განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №180210018002563950
N2ბ/7431-2018
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04 თებერვალი, 2019 წელი ქალაქ თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - გელა ქირია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი (მოპასუხე) - ნ-------- ჯ------–ია
წარმომადგენელი - ც---- მ-------აძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ---- გ----–ია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ნ---- გ----–აიას სარჩელი დაკმაყოფილდა. ნ-------- ჯ------–იას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა უძრავი ნივთი, მდებარე: დ--–---ის რაიონი, ს------–ი ა------ი (დაზუსტებული ფართობი - 2206,00 კვმ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1 საერთო ფართით 455 კვმ, საცხოვრებელი ფართი 148,6 კვმ, დამხარე ფართი 122,1 კვ.მ, სარდაფი 142,5 კვ.მ, ღია აივანი 41,8 კვ.მ და N2, ს/კ 7-----------) და ნივთი თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს ნ---- გ----–აიას. ამავე გადაწყვეტილებით, ნ---- გ----–აიას უარი ეთქვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. საქართველოს ი------–----------------------------–---------------–-----------------–----------------–-----------ოს N----------------- განკარგულების თანახმად, უძრავი ქონება მდებარე: დ--–---ის რაიონი, ს------–ი ა------ი, საკადასტრო კოდი - 7-----------, საკუთრების უფლებით აღირიცხა ნ---- გ----–აიას საკუთრებად;
2.2. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე ფლობს ნ---- გ----–აიას კუთვნილ უძრავ ქონებას მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ;
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.3. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არ იყო წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ქონების მართლზომიერად ფლობის ფაქტს.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ---- გ----–აიას კუთვნილ უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობდა მოპასუხე ნ-------- ჯ------–ია, რაც მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგებოდა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.4. სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. საკუთრების უფლება ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცით, რომლის შესაბამისად, „ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში“.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უძრავი ქონების მესაკუთრეს კანონი ანიჭებს სასამართლოსათვის ვინდიკაციური სარჩელით მიმართვის შესაძლებლობას, ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ნ---- გ----–აიას სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგენილიყო, რომ მოსარჩელე იყო ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე კი ნივთის მფლობელი, რომელსაც ამ ნივთის ფლობის უფლება არ გააჩნდა. სამივე გარემოების არსებობის დადგენის შემთხვევაში სარჩელი მიიჩნევოდა საფუძვლიანად.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი იყო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე - დ--–---ის რაიონი, ს------–ი ა------ი, ს/კ 7----------- საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო ნ---- გ----–აიას საკუთრებად. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიმართ, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებდა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო ბინის მესაკუთრეს.
სასამართლომ, მოპასუხის ახსნა-განმარტების საფუძველზე უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ უძრავი ნივთი, მდებარე - დ--–---ის რაიონი, ს------–ი ა------ი, ს/კ 7----------- მოპასუხე ნ-------- ჯ------–იას მფლობელობაში იყო.
რაც შეეხება, მფლობელობის მართლზომიერებას, სასამართლომ აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დადასტურებულიყო ჰქონდა თუ არა ნივთის ამჟამინდელ მფლობელს ნივთის ფლობისათვის უკეთესი უფლება, ვიდრე მესაკუთრეს, ანუ არსებობდა თუ არა სკ-ს 172-ე მუხლის შემადგენლობა. დადასტურების შემთხვევაში, ბუნებრივია, ფერხდებოდა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილება, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის გათვალისწინებით. აღნიშნული საკითხის დასადგენად მნიშვნელოვანი იყო შეფასებულიყო, თუ რის საფუძველზე ფლობდა კონკრეტულ ნივთს მოპასუხე. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხემ კონკრეტულ ვითარებაში, ვერ უზრუნველყო სასამართლოსათვის წარედგინა სათანადო მტკიცებულება, რომლითაც დაადასტურებდა მის მართლზომიერ მფლობელობას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო შემთხვევაში მესაკუთრე ნივთზე არსებული არამართლზომიერი მფლობელობის წინააღმდეგი იყო. სასამართლომ მიუთითა სკ-ს 162-ე მუხლზე, რომლის თანახმად, დაუშვებელია მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. საჯარო წესრიგში მართლზომიერ მფლობელად ითვლება ის, ვინც ნივთზე ბატონობას სამართლებრივი საფუძვლებით ახორციელებს. მართლზომიერება არსებობს მანამ, სანამ არსებობს შესაბამისი საფუძველი. ამ მიზნით მოსარჩელემ ვინდიკაციური სარჩელის საფუძველზე, მოპასუხისგან მოითხოვა კუთვნილი ნივთის გამოთავისუფლება. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მოსარჩელეს აძლევდა უფლებას, მოეთხოვა ნივთის გამოთხოვა მათგან, ვისაც მასზე მფლობელობის უფლება არ (აღარ) ჰქონდა.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ვლინდებოდა ვინდიკაციური მოთხოვნის განხორციელების ყველა სავალდებულო წინაპირობა, მათ შორის მესამე პირობაც „მესაკუთრეს არ უნდა ჰქონდეს ნივთის ფლობის უფლება“.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სსკ-ს 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ დაადასტურა მისი მხრიდან ქონების მართლზომიერად ფლობის ფაქტი. სასამართლომ განმარტა, რომ მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. სასამართლოს აზრით, მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო მასზე განაწილებული მტკიცების ვალდებულების შესრულება და ვერ დაადასტურა სადავო ნივთის მფლობელობის გამამართლებელ გარემოებათა არსებობა. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე სადავო ნივთს ფლობდა კანონისმიერი და/ან სახელშეკრულებო საფუძვლის გარეშე, რაც გამორიცხავდა მესაკუთრის მხრიდან მის ნივთზე მოპასუხის მფლობელობის განხორციელებისადმი თმენის ვალდებულების არსებობას. შესაბამისად, მოსარჩელე ნ---- გ----–აიას ჰქონდა უფლება გამოეთხოვა ნივთი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
2.5. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ ნ-------- ჯ------–ია წარმოადგენდა სადავო უძრავი ქონების, მდებარე, დ--–---ის რაიონი, ს------–ი ა------ი, საკადასტრო კოდი - 7-----------, არამართლზომიერ მფლობელს.
აპელანტის განმარტებით, იგი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ნ---- გ----–ია წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების, მდებარე: დ--–---ის რაიონი, ს------–ი ა------ი, (ს/კ - 7-----------) მესაკუთრეს, თუმცა მოპასუხის, როგორც მართლზომიერი მფლობელის კუთხით, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ქონება წარმოადგენდა სესხის უზრუნველყოფის საშუალებას და მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რომ აუქციონზე შესყიდვის შემდეგ, მესაკუთრის მიერ არ უნდა მომხდარიყო სადავო ფართიდან მობინადრეთა გამოსახლება და გარკვეულ პერიოდში, სესხის თანხების გადახდის შემდეგ, უძრავი ქონება დაუბრუნდებოდა მოპასუხეს საკუთრებაში.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
4.1. 25.07.2018 წელს მომზადებული ამონაწერით, უძრავი ქონება, მდებარე დ--–---ის რაიონი, ს------–ი ა------ი, საკადასტრო კოდი - 7-----------, წარმოადგენს ნ---- გ----–იას საკუთრებას. უფლების წარმოშობის საფუძველია საქართველოს ი------–----------------------------–---------------–----------------–----------------–-----------ოს განკარგულება N-----------------, დამოწმების თარიღი: 2---------. ხოლო, უფლების რეგისტრაციის თარიღია - 2--------- წ. (იხ. ტომი 1; ს/ფ 14; საჯარო რეესტრის ამონაწერი);
4.2. დადგენილია და სადავო არ არის, რომ ნ---- გ----–იას კუთვნილ სადავო უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდი N7-----------, ფლობს ნ-------- ჯ------–ია (ყოფილი მესაკუთრე);
4.3. წინამდებარე სასარჩელო განცხადებით, ნ---- გ----–იას მოთხოვნას წარმოადგენს, მის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონების ნ-------- ჯ------–იას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მისთვის თავისუფალ მდგომარეობაში დაბრუნება. ამდენად, დავის საგანს წარმოადგენს მესაკუთრის პრეტენზია არამართლზომიერი მფლობელის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად. (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012).
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).
სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია, საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, №48939/99, § 124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII და პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ---- გ----–ია წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ საკუთრების უფლების უკანონოდ მოპოვების ფაქტი მოპასუხეს შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენის გზით არ დაუდასტურებია (სადავოდ არ გაუხდია სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი - აუქციონის შედეგები, სარჩელის ან/და შეგებებული სარჩელის შეტანის გზით). ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხე სადავო უძრავი ქონების მფლობელია, თუმცა, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მან ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.
ამ კუთხით პალატა მიუთითებს, რომ მართალია სადავო არ არის ის გარემოება, რომ ნ---- გ----–აიამ აუქციონზე შეიძინა ნ-------- ჯ------–იას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე დ--–---ის რაიონი, ს------–ი ა------ი, საკადასტრო კოდი - 7-----------, თუმცა, საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოპასუხეს სარჩელის აღძვრის მომენტისათვის გააჩნია რაიმე უფლება, რითაც დადასტურდებოდა სადავო ქონების მისი მართლზომიერი ფლობის საფუძველი. ამ გარემოების მტკიცების ტვირთი კი სსსკ-ის 4.1. და 102-ე მუხლების საფუძველზე, მოპასუხე მხარეს ეკისრება, რომელმაც სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით, ვერ განახორციელა მტკიცების ტვირთის რეალიზება.
რაც შეეხება აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ სადავო ქონება წარმოადგენდა სესხის უზრუნველყოფის საშუალებას და მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება მასზედ, რომ აუქციონზე შესყიდვის შემდეგ, მესაკუთრე არ მოახდენდა სადავო ფართიდან მის გამოსახლებას, ხოლო, გარკვეულ პერიოდში, სესხის თანხების გადახდის შემდეგ, უძრავი ქონება დაუბრუნდებოდა მოპასუხეს საკუთრებაში, ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება (ამ პირობებზე შეთანხმება) საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 102.3. მუხლისა. მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტებას კი, რასაც, მოწინააღმდეგე მხარე არ ეთანხმება და სადავოდ ხდის, პალატა ვერ მიიჩნევს მითითებული გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად.
4.4. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, ვინაიდან, გამოიკვეთა სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა, ნივთის მისთვის გადაცემა მოეთხოვა. (სუს №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; № ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; № ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; №ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება, №ას-1032-952-2017 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება, №ას-1375-1295-2017 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინება).
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობაზე მსჯელობისას სასამართლო შემოიფარგლება იმ გარემოების გამორკვევით, გააჩნია თუ არა მოსარჩელეს საკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე. შესაბამისად, ამგვარი წარმოების ფარგლებში მესაკუთრის მიერ საკუთრების მოპოვების კანონიერების შემოწმება (მოპასუხის მხრიდან შეგებებული სარჩელის შეტანის გარეშე) სასამართლოს კომპეტენციას სცდება.
4.5. ამდენად, ვინაიდან სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობები, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ნ---- გ----–იას სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო, ნ-------- ჯ------–იას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ უნდა ყოფილიყო უძრავი ქონება, მდებარე: დ--–---ის რაიონი, ს------–ი ა------ი, საკადასტრო კოდი - 7----------- და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემოდა მესაკუთრე ნ---- გ----–იას.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
სასამართლო ხარჯები უნდა დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ-------- ჯ------–იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გელა ქირია