განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141319700074720
საქმე 1აგ/31-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მურმან ისაევი
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
ვეფხია ლომიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ მ----- შ------ ძე გ--------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის განაჩენით:
მ----- გ--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის და მე-4 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელი 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოდ, განაჩენთა ერთობლიობით ბრალდებულ მ----- გ--------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
2019 წლის 13 თებერვალს მსჯავრდებულმა მ----- გ--------ემ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა მის მიმართ არსებული რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის განაჩენის გადასინჯვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილების საფუძველზე, კერძოდ მსჯავრდებული მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გასამართლებულია დიდი ოდენობით გადასახადის განზრახ თავის არიდების გამო (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით), ვინაიდან 2018 წლის 28 მარტის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლში დიდი ოდენობად განისაზღვრა 500 000 ლარი, მსჯავრდებული მოცემული საფუძვლით ითხოვს მის მიმართ არსებული პირველი ინსტანციის განაჩენის გაუქმებას.
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს; ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს; გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული; დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი; ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევის ფაქტი ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება; ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმიმაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ-კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება. ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო; ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამარლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო. ზ)1 წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო. თ) თუ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მსჯავრდებული მ----- გ--------ე რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენაში, დიდი ოდენობით, (ძირი 138 130 ლარი, ჯარიმა 74299 ლარი) გადასახადის განზრახთავის არიდების გამო.
მსჯავრდებულის პოზიცია, იმის თაობაზე, რომ 2018 წლის 28 მარტის შემდეგ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იქნა კანონი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლში დიდი ოდენობის 500 000 ლარით განსაზღვრის თაობაზე, პალატა აღნიშნავს, რომ ადგილი არ ქონია რაიმე სახის საკანონმდებლო ცვლილებას სისხლის სამართლის კოდექსისი 218-ე მუხლში - ოდენობის განსაზღვრასთან მიმართებაში. შესაბამისად, მსჯავრდებულ მ----- გ--------ის მოთხოვნა პირველი ინსტანციის განაჩენის გაუქმებასთან დაკავშირებით მოკლებულია როგორც სამართლებრივ, ისე ფაქტობრივ საფუძველს, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება - (დანაშაული) მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობით ინკრიმინირებული ქმედებაა, რაც ბუნებრივად განაპირობებს შესაბამისი სასჯელის არსებობას.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულის მიერ გადასახადის (ძირი 138 130 ლარი) განზრახ თავის არიდება მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მიხედვით ითვლება დიდ ოდენობად, აღნიშნულ რეგულაციაში არ მომხდარა რაიმე საკანონმდებლო ცვლილების შეტანა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მიხედვით „ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება, როდესაც გადასახდელი გადასახადის თანხა აღემატება ასი ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად – როდესაც თანხა აღემატება ას ორმოცდაათი ათას ლარს.
მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის მიერ შუამდგომლობაში მითითებული პირველი ინსტანციის განაჩენის გაუქმების მოთხოვნა, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და არ გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობიდან. ზოგადად რაიმე საგადასახადო სახის საშეღავათო/შემამსუბუქებელი ცვლილება (მიდგომა) ავტომატურად არ გულისხმობს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ანულირებას (სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმებას) და არც სასჯელის შემსუბუქებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ მ----- გ--------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ----- გ----------ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, დაუშვებლად იქნეს ცნობილი.
განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ორი კვირის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: მურმან ისაევი
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
ვეფხია ლომიძე