განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001431069
N2ბ/735-2018
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 იანვარი, 2019 წელი ქალაქ თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - გელა ქირია
სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - შპს ,,ბ---------’’
წარმომადგენელი - გ------ ს----ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს ,,ი--------------–ო’’
წარმომადგენელი - ს------ო დ---------–--ლი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ი--------------–ოს“ სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს „ბ---------ს“ შპს „ი--------------–ოს“ სასარგებლოდ დაეკისრა 10 002,70 ლარის ანაზღაურება
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. ზეპირი შეთანხმების საფუძველზე 2015 წლის 05 აგვისტოს შ----------------------–--მ“ შპს „ბ---------ს“ მიყიდა - „მ------------------------“ (იხ. ს/ფ 2-4, 17, 21);
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.2. ნასყიდობის საგნის „მ------------------------“-ის ღირებულება შეადგენდა 103 502,92 ლარს (იხ. ს/ფ 2-4, 17, 21);
2.3. 2015 წლის 03 აგვისტოს, შპს „ბ---------მ“ შპს „ი--------------–ოს“ სასარგებლოდ სს „თ----------ის“ მეშვეობით გადარიცხა 5 712,00 ლარი, 2015 წლის 03 აგვისტოს - 15 897,70 ლარი, 2015 წლის 06 აგვისტოს - 71 890,52 ლარი, ჯამში - 93 500,22 ლარი (იხ. ს/ფ 59-61);
2.4. 2015 წლის 05 აგვისტოს შპს „ბ---------ს“ მიერ შპს „ი--------------–ოსათვის“ მიწოდებული საქონლის „მ------------------------“-ის დარჩენილი, ასანაზღაურებელი ღირებულება შეადგენს 10 002,70 ლარს. მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის მოსარჩელის წინაშე დავალიანების არსებობას.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი იყო სასაქონლო ზედნადები და თავად მოპასუხის მიერ დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურა, რომელთა მიხედვით მიწოდებული საქონლის ღირებულება შეადგენდა 103 502,92 ლარის. ამასთან, დადგენილი იყო, რომ შპს „ბ---------ს“ გადახდილი ჰქონდა 93 500,22 ლარი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მიწოდებული საქონლის დარჩენილი ასანაზღაურებელი ღირებულება შეადგენდა 10 002,70 ლარს. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა 10 002,70 ლარის გადახდის შპს „ბ---------სათვის“ დაკისრების ნაწილში საფუძვლიანი იყო და ემყარებოდა წერილობით მტკიცებულებებს. რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, იგი ამ შემთხვევაში ვერ ადასტურებდა გარემოებებს, რომლებზეც ამყარებდა შესაგებელს და შესაბამისად, ვერ აქარწყლებდა მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას.
სასამართლომ ყურადრება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხემ თავად მიუთითა შესაგებელში დარჩენილი დავალიანების 10 002,70 ლარის გადაუხდელობაზე, რადგანაც მიმწოდებელმა დაარღვია საგადასახადო კოდექსით დადგენილი ვალდებულება ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის ვადასთან დაკავშირებით.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემული დავის ფარგლებში, განხილვის საგანს არ წარმოადგენდა საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა არდაცვის საკითხი, რის გამოც არ იქნა გათვალისწინებული მოპასუხის აღნიშნული მითითება.
სარჩელისა და შესაგებლის დასაბუთებისათვის მხარეთა მიერ მითითებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე შპს „ბ---------ს“ მიერ მიერ შპს „ი--------------–ოსათვის“ მიწოდებული საქონლის დარჩენილი ასანაზღაურებელი ღირებულება შეადგენდა 10 002,70 ლარს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.5. სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილი იყო ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. შესაბამისად, მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა ექვემდებარებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით მოწესრიგებას. აღნიშნული მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ნასყიდობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ფორმით. ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივად მავალდებულებელი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ გამყიდველმა შპს „ი--------------–ომ“ მყიდველს შპს „ბ---------ს“ მიაწოდა 103502,92 ლარის ღირებულების საქონელი. ამასთან, დადგენილი იყო, რომ მყიდველმა დაფარა საქონლის ღირებულების ნაწილი 93 500,22 ლარის ოდენობით. ასევე, დადგენილი იყო, რომ მყიდველის მიერ დასაფარი დარჩენილი დავალიანება შეადგენდა 10 002,70 ლარს, რისი გადახდის ვალდებულებაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრებოდა შპს „ბ---------ს“.
სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 10 002,72 ლარის გადახდა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტში არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ ნასყიდობის საგნის „მო-----------------------“-ის ღირებულება შეადგენდა 103 502,92 ლარს.
აპელანტის განმარტებით, შპს ,,ბ---------’’ და შპს ,,ი--------------–ო’’ თავდაპირველად შეთანხმდნენ იმ თანხაზე, რაც შ----------------მ’’ გადაიხადა, კერძოდ, 93 500,22 ლარზე და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა შპს ,,ი--------------–ოს’’ მიერ შპს „მო-----------------------“-ის შ----------------სათვის’’ გადაცემა. თუმცა, მოგვიანებით, შპს ,,ი--------------–ომ’’ შპს ,,ბ---------სთან’’ შეუთანხმებლად, ხელოვნურად გაზარდა მო---------------ის ღირებულება, ვითომდა, მან გასწია სხვადასხვა დამატებითი ხარჯები, თუმცა, ეს იყო სს ,,ს-----------------------–---ს’’ ხარჯები.
ამდენად, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ შპს ,,ბ---------ს’’ დარჩენილი ჰქონდა ასანაზღაურებელი 10 002.70 ლარი.
ამდენად, შპს ,,ბ---------ს’’ მიერ გადახდილია, მოდავე მხარეთა შორის შეთანხმებული ნასყიდობის საგნის სრული ღირებულება 93 500.22 ლარი. შესაბამისად, აღარ არსებობს დამატებით კიდევ რაიმე თანხის, მოპასუხე მხარისათვის დაკისრების საფუძველი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
4.1. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ შპს „ი--------------–ოსა“ და შპს „ბ---------ს“ შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება „მ------------------------“-ის ნასყიდობის თაობაზე. სადავო არ არის ასევე ისც, რომ შპს „ი--------------–ომ“ (გამყიდველი) შპს ,,ბ---------ს’’ (მყიდველი) მიაწოდა ნასყიდობის საგანი. დადგენილია და სადავო არ არის, რომ 2015 წლის 03 აგვისტოს, შპს „ბ---------მ“ შპს „ი--------------–ოს“ სასარგებლოდ სს „თ----------ის“ მეშვეობით გადარიცხა 5 712,00 ლარი, 2015 წლის 03 აგვისტოს - 15 897,70 ლარი, 2015 წლის 06 აგვისტოს - 71 890,52 ლარი, ჯამში - 93 500,22 ლარი.
წინამდებარე სასარჩელო განცხადებით შპს ,,ი--------------–ოს’’ მოთხოვნას წარმოადგენს შპს „ბ---------სათვის“ მის სასარგებლოდ 10 002,70 ლარის გადახდის დაკისრება. შპს ,,ი--------------–ო’’ სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ნასყიდობის საგნის ღირებულება შეადგენდა 103 502,92 ლარს, რაც მოპასუხე მხარის მიერ სრულად არ არის ანაზღაურებული. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს გადაუხდელი თანხა 10 002,70 ლარის ოდენობით.
4.2. პალატა აღნიშნავს, რომ შპს ,,ი--------------–ო’’ სარჩელის ,,დავის ფაქტობრივი გარემოებების’’ გრაფაში, მე-2 ფაქტობრივ გარემოებად მიუთითებდა ნასყიდობის საგნის ფასზე, კერძოდ, აღნიშნავდა, რომ „მ------------------------“-ის ღირებულება მოდავე მხარეთა შორის არსებული შეთანხმებით, განსაზღვრული იყო 103,502.92 ლარით (იხ. სარჩელი; ტომი 1; ს/ფ 1-13), რაც შეეხება მოპასუხის პოზიციას ამ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით, იგი შესაგებლის მე-2 ფაქტობრივი გარემოებით ეთანხმებოდა მას. ამასთან, მოპასუხე მე-3 და მე-4 ფაქტობრივ გარემოებებში განმარტავდა, რომ მის მიერ დარჩენილი თანხის - 10 002.7 ლარის გადაუხდელობა გამოწვეული იყო მხოლოდ იმ გარემოებით, რომ მოსარჩელე მხარემ ჯეროვნად და კეთილსინდისიერად არ შეასრულა ნაკისრვი ვალდებულებები, რითაც მოპასუხე მხარეს მიადგა ზიანი, კერძოდ, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად მყიდველს არ გაუგზავნა ანგარიშ-ფაქტურა, რის გამოც შ---- დროულად ვერ მიიღო დღგ-ის ჩათვლა და ამით მიადგა ფინანსური ზიანი (ტომი 1; ს/ფ 57-66).
ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოებისას, მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ იმ გარემოებას, რომ „მ------------------------“-ის ღირებულება შეადგენდა 103,502.92 ლარს.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს შპს ,,ბ---------ს’’ სააპელაციო საჩივრის საფუძვლად მითითებულ იმ გარემოებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ შპს ,,ბ---------ს’’ და შპს ,,ი--------------–ოს’’ შორის არსებობდა შეთანხმება ნასყიდობის იმ თანხაზე, რაც შ----------------მ’’ გადაიხადა, კერძოდ, 93 500.22 ლარზე. შესაბამისად, აღარ არსებობდა დამატებით რაიმე თანხის, მოპასუხე მხარისათვის დაკისრების საფუძველი.
ამდენად, სააპელაციო საჩივრით სპს ,,ბ---------’’ სადავოდ ხდის ნასყიდობის საგნის ღირებულებას და მიუთითებს, რომ „მ------------------------“-ის ღირებულება შეადგენდა 93 500.22 ლარს და არა 103,502.92 ლარს.
პალატა ყურადრებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში შპს ,,ბ---------ს მიერ წარდგენილი შესაგებელი არ შეიცავს აპელირებას ნასყიდობის საგნის ფასზე, უფრო მეტიც, იგი ეთანხმება მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელში მითითებულ იმ გარემოებას, რომ „მ------------------------“-ის ღირებულება შეადგენდა 103,502.92 ლარს. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ახალი ფაქტობრივი გარემოებების დაყენება კი, ეწინააღმდეგება საქართველოს სსკ-ის 380.2. (სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა), 215-ე (2. მხარეთა და მათ წარმომადგენელთა შუამდგომლობები და განცხადებები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენის ან გამოთხოვის შესახებ სასამართლომ შეიძლება განიხილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მხარეს არ შეეძლო მათი წარმოდგენა, აგრეთვე თუ მათ შესახებ მისთვის ობიექტური მიზეზებით ვერ იქნებოდა ცნობილი და მათი წარმოდგენის საფუძველი წარმოიშვა მთავარ სხდომაზე, ან თუ მხარემ საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო შესაბამისი შუამდგომლობებისა და განცხადებების წარმოდგენა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე. ასეთ შემთხვევაში საქმის განხილვა მხარეთა თხოვნით ან სასამართლოს ინიციატივით შეიძლება გადაიდოს. 3. ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე) და 219.1. (მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული) მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამდენად, პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარში აღნიშნული ფაქტი და გარემოება არ შეიძლება გასცდეს შესაგებელში მითითებულ ფაქტებსა და გარემოებებს.
4.3. პალატა მიიჩნევს, რომ „მ------------------------“-ის ღირებულება ასევე დასტურდება მოსარჩელე მხარის მიერ საქმის მასალებში წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებით №--–----------- (ტომი 1; ს/ფ 21) და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით №--------------- (ტომი 1; ს/ფ 17).
ამასთან, დადგენილია, რომ 2015 წლის 02 დეკემბერს, მოპასუხემ დაადასტურა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა №---------------, რის საფუძველზეც, მას წარმოეშვა ვალდებულება მოსარჩელე მხარის მიმართ, სრულად გადაეხადა მიწოდებული საქონლის საფასური. შესაბამისად, აპელირება იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ ხელოვნურად გაზარდა „მ------------------------“-ის ღირებულება და აღნიშნული წარმოადგენდა სს ,,ს-----------------------–---ს’’ ხარჯებს, პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია. ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმის მასალებში არ მოიპოვება.
4.4. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე, 327-ე და 477-ე მუხლების თანახმად, მხარეთა შორის (გამყიდველი/მიმწოდებელი და მყიდველი) წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც ითვალისწინებდა საქონლის მიწოდებას. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა ნასყიდობის ფასი და ნასყიდობის საფასურის გადახდის თაობაზე მყიდველის მოვალეობა. ამასთან, სსკ-ის 477-ე მუხლისა და 361-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მყიდველის ვალდებულება უნდა შესრულებულიყო ჯეროვნად და დათქმულ ვადაში.
გამყიდველის პრეტენზია ნასყიდობა-მიწოდების ხელშეკრულებიდან გამომდინარე იმ მოსაზრებას ეფუძნება, რომ მყიდველმა სრულად არ გადაიხადა ნასყიდობის საფასური. როგორც აღინიშნა, მოპასუხე (მყიდველი) შესაგებლით არ უარყოფს ამ გარემოებას, რაც ასევე დასტურდება საქმის მასალებში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით, თუმცა მიუთითებს, რომ დარჩენილი დავალიანების 10 002,70 ლარის გადაუხდელობა გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ მიმწოდებელმა დაარღვია საგადასახადო კოდექსით დადგენილი ვალდებულება ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის ვადასთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატა ამ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს, გამომდინარე იქიდან, რომ მოცემული დავის ფარგლებში, განხილვის საგანს არ შეიძლება წარმოადგენდეს საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გამყიდველმა შპს „ი--------------–ომ“ მყიდველს შპს „ბ---------ს“ მიაწოდა 10 3502,92 ლარის ღირებულების საქონელი. ამასთან, დადგენილია, რომ მყიდველმა დაფარა საქონლის ღირებულების ნაწილი 93 500,22 ლარის ოდენობით.
ამდენად, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მყიდველის მიერ დასაფარი დარჩენილი დავალიანება შეადგენდა 10 002,70 ლარს, რისი გადახდის ვალდებულებაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრებოდა შპს „ბ---------ს“.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით (400.10 ლარი).
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ბ---------ს’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გელა ქირია