განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.08.2018
საქმის ნომერი
050310017001958993
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
16.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 050310017001958993

საქმე N3/ბ-201-18წ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 აგვისტო, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე გოჩა აბუსერიძე

სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე

 

აპელანტი (მოსარჩლე) – დ------------------ია

წარმომადგენელი – გ----------------შვილი

 

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები):

 

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ------------იონული სამმართველო

წარმომადგენელი – გ---------------–--ე

 

2. მ----------------ია

 

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ო------------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტების მოთხოვნა – ო------------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

2017 წლის 08 ივნისს დ------------------იამ სარჩელით მიმართა ო------------ რაიონულ სასამართლოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ------------იონული სამმართველოს და მ----------------იას მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 17 აგვისტოს N8----------- გადაწყვეტილების იმ ნაწილში ბათილად ცნობა, რომლითაც მ----------------იას სახელზე დ------------------იასთან ერთად დარეგისტრირდა უძრავი ქონება, ასევე მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება სადავო ქონება აღერიცხა მის სახელზე;

 

მოსარჩელის აღნიშვნით, ო------------ რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით მ----------------იას სარჩელი სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, ამდენად საჯარო რეესტრის მიერ არ უნდა მომხდარიყო მისი კუთვნილი ქონების მ----------------იას სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაცია.

 

მოსარჩელის მითითებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი კუთვნილი ქონება მასთან შეთანხმების გარეშე საჯარო რეესტრის მიერ რეგისტრირებული იქნა მის და მ----------------იას სახელზე, ხოლო რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია ო------------ რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება.

 

მოსარჩელის მოსაზრებით, ანდერძი მ----------------იას სახელზე შედგენილი იქნა 2002 წლის 16 სექტემბერს. თუკი ანდერძი არსებობდა, მაშინ მოპასუხეს საკუთრებას უნდა წამოადგენდეს ქონების არა ნახევარი, არამედ ¼ ნაწილი, ხოლო მას ეკუთვნოდა სავალდებულო წილი 3/4-ის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე თვლიდა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 17 აგვისტოს N8----------- გადაწყვეტილება ცნობილი უნდა ყოფილიყო ბათილად იმ ნაწილში, რომლითაც მ----------------იას სახელზე მასთან ერთად დარეგისტრირდა უძრავი ქონება.

 

მოპასუხე მხარეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს, ხოლო მოტივად მიუთითეს, რომ სადავო რეგისტრაცია განხორციელებული იყო შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტების საფუძველზე დ არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ო------------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით დ------------------იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით ო------------ რაიონის სოფელ შ---------–ი მდებარე მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა დ------------------იას და მ----------------იას თანსაკუთრებაში;

 

2.1.2. რეგისტრაციის საფუძველია ო------------ რაიონული სასამართლოს 2010 წლის 08 ივლისის გადაწყვეტილება და მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი.

 

სასამართლოს მიერ სადავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

 

სასამართლოს მიერ სადავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ ყოფილა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლოს აღნიშვნით, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, ან/და არ არის გადახდილი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის "დ" ქვეპუნქტით, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს.

 

ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,თ” ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

 

ამავე მუხლის ,,ი” ქვეპუნქტის მიხედვით კი, სარეგისტრაციო წარმოება არის სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით.

 

სასამართლოს მითითებით, „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის N949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის N29 დეკრეტის საფუძველზე, 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის N48 დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადადიოდა მათ კერძო საკუთრებაში.

 

სასამართლოს მსჯელობით, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის N128 დადგენილების მეორე პუნქტით კი დადგინდა, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები უნდა გაცემულიყო1992 წლის 01 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით.

 

სასამართლოს აღნიშვნით, კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის იმ პირთა საერთოსაკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენენ. აღნიშნულ ქონებაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი“ (სუსგ №ას-1778-1756-2011, 29.06).

 

სასამართლოს დასკვნით, მოცემულ შემთხვევაში უფლების დამდგენი დოკუმენტის სახით არსებობს ანდერძი, რომლითაც მ----------------იას მ---------------ამ უანდერძა ქონება, ამასთანავე არსებობდა ო------------ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა, რომ მ----------------იამ ქონება მიიღო ფაქტობრივი ფლობით, ასევე საქმეში წარმოდგენილი იყო ქონების მიღება-ჩაბარების აქტი და ცნობა კომლის წევრების შესახებ. შესაბამისად სასამართლომ ჩათვალა, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას საჯარო რეესტრის ტერიტორიულმა ორგანომ სწორი შეფასება მისცა წარდენილ დოკუმენტებს და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ო------------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებაზე კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო საჩივარი წარადგინა დ------------------იამ, რომლითაც გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა, შემდეგი საფუძვლით:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1.1. აპელანტის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი გარემოებების გრაფაში მითითებულია მხოლოდ და მხოლოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და არაა მითითებული ის სადავო ფაქტობრივი გარემოებები, რაზედაც ჰქონდა სამართლიანი პრეტენზია, ვინაიდან სადავო იყო რეესტრის ჩანაწერი, რომლითაც ნახევარი მიეკუთვნა მოპასუხეს, ასევე სადავო იყო რეგისტრაციის საფუძველიც, რადგანაც სასამართლო გადაწყვეტილება და მიწის მიღება-ჩაბარების აქტი არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ მომხდარიყო სავალდებულო წილის მფლობელი პირის ქონების რეგისტრაცია მოპასუხის სახელზე. როგორც მინიმუმი რეესტრს უნდა მოეთხოვა მოპასუხისაგან სამემკვიდრეო მოწმობა და ცნობა კომლის შემადგენლობის შესახებ, რადგანაც რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული დოკუმენტები არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ მომხდარიყო ამ ქონების რეგისტრაცია მოპასუხის სახელზე, მით უმეტეს 2010 წლის სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში გარკვევით ეწერა, რომ არ დაკმაყოფილდა მ----------------იას სარჩელი;

 

3.1.2. აპელანტის მითითებით, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ო------------ რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მხოლოდ ის არის აღნიშნული, რომ მოპასუხემ ფლობით მიიღო მ---------------ას დანაშთი ქონება, ხოლო თუ რამდენი მიიღო ბუნებრივია ამაზე ვერც იმსჯელებდა სასამართლო, რადგანაც ეს გარემოება დავის საგანი არც იყო. მითითებული სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ მოპასუხე უნდა მისულიყო ნოტარიუსთან, აეღო სამკვიდრო მოწმობა და მიეტანა ეს დოკუმენტი რეესტრში, თუმცა არცერთი ნოტარიუსი არ მისცემდა სამკვიდრო მოწმობას მოპასუხეს მანამ, სანამ არ გაარკვევდა მისგან ერთ საკითხს - ყავდა თუ არა მ---------------ას შვილი ცოცხალი, რადგანაც მისთვის ცნობილი იქნებოდა ის გარემოება, რომ ანდერძის დროს (და რათქმაუნდა ანდერძს მიიტანდა მოპასუხე) სავალდებულო წილის მფლობელი შვილი იქნებოდა;

 

3.1.3. აპელანტის აღნიშვნით, საქმის მასალებში მოიპოვება მთელი რიგი მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად ადასტურებდნენ იმას, რომ იგი არის კომლის წევრი და აწ. გარდაცვლილი მ---------------ას პირველი რიგის მემკვიდრე (შვილი), რაზედაც პირველი ინსტანციის სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია, არადა სწორედ რომ ეს იყო მთავარი ამ საქმეში.

 

სასამართლომ სწორად მიუთითა კანონები, რომლითაც ნამდვილად დასტურდებოდა ის გარემოება, რომ 1993 წლიდან კომლებმა შეწყვიტეს არსებობა და კომლის ქონება გამოცხადდა ამ კომლის წევრების თანასაკუთრებად. აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული ქონებების ტიპზე ვრცელდებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი, შესაბამისად გაურკვეველია რატომ არ გაავრცელა კანონის ეს ნორმები მოცემულ ურთიერთობაზე;

 

3.1.3. აპელანტის მითითებით, ვინაიდან იგი არის მ---------------ას შვილი, ხოლო მოპასუხემ ქონება მიიღო ანდერძით, სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლის თანახმად ანდერძის არსებობის შემთხვევაში შვილს ეკუთვნის სავალდებულო წილი, ხოლო საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მისი კუთვნილი ქონება მ----------------იას სახელზე არის რეგისტრირებული.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გააანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა კანონიერება - დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს ო------------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

პალატა აღნიშნავს, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 4.1 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების ერთობლიობა.

 

ამავე კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

 

პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო-სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია, კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრება, იპოთეკა, გირავნობა, ყადაღა და სხვა სამართლებრივი უფლებები. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი - უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვას ემსახურება. აღნიშნული ფუნქცია ხაზს უსვამს მის უმთავრეს დანიშნულებას - სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა, იყოს რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დაცვის გარანტი, რა უფლებაც საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად აღიარებული და ხელშეუვალია.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

 

ამ ნორმების შინაარსიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ უძრავი ქონების პირის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის აუცილებელია მას გააჩნდეს ამ ქონების კუთვნილებასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელშიც მოცემული უფლების ფარგლები განმსაზღვრელია რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლების ფიქსაციისათვის.

 

საქმეში არსებული საარქივო ცნობით (იხ.ს.ფ.12) და ო------------ რაიონული სასამართლოს 2010 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით (იხ.ს.ფ.17-23) დადგენილია შემდეგი:

 

– 1988-1996 წლებში ო--------------------------------ას კომლში ირიცხებოდნენ თვით ო----------------ია - კომლის უფროსი, ცოლი - მ---------------ა და შვილი - დ------------------ია. დ------------------ია გარდაიცვალა 1999 წელს, ხოლო მ---------------ა - 2005 წელს.

 

– მიწის მიღება-ჩაბარების აქტი №--- გაცემულია ო--------------------------------ას სახელზე 1998 წელს. აღნიშნული აქტით ო--------------------------------ას ოჯახს გადაეცა ო------------ რაიონის სოფელ შ---------–ი მდებარე ოთხი მიწის ნაკვეთი.

 

– 2002 წლის 16 სექტემბერს თავისი ქონება მ---------------ამ უანდერძა შვილიშვილს - მ----------------იას. აღნიშნული ანდერძის წინააღმდეგ აპელანტის მიერ შეტანილი შეგებებული სარჩელი ო------------ რაიონული სასამართლოს 2010 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა. რაც შეეხება სამკვიდროს ვადის გაგრძელების თაობაზე მ----------------იას სასარჩელო მოთხოვნის უარყოფის საკითხს, მითითებული გადაწყვეტილებით ო------------ რაიონულმა სასამართლომ აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ამ უკანასკნელს სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში ფაქტობრივი ფლობით უკვე მიღებული ჰქონდა სამკვიდრო, რა გარემოებაც სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელებას გამორიცხავდა.

 

– საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 17 აგვისტოს სადავო გადაწყვეტილებით, ო------------ რაიონის სოფელ შ---------–ი მდებარე მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა დ------------------იას და მ----------------იას თანასაკუთრებაში. უფლების დამდგენ დოკუმენტებად მითითებული იქნა მიწის მიღება-ჩაბარების აქტი №--- და ანდერძი.

 

პალატის მოსაზრებით ცალსახაა, რომ სადავო უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში წარდგენილი მიწის მიღება-ჩაბარების აქტი №--- და ანდერძი წარმოადგენდა უფლების დამდგენ დოკუმენტს მ----------------იასათვის, შესაბამისად პალატა ასკვნის, რომ ამ დოკუმენტებში მითითებული უფლების მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რეგისტრაციისას არ იკვეთება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის წინაპირობები, რა გარემოებაც სააპელაციო საჩივრის უარყოფის საფუძველია.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სავალდებულო წილის მიკუთვნების მოტივით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან აღნიშნული საფუძვლით აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნა სცილდება ადმინისტრაციული დავის საგანს და ამ მიმართებით მხარეს სასამართლოში შეუძლია იდავოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

5.1. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას. გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს, შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ო------------ რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

საასამართლო ხარჯები:

 

პლატა აღნიშნავს, რომ აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 377-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ------------------იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ო------------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

6. განჩინება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).

 

მოსამართლე გოჩა აბუსერიძე