ მეუღლეს - მ-------------------ს. 2018 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე, ა---------- კვლავ მივიდაა---------–--------- მათთან, რა დროსაც სახლში იმყოფებოდა მეუღლესთან, მ-----------------ესთან ერთად. ა---------- ნასვამ მდგომარეობაში იყო და ჯერ მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი - მ-----------------ეს, რომელსაც სასაუბროდ გარეთ გაყოლასაც სთხოვდა. მ------ და ა---------–- ერთად გავიდნენ სახლიდან, ჭიშკრამდე მიჰყვა მათ და შემდეგ სახლში დაბრუნდა. დაახლოებით საათსა და თხუთმეტ წუთში მ-------------- მობილურ ტელეფონზე დაურეკა და კაიროს ქუჩაზე მდებარე გაჩერებაზე ქურთუკის მიტანა სთხოვა. მ-------------- ძალიან აღელვებული იყო და უთხრა, რომ სიტყვიერი შელაპარაკების დროს ა---------–---------ს დანა დაარტყა, რომელიც სახლიდან ჰქონდა წაღებული. ვინაიდან მ------------ე ძალიან აღელვებული იყო, იგი საკუთარ მეჯვარესთან - ც-–--------–----თან წაიყვანა სტუმრად, სადაც დაახლოებით ერთი საათი დაჰყვეს, ისე, რომ მომხდარის თაობაზე მისთვის არაფერი უთქვამთ. სახლში რომ დაბრუნდნენ, მ-----------------ემ შარვლის უკანა მხრიდან ამოიღო მათი კუთვნილი სამზარეულოს დანა, რომელიც სამზარეულოს კარადაში შეინახა. მოწმე მ. ფ--------–---–მა განმარტა, რომ დანაშაულის იარაღი - დანა, მ------------ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელიც ა---------–-ს დაჭრისას ეცვა, მის საცხოვრებელ სახლში ინახავდა.

 

მოწმე რ------–-----------მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 21:00-22:00 საათზე, ქინძმარაულის ქუჩაზე არსებულ ქვეითთა გადასასვლელ ხიდზე მოძრაობისას შენიშნა მწოლიარე მამაკაცი. მთვრალი ეგონა და მისი დახმარება გადაწყვიტა, თუმცა, როცა მამაკაცს ხელი მოჰკიდა და მისი აყენება სცადა, დაინახა, რომ იგი სისხლით იყო მოსვრილი. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახა და ექიმების მოსვლამდე დაჭრილთან იმყოფებოდა.

 

მოწმე ც-–---------–---- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 22:00-22:30 საათზე, მასთან სახლში მივიდნენ ნაცნობები - მ--------------–---–ი და მისი მეუღლე, მ-----------------ე, რომლებსაც მასთან ღამის გათევა სურდათ. თხოვნაზე უარი უთხრა. მ--------------–---–მა და მ-----------------ემ მცირე ხანი დაჰყეს მასთან, რა დროსაც მ------ აფორიაქებული ჩანდა, მოუსვენრად აქეთ-იქეთ დადიოდა. ცოლ-ქმარმა მისი ბინა მ---ს შვილის დარეკვისთანავე დატოვა.

 

მოწმე ვ--–-------------–---–მა, მ--------------–---–ის შვილმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ შემთხვევის დროს სახლში არ იმყოფებოდა. მოწმე ვ----------–---–-- ასევე აღნიშნა, რომ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე ა---------–---------ს ტელეფონზე ესაუბრა და ეს უკანასკნელი დედამისთან შესარიგებლად მათთან მისვლას აპირებდა.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 15-16 იანვარს, 23:50-02:00 სთ., შსს ქ. თბილისის პოლოციის დეპარტამენტის ისანი- სამგორის სამმართველოს მე-7 განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ- გამომძიებელ ვ--–-----------–---–ის მიერ, ექსპერტების - მ------ ქერაშვილისა და ნათია მარღიშვილის მონაწილეობით, ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, კერძოდ, დათვალიერდა ქ.------–--–--------------–--------------–---------------- მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული, ქინძმარაულის ქუჩაზე გადასასვლელი ქვეითთა ხიდი, სადაც აღმოჩენილი იქნა მოწითალო ფერის ლაქები, მიმობნეული მონეტები, ორი სანთებელა და ორი ფარანი. იქვე ნანახი იქნა მოწითალოლაქებიანი ქურთუკი, მის ჯიბეებში არსებული მეტალის საკვნეტელათი, მეტალის ნივთებითა და მაკრატლით.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ ქურთუკზე, ხიდის ზედაპირსა და მოაჯირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა---------–---------ს.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N0----------- დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ სანთებელებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. მისი გენეტიკური პროფილი და სანთებელებზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი იდენტურია ა---------–--------ის გენეტიკური პროფილის;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ ფარნებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ფერის ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს და მისი გენეტიკური პროფილი და ამავე ფარნებზე არსებული ბიოლოგიური მასალის შერეული გენეტიკური პროფილის ერთ-ერთი წილი ეკუთვნის ა---------–---------ს.

 

მ------------ის ტანსაცმლიდან ქურთუკზე, „კაპიშონიან“ ჟაკეტზე, ჯემპრზე, პერანგზე, სვიტერზე, მოკლესახელოიან მაისურზე, ჯინსის შარვალზე, ქსოვილის შარვალზე, ტრუსზე, დაზიანებები განვითარებულია ჭრით ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად. ჯინსის შარვალზე ასევე იკვეთება მექანიკური ზემოქმედების შედეგად, ხევით განვითარებული დაზიანება და მყარ (ხორკლიან) ზედაპირთან კონტაქტირებისათვის დამახასიათებელი ლოკალური მონაკვეთი. ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია სათანადო, მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდიკის არ არსებობის გამო. გამოსაკვლევად წარმოდგენილი დანა არ მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, მ------------ის შარვალზე, ჯემპრზე, პერანგზე და მარჯვენა ფეხსაცმელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა---------–---------ს.

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დგინდება:

შპს „პირველი საავადმყოფოს“ სტაციონარული პაციენტის N4-- სამედიცინო ბარათიდან ირკვევა, რომ ა---------–--------- აღნიშნულ კლინიკაში სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა 15.01.2018 წ.-დან 23.01.18 წ.-მდე. სამედიცინო საბუთის ჩანაწერებით ა---------–---------ს აღენიშნებოდა ექსკორიაციები ცხვირის მიდამოში, ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ, ლავიწის ქვემოთ მედიოკლავიკულურ (ლავიწშუა) ხაზზე, მარჯვენა ძუძუს არტერიის დაზიანებით; ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მარცხენა ბეჭის მიდამოში; ნაკვეთი ჭრილობები - ორივე თვალბუდის, ორივე ლოყის, ქვედა ტუჩის და მარცხენა ბარძაყის უკანა ზედაპირზე. სამედიცინო საბუთის ჩანაწერებით დაუდგინდა სუნთქვის უკმარისობა, მწვავე პოსტჰემორაგიული ანემია.

დაზიანებები ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობების სახით, განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, ხოლო დაზიანებები ნაკვეთი ჭრილობების სახით განვითარებულია რაიმე მჭრელი კიდის მქონე საგნის მოქმედებით.

 

ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ, ლავიწის ქვემოთ მედიოკლავიკულურ (ლავიწშუა) ხაზზე, მარჯვენა ძუძუს არტერიის დაზიანებით, გართულებული მესამე ხარისხის ტრავმულ-ჰემორაგიული შოკითა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით - მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.

 

ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარცხნივ, ბეჭის ძვლის მედიალური კიდის მიმდებარედ ქვედა მესამედში, ბეჭის და ხერხემლის ხაზებს შორის, ასევე ნაკვეთი ჭრილობები მარჯვენა თვალბუდის ზედა კიდის საპროექციოდ წარბის გარეთა ბოლოზე, მარცხენა თვალბუდის გარეთა კიდის საპროექციოდ, გარდამავალი მარცხენა საფეთქლის მიდამოზე, მარცხენა ყვრიმალის მიდამოში; მარჯვენა ლოყის მიდამოში; ქვედა ტუჩზე შუა ხაზიდან ოდნავ მარჯვნივ და მარცხენა ბარძაყის შუა მესამედში უკანა და გარეთა გვერდითი ზედაპირების საზღვარზე - თითოეული ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. დაზიანება ცხვირის მიდამოში არსებული ნაჭდევის (ექსკორიაციის) სახით, განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს - 15.01.2018 წ.

 

დუშეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 02 აგვისტოს განაჩენის თანახმად, მ-----------------ე მსჯარდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელად განესაზღვრა 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან გათავისუფლების შესახებ N0------ ცნობის თანახმად, მ-----------------ე სასჯელის მოხდის ადგილიდან გათავისუფლდა 2012 წლის 14 სექტემბერს, სასჯელის ვადის გასვლის გამო.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ მ-----------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ვ” ქვეპუნქტით (სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, ის, რომ მ-----------------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ მ-----------------ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ამასთან, პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ მსჯავრდებულს არ მიუთითებია რაიმე ახალ გარემოებებზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო განსაზღვრული სასჯელის შეცვლის საფუძველი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი მ-----------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ მ-----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი;

 

მ-----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ მ-----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 17 იანვრიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

დისკები, დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

დანა, სისხლის ნიმუშები, ფრჩხილის ნიმუში, ხელის კვლების ნიმუში, ანაწმენდები ბიოლოგიურ ჩხირზე, ქურთუკის გარე მარჯვენა ჯიბეში არსებული ავტობუსის ბილეთი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

 

მონეტები, მომწვანო შეფერილობის ქურთუკი, ლითონის საგანი და მაკრატელი, ქურთუკის შიდა ჯიბეში არსებული მკვნეტარა და მომრგვალებული ფორმის ნივთი, ორი ცალი სანთებელა, დაშლილ მდგომარეობაში მყოფი „ფანარი“, მოვარდისფრო შეფერილობის „ფანარი“, მ-----------------ის კუთვნილი ტანსაცმელი, ერთი წყვილი ფეხსაცმელი, ა---------–--------ის ტანსაცმელი: ქურთუკი, კაპიუშონიანი ჟაკეტი, ჯემპრი, პერანგი, სვიტერი, მოკლესახელოებიანი მაისური, ჯინსის შარვალი, ტრუსი, ორი წყვილი წინდა, ერთი წყვილი ფეხსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. ხოლოაშვილი

 

მოსამართლეები: მ. ლომთათიძე

 

გ კახეთელიძე