განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.02.2019
საქმის ნომერი
190210017001970230
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
06.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2ბ/7188-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

06 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - ანა გოგიშვილი

 

სხდომის მდივანი - ანა ჩიკვაიძე

 

აპელანტი - ა-–--–ა გ---------ე;

წარმომადგენელი - ბ--–--------ე;

 

მოწინააღმდეგე მხარე – მ---- კ-----ა;

წარმომადგენელი - ე-------------–---–--ე;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება;

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი - მ---- კ-----ას წარმომადგენლის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ა-–--–ა გ---------ეს მოსარჩელე მ---- კ-----ას სასარგებლოდ დაეკისრა 1850 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარის გადახდა.

2. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. მოპასუხემ მ---- კ-----ას თანხა 1 300 აშშ დოლარი გაასესხა M------------------------ მარკის ავტომანქანის უზრუნველყოფით, 300 აშშ დოლარი გაასესხა ავტომანქანა N------------- უზრუნველყოფით, ხოლო 250 აშშ დოლარი N------------ უზრუნველყოფით.

 

2.2. ა-–--–ა ლ------სა (მოპასუხე) და კ---ა ხ---–--ეს შორის 2014 წლის 16 ნოემბერს დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გამსესხებელმა მსესხებელს გადასცა 3500 აშშ დოლარი ერთი თვის ვადით, 07% სარგებლით. სესხის უზრუნველყოფის საგანია მსესხებლის საკუთრებაში არსებული N------------- მარკის ავტომანქანა, ძრავი 3---, გამოშვების წელი 2---, ფ------–-------, სახ. №-------.

 

2.3. ა-–--–ა გ---------ესა და მ---–----ი ბ--------–---–ს შორის, 2015 წლის 29 დეკემბერს დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც გამსესხებელმა მსესხებელს გადასცა 6800 აშშ დოლარი ერთი თვის ვადით, 04% სარგებლით. სესხი უზრუნველყოფილია მსესხებლის საკუთრებაში არსებული M----------------------------- მარკის ავტომანქანით, სახ. №--------.

 

2.4. ი----ა ზ-----–---–სა და გ------ა ჯ--------ას შორის 2013 წლის 24 ნოემბერს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც გამსესხებელმა მსესხებელს გადასცა 950 აშშ დოლარი ერთი ვადით, 07% სარგებლით. სესხი უზრუნველყოფილია მსესხებლის საკუთრებაში არსებული N------------ მარკის ავტომანქანით სახ. №--------.

 

2.5. ა-–--–ა ლ------სა (მოპასუხე) და მ-----ი ს----------–-–-ილს შორის 2014 წლის 8 მაისს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება რომლის თანახმად, გამსესხებელმა მსესხებელს გადასცა 6 000 აშშ დოლარი ერთი თვის ვადით. სესხის საგარანტიო ნივთს წარმოადგენს ავტომანქანა M---------------------------, სახ. №--------.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.6. მხარეთა შორის ვალდებულება წარმოშობილია სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე და მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 1850 აშშ დოლარს.

 

2.7. მოსარჩელის მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.8. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხემ მ---- კ-----ას თანხა 1 300 აშშ დოლარი გაასესხა M------------------------ მარკის ავტომანქანის უზრუნველყოფით, 300 აშშ დოლარი გაასესხა ავტომანქანა N------------- უზრუნველყოფით, ხოლო 250 აშშ დოლარი N------------ უზრუნველყოფით. აღნიშნული სასამართლომ დაადგინა საქმეში არსებული დოკუმენტური მასალის ერთობლიობაში შეფასების შედეგად, რომელიც ქმნის მყარი პრეზუმფციის საფუძველს, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა 1850 აშშ დოლარი. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელწერილის შინაარსით დგინდება, რომ მოპასუხემ დაადასტურა მ---- კ-----ასგან 1300, 300 და 250 აშშ დოლარის მიღების ფაქტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, არავითარი ვალდებულება მოპასუხეს არ ექნებოდა მოსარჩელის წინაშე ხელწერილის დაწერის. 2014 წლის 16 ნოემბრის სესხის ხელშეკრულების შინაარსით დგინდება, რომ ა-–--–ა ლ------მა (მოპასუხემ) კ---ა ხ---–--ეს ასესხა გარკვეული თანხა, ხოლო ხელშეკრულების მარჯვენა ზედა კუთხეში მითითებული ჩანაწერით ირკვევა, რომ გასესხებული თანხიდან 300 აშშ დოლარი მოსარჩელესია. 2015 წლის 29 დეკემბრის სესხის ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, ა-–--–ა გ---------ემ მ---–----ი ბ--------–---–ს ასესხა 6800 აშშ დოლარი ერთი თვის ვადით, 04% სარგებლით, საიდანაც 1482 აშშ დოლარი მოსარჩელესია. 2014 წლის 08 მაისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების შინაარსით დგინდება, რომ ა-–--–ა ლ------მა (მოპასუხე) მ-----ი ს----------–-–-ილს ასესხა 6 000 აშშ დოლარი 01 (ერთი) თვის ვადით, ხოლო ხელშეკრულების მარჯვენა ზედა კუთხეში მითითებული ჩანაწერით ირკვევა, რომ გასესხებული თანხიდან 1300 აშშ დოლარი მოსარჩელესია. რაც შეეხება მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხეს მოსარჩელისგან არანაირი თანხა არ მიუღია, მოპასუხე ეხმარებოდა გამსესხებელსა და მსესხებელს ერთმანეთთან შეხვედრაში სასამართლო ვერ გაიზიარებს და მიიჩნევს, რომ არ შეიძლება აღნიშნული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს ვინაიდან, თავად მოპასუხის წარმომადგენლის განმარტების შინაარსიდან გამომდინარე, წარმოდგენილი ხელწერილით (უთარიღო) მოპასუხე აკონტროლებს სად ვისი თანხებია ჩადებული. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის ის პოზიცია, სადაც იგი მიუთითებს, რომ იგი მხოლოდ შუამავლის როლს ასრულებდა და თანხები მოსარჩელემ უნდა მოსთხოვოს მოვალეებს ვინაიდან, 2014 წლის 08 მაისის ხელშეკრულება გაფორმებულია მოპასუხესა და მოვალე მ-----ი ს----------–-–-ილს შორის, 2014 წლის 16 ნოემბრის ხელშეკრულება მოპასუხესა და მოვალე კ---ა ხ---–--ეს შორის, ხოლო 2015 წლის 29 დეკემბრის ხელშეკრულება მოპასუხესა და მ---–----ი ბ--------–---–ს შორის.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ წარმოადგინა მოპასუხის მიერ დაწერილი ხელწერილი, რომლითაც დგინდება, რომ მოსარჩელის 1850 აშშ დოლარი მიღებული აქვს და რომელიც გაასესხა რამდენიმე მოვალეზე და სესხი უზრუნველყოფილია სხვადასხვა ავტომანქანებით. მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა, რომელიც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდებოდა და შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტებებით, რომელიც არათანმიმდევრული და ვარაუდებზე დამყარებული იყო.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტების, მოპასუხის მიერ დაწერილი ხელწერილის, მოპასუხესა და სხვადასხვა მოვალეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე მ---- კ-----ას თანხის ოდენობის შესახებ მითითებით სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე სხვადასხვა მოვალეებზე გასცემდა (გაასესხებდა) მოსარჩელის მიერ სესხად მიღებულ თანხებს.

 

ხელწერილით გათვალისწინებული დებულება ,,ჩადებულია ძირი თანხა მ---- კ-----ასი" უნდა განიმარტოს იმდაგვარად, რომ მოპასუხეს მ---- კ-----ასგან მიღებული აქვს 1300, 300 და 250 აშშ დოლარი, რომელიც შემდგომ გაასესხა და უზრუნველყოფილია სხვადასხვა ავტომანქანებით.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრება იმ გარემოების შესახებ, რომ აღნიშნული ხელწერილით მოპასუხეს არ უკისრია თანხის დაბრუნების ვალდებულება და მოსარჩელემ მოვალეებს უნდა მოსთხოვოს ვალდებულების შესრულება ვინაიდან 2014 წლის 8 მაისის, 2014 წლის 16 ნოემბრის და 2015 წლის 29 დეკემბრის ხელშეკრულებები გაფორმებულია მოპასუხესა და სხვადასხვა მოვალეებს შორის და ამ ხელშეკრულების მხარეს მოსარჩელე არ წარმოადგენს. ამასთან მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტების შინაარსიდან გამომდინარე, მოვალეების საპროცენტო სარგებელს რიგ შემთხვევაში ლომბარდში ტოვებდნენ. ე.ი. გამსესხებლებთან, რომელთანაც ხელშეკრულებებია გაფორმებული.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ, განსახილველ შემთხვევაში, ვერ შეძლო იმის დამტკიცება, რომ მოსარჩელისგან თანხა არ მიუღია, ან მიღებული თანხა დააბრუნა და მოსარჩელემ უშუალოდ თავად გაასესხა სარჩელით მოთხოვნილი თანხა სხვადასხვა პირებზე.

 

რაც შეეხება მოპასუხე მხარის მითითებას ხანდაზმულობასთან დაკავშირებით სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხის წარმომადგენლის მითითება იმ გარემოებაზე, რომ 2014 წლის 8 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზულია. სასამართლომ ყურადღება მიაქცია თავად მოპასუხის წარმომადგენლის 2017 წლის 20 სექტემბრის სასამართლოს სხდომაზე მიცემული ახსნა განმარტების შინაარსზე, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელწერილი მოპასუხის მიერ დაწერილი იქნა ბოლო თანხის ჩადების შემდეგ, რომელიც 2015 წლის 29 დეკემბერს შედგენილია. მოპასუხის წარმომადგენელი ხელწერილის შედგენის თარიღად ასახელებს 2014 წლის ნოემბრის თვის ბოლოს. რაც შეეხება 2014 წლის 8 მაისის სესხის ხელშეკრულების შედგენიდან ხანდაზმულობის ვადის ათვლას სასამართლომ არ გაიზიარა და დაეთანხმა მოსარჩელის წარმომადგენლის პოზიცია იმ გარემოების შესახებ, რომ იგი მოპასუხესა და სხვა პირს შორის არის შედგენილი.

 

3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. სასამართლო გადაწყვეტილების უდავო ფაქტობრივი გარემოებების გრაფაში 3.1.1 პუნქტში მიუთითებს, რომ მ---- კ-----ამ გაასესხა 1300 აშშ დოლარი მ------------------ს ავტომობილის უზრუნველყოფით, ასევე 300 აშშ დოლარი ნ--------------ს უზრუნველყოფით და 250 აშშ დოლარი ნ-----------ს უზრუნველყოფით. აღნიშნული მართებულია, თუმცა ვის ასესხა ან რომელ წელში ეს, სასამართლომ საინტერესოდ არ მიიჩნია. სასამართლო გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტში მიუთითებს, რომ მხარეთა შორის ვალდებულება წარმოშობილია სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე, თუმცა, ხელშეკრულებები სხვა პირებზეა გაფორმებული.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.1. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა გადაცემული თანხის მიზნობრიობა, კერძოდ, იგი გადაეცა უშუალოდ ა-–--–ა გ---------ეს პირადად, თუ მესამე პირებისათვის გადაცემის მოტივით. აღნიშნული მნიშვნელოვანია იმდენად რამდენადაც დადგინდეს წარმოადგენს თუ არა ა-–--–ა გ---------ე მოთხოვნაზე ვალდებულ პირს. ამდენად, უპირველეს ყოვლისა, სასამართლოს შეფასების საგანია რა სახის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა ა-–--–ა გ---------ესა და მ---- კ-----ას შორის.

 

პალატა განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი (სსკ-ის 319-ე მუხლი). ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს, მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ სჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია, მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. გარიგების შეფასებისათვის უნდა გაანალიზდეს ამ გარიგების მახასიათებლები.

 

ნების გამოვლენა გარიგების განსაზღვრის ფუნდამეტია. სამოქალაქო სამართალი სწორედ ნების გამოვლენას უკავშირებს სამართლებერივ ურთიერთობათა უდიდეს უმრავლესობას. ადამიანთა პირადი ცხოვრებით დაწყებული, ურთულესი ეკონომიკური ურთიერთობებით დამთავრებული, ყველგან ფიგურირებს ნების გამოვლენა, თუმცა, ყოველი მათგანი როდი იწვევს სამართლებრივ შედეგს. რადგანაც ნების გამოვლენას სამართალი ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრულ პირობებს. ერთი მხრივ, დაცული უნდა იყოს მატერიალური, ხოლო, მეორე მხრივ, კი ფორმალური წინაპირობები. პირველში იგულისხმება პირის გონებრივი შესაძლებლობა (ასაკი, ჯანმრთელობა), ხოლო მეორეში - ნების გამოხატვის სამართლებრივი ფორმა. ნების გამოვლენის იმგვარ თვისებას, რომ იგი ვარგისია სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისთვის, კანონი ნების გამოვლენის ნამდვილობას უწოდებს. ხელშეკრულების ნამდვილობისათვის აუცილებელია ხელშეკრულების შინაარსთან დაკავშირებით ორივე მხარის მიერ ნების გამოვლენა და ამ ნების ასახვა შესაბამის დოკუმენტში. ცალმხრივი ნების გამოვლენით, ისეთი გარიგება, როგორიც ხელშეკრულებაა, არ დაიდება. ამასთან გარიგების შინაარსზე ზეგავლენას არ ახდენს მხოლოდ ერთი მხარის ნების გამოვლენა. ორივე მხარის ნება უნდა იყოს თანხვედრაში.

 

სასესხო მაკლერი შუამავლის ერთ-ერთ სპეციფიკურ სახეს წარმოადგენს. მისი მომსახურების გაწევა შემკვეთსა და მესამე პირს შორის სესხის ძირითადი ხელშეკრულების დადებაა. სასესხო მაკლერის ფუნქცია შესაძლებელია შემოიფარგლოს შემკვეთსა და მესამე პირს შორის სახელშეკრულებო პირობებზე მოლაპარაკების წარმოებით. მისი ფუნქცია შესაძლებელია ითვალისწინებდეს გამსესხებლის მიერ ოფერტში აღნიშნული პროცენტის მიუხედავად შესაბამისი პროცენტის დაკლების მოთხოვნას. სასესხო მაკლერის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების ფაქტი წერილობითი სახით უნდა იქნეს დადასტურებული (752). პალატა განმარტავს, რომ საქმეში მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა ამგვარი წერილობითი მტკიცებულება, რაც გამორიცხავს სასამართლოს შესაძლებლობას სადავო ურთიერთობა შეაფასოს როგორც შუამავლობა.

 

რაც შეეხება სესხს, პალატა მიუთითებს შემდეგს: სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის ნორმატიული აღწერილობით განსაზღვრულია რომელი კომპონენტების არსებობის შემთხვევაშია სახეზე სასესხო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რაც გამორიცხავს სამართლებრივ კვალიფიკაციაში ცდომილებას. ამავე, ნორმით განსაზღვრულია მტკიცების საგანი ანუ, იმ მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც სადავო ურთიერთობის სესხად კვალიფიკაციისათვის უნდა არსებობდეს და თავის მხრივ, წარმოგვიდგება, როგორც სამართალურთიერთობის კვალიფიკაციის პირველი ეტაპი. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება, ვალდებულების შინაარსი, ე.ი არც მოსარჩელის მიერ მითითებული სესხის ხელშეკრულებისა და არც სესხისას შუამავლობის არსებობის ფაქტი, როგორც ამას მოპასუხე განმარტავს.

 

შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები მოითხოვენ გამოკვლევას სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. დასახელებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

 

უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე კონდიქციურ ვალდებულებათა რეგულირებას ეთმობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-991-ე მუხლები. უსაფუძვლო გამდიდრება სახეზეა, თუ სახეზეა, მოპასუხის გამდიდრება, ამის შესატყვისად მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი და მატერიალურ სიკეთეთა/აქტივების ასეთი გადანაცვლების უსაფუძვლობა/გაუმართლებლობა. სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

 

აღნიშნული ნორმების დეფინიციიდან გამომდინარე ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში იშლება. ამასთან არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართულრთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი – ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე. უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არ აქვს აბსოლიტურად არავითარი მნიშვნელობა, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია – ვითომ-კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას. მოპასუხე ა-–--–ა გ---------ემ ვერ დაასაბუთა რა მოსარჩელის მიერ გადაცემული თანხის მასთან არსებობის საფუძველი, იგი მოვალეა უკან დაუბრუნოს მოსარჩელეს მისგან მიღებული თანხა.

 

რაც შეეხება ხანდაზმულობას, პალატა განმარტავს, რომ უკეთუ, სამართლებრივი შედეგი - თანხის დაბრუნება უნდა განხორციელდეს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებითაც. უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის მიმართ კი, გამოიყენება სსკ-ის 128-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის საერთო ვადა - 10 წელი (ეს ვადა დადგენილია ყველა იმ ურთიერთობისათვის, რომელიც არ ითვალისწინებს ხანდაზმულობის სპეციალურ ვადას (შდრ. სუსგ №ას-472-448-2013, 05.12.2013 წელი). ამდენად, წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა-–--–ა გ---------ეს უარი უნდა ეთქვას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა-–--–ა გ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ანა გოგიშვილი